ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა
„მე არ მომწონს და ყოველთვის თავს ვარიდებ ვისაუბრო თქვენზე და მოგიხსენიოთ როგორც ეთნიკური უმცირესობა, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, ჩვენი განუყოფელი ნაწილი და არ მსურს განგასხვავოთ საქართველოს სხვა მოქალაქეებისაგან“, - ასე დაიწყო ეთნიკურ უმცირესობასთან შეხვედრა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასა და ხელისუფლებებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე.

საქართველომ ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს - ასეთი იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების პოზიცია ერთიან საქართველოსთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობის მხრიდან აღინიშნა, რომ აუცილებელია საშუალო სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა, რადგან ენობრივი ბარიერი კვლავ პრობლემად რჩება.

ასევე საუბარი შეეხო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, არჩევნების შედეგების გაყალბების საფრთხეებს და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას.

მიუხედავად იმისა, რომ საუბარი მძიმე პოლიტიკურ თუ ეთნიკურ საკითხებს ეხებოდა, შეხვედრა საკმაოდ საქმიან და თბილ გარემოში შედგა“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მე მოხარული ვარ, რომ შევხვდი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. როგორც წესი, მე არ მომწონს ამ ტერმინით მათი გამოყოფა, რადგან ისინი აბსოლუტურად თანასწორუფლებიანები არიან. ამ ადამიანებს ნამდვილად ჰქონდათ ჩვენთვის სათქმელი იმ თემის, იმ უმცირესობის, იმ უბნის თუ საზოგადოების სატკივარის და პრობლემის შესახებ, რაც ყოველდღიურად აისახება მათ ცხოვრებაში. საგულისხმოა ნიჰილიზმი, რომელიც დისკუსიის დროს გამოიკვეთა. მათ ისაუბრეს შიშის ფაქტორზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს თან ახლავს. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს მე ავუხსენი, რომ ყველა ადამიანის ხმას აქვს მნიშვნელობა. ბუნებრივია, რომ ერთმნიშვნელოვანი უმრავლესობით ვერც ჩვენ და ვერც სხვა პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში ვერ მოვა, მაგრამ თითოეული მოპოვებული ხმა მოგვცემს შესაძლებლობას, გავლენა მოვახდინოთ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე და ვიზრუნოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მრავალეროვან ქვეყანას აწუხებს“, - აღნიშნა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google