ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძე : მინდა დიდი წუხილით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდი ნაბიჯებით მიექანება პროვიცნიული დიქტატურისკენ.

„დღეს მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო მედიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე. მე გამოვეხმაურე საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მეორე არხთან დაკავშირებულ მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გვარწმუნებდა თითქოს მეორე არხს არაფერი არ ემუქრება, საბოლოოდ გახდა ცნობილი, რომ მომავალი კვირის ორშაბათიდან მეორე არხი წყვეტს მაუწყებლობას იმ ფორმატით რა ფორმატითაც ის აქამდე მუშაობდა“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ მედიასთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მისი თქმით, ფორმატი, რომელიც საშუალებას აძლევდა ხელისუფლებისთვის მიუღებელ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი სიტყვა მიეტანათ მოსახლეობამდე, აღარ იარსებებს.

„კერძოდ მეორე არხზე მოქმედებდა ე.წ. ბრიფინგების დრო, სადაც პირდაპირ ყოველგვარი დაჭრების გარეშე გადაიცემოდა ბრიფინგები, ეს ასე აღარ იქნება. მეორე არხზე იყო სავალდებულო გადაცემები, სადაც მინიმუმ თვეში რამდენჯერმე გვეძლეოდა საშუალება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომ სხვასხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრა. ესეც აღარ იქნება. ეს ხდება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება აგრძელებს მედიის წინააღმდეგ ბრძოლას.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით სინამდვილეში რა ხდება რუსთავი ორის გარშემო, რომ ეს არ იყო სამართლიანობისათვის ბრძოლა, თორემ სამართლიანობის აღსადგენად ხელისუფლებას თავი არ მოუკლავს. ამის მაგალითია ამ პარტიის ყველა წევრი, რომელთათვისაც სამართლიანობა არ აღდგარა ამ ხუთი წლის განმავლობაში.

„ჩვენ ვიცით, რა ხდებოდა სხვა ტელევიზიებთან მიმართებაშიც, ვიცით როგორ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი სრულად გააკონტროლოს მედია. საზოგადოებრივი მაუწყებელი და მეორე არხი ამ გეგმის ძალიან სერიოზული ნაწილია. მეორე არხი იყო ოპოზიციის ძალიან დიდი მონაპოვარი, ჩვენ მაშინ დაგვეხმარა საერთაშორისო თანამეგობრობა, მიხეილ სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა, რომ ამ პროექტს შეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, სააკაშვილმა ბოლომდე ვერ განახორციელა საკუთარი გეგმა, რომ მეორე არხი გაეუქმებინა. ამას დღეს ძალიან კარგად ახერხებს ხუთი მილიარდის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქით, სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო იყიდა. ეს ძალიან დიდი სირცხვილია. არც ერთ ერს არ დაუშვია ის, რომ რომელიმე მილიარდერს ქვეყანა ეყიდა და ჯიბეში ჩაედო, მე იმედი მაქვს, რომ ქართველები ამას აღარ დაუშვებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ქვეყანას დავკარგავთ და ამის მოწმენი გავხდებით ყველანი ერთად.

„ მე მოვუწოდებ მეორე არხის ჟურნალისტებს არ გაჩუმდეთ. სამწუხაროდ, მე ვყოფილვარ მოწმე იმისა, როდესაც ჟურნალისტები გაუჩუებიათ, გადაუყვანიათ სხვა არხზე, შეუთავაზებიათ უკეთესი პირობები და ამით დანგრეულა არხები, რასაც შემდეგ მოჰყოლია ძალიან ცუდი შედეგი. ამოიღეთ ხმა, როდესაც გაჩუმებენ, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს აჩუმებენ, როდესაც ადამიანებს არჩევანის გაკეთების უფლებას ართმევენ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს ძალიან სერიოზულად ემუქრება.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

FaceBook Twitter Google