ინტერვიუები
''როცა გაგიჭირდებათ, თქვენი სისულელეების გადასაფარად სააკაშვილი მაშინ გახსენდებათ?!

ფეხბურთელობიდან, ბატუტზე ხტომიდან, მოჭიდავეობიდან უცბად დიდ თანამდებობაზე რომ აღმოჩნდით, ივანიშვილის გულის მოსაგებად სააკაშვილის გინება მოსულა, თუ როგორ არის?! ვის სჯერა თქვენი!

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ''ქართული ოცნება'' საბოლოოდ გავიდა მომსახურების ზონიდან, თამამად და უმოწყალოდ გააფრინა იმ იმედით, რომ ფეხებსაც ვერავინ მოსჭამს და თუკი ამის მსურველები გამოჩნდებიან, როგორც ჩემი სამტრედიელი იტყოდა, მთაწმინდიდან ''რაზგონით'' გამოექანეთ, ამსტერდამიდან კი კოკაინდაგაზულები დამაფრინდითო... ყურებიდან ბოლი გამივიდა, თვალები გადმომცვივდა, მეგონა, კალაძის ჯოჯოხეთში ''გავიჩითე'', თურმე რეალში, ჩემი ქალაქის მერი ''ბლატაობდა'', მაგრამ გამიტყდა, როცა ჟარგონზეც ვერ ქაჩავდა... აი, შთამაგონებელ მონოლოგს არ მოგიძღვნით, მარტივად და იმავე ენით გკითხავთ, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?! რით დაიწყეთ და სადამდე დაეშვით? სახელმწიფოა თუ ''ბეზპრედელების'' ბირჟა, სად გადის თქვენი უტიფრობის ზღვარი და სად მთავრდება ხალხის მოთმინების ფიალა, ეს თუ გაინტერესებთ, ოროსნებო, ამასაც მალე გაიგებთ...


პარტია ''დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს'' გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ''ალიასთან'' ინტერვიუში ყველა იმ პრობლემასა და გამოწვევაზე ისაუბრებს, რაც ჩვენს თავს ხდება:

