ინტერვიუები
„გაუვათ კიდევ, სანამ სახეს არ აჩვენებს ქართველი კაცი, თუ ისევ იძახეს – ფოთოლი არ ჩამოვარდეს, იქ ისა, აქ ესა, ასე არ ხდება...“
„შს მინისტრს ვეკითხები, მაჩოსავით რომ დადიხარ და ამბობ, კანონიო, კანონი ის არის, თანამშრომლებს დაუთვალე, საიდან გახდნენ მილიონერები და მილიარდერები, გამიკეთე აბა ანალიზი, როგორ გახდა საბანაძე მილიონერი. თუ გაქვს თავი რამის, ჯერ შიგნით დაამყარე წესრიგი და მერე დაემუქრე ქუჩაში ბიჭებს“

მთავარია, სალომე ზურაბიშვილმა არ დაიჯეროს, რომ მართლა თამარ მეფეა, თორემ მერე მართლა დაგვექვემეხება. ასეთი გაბანძებული ინაუგურაცია პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს არ ახსოვთ, მათ შორის არც პოლიტიკოსებს. რიგით მეხუთე ინაუგურაციის ერთადერთი ხიბლი ის გახლდათ, რომ მოქმედი და მიმავალი პრეზიდენტები ერთ სივრცეში იყვნენ, მარგველაშვილ-ზურაბიშვილის ტანდემი დასამახსოვრებელი და ისტორიული მემკვიდრეობა გახდება, რის მიღწევასაც ასე ძალიან ცდილობდა დასავლეთი, მაგრამ საქართველოში პრეზიდენტების დევნის, მკვლელობის, დაჭერის, ჩამოგდებისა და გაქცევის პრაქტიკა იყო დღემდე. 16 დეკემბრიდან საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა და ქვეყანა საპარლამენტო მოდელზე გადავიდა, მიუხედავად ზურაბიშვილის ნომინალური პრეზიდენტობისა, სტუმრების რაოდენობა იყო უხვი, თუმცა ხარისხი გახლდათ ნული, არცერთმა ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ის არ დააფასა. თელავში გამართული ღონისძიების ლაქათა ნუსხაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის არშეშვება და გზების გადაკეტვა შევა, რასაც ცემა-ტყეპა, კბენა-ღრენა და კახური “მოალერსება” მოჰყვა. კვლავ რიტორიკული კითხვა ისმება: ამ მაზოხისტების ხელში გვეშველება რამე?
“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე “ალიას” კითხვებს პასუხობს:

– პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე ბევრი ადამიანისთვის იყო კიდევ ერთი იმედგაცრუება, ხელის ჩაქნევა, ნიჰილიზმი და ა.შ. ჩვენ ვნახეთ კვლავ ორი საქართველო, ორი დაპირისპირებული მხარე, რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– სამარცხვინოა, რასაც ვუყურებ! სალომეს მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი ჯერ კიდევ კამპანიის დაწყების წინ. ვაჭრებისა და სალახანების გაერთიანება, რომ არის “ქართული ოცნება”, თავიდანვე არასწორი კანდიდატი დააყენეს. სალომე არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი არ ყოფილა, ეს არის ჩვეულებრივი პარტიული კანდიდატი, რომელიც აიღეს და დადეს. ამიტომ თავიდანვე სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა ასეთი კანდიდატისადმი და ყველაზე პირველად მე გავაკრიტიკე, თუმცა გამიხარდება, რომ იყოს კარგი პრეზიდენტი, მაგრამ აქ დგება საკითხი ასე: როდესაც ყველა მისი ნაბიჯი არის არაევროპული და როგორც ცნობიერებით პროვინციელებს ახასიათებთ, რაც არ არიან და იმას იბრალებენ და იმეორებენ, აი, ასე გამოსდის ამ ქალს. ევროპულობას იბრალებს და ყოველი მისი ნაბიჯი დღემდე არაევროპული იყო. არაევროპულია ის, რომ პარტიული ფუნქციონერივით დამოკიდებული ხარ ერთ მილიარდერზე და გაიძახი, დამოუკიდებელი ვარო. რომელ ევროპულ არჩევნებზეა საუბარი, ხახვით, კარტოფილით, დაძალებებით და გაყალბებებით ჩატარებულზე?! რომელი ევროპული არჩევნები იყო, როდესაც კანდიდატი გაურბოდა მედიას, როდესაც ისეთი დაბალი რეიტინგი ჰქონდა, რომ მმართველმა გუნდმა თავისი კანდიდატი მოხსნა ბანერებიდან და პრემიერისა და მილიარდერის ფოტოები დაკიდა და კიდევ უამრავი სხვა. რომელი ევროპელი შენ ხარ, როდესაც იტყუები, ყოველი ნათქვამში – ჯარი გავიყვანეო და არ გაუყვანია, ეს გავაკეთეო და არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მე ძალიან ბევრი ეჭვი მქონდა და მინდა, რომ ეს ეჭვები გააქარწყლოს, მაგრამ ვიცი რა მისი ტიპაჟი, არა მგონია, ასე იყოს. ამან გამოიწვია ხალხის გახლეჩა. ჯერ ერთი, არანაირ მილიონ 200 ათასს მისთვის ხმა არ მიუცია, დაახლოებით რამდენიმე ასეულ-ათასი ბიულეტენი გაყალბდა და ჩაყარეს. ეს ჩვენ ვიცით და დამტკიცდა კიდეც ჩანაწერების სახით. მეორეც, სალომე ზურაბიშვილი დეპუტატიც ვერ გახდებოდა, მილიარდერს რომ არ დაეფინანსებინა და არ გაეთრია. აქ, უბრალოდ, დენიკინისდროინდელი დაქალები და ძმაკაცები რომ ჰყავს, ის ვიწრო წრე თუ მისცემდა ხმას და საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არჩევანი არ ჰქონდა და არ უნდოდა, “ნაციონალების” კანდიდატი გასულიყო, იძულებით მისცა ხმა. ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ საზოგადოება გახლეჩილი კი არა, დახლეჩილია და მერე ამ ქალმა გააგრძელა თავისი “ევროპული ქმედებები”, გამოაცხადა ოფიციალურად, მე თბილისში არანაირ ღონისძიებებს არ ვატარებო და მელასავით, საქათმეში რომ მიიპარება, ისე დაიპარებოდა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე და ესეც კარგად ვნახეთ. ამიტომ სიმბოლური იყო ის, რომ ვერ გაბედა ხელისუფლებამ თბილისში ინაუგურაციის გამართვა და რეგიონში გადაიტანა. სიმბოლური იყო ისიც, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი გაახსენდა, მგონი, ისე გაიძახოდა, აქედან დაირწა სახელმწიფოებრიობის ისტორიაო. რაღაც სისულელეები თქვა და სიმბოლური იყო ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის დამნიშვნელმა ხელისუფლებამ ატოცის დაცვა არ იცის და სამაგიეროდ, ძალიან კარგად სცოდნიათ თავისი თანამემამულეების წინააღმდეგ წასვლა. ხომ ნახეთ, როგორ ჩაუხერგა სოფლის შუკები, ქუჩები თუ გზატკეცილები, რომ არ ჩასულიყვნენ თელავში.... კაციშვილი არ გააკარა თელავს! ეს ენერგია, თქვე დალოცვილებო, სამშობლოს დაცვისთვის გამოიყენეთ და პოლიციელებს ჟანდარმებად ნუ აქცევთ და ნუ მიუქსევთ თუნდაც ოპოზიციას... ან ის რა იყო, დაჰპირდნენ და შემდეგ უთხრეს, რომ იქ თქვენ არ შეგიშვებთო. ეს არის ევროპულობა?!
– რისი მანიშნებელია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მოქმედი პოლიტიკური ლიდერებიდან არცერთი ინაუგურაციას არ ესწრებოდა?
