ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე 2018 წლის პოლიტიკურ პროცესებს აჯამებს - „არცერთი ნაბიჯი წინ და უამრავი ნაბიჯი უკან!“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და 2018 წლის პოლიტიკური პროცესები შეაჯამა.

უპირველეს ყოვლისა, მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩემს თანამოქალაქეებს, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ ძალიან ბევრ ოჯახს საშობაო და საახლაწლო განწყობა, სამწუხაროდ არ აქვს.
2018 წელი ძალიან მოკლედ შემიძლია შევაფასო შემდეგნაირად - არცერთი ნაბიჯი წინ და უამრავი ნაბიჯი უკან!

2018 წელს, ქვეყანაში გაფორმდა ერთპარტიული კონსტიტუცია, რომელიც პროგრესულმა და ცივილიზებულმა მსოფლიომ შეაფასა, როგორც სახელმწიფოს განვითარებისათვის უკან გადადგმული ნაბიჯი. საქართველოს კონსტიტუცია მოირგო ბიძინა ივანიშვილმა, ადამიანმა რომელმაც ქვეყანა ჯიბეში ჩაიდო.

2018 წელს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა საბოლოოდ დაიქვემდებარა.

2018 წელს, ისე როგორც არასდროს, საქართველოში გამოიკვეთა სისტემურ დანაშაულზე ხელისუფლების მხრიდან ხელის დაფარება. ამის მაგალითია ზაზა სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის ტრაგედია. ამ ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი შესრულდა და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მაჩალიკაშვილების ოჯახს. ერთი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ, როგორ მფარველობს ხელისუფლება დამნაშავეებს. სწორედ, ეს არის სისტემური დანაშული, რომელსაც ძალიან ბევრ ქვეყანაში რევოლუცია მოჰყვა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო უპრეცენდენტოდ გაყალბებული. ასეთი ცინიკური, ასეთი მასშტაბური გაყალბება, ადამიანების დაშანტაჟება, ამ მასშტაბის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ადამიანების ნებით მანიპულირება ჯერ არ ყოფილა.

2018 წელი დაგვამახსოვრდება ერთი ტრაგიკული ფაქტით: ხელისუფლებამ და მისმა სისტემამ შეიწირა ადამიანის სიცოცხლე. აქამდე გაყალბებულ არჩევნებს სიცოცხლეს მაინც არ ვწირავდით. ახლა ესეც მოხდა და ამის მაგალითია ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლის დირექტორის ია კერზაია, ადამიანი რომელმაც საკუთარ პრინციპებს არ უღალატა და ხელისუფლებამ მას ეს არ აპატია.

2018 წელს, პირველად ხელისუფლებამ აღიარა, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს. გთხოვთ, კარგად დაუკვირდით ამ ციფრს - 150 ათას მოშიმშილე ბავშვს ხელისუფლება სთავაზობს 50 ლარიან დახმარებას. სამაგიეროდ, ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელფასები და პრემიები ასიათასობით და მილიონობით ლარს აღემატება.

2018 წელს გვყავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რომელიც აბსოლუტურ შეურაცჰხყოფას აყენებს ჩვენს მოსახლეობას და გვეუბნება, რომ ეკონომიკა დუღს, თურმე გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო ადგილები, უბრალოდ მუშაობა არ გვინდა, ყველა ოჯახში მაცივარი არის სავსე და თურმე ხალხს ჰგონია რომ უჭირს, სინამდვილეში კი არ უჭირს. რეალობა კი გვაქვს კატასტროფული, ინფლაცია მაღალ დონეზეა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ისტორიულ მაქსიმუმზეა.

2018 წელს არ შესრულდა არცერთი დანაპირები, საარჩევნო სისტემის შესახებ დანაპირებიც, რომელიც 7 წლის წინ დადო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა.

2018 წლის შეჯამებისას, არ შემიძლია არ ვახსენო ხელისუფლების დანაპირები, რომელიც ტერიტორიული მთლიანობას ეხება. არცერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით, ჩვენ არ გვინახავს. უფრო მეტიც, ე.წ. საზღვარმა არათუ გადაიწია, პირიქით ქვეყნის შუაგულში შემოიჭრა. ხელისუფლებას არც ამაზე მოუხდენია რეაგირება.

2018 წელს საქართველომ ხელი მოაწერა მიგრანტებთან დაკავშირებით გაეროს მნიშვნელოვან და მე ვიტყოდი ჰუმანურ დოკუმენტს, მაგრამ მასზე ხელი არ მოაწერა მსოფლიოს უმრავლესმა სახელმწიფოებმა, მათშორის ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მ. რატომღაც ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე მიგრანტების შემოყვანა, მათთვის პირადობის მოწმობების გაცემა და საცხოვრებელი პირობების შექმნა. თავისთავად ეს არის ჰუმანური გადაწყვეტილება, მაგრამ აქვს ჩვენს ქვეყანას იმის ფუფუნება მიგრანტებს უპატრონოს როდესაც 350 ათასზე მეტი დევნილი გვყავს აფხაზეთიდან და 150 ათასზე მეტი სამაჩაბლოდან?!
მე ჩამოგითვალეთ ფაქტები, რომელიც ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ 2018 წელს იარა უკან და არცერთი ნაბიჯით წინ. სად არის გამოსავალი?
2019 წელი უნდა იყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. მე და ჩემი გუნდი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ მოქმედი უმსგავსო და უმოქმედო ხელისუფლების ალტერნატივა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანა იყო ჩემი და ჩემი გუნდის პოლიტიკურად განადგურება, მე ვპირდები ჩემს მხარდამჭერებს ბიძინა ივანიშვილმა ეს ვერც აქამდე შეძლო და ვერც მომავალში ვერ შეძლებს.

2019 წელს „დემოკრატიული მოძრაობა“ შეძლებს წარმოგიდგინოთ ქვეყნის განვითარების და წინსვლის ახლებური ხედვები, მერე უკვე საზოგადოება გადაწყვეტს იბრძოლებს თუ არა ჩვენთან ერთად ქყვეყნის გამთლლიანებისთვის, თითოეული მოქალაქის ღირსებისათვის და მომავალი თაობის უკეთესი ცხოვრებისთვის.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს სამშობლოს, თითოეულ ოჯახს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ უკეთეს საქართველოში ცხოვრებას, ვიდრე ეს იყო 2018 წელს.

FaceBook Twitter Google