ინტერვიუები
''ქართულ ოცნებას'' ერთი სული აქვს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიშოროს''
გიგლა ბარამიძე: ''გამომურუსიძებული ხელისუფლება ოკუპირებული რეგიონების არაღიარებისთვის არაფერს აკეთებს~
''ქართველებს უერთადგილო ყარაჩოღლობა დაგვღუპავს''
მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება პრემია-დანამატების გამოწერითა და უძრავ-მოძრავი ქონების შეძენით არის დაკავებული, რუსი ოკუპანტები და მათი საყმო _ აფხაზები და ოსები _ მთელ მსოფლიოს არიან მოდებული და სოხუმისა და ცხინვალის აღიარებაზე მუშაობენ.
ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ლიდერები ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯიმბა ამ დღეებში სამხრეთ ამერიკას სტუმრობდნენ. ისინი ოფიციალური ვიზიტით ვენესუელაში იმყოფებოდნენ, სადაც რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდნენ.
საქართველოს ხელისუფლებამ ეს ყველაფერი გაატარა, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალი კამბოჯის ნაწილი იყოს და არა _ ჩვენი. ''ოცნებისთვის'' ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე უფრო პრიორიტეტული მურუსიძე-ჩინჩალაძის დაცვაა.
ყოფილი პოლიტდევნილი და სომხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგლა ბარამიძე მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკის ასეთი იგნორირება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
გაგრძელდება თუ არა ცხინვალისა და სოხუმის აღიარება, რა პოლიტიკა აქვს `ოცნებას~ ოკუპირებული რეგიონების მიმართ? - ამის შესახებ გიგლა ბარამიძე `ახალ თაობას~ ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
-გამუდმებით მიწევს ხელისუფლების კრიტიკა და ვიღაცამ შეიძლება, ეს ჩასაფრებული კაცის პოზიციად შეაფასოს. მე `მოყვარეს პირში უძრახეს~ პრინციპებზე ვარ გაზრდილი და ამიტომაც ვაკრიტიკებ ხელისუფლებას. ნეტავ რამე საქმე გააკეთონ და საერთოდ დავდუმდები, არაფერზე გავაკეთებ კომენტარს.
ამ სიტუაციაში კი ნამდვილად ვერ გავჩუმდები, როცა ვხედავ, როგორ მართავენ შეხვედრებს ოკუპირებული რეგიონების ლიდერები სამხრეთ ამერიკაში. საქართველოს ხელისუფლება ამაზე დუმს.
- ხელისუფლების დუმილი რითია გამოწვეული?
- ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება. `ქართულ ოცნებას~ სექტა შევარქვი. მათ კულაკური ფსიქიკა აქვთ და საშვილიშვილოდ იწყობენ ცხოვრებას. მატერიალური კეთილდღეობის გარდა, მათ მეტი არაფერი აინტერესებთ. ყველა ივანიშვილის გავლენასა და სიმდიდრეს არის აკიდებული და, სანამ შეუძლიათ, მაქსიმალურად ხაპავენ ყველაფერს.
იმის ნაცვლად, რომ ოკუპირებულ რეგიონებზე თქვან რამე, ერთი კვირაა, იმაზე გვესაუბრებიან, როგორ გაურემონტეს ერთ-ერთ დეპუტატს კაბინეტი.
ერთი მაღალჩინოსანი იმას გვიყვება, რომ ოთხი ბინა აჩუქეს გასულ წელს, მაგრამ ეს ბინები ერთოთახიანებია და რა მოხდა მერეო. სხვა ჩინოსანი შემოგვჩივის, ოთხსართულიან სასახლეს მეხუთე სართულს იმიტომ ვერ ვადგამ, რომ ფული არ მყოფნისო.
აი, ამ დონეზეა დასული ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება კი არა, სექტაა, სადაც კულაკური ფსიქიკის მქონე ადამიანები არიან. ჯერჯერობით სექტას ყველაფერი გასდის.
- რატომ გასდით ყველაფერი?
- იმიტომ, რომ ხალხია გაჩერებული. ესენი ამით სარგებლობენ და პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ მხოლოდ. ამ დროს მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება. დონალდ ტრამპი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც თქვა, რომ მისი ქვეყანა მსოფლიო ჟანდარმი არ არის და ვაშინგტონი ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი რამე იცვლება. შეიცვალა კიდევაც. აშშ-მ სირიიდან ჯარების გამოყვანა დაიწყო. იქ პოზიციებს იმყარებს თურქეთი. კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები რუსეთმა. მას ამაში ისრაელმა დაუჭირა მხარი.
უკრაინაში საერთოდ საშინელება ხდება. ეფემერული თავისუფლება იძახეს და მიწები დაკარგეს. ახლა ავტოკეფალიას გაიძახიან და უკრაინული ეკლესია სამად გახლიჩეს.
ამ დროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებები სამხრეთ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტებით დადიან. სექტას ამაზე ასეთი პასუხი აქვს _ მერე რა მოხდა, ნიკარაგუასა და ვენესუელაში თუ წავლენო.