- ''ქართული ოცნება'' ძირითადად ჩაფლულია კორუფციაში, მათი მთავარი ამოცანაა _ გააკეთონ დიდი ფული და დააგროვონ სიმდიდრე, ისე გაძღნენ და მოღორდნენ, რომ ბიძინას შემდგომ პერიოდზეც კი ფიქრობენ, შემდგომში როგორ დაიძვრინონ თავი. მათ აქვთ უძრავ-მოძრავი ქონება შეძენილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თვით რუსეთის დედაქალაქში და სოჭშიც კი. დეტალებს მაშინ ვიტყვით, როცა საჭირო იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რათა გამგებმა გაიგოს და თუ უნდათ, შესაბამისმა სამსახურებმა გამოიკვლიონ, ''ქართული ოცნება'' უძრავ-მოძრავ ქონებას დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად მთელ მსოფლიოში ყიდულობს, ახლა გადავიდნენ ჩუქებებზე, ერთს 100 ათას დოლარს, მეორეს - 200 ათასს, მესამეს ხუთ ბინას ჩუქნიან, ეს არის ტენდენცია. შესაბამისმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა უნდა გამოიკვლიოს, საიდან დაუგროვდათ ''ქართული ოცნების'' წევრებს ამდენი ქონება მას შემდეგ, რაც ისინი დეპუტატები გახდნენ. გამოიკვლიონ იგივე ფარცხალაძის, გოგაშვილისა და სხვა გახმაურებული ფიგურანტების ქონების წარმომავლობა. თუნდაც ის, რომ კორუფციული სუნი ასდის ''ყაზტრანსგაზის'' საკითხს, საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის პასუხისმგებელი და მფლობელი?! საქართველოს უვიც და ვიგინდარა, სახედაკარგული ხელისუფლების ძირითად ნაწილს კითხვას ვუსვამ: კი მაგრამ, 100 მილიონი თუკი ჰქონდა ''ყაზტრანსგაზს'' სახელმწიფოს დავალიანება, რატომ შეარჩინა ქართულმა სახელმწიფომ და 40 მილიონად რატომ გაიყიდა, ან მყიდველს რატომ აქვს ანგარიშები ოფშორულ ზონებში? რა კავშირი აქვს თბილისის მერიას იმ ადამიანთან, რომელიც სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი იყო თბილისის მერიაში და უცბად გადაიყვანეს ''ყაზტრანსგაზში''. აი, ეს არის საინტერესო. საქართველომ ელჩად რომ დანიშნა ხოკრიშვილი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, რომელიც მხილებული იყო მილიონების გაფლანგვაში, შესაბამის სამსახურებს მინდა ვკითხო, კი მაგრამ, ხოკრიშვილის მინისტრობის დროს არ იყო უამრავი შეკითხვა, იგივე ''ქართული ოცნების'' ჩინოსნების მხრიდან, რომ უცბად აღმოჩნდა ელჩის თანამდებობაზე, მისი სამინისტროს ბიუჯეტიდან ასეულ მილიონობით ლარი გაიფლანგა ისე, რომ პასუხი არავის უგია, მოაცილეს ხოკრიშვილი ყველაფერს და პასუხი კითხვებზე - სად წავიდა მილიონები, ვერ მივიღეთ. ის, რაც არის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ისევ ''ქართული ოცნებიდან'' ჭარტალებენ, ყველაფერი არ არის კარგადო? რა ხდება, რატომ არ გვეუბნებიან რეალობას?! დავუბრუნდეთ ''ყაზტრანსგაზს''... სამტრედიელი თბილისის მერი ვანელმა პრემიერ-მინისტრმა რომ დაიცვა, გამეცინა, თქვე დალოცვილებო, თუ ხუმრობთ, ცნობილია სამტრედიულ-ვანური ხუმრობა და აფსუს, ამის უნარიც დაკარგეთ და უკბილოდ ხუმრობთ. ამხელა ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში, წინა დღე გლოვის დღედ გამოაცხადეთ და მეორე დღე ქალაქის მერმა, ღლიცინის დღედ აქცია. კახი კალაძეს აქვს პიარჯგუფის უზარმაზარი შტაბი, სულ ზეპირად ვიცით, ვინ არიან, როგორ მუშაობენ და რა თანხები იხარჯება. მოვა დრო და ამ ყველაფერს ქართველ საზოგადოებას შევახსენებთ.

გარდა ამისა, მთელი ''ქართული ოცნების'' სტაფი კახი კალაძის პიარზე მუშაობს, რა შედეგი აქვს მათ მუშაობას, სხვა საკითხია. მაგრამ იცით, რა მაინტერესებს? კი მაგრამ, სააკაშვილს რომ უქნევ ხელს, ჰოლანდიიდან გამოექანო, სააკაშვილის გვერდით ხელკავგადებული შენ დადიოდი თუ მე დავდიოდი?! სააკაშვილის საარჩევნო შტაბში ჩვენ ვიყავით, თუ შენ იყავი?! სააკაშვილის დროს შენ და შენმა გარემოცვამ არ მიიღეთ უამრავი სიკეთე, მიწებიდან დაწყებული სასტუმროებით დამთავრებული? ახლა მე მეუბნები, რომ ''ნაციონალები'' ცუდები არიან და მთაწმინდიდან გამოექანონო?! თუ შერჩევითია ეს ამბავიც, როცა გაგისწორდებათ თქვენი სისულელეების გადასაფარად სააკაშვილი მაშინ გახსენდებათ?! ფეხბურთელობიდან, ბატუტზე ხტომიდან, მოჭიდავეობიდან უცბად დიდ თანამდებობაზე რომ აღმოჩნდით, ივანიშვილის გულის მოსაგებად სააკაშვილის გინება მოსულა, თუ როგორ არის?! ვის სჯერა თქვენი! კიდევ ერთხელ ვეკითხები - ''ყაზტრანსგაზი'' ვისია?!

- თქვენი ინფორმაციით, ვისია?

