ახალი ამბები
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის და რაიმე დოკუმენტს შემოგვთავაზებენ-ნინო ბურჯანაძე
"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმედს გამოტქვამს,რომ ხვალინდელი შეხვედრა შეხვედრა შეხვედრისთვის არ იქნება.

მან ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან დღეს პარლამენტის პიკეტირება მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ტრაგედიის გამო გაუქმდა.

"დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ. ჩვენ პრინციპში არც ვაპირებდით განსაკუთრებულად ამ შეხვედრის გაშუქებას, რადგან ვცდილობთ, რომ ამ რთულ დღეებში პოლიტიკური აქტიურობა ნაკლები იყოს. ვსარგებლობ შემთხვევით და პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ამავდროულად ყველა ნორმალურ ადამიანს იმ უბედურებასთან დაკავშირებით, რაც მოხდა მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

იცით, რომ გავაუქმეთ პიკეტირება პარლამენტთან, რადგან ეს არის თემა, რომელიც არ შეიძლება, რომ პოლიტიკური რაიმე ტიპის აქტივობისთვის იყოს გამოყენებული, თუმცა ბუნებრივია, ცხოვრება გრძელდება, აქედან გამომდინარე, სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ და იმ აქციებზე, რომელიც გაგრძელდება კვლავ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, ვისაუბრეთ აქტივობაზე, რომელსაც ვაპირებთ უახლოესი დღეების განმავლობაში და ხვალინდელ შეხვედრაზე", - ნინო ბურჯანაძემ.

მანვე კომენტარი გააკეთა 20 დეკემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის, რომელიც საარჩევნო სისტემის განხილვას შეეხება.

"დადასტურდა შეხვედრა ელჩების მონაწილეობით "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვიყავით პირველივე შეხვედრებიდან განწყობილნი, ჩვენ თვითონ ვთავაზობდით ვარიანტებს, ვისმენდით მათგან არაფერს პრაქტიკულად და აბსოლუტურად არასწორ არგუმენტებს. ახლა კარგია, რომ შეხვედრის მზაობა არის, არის მოლოდინი, რომ ისინი მოიტანენ თავიანთ წინადადებას, რა არის მათი წინადადება და მოსაზრებები და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ. უბრალოდ, იმედი მინდა ნამდვილად ვიქონიო, რომ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, არ იქნება მხოლოდ შეხვედრა იმისთვის, რომ ჩაითვალო, რომ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად რაღაცა თქვი და მართლაც, განხილვის ღირს რაიმე დოკუმენტს შემოგვთავაზებენ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google