ინტერვიუები
"ივანიშვილი გაზაფხულზე სატელიტი პარტიების შექმნას დაიწყებს"
"ოცნებაში" ერთმანეთის ჭამა დაიწყეს და ვინც გადარჩება, ოლიგარქი მას შეიყვანს ახალ პარლამენტში"
გიგლა ბარამიძე: "მომდევნო არჩევნებზე მმართველი პარტია ბუს კვერცხების გარდა ვერაფერს მიიღებს"


"გახარიამ თავისი პასპორტი გვაჩვენოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა"
რა პროცესები დაიწყო მმართველ გუნდში, რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა, რისი სიმბოლო გახდა ლევან მურუსიძე, რატომ უნდა გვაჩვენოს გახარიამ თავისი პასპორტი, რატომ დადუმდა სალომე ზურაბიშვილი? - ამის შესახებ ''ახალ თაობას'' ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნამ საქოცეთში დიდი წიოკი გამოიწვია. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
- იყო და არა იყო რა, პატარა და ღარიბ სამეფოში ერთი უზომოდ მდიდარი კაცი ცხოვრობდა, რომლის გარეშე ცაში ფრინველი და მიწაზე ადამიანი ვერ გაიჭაჭანებდა. ყველა ლამობდა, რომ როგორმე ამ მდიდარი კაცის კეთილგანწყობა მოეპოვებინა.
ერთხელაც ამ მდიდარ კაცს მოსწყინდა ქვეშევრდომების გაუთავებელი ლიქნი, მოატანინა დიდი რკინის კასრი, ჩაყარა ყველანი იქ და განაცხადა: ვინც ცოცხალი გამოვა, იმას წავახალისებ და ვუპატრონებ~. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო. აი, ეს არის ბატონებო გამომურუსიძებული ''ოცნების'' ნამდვილი სახე ოჯახურ ინტერიერში.
''ქართულ ოცნებას'' წესით ''ჩემი ზმანება'' უნდა ერქვას _ რაც ეზმანებათ ამ გუნდში შეყრილ მდედრებსა თუ მამრებს, ის ქართველი ხალხის მოტყუების ხარჯზე აიხდინეს. სამართლიანობის აღდგენას დაგვპირდნენ და ამის სანაცვლოდ მურუსიძეების და ჩინჩალაძეების სასამართლო მოგვიტანეს. ეს არის დაუშვებელი და სამარცხვინო. ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც პოლიტიკური მოუსავლეთისკენ ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს.
''ოცნების'' პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლა ნაკლებად მადარდებს, მე ის მაწუხებს, რომ ქართველი ამომრჩევლის გაბახება მოხდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და ''ოცნების'' ფერდაკარგულ ქურუმთ-ქურუმს ვგულისხმობ, რომელიც იხვეწებოდა, ქართველებო, ერთი წელი კიდევ მომეცით და ნახეთ, რას ვიზამო, რაც ქნა, ვნახეთ _ მურუსიძეს უვადო მოსამართლეობა მისცა, ხოლო ქართველ ლიონელ მესის, თამარ ჟვანიას, მეორე ვადით ცესკოს თავმჯდომარეობა უბოძა. გაყალბების დარგში თამარ ჟვანია მესიზე უკეთესიც კია. აი, ამას ჰქვია ამომრჩევლის მოღორება და გაბახება.
მივმართავ სალომეა დიადს _ ამოიღეთ ქალბატონო, სირინოზის ხმა და მოგვახსენეთ თქვენი აზრი. ევროპულად რომ გაიძახით მაშვინ, გააკეთეთ განმარტებები _ საარჩევნოდ კარტოფილის და ხახვის დარიგება თქვენთვის დემოკრატია იყო, სტრასბურის სასამართლოს დაწუნებული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაც ევროპეიზმია? ან იქნებ ის არის დემოკრატია, დასავლეთის მიერ უარყოფითად შეფასებული არჩევნების შემოქმედი, ცესკოს თავმჯდომარედ რომ მეორე ვადით დაინიშნა.
