ინტერვიუები
''ოცნების' ჩინოსნებმა 1.5 მილიარდის ქონება მიიტაცეს''
''გათხაროდან შეტ..ვნა-შეც...მამდე თურმე რა მცირე მანძილი ყოფილა''
გიგლა ბარამიძე: ''ვისი გაცემული საბუთით დადის ძებნილი სააკაშვილი აქეთ-იქეთ''

შორენა მარსაგიშვილი

რა თამაშს თამაშობენ ''ოცნება'' და ნაცმოძრაობა, რატომ არ ხდება დამნაშავეების დასჯა, როგორ უნდა დაუბრუნდეს ქვეყანას ჩინოსნების მიერ მიტაცებული ქონება, რა სჭირს საზოგადოებას? - ამის შესახებ ''ახალ თაობას'' ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე:
- კლარინეტიდან შტაბკვარწირამდე, გათხაროდან შეტ..ვნა-შეც...მამდე თურმე რა მცირე მანძილი ყოფილა. ძვირფასო მკითხველო, რა სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლების პირველი პირები ასე მეტყველებენ და არაა გამორიცხული, რომ ასეც ფიქრობენ, მაგრამ რად გინდა, ყველაფერი - ათასნაირი აბრაკადაბრა მათ შერჩათ.
დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ერთი ოქროს ფრაზა, მისი უდიდებულესობა რა მოხდა მერე. რა მოხდა მერეთი ღებულობენ ინდულგენციას, თავშესაფარს, გამართლებას და ფრაზა - რა მოხდა მერე, ყოფილა მათი მამა მარჩენალი.
ამ ფრაზას თუ დავეყრდნობით, რა მოხდა მერე, თუ დაპირებული სამართლიანობა ვერ აღადგინეს; რა მოხდა მერე, თუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ შეიტანეს; რა მოხდა მერე, თუ მართლმსაჯულების სისტემა ვერ გააჯანსაღეს; რა მოხდა მერე, თუ ეროვნული დროშა ვერ დაკიდენ.
რა მოხდა მერე, თუ სახელმწიფო ჰიმნის ნაცვლად შალახო დაუკრეს; რა მოხდა მერე, თუ ქართულად ვერ მეტყველებენ; რა მოხდა მერე, თუ ხელისუფლებაში ჩამობრანძულები მოვიდნენ და ახლა ოფიციალური მილიონერები არიან; რა მოხდა მერე, თუ ტენდერებს ჯიბეში იდებენ; რა მოხდა მერე, თუ ყველა ჩინოვნიკი ''ბიზნესმენია''.
რა მოხდა მერე, თუ ხალხი შიმშილობს და თავად პრემია-დანამატების სახით ათეულობით ათას ლარს ღებულობენ; რა მოხდა მერე, თუ არაქართული სიმბოლიკით არის ქვეყანა სავსე.
რა მოხდა მერე, საზღვარს თუ ვერ ვაკონტროლებთ; რა მოხდა მერე, თუ მსოფლიო დონის ტერორისტები შემოდიან და დიდი ოდენობით იარაღი შემოაქვთ; რა მოხდა მერე, თუ მოქალაქეობას ვყიდით; რა მოხდა მერე, თუ ქვეყნიდან ათასობით ქართველი გარბის; რა მოხდა მერე, თუ საერთაშორისო მაწანწალა, ძებნილი სააკაშვილი არსად არ მოვიკითხეთ.
რა მოხდა მერე, თუ აფხაზები და ოსები თავიანთ წარმომადგენლობებს ხსნიან სხვადასხვა ქვეყნებში; რა მოხდა მერე, თუ კრიმინალი გაიზარდა; რა მოხდა მერე, თუ ნარკოტიკების ლეგალიზება მოვახდინეთ; რა მოხდა მერე, თუ კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს.
რა მოხდა მერე, თუ მესაზღვრეებს და პოლიციელებს იმ ქვეყანაში შეძენილ თაფლს აჭმევ, რომელმაც მიწები წაგვართვა; რა მოხდა მერე, თუ ჩვენს ნაქებ, ნატოს სტანდარტების სამხედროებს უნიფორმაც კი არა აქვთ; რა მოხდა მერე, თუ საერთაშორისო ძებნილები მსოფლიო კონგრესებს ატარებენ.
მეშვიდე წელია, რაც ''ქართული ოცნება'' ფრაზას - რა მოხდა მერეს არის ამოფარებული და ამას ითმენს საქართველოს მოსახლეობა.