– არცერთი მოქმედი პოლიტიკური ლიდერი ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან არ იყო, ამით ისინი გეუბნებიან, ჩვენ დაგიდეთ დასკვნა, რომელიც იყო სამარცხვინო და ახლა, პრეზიდენტს ვერ შეგიცვლით და ქართველებს თუ ასეთი პრეზიდენტი გჭირდებათ, გყავდეთ, მაგრამ გეუბნებით, რომ არ ვარგოდა არჩევნებიო. მეტი რა უნდა გითხრან?! მე ასე ვიტყვი, ქართველი საზოგადოების ნაწილმა ბიძინასგან მიიღო საჩუქრად ის პრეზიდენტი, რასაც იმსახურებდა. ეს არის და ეს...
– ფაქტობრივად, გრიგოლ ვაშაძემ დააანონსა, რომ ხელისუფლებას “კანონიერი” გზით დავამხობთო, რუსთაველზე ვაშაძის ინაუგურაციის გამართვას აანონსებენ, პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და იმის იქით წასულანო, ვიღაც იტყვის, მაგრამ ეს გზა ოპოზიციას სადამდე მიიყვანს? ჩვენ ასევე ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან პოლიციაზე შეტევა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები...
– ეს ყველაფერი ისევ და ისევ ხელისუფლების უგუნურებამ და შიშმა გამოიწვია. დავიწყოთ იქიდან, რომ ინაუგურაცია ტარდება დედაქალაქში, რომ დაიწყეს აქეთ-იქით სირბილი, უკვე გააღიზიანეს საზოგადოება. მეორეც, მე “ნაცებისგან” 9-წლიანი დევნილი კაცი “ნაციონალებს” მხარს კი არ ვუჭერ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ცრუპენტელობს და ეშმაკობს, გაიძახის, სალომე ზურაბიშვილი არ უნდა მხოლოდ “ნაცმოძრაობასო” – ასე არ არის! ძალიან ბევრს, ასობით ათასობით ადამიანს არ უნდა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ამ დროს დასანახად ვერ იტანს “ნაციონალურ მოძრაობას”. ამიტომ, სალომეს მოყვანა მარტო “ნაციონალების” ჯინაზე არ მოხდა, “ნაციონალების” გარდა სალომე ბევრს არ უნდოდა, ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი, განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის სიმპათიები აქვს ან უპარტიოა, არ უჭერდა ამ ქალს მხარს. არ უნდოდათ ეს ქალი. არცერთი პარამეტრი ამ ქალბატონს არ გააჩნია, იყოს ხელმძღვანელი, ლიდერი და მით უმეტეს, პრეზიდენტი. რაც არ უნდა შეადარო ეს ქალბატონი წმინდა თამარ მეფეს, მისგან მაინც არაფერი გამოვა. სამაგიეროდ, მე მახსენდება ერთი პასაჟი – ბიბლიური პერსონაჟი სალომეა, რომელმაც თავის მეფესა და პატრონს ჰეროდეს კარგად რომ უცეკვა, მას საჩუქრად იოანე ნათლისმცემლის თავი მიართვა. რა უცეკვა ასეთი სალომემ ბიძინა ივანიშვილს, რომ იმან პრეზიდენტობა და დემოკრატიის თავი მიართვა სალომეს, ეს ვერ გამიგია! არცერთი პარამეტრით ეს ქალი არ იმსახურებდა პრეზიდენტობას. გაიხლიჩა საზოგადოება და ახლა რომ ვიძახოთ, “ნაციონალებს” უნდოდათ არეულობის მოწყობაო, მე არ ვიცი, უნდოდათ თუ არა, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს რომ არ გვინდოდა ეს ქალი, ფაქტია და არც მიგვიცია მისთვის ხმა, თუ გაყალბებას არ ჩავთვლით. რაც შეეხება “ნაციონალებისკენ” ხელის გაშვერას, თვითონ “ქართული ოცნება” არ არიან “ნაციონალები”?! სად იწყება და სად მთავრდება “ქართული ოცნება”, ვერ გაიგებ, ერთნი არიან, ერთი ჯიშია ეს!.. ისინი უფრო მეტ სიძულვილს თესდნენ, ესენი უფრო მეტ ფულს აკეთებენ და სახლში მიაქვთ, ეს განსხვავებაა. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ “ნაცმოძრაობაზე”, უნდა ვივარაუდოთ “ქართული ოცნება”... ან ის “ახალგაზრდა კობზონი”, თალაკვაძე ვინ იყო, “ნაციონალებთან” არ იყო?! ან ზარდიაშვილი ვინ იყო, ის მოსამართლეები, ის პროკურორები ვის მითითებებს ასრულებდნენ?! ვინ აფინანსებდა 2008 წლის ჩათვლით “ქართულ ოცნებას”, მამა და მარჩენალი ვინ იყო მაშინ, დღევანდელი მამა და მარჩენალი ბიძინა ივანიშვილი ხომ არ იყო შემთხვევით?! ან ის, მდინარაძე, “ნაციონალი” არ იყო?!