- ივანიშვილს ეს მურუსიძე ასე ძალიან რატომ უყვარს, ნიცშეს ციტატები იცის კარგად თუ წინა ცხოვრებაში იცნობდა გერმანელ ფილოსოფოსს?
- რატომ უყვარს და მისი ერთგულია. ლევან მურუსიძე ყველა ბინძური საქმის შემსრულებელია. ის ბინძურ დავალებებს ასრულებდა წარსულში, ასრულებს აწმყოში და შეასრულებს მომავალშიც. ასეთი ხალხი ჰაერივით სჭირდება ''ქართულ ოცნებას''. მურუსიძესთან ერთად მოხდა იმ მოსამართლეების წამოტივტივება, ვისაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ემყარებოდა.
მივმართავ ქოცისტანის ფეისბუქის ლომებს, სადა ხართ, სად გაუჩინარდით, მურუსიძის დანიშვნაზე ამოიღეთ ხმა. მურუსიძის უვადოდ დანიშვნის გამო მოუწოდებდით ხალხს, სალომე ზურაბიშვილს მიეცით ხმაო?
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხალხის აზრი ძალიან კარგად გამოხატა ქუთაისელმა ქალბატონმა ნატო დანელიამ. ამ ქალბატონის პოსტში ნათლად არის წარმოჩენილი ''ქართული ოცნების'' აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების სამარცხვინო ანატომია.
აი, რას წერს ეს ქალბატონი: ''ერთი დედას არ იცნობს, მეორე დედას ქირას უხდის, მასთან რომ ბინაში იცხოვროს, მესამე დედას გვარს უცვლის, მეოთხე ამბობს, დედა ოჯახის წევრი არ არისო, მეხუთე დედას სასამართლოში უჩივის. რა დედამ გშობათ, თქვე დალოცვილებო''.
რაც შეეხება ბიძინას იუსტიციის საბჭოს, ეს არის მავნებლების გაერთიანება. ''ოცნება'' დამნაშავეა იმაში, რომ 2016 წელს ისეთი კანონი მიიღო, რომლითაც შენარჩუნდნენ სალახანა მოსამართლეები.
''ოცნების'' გემმა ჩაძირვა დაიწყო და მალე ვირთხები დაიწყებენ გაქცევას. ზოგიერთს გმირის მანტიის მოსხმა მოუნდა. დაგიჭამიათ ერთმანეთი და რაც მალე წახვალთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.
იქნებ ახლა მაინც მიხვდეს გაბრუებული ამომრჩეველი, რომ ქვეყნის განვითარებას მრავალპარტიული პარლამენტი სჭირდება. საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არსებობს. ქვეყანა ერთი ოლიგარქის ჩართული ტაიმერით ცხოვრობს. ეს სიმახინჯე თუ არ შევცვალეთ, სახელმწიფო თავზე ჩამოგვემხობა.
არც გამსახურდიას, არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის დროსაც კი ხელისუფლებაში მოკალათებულ ჩინოსნებს ისეთი ედემური პირობები არასდროს ჰქონიათ, როგორც ახლა აქვთ.
''ქართულ ოცნებაში'' მოღვაწეობას ჯერ იწყებენ მინისტრობით და მერე იღებენ დიპლომებს. ამაზე დიდი მარაზმი თუ სადმეა, არ ვიცი. ეტყობა, სადღაც გაიგონეს, ''სწავლა სიკვდილამდე შენია''-ო და დაიწყეს მოქმედება _ ჯერ ტონობით ვაზელინი გადაისვეს, შეუძვრნენ ქურუმთ-ქურუმს, მიიღეს თანამდებობები და მერე მოინდომეს ხარისხები და დიპლომები.
მმართველ გუნდში ყოველი მეორე ასეთია. ასეთი ძალა არაფრის შემქმნელი არ არის. იმისა არ იყოს, ქართველმა ფუშემ რომ ჩახერგა კახეთში გზები.
- გიორგი გახარიაზე ამბობთ ფუშეო?
