ახალი ამბები
გიგლა ბარამიძე: ,,როდის მოეშვება კახი კალაძე სამტრედიულ-მილანურ სვეცკაობას"
,,მე თანაზიარი ვარ ყოველი ადამიანის სიხარულის (გამონაკლისი არც კახი კალაძის ბედნიერებაა), მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც მაღალი რანგის ჩინოვნიკმა არ უნდა გადალახოს".- ასე გამოეხმაურა ,,ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე თბილისის მერის კახი კალაძის ჯვრისწერის ცერემონიალს და საზეიმო ვახშამს.

ქვეყნაში, საზოგადოებაში ძალიან მძიმე ფონია, არის განცდა სერიოზული დაპირისპირებისა და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ამ კარს მომდგარი პრობლემის მოგვარებით იყოს დაკავებული, გადასულია სიმდიდრის მოხვეჭასა და დემონსტრირებაზე. უყურებ ,,ოცნების“ ჩინოვნიკების ზომაგადასულ კომფორტისა და ტკბილი ცხოვრებისადმი ლტოლვას, მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვევითაა, ბავშვებს აკლიათ საჭმელი, მტვრისა და ჭუჭყისგან დაბინძურებულ დედაქალაში ნაგვის ბუნკერეთან დგას უსახლკაროთა რიგი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოწყალების მთხოვნელია ჩაცუცქული, ზაფხულის ხვატში მშობლებს შვილები ქალაქიდან ვერ გაყავთ უსახსრობის გამო და ამავე დროს, ქალაქის მთავარი საცურაო აუზები ნაგვისა და მეორადი ნაწილების საწყობად ქცეულა.

ამ ფონზე მძიმე სანახავი იყო მასმედიაში ბევრგან გაპიარებული თბილისის მოქმედი მერის კახი კალაძის ჯვრისწერის ზღვარგადასული ფუფუნებისა და სიმდიდრის დემონსტრირება. როდის მოეშვება კალაძე სამტრედიულ-მილანური სვეცკაობა?!

სამწუხაროდ, ჩვენ უკვე შევეჩვიოთ ყოფილი წარმატებული ფეხბურთელის და ამჟამად დედაქალაქის მოქმედი მერის და ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სახის უცნაურ ჩაცმულობას, თითქოს ვინმეს გაეუქმებინოს ჩინოვნიკის დრესკოდის საერთაშორისო პრაქტიკა და ახლა, სამწუხაროდ, ვიხილეთ ღარიბი ქალაქის მდიდარი მერის შეიხისებური სიმდიდრის სიკაშკაშე.

მე თანაზიარი ვარ ყოველი ადამიანის სიხარულის (გამონაკლისი არც კალაძის ბედნიერებაა), მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც მაღალი რანგის ჩინოვნიკმა არ უნდა გადალახოს. ეს ერთი მაგალითი მოვიტანე იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართულ ოცნებას, ვიდრე ჯერ კიდევ ხართ ხელისუფლებაში გახსოვდეთ ხალხი! " - აცხადებს გიგლა ბარამიძე.
FaceBook Twitter Google