ახალი ამბები
“დემოკრატიულმა მოძრაობამ” პარლამენტის შენობის წინ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა
„სამწუხაროა და დანაშაულია ამ ხალხის წინაშე, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის წარმომადგენლები, რომელთა გადაწყვეტილებითაც 26 მაისის აქცია დაარბიეს, არ დასაჯა.“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით, რომლის გასახსენებლადაც 25 მაისის ღამეს აქციის მონაწილეები რუსთაველზე შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს იმ ადამიანთა
ხსოვნას ვინც იმ დღეს საკუთარი სიცოცხლის ფასად უკან არ დაიხია რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“მინდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იყო, მადლობა გადავუხადო. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო საქართველოსთვის თავდადებული ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც გაიაზრეს, რა საფრთხე ელოდა ქვეყანას იმ რეჟიმისგან, რომელიც იმ პერიოდში იყო და გადაწყვიტეს შეუპოვრად დამდგარიყვნენ ამ სასტიკი ძალის წინააღმდეგ. ის, რომ დღეს საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი აღარ არის, დიდწილად ამ ადამიანების დამსახურებაა. 26 მაისმა “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ სამარემდე მიიყვანა. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკურ სამარეში ჩაგდების ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პარტია გააცოცხლა და დღეს ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ იმ ავადსახსენებელი რეჟიმის, მათ შორის, 26 მაისის შემოქმედნი, სრულიად დაუსჯელნი არიან. მეტიც ისინი პარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ მორალს გვიკითხავენ. ეს მთლიანად ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც მაშინ თბილ სოროებში იყვნენ მოკალათლებულები და ტელევიზორებიდან გვადევნებდნენ თვალს ახლა კი ბედავენ იმის თქმას რომ თურმე ჩვენ უნდა გვცოდნოდა რომ მოგვერეოდნენ. დიახ, ჩვენ გააზრებული გვქონდა რომ შეიძლება ძალით მოგვრეოდნენ, მაგრამ სამშობლოსათვის ბრძოლას ყოველთვის ახლავს ის რისკი, რომ შეიძლება დამარცხდე. ქართველებს იმის შიშით, რომ მათზე 10-ჯერ მეტი მტერი არ მორეოდათ, ბრძოლებში რომ არ მიეღოთ მონაწიელბოდა დღეს საქართველო არ იარსებებდა.
„აქციის არც ერთ მონაწილეს არასოდეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია 26 მაისის საჭიროება. ამას მხოლოდ ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ჩვენს სისხლსა და ცრემლზე, ჩვენს ნაბრძოლზე მოვიდნენ ხელისუფლებაში,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google