- გახარიაზე ვამბობ, ოღონდ ირონიით. ჩვენმა ნაქებმა, თვალებისჩამპაჭუნებელმა შს მინისტრმა ისეთი სიამაყით თქვა, ოპოზიცია თელავში არ შევუშვიო, თითქოს მტრები გადაეყარა ფსოუს მიღმა.
მივმართავ გიორგი გახარიას, შენი პასპორტი აჩვენე საქართველოს. უნდა ვიცოდეთ, რომელი ქვეყნის მოქალაქეა საქართველოს მთავარი პოლიციელი. იქნებ ისევ რუსეთის მოქალაქე ხართ. იმ რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მიწები წაგვართვა. ის ვერ გაგვაგებინე, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ და დამნაშავეებს როგორ დაიჭერ? თვალის ჩაპაჭუნება და დენიკინის დროინდელი ქალების გულის მოგება რომ შეგიძლია, ეს ვიცით.
ქართველი ფუშე რუსეთში ბიზნესსაქმიანობას რომ ამთავრებდა და აქ შს მინისტრად ინიშნებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, თბილისი იარაღით არის გაძეძგილი და ეფექტური მუშაობაა საჭირო.
- ეს განცხადება თქვენ ჩვენთან ინტერვიუში გასული წლის ნოემბრის დასაწყისში გააკეთეთ. ეს ''ოცნებამ'' გაატარა, რამდენიმე კვირაში თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ვნახეთ, რომ ტერორისტებს შუა ქალაქში ლამის სამხედრო ბაზა ჰქონდათ მოწყობილი.
- ამის გარდა, კიდევ რამდენი რამე მოხდა. იმის ნაცვლად, რომ კრიმინალებს და შეიარაღებულებს სდიოს, შს მინისტრი რამდენიმე ასეულ ნარკომომხმარებელს ბოდიშს უხდის, დენიკინის დროინდელ მანდილოსნებს თვალს უპაჭუნებს, ხან საყელოს აიწევს და ხან ვის ემსგავსება, ხან ვის.
მოაწონოს ქალებს თავი, ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ საქმეს როდის გააკეთებს? გაივსო ქვეყანა შეიარაღებული ხალხით. ახალგაზრდებს შარვალში რომ აქვთ გარჭობილი იარაღები, ვერ ამჩნევთ ამას? იქნებ არც ის იცით, თბილისის ყველა უბანში ნარკოტიკები რომ იყიდება და ნარკომანები წამლის ბარიგების მოსვლას დილიდან დაღამებამდე ელოდებიან?
რატომ ვერ ხერხდება სახელმწიფო საზღვრების კონტროლი?! აგვიხსნან, როგორ შემოაქვთ ირანელ ტურისტებს საქართველოში სხვადასხვა სახის ნარკოტიკები. არ მესმის, რატომ ვერ ხერხდება იმ საიტების გაკონტროლება, რომლებიც ნარკოტიკებს ყიდიან.
ისიც კარგად მესმის, რომ გახარიას სხვა მისია აკისრია, მაგრამ დამნაშავეობასთან ბრძოლაც საჭიროა.
- სხვა რა მისია აკისრია გახარიას?
- გრაალის მცველი და ბიძინა ივანიშვილის სიწმინდეების მცველია. ივანიშვილის სიწმინდეებს სდარაჯობს კიდევ ორი მინისტრი. ჩიტირეკია და გაუგებრობა გიორგი ქობულია სამყაროს მერვე საოცრებაა. ცივი თვალებით რომ ჭკუას გვასწავლის ფინანსთა მინისტრი, ეგ მსოფლიოს მეცხრე საოცრებაა.
ამიტომ ვამბობ, კასრი შეკრული და დადუღებულია. იქ ''ოცნების'' წევრები არიან მოთავსებული და ვინც გადარჩება, იმათ მიხედავს ივანიშვილი.
მმართველ პარტიაში ყველამ კარგად იცის, რომ ''ქართული ოცნება'' მომდევნო არჩევნებზე ბუს კვერცხების გარდა ვერაფერს ვერ მიიღებს. ყველა გათვლით, ''ოცნება'' უნდა დამარცხდეს.
