ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - კაცი რომ ვიყო და ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი, რა ჰქვია ამ ხელისუფლებას
მე არავის არ ვთხოვ ანგარიშის ჩაბარებას და რუსეთში საქმის გასარჩევად არ ვყოფილვარ ჩასული, - ასე უპასუხა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურალისტების კითხვას, რუსეთში ხომ არ უთქვამთ, რატომ არის ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში და რა გააკეთა რუსეთმა მის გასათავისუფლებლად. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებმა ბურჯანაძეს მას შემდეგ ჰკითხეს, რაც მან განაცხადა, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხის მნიშვნელობას ადამიანური და პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთში კარგად ხედავენ.

„ძალიან კარგი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც ახლა საქართველოს საზოგადოებას აწუხებს - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი - ძალიან სერიოზულად იყო განხილული. ყველა შეხვედრაზე საუბარს სწორედ ამ თემით ვიწყებდი და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე ვხედავდი სერიოზულ თანადგომას და იმას, რომ რუსეთის პოლიტიკოსები ამ საკითხის არამხოლოდ ადამიანურ, არამედ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც ძალიან კარგად ხედავენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს სახლში, ოჯახთან. მივიღე დაპირება, რომ რუსეთი შეეცდება, ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ხანში ის ოჯახს დაუბრუნდება,“ - განაცხადა ნუნო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და მოქალაქეებსაც საოკუპაციო ხაზიდან ხშირად იტაცებენ, უხერხული ხომ არ არის ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი, ნინო ბურჯანაძემ უპასუხა, რომ უხერხული ხელისუფლების ქმედებაა, რომელიც მისი მოსკოვში წასვლის გამო სოციალურ ქსელში „ტროლებს“ ამუშავებდა.

„უხერხულობა იცით რა არის? ჩვენი მთავრობა სამი დღის განმავლობაში „ტროლებს“ რომ ამუშავებდა და ისტერიკა იყო გამართული იმაზე, რომ ვიღაცას შეუძლია და გამბედაობა აქვს, ელაპარაკოს პრობლემების მქონე მეორე მხარეს. როცა უუნარო ხელისუფლება გვყავს და კაცი რომ ვიყო ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიის გამოყენება ჩემს ხასიათში შედიოდეს, ვიტყოდი რა ჰქვია ამ ხელისუფლებას. აი, ეს არის უხერხულობა, როცა ასეთი ხელისუფლება გვყავს,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google