- შეიძლება არ ითმენენ, მაგრამ ამ ფრაზას საზოგადოებაც კარგად ამოეფარა. ბევრ უკეთურობაზე ამბობს - რა მოხდა მერე თუ....
- მსოფლიოში არსებობდა ასეთი ტერმინები - ცივი ომი და რკინის ფარდა. ახლა საქართველოს ქოცურ-ნაცური, მრუმე, ვაზელინში ამოსვრილი ფარდა აქვს გადაფარებული. ეს ფარდა პოლიტიკურ ჭაობში ძირავს ჩვენს ნანინანატრ სამშობლოს - საქართველოს.
ყველაფერს აკეთებენ, რომ მოკლან მრავალპარტიული სისტემა. დღევანდელი სიტუაცია მაგონებს ერთ საოცარ, ჩლუნგების სპორტულ სახეობას, რომელიც ამერიკელებმა შექმნეს. სპორტის ამ სახეობას რესტლინგი ჰქვია.
სპორტის ამ სახეობაში ადამიანები ერთმანეთს აგინებენ, მუშტებს ურტყამენ. თავზე მუზარადები აქვთ ჩამოფხატული და ნახევრად შიშვლები არიან. მნიშვნელობა არა აქვს ქალია თუ კაცი. ყველაფერი წინასწარ დადგმული სპექტაკლია, გარშემო ბრბო ჰყავთ შემოხვეული, გაჰკივიან და აღტკინებისგან ბედნიერები არიან.
''ქართულმა ოცნებამ'' და ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველ საზოგადოებას დაუდგეს ამერიკული რესტლინგი. ჩვენ დღეს ქოცურ-ნაცური რესტლინგით ვცხოვრობთ.
ამ პროვინციული რესტლინგის გარღვევა თუ არ მოხდა, საქართველო გადაიქცევა ერთ ჩვეულებრივ არასამთავრობო ორგანიზაციად, რომელიც იმაზე იტატყანებს, რის ჭაჭყანსაც მას დამფინანსებელი დაუკვეთს.
ამის ნათელი მაგალითია ლიეჟში გამართული ნაცურ-ქოცური რესტლინგის მორიგი რაუნდი.
ლიეჟში მსოფლიო კონგრესი ჩაატარა საერთაშორისო ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა. ვეკითხები თეა წულუკიანს, პროკურორებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონ ჩუგოშვილს, როგორ მოხდა, რომ ქართული სამართლის მიერ ძებნილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფლად ყელყელაობენ.
ვეკითხები ხელისუფლებას, ვის მიერ მიცემული ყალბი თუ არაყალბი საბუთებით დაქრიან საერთაშორისო ძებნილები ერთი ქვეყნიდან მეორეში. რატომ არ ითხოვენ მათ დაკავებას და გადმოცემას? ძალიან კარგად ვიცი, რატომაც არ აკეთებენ ამას. მათი დაჭერა არ უნდათ იმიტომ, რომ სპექტაკლის სცენარით ეს გათვალისწინებული არ არის.
რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო რამე მოხდა ბელგიის ტრადიციულ ქალაქ ლიეჟში. იქ გამართულ თავყრილობას მე ასე დავარქმევდი - ნაციონალური მოძრაობის სურათი ოჯახურ ინტერიერში.
ჩატარდა რაღაც შეკრება, რითაც დააშინეს საქართველოს მოსახლეობა _ არიქა, მიშა შეიძლება ჩამოვიდეს და ამიტომ უფრო მყარად უნდა დავუჭიროთ მხარი ''ქართულ ოცნებას''.
იქ ''ოცნებამ'' რამდენიმეკაციანი დესანტი გადაისროლა და ნაცებთან ერთად შუაგულ ევროპაში გაიბითურეს თავი.
ნაცებმა ის დარბაზი ბოლომდე ვერ გაავსეს და სიცარიელე უზარმაზარმა დროშამაც კი ვერ დაფარა, რომელიც ცარიელ სკამებს გადააფარეს.
გაბითურებული საერთაშორისო მაწანწალა იდგა და თავადაც არ იცოდა, რას ბოდიალობდა. ერთი ტელევიზია რომ არა, ნაციონალური მოძრაობა უკვე აღარ იარსებებდა.
მინდა ვკითხო ''ოცნების'' და ნაცების ლიდერებს, თუ იმის ფული და შესაძლებლობა გაქვთ, რომ ევროპაში რესტლინგის რაუნდები მოაწყოთ, აფხაზ და ოს სეპარატისტებს ასე თავისუფლად რატომ აპარპაშებთ.