– პოლიციის უფროსი კუპატაძე მეგის ქარდავას მარჯვენა ხელი ყოფილა...
– რა თქმა უნდა, ეს არის ერთი პოლიტიკური ნაგავი, რომელიც ასულელებს ქართველ მოსახლეობას დღემდე და გამოუვიდათ, აღარაფერი აქვთ დარჩენილი სათქმელი, აი, ეს დაიტოვეს, რომ “ნაციონალებისკენ” გაიშვირეს ხელი და ბიძინას ამ მეთოდმა იმუშავა, ხალხი გამოვარდა დაშინებული, კუდამოძუებული – მეორე ტურში მივალ, თორემ “ნაციონალები” მობრუნდებიანო... დამთავრდება ყველაფერი, გადაინაწილებენ თანამდებობებს და ისევ მოძოვენ ოთხი წელი, თუ ჩვენ ვადამდელი არ მოვითხოვეთ და საარჩევნო სისტემის ცვლილება. მოვა კიდევ არჩევნები და კიდევ გაგვიყალბებენ. გარდა ამისა, ერთ სიახლეს გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ ეს ფორმულა აღარ მუშაობს, ამიტომ უნდა შვიდი-რვა სატელიტური პარტია შექმნას, დააფინანსოს და ისინი შეყაროს პარლამენტში, რომ იმათით ჰქონდეს უმრავლესობა. იმიტომ, რომ “ოცნება” 2020 წელს უმრავლესობას ვეღარ მიიღებს და ამითაც ეშმაკობენ. ამიტომ, მე ვამბობ, თუ რამე ხდება ცუდი საქართველოში, ეს არის ამომრჩევლის ბრალი, აქამდე მივიყვანეთ საქმე, რომ ერთი კაცი რასაც უნდა იმას უშვრება ქვეყანას, სუფრასთან ღიპგადმოგდებული ყანწებით რომ დგანან, ჩოხებს ჩაიცვამენ და საკუთარ თავებს ქართველობას ეძახიან, ქართველობა ისაა, რომ პრინციპული იყო და “ქოცი” და “ნაცი” არ იძახო და სხვა რამე იფიქრო. ევროპა გვინდა და წიგნს არ კითხულობს დღევანდელი საზოგადოების დიდი ნაწილი, ფაქტია, მაგრამ ტელევიზორს ან ინტერნეტს ხომ უყურებთ. ხომ ნახეთ, საფრანგეთში ხალხმა როგორ დაიცვა ევროპულობა, ცივილიზაცია და პიროვნული ღირსება, ფრანგმა ხალხმა დაამხო თავზე მთავრობას ყველაფერი, როგორც კი მათ არასწორი ნაბიჯები გადადგეს.
– შს მინისტრმა მკაცრი განცხადება გააკეთა, რომ ყველა დაისჯება, ვინც კი პროვოკაცია მოაწყო და კანონის წინააღმდეგ წავიდა, ზოგადად, შს მინისტრზე რას ფიქრობთ?
