ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - თუ „რუსთავი 2“ ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადაინაცვლებს, ეს რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ცუდი
ქიბარ ხალვაშს არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ეკითხებოდა ვინმე „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას და არც „ქართული ოცნების“ დროს შეეკითხება ვინმე, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და „რუსთავი 2“-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ხელისუფლების სურვილი იყო „რუსთავი 2“-ის გაჩუმება, და ბიძინა ივანიშვილს „რუსთავი 2“ -თან თავისი პოლიტიკური ინტერესები აქვს, ეს არის სრულიად გასაგები, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ტელევიზიამ განსაკუთრებით ბოლო მოვლენების დროს აბსოლუტურად დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ნორმები, ის იმდენად გადავიდა ამ ზღვარს, რომ ამით გულშემატკივრებიც დაკარგა.

შესაძლოა, ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავიანთი სუბიექტური შეხედულებები, მაგრამ ობიექტურობის თვალსაზრისით გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოქმედებდეს ყველა ტელევიზია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თუ „რუსთავი 2“ იქნება ობიექტური ტელევიზია და არა „ქართული ოცნების“ პარტიული ტელევიზია, ისე როგორც აქამდე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია იყო, ეს იქნება ქვეყნისათვის კარგი. თუ „რუსთავი 2“ ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადაინაცვლებს, ეს რა თქმა უნდა იქნება ძალიან ცუდი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.
FaceBook Twitter Google