- რისკენ მოუწოდებთ ნაცებს და ქოცებს, რომ სეპარატისტებს სდიონ?
- რატომაც არა. არაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ.
- საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს შეხვედრები ოფიციალური არ არის.
- ოფიციალურია. ეს განმარტება სერიიდან _ რა მოხდა მერე-დან არის. აფხაზები და ოსები ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში შეხვედრების გამართვის გარდა, ოფიციალურ წარმომადგენლობებსაც ხსნიან. ამ გახსნის ცერემონიალზე მივიდნენ ეს ნაც-ქოცი ''გლადიატორები'' და მოაწყონ რესტლინგი.
მოაწყონ სკანდალი, მიიქციონ ყურადღება და ყველას უთხრან, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ნაწილია. ამის ორგანიზება ნაცებსაც შეუძლიათ და ქოცებსაც, მაგრამ არც ერთი ამას არ გააკეთებს.
- რატომ არ გააკეთებენ?
- ერთ-ერთ წინა ინტერვიუში გითხარით, რომ ერთი სული აქვს ხელისუფლებას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მოიშოროს თავიდან. ნაცებიც და ქოცებიც აფხაზეთს და სამაჩაბლოს განგრენად თვლიან და ცდილობენ, როგორმე გათავისუფლდნენ ამ ტვირთისგან.
მივმართავ ქართველ საზოგადოებას, ჩამოიხსენით ფილისტერული ნიღაბი და გაიგეთ, რომ ნაცები და ქოცები ერთი ორგანიზმია - ნაცები ''ოცნებას'' აცოცხლებენ, ქოცები _ ნაცმოძრაობას. საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო ძალიან მალე გავა და ისევ იმ დილემის წინაშე დადგებით, რომ ''ოცნებას'' თუ არ მივეცით ხმა, მიშა დაბრუნდება.
ფეისბუქის ლომებო, მდედრნო და მამრნო, კლავიატურის კაკუნით რომ ბრდღვნით ყველაფერს, რატომ იჭყლეტთ ტვინს მომავალზე ფიქრით? ერთ მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, რაც არის გამოსავალი. ამას მრავალპარტიულობა ჰქვია. ნაცებს და ქოცებს რაც შეეხება, არ ღირს, რომ რომელიმე მათგანს პოლიტიკურ საფლავში ჩაყვეთ. საბედნიეროდ, საქართველოში არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები და მათ დაუჭირეთ მხარი. ნაცების და ქოცების პროვინციულ რესტლინგს მხოლოდ ასე დაასრულებთ.
ფილისტერული საზოგადოება შემთხვევით არ მიხსენებია. არც ნაცებს და არც ქოცებს არაფერი გამოუვიდოდათ, ხალხს მათთან ერთად სიტყვა დემოკრატია რომ არ გაეუფასურებინა.
ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელმაც დემოკრატია არა მარტო გავაუფასურეთ, არამედ გავაუპატიურეთ კიდეც _ დემოკრატიის საფარით გვინდა, რომ ყოველი უღირსი დავფაროთ.
დემოკრატია ვაქციეთ მრუშობის და თავაშვებულობის სიმბოლოდაც. პოლიტიკური კოკეტკობის სიმბოლოდ კი ფაილების განადგურების აქცია იქცა.
''ოცნების'' ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ, საზეიმო ვითარებაში გაანადგურა ფაილები, სადაც ნაცების მიერ გადაღებული მასალები ინახებოდა.
ეს ფაილები არის ჩვენი დემოკრატიის სახე. ჩვენ დღესაც ამ ფაილებით ვცხოვრობთ და ეს მაშინ, როცა მსოფლიოში ბევრი რამე იცვლება. ისეთი პროცესები მიდის, რომლებიც შეიძლება საქართველოს საკეთილდღეოდ იქნას გამოყენებული.
ამ პროცესებს არავინ უყურებს, სამაგიეროდ, ფაილებით ვცხოვრობთ, ამიტომაც გითხარით თავში, რომ ჩვენი პოლიტიკა კლარინეტიდან შტაბკვარწირამდეა და გათხაროდან შეტ...ნა-შეც...მამდე ძალიან მცირე მანძილი ყოფილა.
- ძალიან გაბრაზებული ჩანხართ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ტერმინებს არ გამოიყენებდით, თან მეორედ.
- ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ ეს არ არის ჩემი სიტყვები. ასე უმაღლესი თანამდებობის პირები მეტყველებენ, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთი უბედურებაა. ეს არანაკლები უბედურებაა, ვიდრე ძველი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა.
