ახალი ამბები
ანზორ ბიწაძე: „მე რომ თავდაცვის მინისტრი ვიყო, სასწრაფოდ მოვითხოვდი მოღალატე მთავარსარდლის გადაყენებას“
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ ჯარზე აფასებს და აცხადებს, რომ ის, რომ თავდაცვის მინისტრი იყოს მოითხოვდა მთავარსარდლის გადაყენებას.

„ვაცხადებ, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელსაც ქვეყნის დასაცავად იარაღი ხელში ამიღია და არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი - მე რომ თავდაცვის მინისტრი ვიყო ან გენერალური შტაბის უფროსი, დაუყოვნებლივ მოვითხოვდი ამ სამარცხვინო მთავარსარდლის გადადგომას ან თავად გადავდგებოდოდი!

ოდნავ მაინც თუ აღელვებთ პარლამენტარებს თავიანთ მანდატის გარდა რაიმე ამ ქვეყანაზე, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა!
ასეთი შეურაცხყოფა ჩვენი ქვეყნის ჯარისთვის, არც მტერს და არც მოყვარეს ჯერ არასოდეს მიუყენებია!“ - აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განთლებისა და მეცნიერების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა: „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ პრეზიდენტის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა.
FaceBook Twitter Google