განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: ,,ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია მოაშოროს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ჭირი ქვეყანას, ეს ვართ ჩვენ“

,,ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენ , ვერასოდეს ვერ მივედით ისეთი ტიპის არჩევნებამდე, როდესაც ეთერში იქნება რეალურად ჯანსაღი დისკუსიები იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც აწყობს და აინტერესებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. სამწუხაროდ, მდგომარეობა არის უმძიმესი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება. ამ დროს კი წინასაარჩევნო პროცესი არის იმდენად არაჯანსაღი, რომ კვლავ ფარულ ჩანაწერებზე და რევოლუციურ სცენარებზეა საუბარი.“ - განაცხადა ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ,,იბერია“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა ,,პრიორიტეტში“ სტუმრობისას. რომლის მთავარი თემა იყო, გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები.


ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება, ფარული აუდიო ჩანაწერების ექსპერტიზა და უნდა დადგინდეს მათი ავთენტურობა.

,,ძალიან მნიშვნელოვან თემებზეა საუბარი ამ ჩანაწერბში - ძალიან დიდი სისასტიკის საფრთხეზე, რომელიც შეიძლება დაემუქროს ქვეყანას. რამდენადაც ვიცი, უკვე დაწყებულია გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე იქნება მიყვანილი. მაინტერესებს, როდის მოიპოვა ხელისუფლებამ ეს ჩანაწერები - როდის გახდა ისინი ხელმისაწვდომი -მართლაც ახალია ეს ჩანაწერები, თუ როგორც 26 მაისის კადრები, რომლებიც ნახევარი წლის წინ ჰქონდათ მოპოვებული და მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეს.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ზოგადად, განცდა იმისა, რომ მოსმენები გრძელდება, ყველას აქვს და შესაძლებელია, თავად ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერსაც უსმენენ.

,,მე არ მაქვს დიდი პრობლემა ამასთან დაკავშირებით, ვისაც უნდა მისმინოს. მთავარია კარგად მომისმინონ და თუ ჩემ ან ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების ნალაპარაკებს ჩაწერენ და გამოაქვეყნებენ, კი ბატონო, გამოაქვეყნონ ზუსტი და ავთენტური ტექსტი და არა დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

,, ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ საშიში დამნაშავე ძალაა და რომ ეს, არავისთვის, სიახლეს არ წარმოადგენს. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი შანსი არ აქვს დემოკრატიული გზით არჩევნებში გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის.

,, მე ვაფრთხილებდი ,,ქართულ ოცნებას“, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად მოიქნევდა კუდს და შეეცდებოდა პრობლემები შეექმნა ქვეყნისათვის. 2012 წლის არჩევნების მეორე დღიდანვე, ( მაშინ, ჯერ კიდევ, ,,სახალხო კრება“ არსებობდა) ჩვენ გამოვედით ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში ყოფნის აკრძალვის ინიციატივით. ამ ორგანიზაციის ლიდერები კი უნდა წარმდგარიყვნენ სასამართლოს წინაშე და სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი უნდა ეგოთ იმის მიხედვით, თუ ვის რა დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. ვამბობდი, რომ თუ სამართლიანობა არ აღდგა და დამნაშავეები ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ დაისაჯნენ, ეს ადამიანები , მართლა მაოხრებელი გზირივით, კიდევ უბედურებას გადაგვყრიდნენ, მაგრამ ,,ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილი გაუშვა და იმ დაკარგული 114 სოფლის, 26 მაისის და ციხეში გაუპატიურებული კაცების გამოც კი არ დააპატიმრა.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ,,ქართული ოცნება“ იმაში, რომ დღეს, საქართველო , რეალურად, დილემის წინაშე დგას, ჩატარდება თუ არა არჩევნები მშვიდობიანად და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება, რეალურად ნორმალური ხელისუფლება რომ ყოფილიყო და კოჰაბიტაციის ხიბლში არ მოქცეულიყო, დღეს , ,,ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ ვერ უნდა იღებდეს არჩევნებში მონაწილეობას.

,, დღეს კი გამოდიან ,,თავისუფალი დემოკრატების“, ,,რესპუბლიკელების“ წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ამ საშინელ კოჰაბიტაციაში ,,ქართული ოცნებაა“ დამნაშავე. კარგად მახსოვს ,,რესპუბლიკელების“ განცხადებები, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა ქართული დემოკრატიის გადარჩენააო, ჩვენ კი, ,,სახალხო კრებას“ და მე, უხარისხო ქართველები და უტიფარი პოლიტიკოსები გვიწოდა . ახლა, როგორ არის, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნებაა“ ამაში დამნაშავე? - დამნაშავეა მთლიანი კოალიცია . პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ,,ქართულ ოცნებას“ აწყობდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნება, ახლაც ცდილობს , რომ ვითარება წაიყვანოს პოლარიზაციისაკენ და დააშინოს ხალხი იმიტომ,რომ ხმა მისცენ ,,ქართულ ოცნებას“ . ძვირფასო მეგობრებო, ეს არის ტყუილი! ძალიანაც რომ ეცადოს, ,,ნაციონალური მოძრაობა“, 10-დან 15%-მდეც ვერ მიიღებს ხმებს. ასე, რომ არ გქონდეთ იმის შიში, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მობრუნდება. აქვე, მინდა ვკითხო ამომრჩევლების იმ მცირე პროცენტს, ვინც ჯერ კიდევ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს. ნუთუ მართლა არ გრცხვენიათ საკუთარი შვილების , თუ მხარს უჭერთ იმ ძალას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგული 114 სოფელი ქვების გროვად მოიხსენია და რომელიც ციხეებში კაცებს აუპატიურებდა?! გამოიჩინეთ გონიერება! არ შემოხაზოთ არც ,,ქართული ოცნება“ და არც ,,ნაციონალური მოძრაობა“. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საბოლოოდ მოაშოროს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ჭირი ამ ქვეყანას და რეალურად დააყენოს განვითარების გზაზე, ეს ვართ ჩვენ, ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ და ჩვენ გამოვდივართ არჩევნებზე სამი ნომრით. სამი ნომრის შემოხაზვა არის ერთადერთი შანსი იმისა, რომ ბოლო მოეღოს იმ უმსგავსობას, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში და აღდგეს სამართლიანობა.“- მიმართა ნინო ბურჯანაძემ საქართველოს მოსახლეობას.

 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30