- ვისია და, ბეჟუაშვილის და თბილისის მერიიდან წასულების. გაგვარკვიონ, რა კავშირი აქვს იქ თბილისის მერს? და თუ არა აქვს, ზუსტად გვითხრან და გვეცოდინება. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული, რატომ ჩამოაწერა სახელმწიფომ 100 მილიონი და მერე რატომ გაყიდა. იმიტომ, რომ ეს სათავისოდ გამოიყენეს. აქ ბევრი შეკითხვაა და გაგვცენ პასუხი!.. ხუმრობაც არ სცოდნიათ, ამ უნიათოებს! იხუმრეთ, ბატონო, მაგრამ საქმე აკეთეთ.

- მთელი ქალაქი ბომბზე ზის, როგორ ფიქრობთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, იმ ტრაგედიის გამო, რაც მოხდა გასულ კვირას და საერთოდ, ბოლო სამი წლის მანძილზე გაზით 80 ადამიანია გარდაცვლილი, დღემდე არავინ დასჯილა...

- ვისი და უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსი, რომელიც თავის ჩინოვნიკებზე ასხვისებს ყველაფერს. მაგრამ ვინ გამოიძიებს ამას?! სუს-ი თუ შს სამინისტრო, ის მოსიარულე ''ფუშე'', საყელოაწეული მინისტრი?! ვერ გამოიძიებენ იმიტომ, რომ ყველას მფარველობს ამათი უფროსი, მამა და მარჩენალი ბიძინა ივანიშვილი. მის მიერ მოყვანილი ხალხის შესაძლო გადაცდომებს თუ გამოიძიებს, კარგია. მაგრამ მე ამის არ მჯერა. გაზის ინსპექტორები ლამის სახლში შემოგვივარდნენ, ფული რომ გადაიხადო და იმაზე, რომ გაზის სუნი დგას, წამლად არ გამოჩნდებიან და თუ გამოჩნდებიან, კი ვნახეთ, როგორც იქცევიან. სახელმწიფო არის მოუმზადებელი ფორსმაჟორული და კრიზისული სიტუაციებისთვის და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, ორი თვეა გავიძახით გრიპის ეპიდემიააო. აღმოჩნდა, რომ არათუ წამლები არა აქვთ, არათუ სასწრაფო დახმარების რაოდენობა არ ჰყოფნით, პირბადეების მარაგიც არ აღმოაჩნდათ ამ მკვდრებს!.. მერე შემოყარეს წამლები, რომლებიც ორჯერ-სამჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში. ახლა ''წითელას'' ეპიდემიაა შემოსული. საქართველოს ხელისუფლებამ წელი დაამთავრა ისე, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა თქვეს, საქართველოში უკიდურესი სიღარიბეაო! ''ქართულმა ოცნებამ'' საქართველო გახადა ისეთი, სადაც შიმშილის ზღვარზე არიან ახალგაზრდები, ამის დასტურია 12 წლის ბავშვი, რომელსაც სამი დღე ეძებდნენ და გარდაცვლილი ნახეს ორმოში ჩავარდნილი. თავი რომ ერჩინა, ჯართს აგროვებდა და ყიდდა. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც ვერაფერს აკეთებს და გინდა თუ არა, ნარკოტიკები უნდა გაყიდოს და ამით აიღოს შემოსავალი. ეს არის კატასტროფა! პრემიერ-მინისტრისგან, ამ მოსიარულე ვინი-პუხისგან, რას ელოდებით? გაბეყილი რომ დადის, რასაც კი გაეკარა, ყველაფერი რომ დაანთხია. ჯერ ერთი, ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი, რომელიც ათასი ფინანსური გაქნილობის გამო საკუთარ დედას სასამართლოში უჩივის, ვალი რომ არ გადაეხადა. ასეთ პრემიერ-მინისტრს, სულ მცირე, კინწისკვრით გააგდებდნენ თანამდებობიდან, აღარ ვლაპარაკობ, რკინიგზა როგორ გააჩანაგა, აქეთ-იქით რომ დარბის, ერთხელ დასცდენია სიტყვა დემოგრაფიულ საკითხებზე?! ქართულმა სახელმწიფომ და მათმა უფროსმა, კატასტროფის წინაშე რომ დგას ქართული ეთნოსი და ამას გაეროს სოციალური ინსტიტუტები წერენ _ მომაკვდავ ერთა ხუთეულში არიანო, ამაზე სიტყვა დასცდენიათ?! თვითონ ხომ მდიდრდებიან და მრავლდებიან! ბრწყინვალე ნაწარმოებია ''დათა თუთაშხია'', ივანიშვილმა დადო კასრი, ჩაყარა ''ქართული ოცნების'' წევრები, ახლა ერთმანეთს ჭამენ იმ კასრში და კაციჭამია ვირთხის პროცესშია ახლა ''ქართული ოცნება'', რომელიც ისედაც დაქცეულია.

