ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე - დასავლეთში არ და ვერ დევს გასაღები, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მოაგვარებს
დასავლეთში არ და ვერ დევს ის გასაღები, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს მოაგვარებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„დასავლეთს არ სცალია იმისთვის, რომ ყველა სხვა საქმე გადადოს და ჩვენი პრობლემები მოაგვაროს რუსეთთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ, როგორც გონიერმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, პირდაპირი დიალოგით უნდა ვეცადოთ, როგორც მინიმუმ, წითელი ხაზები გავარკვიოთ. ანუ, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, სად გადის ჩვენი წითელი ხაზი. მე ამას ყოველთვის ვაფიქსირებ, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და დემოკრატიულობა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მეორე მხრივ, რუსეთის ხელისუფლების ინტერესია, თუნდაც, ოპოზიციაში მყოფ მოქმედ პოლიტიკოსთან დააფიქსიროს, რომ მას საქართველოსთან ურთიერთობის მზაობა აქვს და აქვს კონკრეტული გზავნილები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგონოს.

„მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ვიზიტის დროს, როცა მოსკოვში ვიყავი, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ თუ აფხაზები და ქართველები, ოსები და ქართველები მოილაპარაკებენ, როგორ სახელმწიფოებრივ მოწყობაში უნდათ ცხოვრება, რუსეთი ამას ხელს არ შეუშლის და მიიღებსო. ეს იცით, რა კონტექსტში იყო ნათქვამი?! – წაიღებს თუ არა რუსეთი როდესმე უკან თავის აღიარებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის ფასი, რაც საქართველომ უნდა გადაიხადოს იმისთვის, რომ აფხაზებთან და ოსებთან თუნდაც, კონფედერაციაზე ვისაუბროთ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ისედაც არ არის რეალისტური – საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება.

„ეს საუბარი 2008 წლამდე რომ შემდგარიყო, ვიტყოდი, რომ ფასი გადასახდელია, მაგრამ დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ ფასი არ არის გადასახდელი, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ისედაც არ არის რეალისტური – საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება. ჩვენ ნატო-ში არ მიგვიღებენ და რომც მიგვიღონ, დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ამ ადგილიდან ნახევარი საათის გზაზე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ბაზაა, ჩვენთვის ეს უკვე დამანგრეველია, რადგან ჩვენ აღმოვჩნდებით ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე რუსული ბაზებია, მეორე ნაწილზე კი კონფრონტაციაში მყოფ, მეორე ბლოკის ბაზებს განვალაგებთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ნატო-სთან ნორმალური თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და მაგალითად, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ავღანეთის ტიპის ოპერაციებში, მაგრამ არა იმ მოცულობით, როგორიც დღეს გვაქვს.

„აშშ-ის მერე, საქართველოს მეორე კონტიგენტი ჰყავს, გერმანიაზე, საფრანგეთსა და სხვებზე უფრო დიდი. ეს სამარცხვინოა. სამწუხაროდ, ეს არის წინა ხელისუფლებიდან დაწყებული მახინჯი პრაქტიკა, რომ ქულები ჩაგვეთვალა და ჩვენი ბიჭები იქ მართლაც საზარბაზნე ხორცად გაგვეშვა. ესტონეთს, ნატო-ს წევრ ქვეყანას სამი კაცი ჰყავს გაშვებული, სლოვენიას კი ოთხი თუ ხუთი. მათ გაშვებული ჰყავთ ექიმები და ლოჯისტიკის სპეციალისტები. ანუ, მორალურად მონაწილეობენ და არა ჩვენსავით. ჩვენ ასევე შეგვიძლია, ვისაუბროთ აღჭურვილობაზე და წვრთნაზე. ოღონდ, წვრთნები ბაზიდან ხუთას მეტრში არ უნდა ჩავატაროთ. ამერიკული ტანკი და დროშა არ უნდა არბენინო და რუსეთს ამაზე არ უნდა აყურებინო. იმიტომ კი არა, აბა, რუსეთს მოვერიდოთ?! დიახ, უნდა მოერიდო, რომ ვიღაც ჯარისკაცმა, ამერიკის დროშიან ტანკს რომ დაინახავს, ემოციურად ტანკი არ დაქოქოს და მაინცდამაინც ტრასაზე არ გამოვარდეს. სჯობს, ასეთი რამ არ ხდებოდეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის, თვითმფრინავების ფრენა აღადგინონ და ვიზები მოხსნან, რის შესახებაც მასთან საუბრისას აბსოლუტური მზადყოფნა გამოთქვეს, მაგრამ საქართველოს მხრიდან ელემენტარული ნაბიჯებია გადასადგმელი და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რაც უნდა გააკეთოს.
FaceBook Twitter Google