მამა და მარჩენალს სადღაც წამოსცდა, რომ მას შვიდი-რვა პარტია სჭირდება პარლამენტში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ''ოცნება'' დაიშლება. შეიქმნება ახალი ფრაქციები და პარტიები.
ისინი ერთმანეთის დაჭმას შეუდგებიან. ვინც უფრო მეტად ამოიღებს ხმას და მარჩენალს ერთგულებას დაუმტკიცებს, იმას ექნება პარლამენტში მოხვედრის შანსი. როგორც 2016 წელს დადეს, მომავალშიც ასევე დადებენ. ამიტომაც გამოაჩინა ზოგიერთმა წლის ბოლოს კბილები. პირდაპირ გეტყვით, აქ არაფერ შუაში არ არის სასამართლო რეფორმა და ცუდი მოსამართლეების მიყვან-მოყვანა. ეს მოსამართლეები უკვე ექვსი წელია, რაც ჩანან, მაგრამ აქამდე ხმა არავის ამოუღია.
მივმართავ მმართველი გუნდის წევრებს _ თქვენი შიდა გარჩევები სახელმწიფოებრივ გულყრებად ნუ მოგაქვთ. მძიმე სახეებით ნუ გამოდიხართ ტელევიზორებში და ნუ იძახით, ამას და ამას ვიტყვი. ვერაფერსაც ვერ იტყვით.
- რატომ ვერ იტყვიან, სათქმელი, წესით, ყველას ექნება.
- სათქმელი ყველას აქვს, მაგრამ ერთი თუ იტყვის მეორეზე სიბინძურეს, მეორეც იტყვის იმ პირველზე რაღაცას და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. ამიტომაც ვამბობ, რომ გამომურუსებულია ეს ''ოცნება''.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ ივანიშვილს წამოსცდა, პარლამენტში შვიდი-რვა პარტია მინდაო. ეს შვიდი-რვა პარტია ''ოცნების'' ნარჩენებისგან შეიქმნება?
- ივანიშვილს სურს, რომ მომავალი პარლამენტი ისევ ამ ძალისგან დააკომპლექტოს, მაგრამ იცის, რომ არჩევნებზე ბუს კვერცხების გარდა ვერაფერს მიიღებს. ამიტომაც შექმნის რამდენიმე სატელიტურ პარტიას. სატელიტური პარტიების შექმნა გაზაფხულიდან დაიწყება.
მათ გარდა, ივანიშვილი პარლამენტში ნაციონალებს და ''ევროპულ საქართველოსაც'' შეიყვანს. სხვათა შორის, ამ ორ პარტიაშიც საკმაოდ მძიმე პროცესები მიდის.
დღევანდელი ''ოცნების'' ბაზაზე რამდენიმე ჯიბის პარტიას შექმნის. სწორედ ივანიშვილისთვის თავის მოსაწონებლად ჭამენ ახლა ქოცისტანში ერთმანეთს. აქ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ძველ და ახალ გვარდიას. ამ გვარდიას რომ ასე წამდაუწუმ ახსენებენ, დარწმუნებული ვარ, გვარდიის იდეოლოგიაც კი არ იციან, რა არის.
- ძველს და ახალს რა უჭირს, კიდევ კარგი, თეთრ და წითელ გვარდიად არ გამოაცხადეს თავი.
- რა თეთრი და წითელი გვარდია, ესენი არიან ჩვეულებრივი ჭინკები, რომლებსაც უფრო ნაკლები ენერგია აქვთ, ვიდრე ნაცებს ჰქონდათ. ქოცისტანის არსებობის ერთადერთი დედააზრი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი მოქაფონ.
გამომურუსიძებულ ქოცისტანში უმეტესობა არარაობიდან მოსული ხალხია. მათ უზარმაზარი ქონება იშოვეს და ახლა გადაწყვიტეს, მდგომარეობა შეიქმნან. თუკი ვინმე ჰყავთ გარშემო, ყველასთვის ხარისხების მოპოვებას ცდილობენ. უნდათ, ნულიდან ბიოგრაფია შეიქმნან. მდაბიორებისთვის ასეთი რამე დამახასიათებელია.
