ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე: „ან მე ვცხოვრობ სხვა ქვეყანაში ან NDI ატარებს კვლევებს სხვა ქვეყანაში
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე NDI-ის კვლევებს კვლავ უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ NDI-ის კვლევა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და ამერიკის საელჩოს სურვილებს ახმოვანებს.
„მე არ ვენდობი NDI-ის კვლევებს. თავისთავად ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 51 % მთავრობის მუშაობას კარგად ან ძალიან კარგად აფასებს, ან ის რომ თურმე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა პოზიტიურად არის შეფასებული, ის რომ პარლამენტის თავმჯდომარე ისე დადებითად არის შეფასებული, როგორც არასდროს არცერთი პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა შეფასებული, ეს რეალობას შეესაბამება?! ან მე ვცხოვრობ სხვა ქვეყანაში ან NDI ატარებს კვლევას სხვა ქვეყანაში. მე ნამდვილად საქართველოში ვცხოვრობ და ძალიან კარგად ვიცი ჩვენი მოსახლეობის განწყობა. ამ კვლევებში უმეტესად აისახება ის რაც სურს მმართველ გუნდს და ამერიკის საელჩოს“.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეეხო NDI-ის გამოკითხის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის მმართველობის საბჭოთა კავშირის სისტემას ეხებოდა.
„ე.წ. პრორუსული განწყობა არანაირად არ ნიშნავს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილს. საბჭოთა კავშირის აღდგენა რუსეთშიც კი არ უნდა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. პრორუსულ ელექტორატში შეიძლება ითვლებოდეს ის ადამიანები, ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და კეთილ მეზობლური ურთიერთობია. ასეთი ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე 31 %.
NDI - ის თუ დავუჯერებთ ჩემი პარტია საერთოდ არ ჩანს გამოკითხვებში. მე ხომ მომაკერეს რომ ვარ პრორუსული ძალა? თუ ეს ასეა, მაშინ ის 31% ვის აძლევს ხმას არჩევნებში?„ქართულ ოცნებას“, გიგა ბოკერიას თუ მიხეილ სააკაშვილს. თუ მაინცდამაინც პრორუსული ელექტორატი რჩება სახლში. ბიძინა ივანიშვილის და NDI-ის კვლევის დამკვეთის სურვილი, ნინო ბურჯანაძე არ ჩანდეს არსად, როგორც ჩანს ერთმანეთს ემთხვევა. ვინაიდან, მე ვარ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების ჩასახლებაზე, გალის რაიონის ბლოკადაზე, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე ვაკეთებ განცხადებას და ხელისუფლებას არ ვაძლევ საშუალებას მიაჩუმათოს ეს და ქვეყნისთვის სხვა მტკივნეული თემები. ეს ბევრს არ აწყობს და ზედმეტი თავის ტკივილს ურჩევნიათ, ნინო ბურჯანაძის იგნორირებაზე იზრუნონ.“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google