– შს მინისტრი ვინ არის, ფეისბუკმეგობრები რომ გამოუჩნდნენ, სახლში ჩარჩენილი დედაკაცები, – უიმე, რა მომხიბვლელია, როგორ ჰგავს ვინსენტ კასელსო, ეგეც ალენ დელონი არ მყავდეს, რა!.. შს მინისტრმა ჯერ კანონი დაიცვას, კორუფციაში რომ არის ჩაფლული ხელისუფლება, ჯერ იმათ მიხედოს!.. მანქანები რომ ტყდება, თბილისი რომ გავსებულია ნარკოტიკებით, იარაღით, დანის ტრიალია ყველგან, იმას მიხედოს და თვალები უპაჭუნოს მერე ბიძინას თავის რეზიდენციაში. რა უნდა თქვას მაგან, ეგეთები არიან ხელისუფლებაში, მოიყვანეს, დასვეს და ფილოსოფოსობს აწეული საყელოთი. ჯერ ერთი, შეახსენეთ მაგას, რომ მოდაში აღარ არის აწეული საყელოთი სიარული. მაგის პიჟონობა კი არ მინდა, რაც მოსკოვში ვერ აკეთა, უნდა, რომ აქ აკეთოს. საქმე გააკეთოს, მიხედოს ნარკომანებს, მიხედოს – ვინ შეისყიდა მიწები, მიხედოს კორუფციას, ტენდერებს, ხელისუფლებაში დასაჭერებს, მიხედოს შვილმკვდარი მამების მკვლელებს... აი, ესენი გააკეთოს და მერე პარჭყოს ხელები და ვისაც უნდა, თვალები იმას ჩაუკრას.
– ამას წინათ შემემთხვა ინციდენტი, მანქანა ჩამილეწეს და ლეპტოპი მომპარეს. შს მინისტრს მივწერე, რომ აზრი არ ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიციაში მისვლას, რადგან უამრავი ასეთი საქმეა თაროზე შემოდებული. უბრალოდ, საქმის კურსში გაყენებ-მეთქი, მინისტრმა ინფორმაცია ნახა, მაგრამ რეაქცია ჰქონდა ნული... ასე რომ, მას ბევრი რამ აწეულ საყელოზე ჰკიდია...
– ის, რაც ხდება, ქართველი საზოგადოების ბრალია, ჩვენ დავუშვით ის, რომ არსაიდან მოსულ ადამიანებს, დაბალი ინტელექტის, გამოუცდელობის, გაურკვეველი სოციალური წარმომავლობის ხალხს ვაჩუქეთ ქვეყანა, ახლა ესენი მაგრად ძოვენ და შენ ეუბნები, რომ შეწყვიტოს მილიონების კეთება და ეუბნები, – საქმე გააკეთეო. სანამდე შეეძლებათ, ასე იცხოვრებენ და მილიონებს გააკეთებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ატოცში ჩაეყენებინათ ასეთი დაცვა, როგორც ახლა თელავში ჩააყენეს, ჩიტიც რომ ვერ გადაფრინდა, მტრებს სდიონ, რაღა თანამოქალაქეებს დასდევენ. ამათ რომ ეს ტკბილი ცხოვრება დაკარგონ, გადაგივლიან! თუკი ვიქნებით, ისევ ბრბოს ფსიქიკის – ან ქოცი, ან ნაცი. იმან ჩამიპაჭუნა და რა მაგარია, ერთი ადგილი გააქნია-გამოაქნია, რა ლამაზია. თუ ამ ცნობიერებიდან გაჭირვებული საქართველო და მთელი საზოგადოება არ გამოვიდა, დავიღუპებით. პოლიტიკურმა ძალებმა უსიკვდილოდ ყველაფერი უნდა გააკეთონ და აქ “ნაცებს” ვერანაირ ლიდერობას ვერ დავუთმობ, სანამ ეგენი აჭყლოპინდებოდნენ, ჩვენ ამას მანამდეც ვამბობდით, აუცილებლად უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემის ცვლილება და მერე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუ საჭიროა, მიტინგებიც!..
– თქვენ გამორიცხავთ, რომ ამასობაში შეიძლება განვითარდეს რევოლუციური სცენარიც?