- რა ინტერესი ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილს, იმ მოსამართლეთა მიმართ, ვინც ქვეყანაში სამართალი დაასამარა და სააკაშვილის მონა-მოსამართლეთა რიცხვს განეკუთვნებოდა? რით დასრულდება დაპირისპირება ''ქართული ოცნების'' ძველსა და ახალ სახეებს შორის?

- არანაირი ძველი და ახალი სახეები ესენი არ არიან, არ მახსოვს, ამ ძველ სახეებს შვიდი წლის მანძილზე ამ მოსამართლეებზე რაიმე კონკრეტული ეთქვათ, ეს არის კონკრეტული ძალაუფლების გადანაწილების პროცესი, როდესაც იძირება გემი და ვირთხები გემიდან გარბიან. საერთოდ, ''ქართული ოცნება'' და ''ნაცმოძრაობა'' უკვე ერთ ორგანიზმად არის ქცეული, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. ამათი გამოყოფა შეუძლებელია, ესენი ერთნი არიან. ხომ გახსოვთ, როგორც კი ''ქართული ოცნება'' მოვიდა ხელისუფლებაში, რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოძიება რომ უნდოდათ, ''ნაციონალების'' მოსამართლეებმა გამოიძიეს ისე, როგორც არ აწყობდათ ''ქართულ ოცნებას''. მერე შესთავაზეს ''ქართულ ოცნებას'', როგორც წინა ხელისუფლების ერთგულები ვიყავით, ახლა ვიქნებით თქვენი ერთგულები, ოღონდ ხელი არ გვახლოთო. მოხდა გარიგება და ახლა, რა თქმა უნდა, ივანიშვილს აწყობს ასეთი ჯიბის მოსამართლეები მთელი რიგის საქმეების მოსაგვარებლად და ამაშია საქმე, ეს არის ერთი სისტემა, რომელიც უნდა დაიშალოს და ადრე თუ გვიან, დაიშლებიან, ვერ უშველის უვადო მოსამართლეების დანიშვნა, შეიცვლება სისტემა და უვადო მოსამართლეები დარჩებიან სასამართლოს გარეშე და შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მათ მიერ მიკერძოებული საქმეების გამო და საერთოდ გეკითხებით, გამოვკვეთოთ ლოგიკა _ რატომ მოიყვანა ქართველმა ერმა ''ქართული ოცნება'' ხელისუფლებაში? იმიტომ, რომ შეეცვალა ''ნაციონალების'' საარჩევნო კანონი, იმიტომ, რომ შეეცვალა სასამართლო სისტემა და აღედგინა სამართლიანობა. ამათ კი რა ქნეს, მოვიდნენ, ყველაფერი ეს დატოვეს და სათავისოდ გამოიყენეს!.. ეს იყო საუკუნის აფიორა, ასეულ-ათასობით ხალხი ქუჩაში ენაგადმოგდებულები არბენინეს, მერე დაინაწილეს თანამდებობები, გაივსეს ჯიბეები, ოჯახის წევრებმა, საყვარლებმა, საყვარლის ოჯახის წევრებმაც, ნათესავებმაც და ყველაფერი ისევ ისე დატოვეს და მშვენივრად შეირგეს დედის რძესავით. ეს არის ''ქართული ოცნების'' საუკუნოვანი აფერა, რომელსაც წერტილი დაესმევა მალე. მითხარით ერთი სფერო, სადაც ვითარება გაუმჯობესდა?! ვერ დამისახელებთ, რადგან ამათ არც სურვილი და არც სწრაფვა არ აქვთ, რამე გააუმჯობესონ. მე კი არ მიხარია, როდესაც ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, წყალსაც წაუღიათ ეგენი, მაგრამ მაინც საქართველოს ხელისუფლება ჰქვია ჯერჯერობით. უბრალოდ, ყველა მიმართულებით აქვთ ჩავარდნა, სამარცხვინოები არიან _ ქალი, კაცი, რა მნიშვნელობა აქვს ამას. ახლა რომ დაიყვნენ _ ძველები და ახლები, იმდენი მაგათ რა ვუთხარი, ან ძველი რომელი ვარგა ძველად, ან ახალი _ ახლად, ორივე ერთნაირი პოლიტიკური ნაგვები არიან, პრეზიდენტიდან დაწყებული, რომელიც ანეკდოტია, პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა და ''კლარინეტზე'', ანუ კლარნეტზე ლაპარაკობდა. თან უთხოვებია ახალგაზრდისთვის, რომ ვაჩუქო, ვინმემ არ წამომაძახოსო... ესაა მისი აზროვნებისა და ინსტინქტების მასშტაბი... ხედავთ, რა დღეშია ქვეყანა. ანეკდოტი არ არის? როცა პრეზიდენტი ამბობს, პოლიტიკურ საკითხებზე არ ვილაპარაკებ, პოლიტიკოსი არა ვარო, ამ დროს, ორ დღეში გარბის სტრასბურგში. რაში ვხარჯავთ ფულს?! იაროს ამ ქალმა ისევ მაღაზიებში და დაგვანებოს თავი. ახლა რა ხდება, თავზე ლაფი დაგვასხეს მოსახლეობას და ყველაფერი გაუვიდათ, ჰგონიათ ეს ყველაფერი შერჩებათ, მაგრამ მოვა დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

