ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - თუ გალში მყოფ ქართველებს ვერ პატრონობ, აფხაზები და ოსები როგორ უნდა დაარწმუნო, რომ მათ უპატრონებ?
საქართველოს ხელისუფლებამ მედიასა და მოსახლეობას დაუმალა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ქართველებმა ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადება, რომ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა უკავშირდება საქართველოში გავრცელებულ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"თითქმის ერთი თვეა, აფხაზეთში ე.წ. საზღვარი ჩაკეტილია და ქართველები ვეღარ გადმოდიან. ეს კარანტინის გამო არ ხდება, რადგან გრიპის ვირუსის მასშტაბები არაა იმხელა, რომ ხიდის 1 თვით ჩაკეტვა სჭირდებოდეს. ეს უკავშირდება პასპორტიზაციას, აფხაზური პასპორტების იძულებით აღებას. იქაურმა ხელისუფლებამ ქართველებს დაანახა, რომ მათ პატრონი არ ჰყავთ. აფხაზეთში ჩარჩენილმა ქართველებმა ხელისუფლებას მიმართეს დახმარების თხოვნით, მათ ამოეწურათ საკვებისა და წამლების მარაგი, სტუდენტები სასწავლებლებში ვერ ბრუნდებიან. გალში მცხოვრებმა ქართველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას მოსთხოვეს ენგურის ხიდის გახსნა, ეს ქართულმა ხელისუფლებამ მედიასა და საზოგადოებას დაუმალა. რატომ უნდა ჩათვალოს აფხაზმა, ოსმა თუ რუსმა, რომ ჩვენთვის ესაა მნიშვნელოვანი თემები, როდესაც ჩვენ უფრო გვაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის მიერ პაიკების გადანაცვლება,"- განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები აფხაზეთში 50 ათასამდე ქართველის დასახმარებლად.

„ხელისუფლება და მედიასივრცე დაკავებულია იმით, ვინ გადადგება, დარჩება, წავა თუ დაინიშნება. ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მთელი ქართული ხელისუფლება დღეს ივანიშვილის დაქირავებულია? ესენი არიან ადამიანები, ვისაც ის ხელფასზე ზემოდან უმატებს თანხას და ისინი ცდილობენ, მხოლოდ მას ასიამოვნონ. აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე კი არავინ ფიქრობს. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოძებნოს გამოსავალი, რომ იქ ჩვენს ჩაკეტილ მოქალაქეებს დავეხმაროთ. თუ გალში ქართველებს ვერ პატრონობ, აფხაზები და ოსები როგორ უნდა დაარწმუნო, რომ მათ უპატრონებ?", - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google