თქვე გამომურუსიძებულ-გამოჩინჩალაძებულო `ოცნებავ~, იმდენი მაინც არ იცით, რომ ნიკარაგუა და ვენესუელა საქართველოზე ხუთჯერ დიდია? ან ის არ გაგიგიათ, რომ მათი ბიუჯეტი ჩვენსას ათჯერ და მეტჯერ აჭარბებს? ვენესუელაზე როგორ იცინით, ახლახან იქ მინიმალური ხელფასი 300%-ით გაზარდეს.
სექტის გარდა, ვენესუელა-ნიკარაგუაზე ჩვენი საზოგადოებაც იცინის. ეს ჩვენი უერთადგილო ყარაჩოღლობის მაჩვენებელია. იმასაც კი ვერ ვხვდებით, რომ ეს უერთადგილო ყარაჩოღლობა გვღუპავს. არც ერთ ქვეყანაზე აგდებულად საუბარი არ შეიძლება. მოგვწონს თუ არა, ვენესუელაც და ნიკარაგუაც სახელმწიფოები არიან.
- საუბრობენ იმაზე, რომ აფხაზეთი და ცხინვალი შეიძლება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმაც აღიარონ. გველოდება ამ მიმართულებით რაიმე სიურპრიზები?
- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მიბაძავს ვენესუელასა და ნიკარაგუას. აქ მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. გამომურუსიძებული ხელისუფლება ოკუპირებული რეგიონების არაღიარებისთვის არაფერს აკეთებს.
ამ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე რომ ვიცინით, ის რატომ გვავიწყდება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ლიდერები ევროპის ქვეყნებშიც იყვნენ ოფიციალური ვიზიტებით.
- ამ მხრივ განსაკუთრებით წარმატებული ბიბილოვია - ის ოფიციალური ვიზიტით სერბეთშიც იყო და იტალიაშიც. ამაზე ''ოცნებას'' ასეთი პასუხი აქვს, რა მოხდა მერეო.
- ყველაფერზე რა მოხდას იძახიან. რა მოხდას იძახიან, როცა ესა თუ ის ჩინოსანი ათეულობით მილიონს იპარავს. ანაკლიის პორტის მიმართულებიდან მილიონები რომ გაქრა, მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი იყო. მის მიმართ თავად `ოცნებას~ ჰქონდა კითხვები. იმის ნაცვლად, რომ პასუხი მოეთხოვათ, გერმანიაში გაუშვეს _ ცოლ-შვილი მოენატრაო.
ყველაფერზე რომ გაიძახიან, რა მოხდა, რა მოხდაო, მაგიტომაც აღარ არის საქართველო ქვეყანა.
ამ სექტანტებს საერთოდ დაავიწყდათ, რომ არსებობს ასეთი მიმართულება _ საგარეო პოლიტიკა. ან ვინ უნდა აწარმოოს ეს პოლიტიკა. ზორბა ბიჭი რომ გვყავს პრემიერად, ეგ წავა სადმე მოლაპარაკებებზე?
საგარეო ფრონტზე არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. სამაგიეროდ, პირადი კეთილდღეობის მოწყობა ეხერხებათ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ასეთი ჯიბეზე გადაყოლილი ხელისუფლება არ ჰყოლია.
აფხაზეთსა და ცხინვალს საერთოდ არ ახსენებენ. ერთი სული აქვთ, სოხუმი და ცხინვალი მოიშორონ. მათი პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აფხაზეთს განგრენას ეძახის. `ოცნებაში~ შემავალი ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლები საჯაროდ ამბობდნენ, აფხაზეთი უნდა ვაღიაროთო.
- რესპუბლიკელებზე საუბრობთ?
- ეგენი ითხოვდნენ აფხაზეთის აღიარებას. `ოცნებაში~ მათი პოზიციის შესახებ კარგად იცოდნენ, მაგრამ მაინც მიიღეს კოალიციაში.
`ქართულ ოცნებას~ საგარეო მიმართულება მიშვებული აქვს და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ კიდევ რომელიმე ქვეყანა აღიარებს სოხუმსა და ცხინვალს.
არაღიარების პოლიტიკას ვინ ჩივის, იმაზეც არ ზრუნავენ, რომ ნაციონალების დროინდელ დამნაშავეებზე ინტერპოლს მიმართონ. სააკაშვილის დაბრუნებით რომ აშინებენ ხალხს, რატომ არ გამოაცხადეს მასზე საერთაშორისო ძებნა? ან გსმენიათ რამე, რომ ამირან მესხელთან აქვთ პრეტენზიები? არადა, როგორც თავად ამბობენ, ეს კაცი მთელ საქართველოს უსმენდა.
დავით კეზერაშვილმა საერთოდ დაალაგა `ოცნებასთან~ ურთიერთობა. ამის შესახებ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ.






FaceBook Twitter Google