- თქვენ ყოველთვის გაქვთ საინტერესო და ხშირად დადასტურებული ინფორმაცია, რა ხდება კვირიკაშვილ-ხაზარაძის თავს, შეიძლება ისინი გისოსებს მიღმა ვიხილოთ? ეს არის ივანიშვილის ვენდეტა, თუ ფიქრობთ, რეალური საპროკურორო საქმეა?

- დაიმახსოვრეთ, არანაირი ვენდეტა და დაჭერები არ იქნება და რატომ? იმიტომ, რომ დამჭერი და დასაჭერი ერთი გუნდია, ესენი ამას არ გააკეთებენ, თუ ქვეყანა არ დაინგრა. ეს არ არის ივანიშვილის სტილი, ივანიშვილის სტილია - ''რაზბორკები'', ბიზნესმენების დაბარება და მოთხოვნა, შენ გადასახდელი გაქვს ამდენი და გადაიხადე, შენ ეგ შეგეშალა და მომატყუე. თუ დაჭერა უნდოდათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რად უნდათ ჩემი ინტერვიუები და კორუფციაში მხილება, თვითონ რამდენჯერ წამოაყრანტალეს, რომ ამდენი მილიონია გამქრალი ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გზების მშენებლობაში, დასაჯეს ვინმე?! _ არა, იმიტომ, რომ მერე გაარკვიეს, ვინც იპარავდა, ვინც ვიღაცასთან შეთანხმების გარეშე გააცუხცუხა კერძო პირის ჯიბეში, უკან მოატანინეს, მეტი ინტერესი არ არის. დაჭერა როდისაა აუცილებელი, იცით? როცა სახელმწიფოს აშენებ, არა ისე, სააკაშვილი და ის ძაღლთაპირი ადეიშვილი რომ აკეთებდნენ _ დაჭერა დასაშინებლად და კლანის გასაძლიერებლად, ეს დაჭერა არაა! დაჭერა და სისხლის სამართლის აღძვრა არის მაშინ, როდესაც ამას აკეთებ არა შენი კლანის ინტერესებისთვის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებისთვის და ესენი ამის გამკეთებლები არ არიან და ვერც გააკეთებენ, არც გააკეთებენ!

ნინო სამხარაძე
FaceBook Twitter Google