– რევოლუციურ სცენარზე, სხვათა შორის, ეს პოლიტიკური ძალაც გაიძახოდა, რომ არ გვინდაო და ფაქტია, არ უნდათ. რევოლუციური სცენარისკენ გვიბიძგებს დღევანდელი ხელისუფლება თავისი ქმედებებით. როდესაც პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებას სუნთქვის საშუალებას არ აძლევ, იყენებს სახელმწიფო რესურსს და ჩაგრავს მოქალაქეს, მაგრამ, თუკი მოქალაქე თავს წამოყოფს და იტყვის, მე ერთხელ მოვედი ამ ქვეყანაზე და არ მინდა, ვიღაცას სულ ბაბაია ვუძახო, ჩვენ ხომ შევეჩვიეთ ამას, ხან შევარდნაძეს ჩაემუხლებოდნენ, ხან გამსახურდიას, ხან სააკაშვილთან წაიკუზებოდა მასა და თუ გვინდა, ასე არ ვიყოთ, მაშინ ჩვენი თავი უნდა დავაფასოთ ისე, როგორც პარიზელებმა, ბრიუსელელებმა. გამოვიდნენ, დაამხვეს თავზე ყველაფერი და ბოდიშებით ყველაფერი შეცვალა ხელისუფლებამ მათი მოთხოვნის გამო და კიდევ მეტს ითხოვენ, ასე უნდა მოვიქცეთ, სხვა გზა არ არის. ჩვენი პოლიტიკური ძალა კონკრეტულ მოქმედებებს გეგმავს და ამას უახლოეს ხანებში დაინახავთ, თუმცა ეს უნდა იყოს კონსტიტუციური გზა, არ გვინდა სისხლისღვრა და ქუჩაში დგაფუნი, მაგრამ ოპოზიციას თუ სხვა გზას არ დაუტოვებენ, გამორიცხული არაფერია. კულულებიანი პარლამენტის თავმჯდომარე, ხელში გიტარა რომ უჭირავს და ამბობდა, თავს როგორც კი წამოყოფთ, ჩაგარტყამთო, მერე ხომ კარგი პანღურები ურტყა მოსახლეობამ, ბოდიშები რომ იხადეს მეორე ტურის წინ. თუ ასე გააგრძელებენ, ხალხი აღარ გაჩერდება. მერწმუნეთ, ეს არის პოლიტიკური ცხოვრების აქსიომა.
– მით უმეტეს, სოციალური პრობლემების გამძვინვარების ფონზე...
– შს მინისტრს ვეკითხები, მაჩოსავით რომ დადიხარ და ამბობ, კანონიო, კანონი ის არის, თანამშრომლებს დაუთვალე, საიდან გახდნენ მილიონერები და მილიარდერები, გამიკეთე აბა ანალიზი, როგორ გახდა საბანაძე მილიონერი. თუ გაქვს თავი რამის, ჯერ შიგნით დაამყარე წესრიგი და მერე დაემუქრე ქუჩაში ბიჭებს, ხუთდოლარიანი შარვლები რომ აცვიათ, მეტი შესაძლებლობა არ აქვთ და თავიანთი ინტერესების დაცვა რომ უნდათ. მაგისგან “ბასიანის” ნარკომანების ბოდიშების მოხდის გარდა, ვერაფერი ვნახე და იმასაც ვერ მიხედა. ეს პრობლემა არის. გამოდის ის ზორბა ბიჭი, გაუგებარი გახედვა-გამოხედვის კაცი რომაა, ვითომ პრემიერ-მინისტრი, გაბღენძილი რომ დადის... შე დალოცვილო, რისი გუდაურის სეზონი უნდა გახსნა, თავზე დაგემხო ბიუჯეტი, თავზე დაგემხო ლარი, თავზე დაგემხო უმუშევრობა, ხალხს შია და ეს გაბეყილი დგას, უკან ორი კინკილა კაცი დაუყენებია და გავხსენი გუდაურის სეზონიო. კი მაგრამ, შენ რომ არ წახვიდე გუდაურში, თოვლი არ მოვა, თუ რაშია საქმე?! აზრზე არ არიან, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, საბალახოდ, მოსაწველად მოიყვანა ამ მილიარდერმა ესენი და სანამ გაუვათ აკეთებენ. გაუვათ კიდევ, სანამ სახეს არ აჩვენებს ქართველი კაცი, თუ შერჩა. თუ ისევ იძახეს – ფოთოლი არ ჩამოვარდეს, იქ ისა, აქ ესა, ასე არ ხდება...
