ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - IRI-ის კვლევების მიუხედავად, ჩვენი პარტია სერიოზული მასშტაბით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ IRI-ის კვლევები დიდი სიზუსტით არასოდეს გამოირჩეოდა და განმარტავს, რომ გამონაკლისი არც მისი ბოლო კვლევის შედეგები აღმოჩნდა.

„კვლევებთან დაკავშირებით მე ყოველთვის ვაცხადებდი, რომ არასანდოა. მე ძალიან კარგად ვიცი, რა მეთოდოლოგიით ტარდება აღნიშნული კვლევები და რა ამოცანები აქვს მას. დაკვირვებული ადამიანი ყურადღებას მიაქცევს იმ ძალიან დიდ სხვაობას, რაც IRI -ის კვლევამ აჩვენა თუნდაც ჩემი და ჩემი პარტიის მხარდამჭერებთა რაოდენობის შემთხვევაში. არ მესმის, როგორ შეიძლება პარტიის ლიდერს ანუ მე, ნინო ბურჯანაძეს მქონდეს 28% და პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი შეადგენდეს 2%-ს. ეს არის არალოგიკური და ძალიან არადამაჯერებელი“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ის დარწმუნებულია, რომ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიულ მოძრაობას“ მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, განსაკუთრებით საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე.

ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ ადამიანებს სჭირდებათ გამოცდილი, თანმიმდევრული ადამიანები, გონიერი და გამბედავი პოლიტიკოსები.

„2020 წელს, როდესაც პროპორციული სისტემით ჩატარდება არჩევნები და მისი გაყალბების შანსი ნაკლები იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ IRI-ის კვლევების მიუხედავად, ჩვენი პარტია სერიოზული მასშტაბით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტი იყოს ქვეყნის პოლიტიკის განხორციელებაში“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე ასევე გამოეხმაურა IRI-ის კვლევის იმ ნაწილს, სადაც ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი კლებულობს.

როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, საქართველოში პროდასავლური ძალების მხარდაჭერის მიუხედავად, ძალიან რთული იქნებოდა გამოკითხულთა პასუხები რეალობასთან მნიშვნელოვნად განსხვავებული ყოფილიყო.

„ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი იმდენად ნაკლებია, რომ ვერანაირი კვლევა ამას ვერ გაექცეოდა. თუმცა, აქ მთავარი ის კი არ არის ნატოში გაწევრიანება ვინმეს უნდა თუ არ უნდა, პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს სურვილების მცდელობას. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი ნათლად ხედავს, რომ ნატოში გაწევრიანება არ არის რეალისტური და მეორე, იმ პოლიტიკურ ვითარებაში რომელშიც საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ აღმოჩნდა, რთულია მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კიდევ რუსეთთან დაპირისპირება და ნატოზე ილუზიების შექმნა სურდეს. ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის ვის რა უნდა და რა ესიზმრება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.
FaceBook Twitter Google