ახალი ამბები
გიორგი ახვლედიანი – ჩვენ აუცილებლად შევაგროვებთ მილიონ ხელმოწერას
„იწყება გადამწყვეტი ბრძოლა სამართლიანი სისტემის დასამკვიდრებლად,“- ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო, როდესაც ოცმა პოლიტიკურმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის პარლამენტში განაცხადი შეიტანა.

„ჩვენ აუცილებლად შევაგროვებთ მილიონ ხელმოწერას. მილიონი ამომრჩევლის ნების დაფიქსირების შემდეგ თუ ხელისუფლება კვლავ უარს იტყვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. ეს იქნება ღია დემონსტრირება იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია თანაბარი პირობების და ოპოზიციასთან სამართლიანი კონკურენციის. მილიონი მოქალაქისთვის უარის თქმის შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდაც მოუწევს, რაც უპირველეს ყოვლისა არჩევნების შედეგზე აისახება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თითოეული ქალაქის, რაიონული ცენტრის და სოფლის დონეზე მოსახლეობასთანლშშეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება. მილიონი ხელმოწერის შეგროვება ეს იქნება ერთგვარი პლებისციტი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის აზრი დაფიქსირდება,“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.
FaceBook Twitter Google