– ივანიშვილმა საკადრო რეფორმა დაგვიანონსა და რა ინფორმაცია გაქვთ სახელისუფლებო ცვლილებებზე?
– რა მნიშვნელობა აქვს, ბოლო ოთხი წელია, პრემიერები მიდიან და მოდიან, ვინმეს ახსოვს მათი გაკეთებული საქმე?! თვითონ აშენდებიან, აივსებენ ზურგზე მოკიდებულ ტომრებს, თავიანთი ცოლები, შვილები, ბებია-ბაბუჩები, მერე წკიპურტს წაჰკრავს მათი მომყვანი და მიდიან. ამით არაფერი იცვლება, ასევე, მოუვა ამასაც, ვინც ახლა გვყავს, ეს ზორბა ბიჭი, ვინიპუხი პრემიერი. საკადრო ცვლილებებს მნიშვნელობა და აზრი მაშინ აქვს, როდესაც მისი განმახორციელებელი საქმის კურსშია და წარმოდგენა აქვს, მართვა როგორ უნდა აწარმოოს. ამათ მართვა არ იციან, ამათ იციან პარვა. ამიტომ აზრი არ ექნება, სანამ ხელისუფლებაში არ მოვლენ ადამიანები, რომლებიც ამათ შეეცილებიან ბევრ რამეში, პარვაში კი არა, საქმის კეთებაში და ჯერ თავი დავანებოთ ამ ზოგად ფრაზებს, ვიდრე ეს ბაცაცები და მიკიტნები, ჩვეულებრივი მიკიტნები არიან, როცა დაგიჯდება თანამდებობის პირი და ნაცვლად კანონის დაწერისა, ნაცვლად საქმის კეთებისა კალკულატორი ეჭირება ხელში და იტყვის, რომ ერთი სართული ამდენი დამიჯდა, გაჯი ამდენი დამიჯდა, თეთრეულის ყიდვა ამდენიო... წარმოიდგინე, რა დღეშია ეს ვითომ ხელისუფლება. სანამ ესენი არ დაიწრიტებიან, არ გაიცრებიან სახელმწიფოებრივი მშენებლობის მანქანაში, ისე არაფერი არ გამოვა. ეს მოხდება მაშინ, თუ გაირღვევა ეს ჩაკეტილი წრე-ბარიკადა და იქ მივლენ ადამიანები, ვისაც შეუძლია მართვა და ნერვი უტოკავს, როდესაც ღარიბ ადამიანს ხედავს, როდესაც თავზე გამხობს მეზობელი სახელმწიფო ყველაფერს და შენ ხმას ვერ იღებ, როდესაც დანიშნული პრეზიდენტის ინაუგურაცია გაქვს, ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ და არცერთი პოლიტიკური დელეგაცია არ ჩამოსულა. ეს სახელმწიფო როგორ არის?! აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. საკადრო ცვლილებებით ამას არაფერი ეშველება, უნდა მოხდეს სერიოზული ცვლილებები. დადგმული სპექტაკლები კი არა ცვლილებებისთვის, არამედ სერიოზული ცვლილებები. თუ ეს სისტემა არ დაინგრა, სასურველია, უსისხლოდ, არ შეიძლება ამაზე რამე ნორმალური აშენდეს! სამწუხაროდ, სისტემის დანგრევა დღის წესრიგში არ დგას. ეს ძალა, რომელსაც ვერ დაარქმევ სახელს, ამორფულია, გაუგებარი, მიდრეკილი მხოლოდ პარვისკენ და მდგომარეობის შენარჩუნებისკენ. ძალიან ცუდია, რომ ქვეყნის განვითარება მუხრუჭდება.
ნინო სამხარაძე

FaceBook Twitter Google