ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე პარტიის სახელით ფრანგ ხალხს ჟაკ შირაკის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარტიის გენერალურ მდივანთან გიგლა ბარამიძესთან და საბჭოს წევრებთან გიორგი ახვლედიანთან, აკაკი კიკვაძესთან და ირაკლი ჭყოიძესთან ერთად საფრანგეთის საელჩოში მივიდა.
მათ პარტიის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საფრანგეთის ელჩს და ფრანგ ხალხს დიდი პოლიტიკოსის, ფრანგი ხალხის დიდი შვილის, ყოფილი პრეზიდენტის ჟაკ შირაკის გარდაცვალების გამო.
„ჟაკ შირაკი იყო განსაკუთრებული ადამიანი საფრანგეთის ისტორიაში, ადამიანი, რომელიც აგრძელებდა დეგოლის პრინციპებს ფრანგულ პოლიტიკაში, ის იყო ადამიანი რომლისთვის პირველრიგში მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთოს ეროვნული ინტერესები, ხოლო შემდეგ სხვა გაერთიანების თუ სახელმწიფოს ინტერესები.
ჟაკ შირაკი მსოფლიო პოლიტიკოსებისათვის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა დააყენო შენი ქვეყნის ინტერესები ყველაზე და ყველაფერზე მაღლა, იბრძოლო შენი ქვეყნისთვის უკეთესი მომავლისათვის მაშინაც კი, როდესაც არათუ შენი მტრები, არამედ შენი მეგობრებიც კი განსხვავებულ პოზიციაზე არიან.
ჟაკ შირაკის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობთ ფრანგ ხალხს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ახსოვს და ესმის ჟაკ შირაკის წვლილი უკეთესი მსოფლიოს აშენებაში“.- აცხადებს პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google