განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: რატომ არ დაისაჯნენ ისინი ვინც ატერორებდა მოსახლეობას და აუბედურებდა ოჯახებს?

დღეს, ,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა დღეს აღმოჩენილი ჩამარხული საბრძოლო იარაღის ამოღებასთან დაკავშირებით:
,,ჩვენ, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს იარაღის სამალავები. რას აკეთებდა ,,ქართული ოცნება“ ოთხი წლის განმავლობაში, რატომ არ გამოიძია მთელი რიგი საქმეები, მათ შორის ძალიან დიდი უსამართლობა, რომელიც მოხდა მთელ საქართველოში, ზუგდიდში და დანარჩენ სამეგრელოში. რატომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებიც ატერორებდნენ მთელ მოსახლეობას და აუბედურებდნენ ოჯახებს.

რატომ არ ამოიღეს ეს იარაღი აქამდე და რატომ დაფაცურდნენ ახლა, როდესაც ახლოვდება არჩევნების დღე და ადამიანები ალაპარკდნენ მოსალოდნელი დესტაბილიზაცის საფრთხეზე. გვინდა ვუთხრათ მთელ საქართველოს: - ყველა ის პოლიტიკური ძალა, ვინც გაბედავს რომელიმე კუთხის გამოყენებას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკისათვის და ამბიციებისათვის და არაფრად დაგიდევთ სტაბილურობას და ქვეყნის მთლიანობას, ამას, მოსახლეობამ , უარი უნდა უთხრას და ასეთი პოლიტიკური ძალის ადგილი საქართველოში არ უნდა იყოს .“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ არც ,,ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა, რომელმაც მართალია, შიში და ტერორი მოხსანა ნაწილობრივ, მაგრამ რეალურად, ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა და მით უფრო, არც ,, ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც ქვეყანა ჩართო წაგებულ ომში და უსამართლობა გაამეფა.

 

,, დიახ, უნდა დაისაჯოს სააკაშვილიც და ყველა მისი თანამოაზრე, რომლებმაც სასიკვდილოდ გაიმეტეს საკუთარი თანამოქალაქეები. ,,ნაციონალური მოძრაობა“ , ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ათასობით და ათიათასობით ადამიანი გააუბედურა და დაატერორა, უსამართლობა გაამეფა ქვეყანაში, რომელმაც დანერგა სისტემა, სადაც შესაძლებელი იყო ციხეებში ადამიანების მასობრივი გაუპატიურება. ნაციონალებმა დანერგეს იმისი შესაძლებლობა, რომ ძირითადი, ძირძველი ტრადიციული ფასეულობები, რაც ასე მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ქვეყნისათვის და მათ შორის სამეგრელოსათვის, ფეხქვეშ იქნა გათელილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება, ახლა, ამ სიმწრით, მეტნაკლებად მშვიდობამოპოვებულ ქვეყანაში, დესტაბილიზაცია შემოიტანოს, საერთოდ უნდა მოიკვეთოს პოლიტიკური სივრციდან და ეს, პირველ რიგში, უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ, რომელმაც სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს არჩევნების დღეს.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

FaceBook Twitter Google