ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რომელიც ბარიკადების ორივე მხარეს ვმდგარვარ
„ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში ორივე მხარეს ვყოფილვარ. რევოლუციურ სიტუაციაში ოპოზიციის ბარიკადების მხარესაც ვიდექი და ხელისუფლების მხარესაც. მერწმუნეთ, ორივე მწარე გამოცდილება იყო,“ - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მეტწილად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, თუ მსგავს სიტუაციაში რამდენად ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს.

„სწორედ რევოლუციური გამოცდილებიდან გამომდინარე ვაცხადებ, რომ ლომის წილი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, თუ რამდენად სწორ და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეძლებს შეცდომების გამორიცხვას, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვითარება დაწყნარდეს და პროცესები რევოლუციური სცენარით არ განვითარდეს.

პროპორციულ არჩევნებამდე მისვლა არის ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა და დარწმუნებული ვარ, პროპორციული არჩევნები შექმნის იმ ვითარებას, როდესაც ქუჩაში აქციები და რევოლუციური სცენარი აღარ იქნება საჭირო. საქართველოს მოსახლეობას ერთხელ და საბოლოოდ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ვინც მართლა უნდა იხილოს პარლამენტში, ის პოლიტიკური ძალა თუ ლიდერი აირჩიოს და მერე მოსთხოვოს პასუხი“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
FaceBook Twitter Google