ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - ვისურვებდი, ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები, რომელიც 2012 წლამდე წარმოადგინა და ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები
ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს, შეასრულოს ის დანაპირები, რომელიც 2012 წლამდე წარმოუდგინა მოსახლეობას და ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, სამოქალაქო მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა.

ნინო ბურჯანაძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე ყველა პოლიტიკური ჯგუფი შეთანხმდა.

„მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ერთობლივი მოქმედებები, რათა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და საქართველოს მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს შესაძლებლობა, რომ პარლამენტში დაინახოს ის პოლიტიკური ძალები, რომელსაც სინამდვილეში მხარს უჭერს. ფორმატი, რომელიც აქ არის - ყველა მინუს „ქართული ოცნება“ და ეს ფორმატი ნიშნავს იმას, რომ სრულიად პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად შეხედულებისა და განსხვავებული დამოკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ ამბობს, რომ ერთიანი ბრძოლა ნორმალური, თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს იმაში, რომ თავად მოსახლეობის განწყობა აისახოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხელმოწერები შეგროვდება. რა ბერკეტები არსებობს? ბერკეტი უგუნური ხელისუფლებისთვის და ხელისუფლების ზეწოლისთვის არის სწორედ ხალხის ნება და ხელისუფლება, რომელიც მილიონი ადამიანის ნებას წინ აღუდგება და იგნორირებას გაუკეთებს, როგორ დაამთავრებს ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს, შეასრულოს ის დანაპირები, რომელიც 2012 წლამდე წარმოუდგინა მოსახლეობას და ჩაატაროს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანიას იწყებენ.
FaceBook Twitter Google