ახალი ამბები
ოთარ თავართქილაძე: „ეს ხელისუფლება, ვეღარ გაბედავს არჩევნების შედეგების გაყალბებას.“
„2020 წლის არჩევნებისათვის ჩვენ მზადება უკვე დავიწყეთ. ნამდვილად ვერავინ შეგვაჩერებს, რადგან ვიცით, რომ ჩვენი ბრძოლა არის სწორი და სამართლიანი. 2020 წლის არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს, რომ ქვეყნის მართვის მონოპოლია ერთ პოლიტიკურ ძალას აღარ ჰქონდეს“. - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ თავართქილაძემ ქალაქის რაიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას ესწრებოდა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და პარტიის გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე. შეხვედრაზე მხარდამჭერების მხრიდან დაისვა შეკითხვები, თუ რა შესაძლებლობას მოგვცემს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და რამდენად რეალურია არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.

ოთარ თავართქილაძე აცხადებს, რომ ძნელია ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ არჩევნები კვლავ არ გაყალბდება და მოპოვებულ ხმების დაცვა მაქსიმალურად მოხერხდება.

„საპარლამენტო არჩევნებზე აბსოლუტური უმრავლესობის მიღების შანსი არც ერთ პარტიას არ გააჩნია, რაც ნამდვილად პოზიტიური მოვლენაა. დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში ვერავინ ვერ უნდა მოვიდეს. რაც შეეხება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას, ჩვენ გპირდებით, რომ კანონით დასაშვებ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ და არ დავთმობთ არცერთ ხმას. ეს ხელისუფლება, ვეღარ გაბედავს არჩევნების შედეგების გაყალბებას.“- განუცხადა თავის მხარდამჭერებს ოთარ თავართქილაძემ.


FaceBook Twitter Google