განცხადებები
ნინო ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებას“ თავის დროზე, რომ დაეჭირა ,,ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალი ლიდერები დღეს ეს ტკივილი აღარ იქნებოდა!

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე უკეთ თავადი იცის, რომ ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდება. ეს განცხადება მან ტელეკომპანია რიონის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნების გზით, ხელისუფლებაში ვეღარ მობრუნდება - მათ არანაირი შანსი არ აქვთ. მე, 100%-თ შემიძლია ამის თქმა და ზუსტად ამიტომ გააკეთა ის განცხადება გიგა ბოკერიამ, რომ ,, ქართული ოცნება“ წააგებს და ბიძინა ივანიშვილი სადღაც გაიქცევა . ეს იყო თავხედობის და ცინიზმის უმაღლესი გამოხატულება. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. თუმცა ის, რომ ნაციონალები ამდენს ბედავენ, ეს, ნამდვილად, ბიძინა ივანიშვილის და ოცნების ბრალია. დღეს რომ აღმოაჩინეს სამალავებში იარაღი, ყველამ ვიცოდით, რომ ასეთი სამალავები და ეს იარაღები სადღაც არსებობს. ,,ქართული ოცნება“ აღმოაჩენდა ამას სამი წლის წინ. თავის დროზე, რომ დაეჭირა ,,ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალი ლიდერები, გამოეძიებინა ეს საქმეები და ქვეყანაში სამართალი აღედგინა. დღეს, ეს თავის ტკივილი აღარ იქნებოდა“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ოცნებამ დასავლეთის და ამერიკის ელჩის კარნახით, თავი დიდად არ შეიწუხა, გაერთო იმ მახინჯ კოჰაბიტაციაში და ,,ნაციონალური მოძრაობა“ დაიტოვა ძალიან ხელსაყრელ ოპოზიციად.

„რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ურჩევნია, როცა აკრიტიკებს დესტრუქციული და დისკრედიტირებული ძალა, აკრიტიკებს ,,ცოცხების“ და გაუპატიურებების ავტორი ძალა. მათ, ნაციონალები შემოინახეს იმისათვის, რომ დღეს, ადამიანები დაეყენებინათ არჩევანის წინაშე ამ ორ ძალას შორის და ადამიანებს ეთქვათ: ,,მართალია, ,,ქართულმა ოცნებამ“, ამ ოთხი წლის განმავლობაში, ვერაფერი ვერ გაგვიკეთა, მაგრამ ციხეებში მაინც ხომ არ აუპატიურებენ ცოცხებით და ტერორი ხომ აღარ არის. ამიტომ, ნაციონალებს, ისევ ოცნება ჯობიაო.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ამომრჩევლები არ უნდა ჩაერთონ ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ამ თამაშში და არც ერთ პარტიას არ მისცენ ხმა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ნაციონალების უმსგავსობა დაამთავროს ამ ქვეყანაში, დაალაგოს ურთიერთობა ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს არის ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“.

 

FaceBook Twitter Google