ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე ვაკის პარკში „ღამის მგლების“ მისვლაზე - „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოში მე მგონი, ბევრს აქვს ნასწავლი
როცა ადამიანი შენთან ჩამოდის, რომ პატივი მიაგოს იმ 300 000 რჩეულ ქართველ ვაჟკაცს, რომელიც დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს, იმ ადამიანს შეხვდე კითხვის ნიშნებით და პროტესტით, ეს ქართველისთვის შეუფერებელი საქციელია, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ვაკის პარკში „ღამის მგლები“ გამოჩნდნენ.

ამ კონტექსტში ბურჯანაძემ „სტუმარ-მასპინძელი“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოსულ სტუმარს პატივისცემა უნდა. „სტუმარ-მასპინძელი“ საქართველოში მე მგონი, ბევრს აქვს ნასწავლი და თუ არ დაგვავიწყდება ჩვენი დიდი წინაპრების დანატოვარი მემკვიდრეობა და ქართველობაზე ხელს არ ავიღებთ, არ დაგვავიწყდება მაშინ ისიც, რომ მოსულ სტუმარს პატივისცემა უნდა. როცა ადამიანი შენთან ჩამოდის, რომ პატივი მიაგოს იმ 300 000 რჩეულ ქართველ ვაჟკაცს, რომელიც დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს, იმ ადამიანს შეხვდე კითხვის ნიშნებით და პროტესტით, ეს ქართველისთვის შეუფერებელი საქციელია. არის ვითარება, როცა ყველაზე მტკივნეული პოლიტიკური საკითხიც კი ადამიანმა გვერდზე უნდა გადადოს და უნდა გაგაერთიანოს იმ დიდმა პატივისცემამ, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ დაღუპულების მიმართ. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს საქართველოში დადგა ისეთი ვითარება, როცა ელემენტარული, რაც ქართველისთვის დამახასიათებელი იყო, კითხვის ნიშნის ქვეშ არის დამდგარი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, თუ კანონი ირღვევა ქვეყანაში არსებობენ სამართალდამცავი სტრუქტურები, რომლებმაც კანონი უნდა დაიცვან.

ამასთან, ჟურნალისტებმა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა და დაინტერესდნენ ბურჯანაძის შეფასებით, დაირღვა თუ არა ოკუპაციის შესახებ კანონი.
„ვერ გეტყვით, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მიმართეთ“, - უპასუხა ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google