ახალი ამბები
ზუგდიდში დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვის გადავადებას ითხოვენ
„ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბი არ ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსში დაუფასოებელ თამბაქოსთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებს, თუმცა ამ კოდექსში მეტი სიცხადის შეტანას ითხოვს და გარკვეული ვადის მიცემას ბიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის.

შტაბის ხელმძღვანელ გონერ პაპავას თქმით, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები გულისხმობს 21 ნოემბრიდან დასაფასოებელი თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას. ამბობს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგი არცერთი ბიზნესმენი არ არის, ვინც მათ პარტიას მიმართა, თუმცა აუცილებელი იყო ხელისუფლებას თავიდანვე განესაზღვრა გონივრული ვადა. ასევე ის, თუ რა სახის დაფასოებებზეა საუბარი და როგორ შეეძლებათ მათ აქციზური მარკის შეძენა.

გონერ პაპავა „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ შტაბის აზრია, გონივრული ვადა მთავრობამ ბიზნესმენთა მიერ შემოტანილი საქონლის მოცულობის შესაბამისად განსაზღვროს. ამ გზით ისინი ხელს შეუწობენ ნაწარმის გაყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ ბიზნესის მქონე პირები დაზარალდებიან. ასევე ვერ შეძლებენ სახელმწიფოს და ბანკების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„თუ ვერ განხორციელდება გონივრული ვადის განსაზღვრა და კანონი ისე ამოქმედდება, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება ხელს უშლის, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის განვითარებას საქართველოში და მწვანე შუქი აენთება კონტრაბანდული გზით შემოტანილი თამბაქოს რეალიზაციას“, - აცხადებს ოპოზიციური შტაბის ხელმძღვანელი.

გონერ პაპავას თქმით, ცვლილებები ბიზნესმენებს უნდა დაეხმაროს და არა პირიქით, ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებაში.

მას აქვს ეჭვი, რომ მთავროაბ სინამდვილეში არ გეგმავს ე.წ თუთუნით მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადის მიცემას, რაც ფაქტობრივად ღია ომის გამოცხადებას ნიშნავს ამ ადამიანებისთვის.

პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, ცვლილებების ამოქმედებამდე ორ კვირამდე რჩება, ეს დრო კი არ არის საკმარისი შემოტანილი საქონლის რეალიზაციისთვის და კოდექსით გაწერილი მოთხოვნების შესასრულებლად.

„სიგარეტებზე აქციზური მარკების კატასტროფულმა ზრდამ მწეველთა 80%, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, გადაიყვანა დაუფასოებელი თამბაქოს მოხმარებაზე. რომელიც ბევრად იაფი ღირს. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს მომხმარებლები არ განაწყენდნენ“, - განმარტა მან.

გონერ პაპავამ თუთუნით მოვაჭრეთა არყოფნა დღეს იმით ახსნა, რომ შესაძლოა მთავრობის მხრიდან მათზე გარკვეული სახის ზემოქმედება განხორციელდეს, რისი არიდებაც სურთ.

შტაბის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეიძლება დღევანდელ განცხადებას მთავრობა არ გამოეხმაუროს და პროცესებზე ამან გავლენა ვერ მოახდინოს, თუმცა საკუთარი მოსაზრების და ბიზნესმენთა პოზიციის დაფიქსირება მაინც გადაწყვიტეს.

ცვლილებების თანახმად, 21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე, ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება.

ე.წ. თუთუნის გაყიდვა მხოლოდ 50 ან 100 გრამიან შეფუთვებში იქნება შესაძლებელი. ამასთან, ამ ტიპის პროდუქციაზე აუცილებლად უნდა განთავსდეს შესაბამისი აქციზური მარკები და სამედიცინო გაფრთხილება.
FaceBook Twitter Google