ქოცისტანში დაინახეს, რომ მათი კეთილდღეობის საფუძვლები ირყევა და დაიწყეს ერთმანეთის დაჭმა. ერთმანეთს ფიზიკურად ვერ იტანენ, მაგრამ არც ის უნდათ, რომ მათზე ვინმემ თქვას, ვირთხებივით ჭამენ ერთმანეთსო. ამ დაჭმას რაღაც იდეით აკეთილშობილებენ. ამ იდეას მურუსიძე დაარქვეს.
- გამოდის, რომ მურუსიძე ამათ მხსნელად მოევლინათ.
- მურუსიძე არის კონფრორმიზმის და მლიქვნელობის სახე. დღეს საქართველოს ჰყავს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც უნდა ჰყავდეს, საქართველოს ჰყავს ისეთი მმართველი პარტია, როგორიც უნდა ჰყავდეს. საქართველოს ჰყავს ისეთი პარლამენტის სპიკერი, როგორსაც ის იმსახურებს.
ეს ხალხი ციდან არ მოსულა და არავის არ გამოუგზავნია, ისინი იმ გრდემლში გამოიჭედნენ, რასაც წარმოადგენს ქართული საზოგადოება. ესენი მედიის ყურადღების ცენტრში არიან და ამიტომ ჩანს მათი სითახსირე, მაგრამ აბა შევიხედოთ სამზარეულოებში, იქაც იგივე სიტუაცია დაგვხვდება.
ჩვენ იმ საზოგადოებას წარმოვადგენთ, რომელმაც ვიღაცას უნდა დაუჩოქოს, ვიღაცას ხელზე აკოცოს, ვიღაცა სადღაცას უნდა წაიკუზოს-წამოიკუზოს. ამ საზოგადოების პირმშოა ლევან მურუსიძე.
ვიდრე ჩვენი საზოგადოება თავის თავში არ ჩაიხედავს და უმწვავესად თვითკრიტიკული არ გახდება, არაფერი არ გამოგვივა. ერები, რომლებიც თვითკრიტიკულები იყვნენ, მოახერხეს და შეიცვალნენ.
ჩვენ კი გვგონია, რომ ძალიან მაგრები ვართ და მხოლოდ მურუსიძეა ცუდი. არადა, ქართველების დიდ ნაწილში ზის მურუსიძე.
ქართველ ერს უნდოდა, რომ ჰყოლოდა ბიძინა. ეს უკანასკნელი საქართველოს იმას უშვრება, რაც უნდა. მე ეს ადამიანი არც მიყვარს და არც მძულს. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ცუდია, ყველაფერი ამ ერთი კაცის ნებელობის ქვეშ რომ მოექცა.
ამ საზოგადოებამ შვა გახარიაც. ამ პერსონაზე ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ, როგორც ამბობენ, შესაძლოა, პრემიერად მოგვევლინოს და ღირს ყურადღების გამახვილება.
თავის კარიერაში მან ორი საკრალური სიტყვა თქვა _ ბოდიში და ჩაგაგდებ. ბოდიში მოიხადა, როცა 2.000 ნარკომანი ერთად შეკრებილი დაინახა. ჩაგდებით კი ოპოზიციას დაემუქრა. ოპოზიციას ინტელექტიც დაუწუნა, ვითომ თავად სოფოკლე ან სენეკა მყავდეს.
ქართველი საზოგადოება ბევრ შეცდომას უშვებს. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ისაა, რომ გამუდმებით ბელადის მოლოდინში ვართ. ამიტომაც გამუდმებით ვკითხულობთ - გვეშველება რამე? დროა ამ კითხვას გადავეჩვიოთ. ამ კითხვის დასმა ნიშნავს, რომ მშველელს ველოდებით.
გვეშველება რამის კითხვას ჯობია, მოქმედებაზე გადავიდეთ და იმაზე ვიფიქროთ, მტერს როდის დავამარცხებთ და დაკარგულ ტერიტორიებს როდის დავიბრუნებთ.












FaceBook Twitter Google