მოსამართლეები ვახსენეთ და მოდით ვთქვათ, რატომ შეიცვალა ხელისუფლება 2012 წელს. ეს ცვლილებები იმიტომ მოხდა, რომ ხალხი ვეღარ იტანდა უსამართლობას. ამ უსამართლობის შემოქმედი იყო ის ხალხი, რომელსაც ახლა ''ოცნება'' უვადო მოსამართლეებად ნიშნავს.
''ოცნების'' რამდენიმე დეპუტატი რომ გამოვარდა და ამ მოსამართლეებზე გაიძახის, ეს რა საშინელებააო, აქამდე სად იყვნენ. აქამდე ამ მოსამართლეებთან ერთად კარგად ძოვდნენ. ახლა რაღაც ვერ გაიყვეს და მათი წარსული გაახსენდათ.
ამ ვითარებაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებას ეკისრება. როდესაც საზოგადოება არჩევანს უღირსი და დამნაშავე ხელისუფლების სასარგებლოდ აკეთებს, ის დანაშაულის თანამონაწილედ იქცევა.
არ მესმის, როგორ უნდა აიტანოს საზოგადოებამ ტარაკუჭა განათლების მინისტრების მთელი პლეადა. ერთმა ლამის ოპრიჩნიკები ჩააყენა სკოლებში, მეორემ ზნეობასა და მორალს შორის ზღვარი მოშალა, მესამემ კომბლეთი დაიწყო და ვაშლით დაამთავრა, მოქმედმა მინისტრმა, ბატიაანთ ბიჭმა კი, შეც....მით დაგვამახსოვრა თავი. თან ეს პარლამენტში გამოსვლისას თქვა.
შეიძლება ასეთი ფრაზეოლოგიით მოლაპარაკე კაცის ხელში იყოს განათლება, კვლევა, მეცნიერება, კულტურა, ახალგაზრდობის გაჯანსაღება, სპორტი?! პატარა ქვეყანა ჯარით და ატომური ბომბით ვერავის დაეტოლება. სამაგიეროდ, პატარა ქვეყანას შეუძლია განათლებით, ერის სიჯანსაღით და მეცნიერებით გაუსწროს დიდ ქვეყნებს.
რომელ ერის გაჯანსაღებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები მარიხუანის ლეგალიზებას და კანაფის კულტივაციას უჭერენ მხარს.
უსირცხვილოდ გვეუბნებიან, კანაფის კულტივაციას იმიტომ ვუჭერთ მხარს, რომ ამით ბიუჯეტში დამატებით მილიარდი შევაო. ხელისუფლებას შევთავაზე მშვენიერი გეგმა, რომლითაც ბიუჯეტში ძალიან დიდი თანხები შევა. მხედველობაში მაქვს მიტაცებული სახელმწიფო ქონების დაბრუნება.
ამისთვის საჭიროა ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, ოღონდ ეს სამსახური დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდეს. მას უნდა ჰყავდეს თავისი დაშიფრული, გასაიდუმლოებული აგენტები. ამის პროგრამა გამზადებული მაქვს და დეტალებში ვეტყვი, რა უნდა გაკეთდეს.
ამ სამსახურის ამოქმედების შემთხვევაში ორ თვეში შეიძლება ბიუჯეტისთვის 1,5 მილიარდის დაბრუნება. ''ოცნებას'' ამის გაკეთება არ უნდა. იმიტომ არ უნდა, რომ ეს ქონება ''ოცნების'' წევრებს აქვთ მიტაცებული.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების დეტალური ანალიზი გავაკეთე და ამდენი ჩინოსანი-ბიზნესმენი, რამდენიც დღეს საქართველოშია, არსად არ არის. ჩვენთან ყველა მეორე ჩინოსანს, თუ ყველას არა, აქვს თავისი ბიზნესი.
- 1,5 მილიარდის ქონებაზე რომ საუბრობთ, ეს ქოცებმა მიითვისეს მარტო თუ ნაციონალების მიტაცებულიც შედის?
- 2012 წლის შემდეგ მოხდა 1,5 მილიარდის ქონების მითვისება. ნაცებმა რაც მიითვისეს, ეგ ცალკე საკითხია. 1,5 მილიარდი სულ მცირეა, რეალურად ეს თანხა გაცილებით მეტია.
არ შეიძლება გაღატაკებულ ქვეყანაში ძალიან მდიდარი მინისტრები დააბოტებდნენ, რომლებიც, როგორც უკვე გითხარით, ხელისუფლებაში ჩამობრანძულები მოვიდნენ



FaceBook Twitter Google