განცხადებები
გიორგი ახვლედიანი: ‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციებს არ აწარმოებდა.

‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციებს არ აწარმოებდა. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ასეთი კონსპირაციული შეთქმულებების თეორიებზე საუბარი ყოვლად არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია, განაცხადა საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, დემოკრატიული მოძრაობიდან, გიორგი ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, ჯერ კიდევ სამი თვის წინ, კომისიის მუშაობის დაწყებისას, ‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ აცხადებდა, რომ თუ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, პოლიტიკური კონსენსუსის გზით არ გადაწყდება და ხელისუფლება კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას შეეცდება, პარტია აუცილებლად დატოვებს კომისიას.

 

‘’ქართულ ოცნებაში’’ იმდენი კი უნდა ესმოდეთ, რომ კონსულტაციები საკონსტიტუციო კომისიის დატოვება არ დატოვებასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარეობს და არა პრეზიდენტთან. თხუთმეტი კვალიფიციური პარტიის მიერ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ, რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებას შესთავაზა საარჩევნო სისტემის ცვლილების შეთანხმებული პაკეტი და ‘’ოცნებას’’ პოლიტიკური კონსენსუსისთვის მზაობის დასაფიქსირებლად ვადა 15 აპრილამდე მისცა. ხოლო იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება კვლავ თავის ხისტ პოზიციაზე დარჩება და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, კვლავ მის გაუარესებას შემოგვთავაზებს, საყოველთაო ბოიკოტი გარდაუვალი იქნება, აცხადებს ახვლედიანი.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ყოვლად არასერიოზულ განცხადებას, ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ეს განცხადება, ნათლად წარმოაჩენს იმ შიშებს, რომელიც ‘’ქართულ ოცნებაში’’ გაუჩნდათ საკონსტიტუციო კომისიაში მარტო დარჩენის პერსპექტივის გამო.

 

FaceBook Twitter Google