ინტერვიუები
''რა ბაგრატიონები?! საქართველოს 10 წელია ჰყავს მეფე ''ბიძინა პირველი''
გადედლებული მამლებისა და გამამლებული დედლების საგა ''ქართულ ოცნებაში''

''რა ბაგრატიონები?! საქართველოს 10 წელია ჰყავს მეფე ''ბიძინა პირველი''

''ქართული ოცნების'' გარკვეულმა წარმომადგენლებმა, როდესაც დაიწყეს ულტიმატუმების წაყენება, - ბატონო ბიძინა, თუ ასე არ გაკეთდება, ჩვენ წავალთ პოლიტსაბჭოდან და გავალთ ''ქართული ოცნებიდანო'', ივანიშვილს ყველა ლიდერის გასაგონად უთქვამს...''

გადედლებული მამლებისა და გამამლებული დედლების საგა ''ქართულ ოცნებაში'' გრძელდება და არა მხოლოდ ამ პარტიაში, აღმოჩნდა, რომ ქვეყნის სათავეებთან ყველა პერსონა ყარს, გადიდკაცებული გლეხიდან დაწყებული, დაფრანგული პრეზიდენტით გაკვეხებული და გაფეიკებული მეფე-დედოფლით დასრულებული.
პარტია ''დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს'' გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ''ალიას'' მკითხველს საინტერესო ინფორმაციას აწვდის, მისი ინტერვიუდან ბევრ სიახლეს შეიტყობთ:

- ამ ქვეყანაში ყველაფერი ''ფეიქია'', პოლიტიკოსები, პრეზიდენტი, მეფე, დედოფალი, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? ისიც რომ აღარ ვიცით, ვის და რას ვემსახურებით?
- რომ გავიძახით, ბაგრატიონები მეფედ ვაკურთხოთო და ესენი ამერიკული ''რესლინგის'' მოთამაშეებივით ერთმანეთს უბათქუნებენ, რა გიკვირთ?! მეფე რა, უკვე ათი წელია, არა ჰყავს საქართველოს?! საქართველოს ჰყავს მეფე - ''ბიძინა პირველი'', რომელიც აღჭურვილია უფრო მეტი უფლებებით, ვიდრე ბაგრატიონები იყვნენ აღჭურვილი და მეორე სიახლე, ბაგრატიონები, სხვათა შორის, თუ თამარისა და დავით აღმაშენებლის ეპოქას არ ჩავთვლით, ''ბიძინა პირველი'' მეფობს უფრო დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე დანარჩენი ბაგრატიონები ან ქართლში, ან კახეთში, ან იმერეთში. ექსკლუზიურად გეუბნებით, რაც ფაქტია. გვყავს უკვე მეფე და რას გადავეკიდეთ ამ ცოლ-ქმარს, მუშტი-კრივზე გადასულ ბაგრატიონებს, ჩემო ქართველებო?! მეფის კარმიდამოში ვცხოვრობთ, სიგელ-გუჯრებს ეგ გვიდგენს, კანონებს ეგ გვიწერს, ჯარი მაგასა ჰყავს, მონანი მაგასა ჰყავს, სამოქალაქო ინტელიგენცია ბიზნესად ქცეული მაგასა ჰყავს, პოლიტიკაც ეგ არის, პარლამენტიც ეგ არის, ლორდიც ეგ არის და ყველაფერიც ეგ არის!!! ბაგრატიონების არცერთ მეფეს ასეთი უფლებები არ ჰქონია და არც ამხელა ტერიტორია.
- მილიონობით კვადრატულია საქართველოს ტერიტორიის მის საკუთრებაში, ''რუსთავი 2'' 45 მილიონსაც კი ასახელებს, არც მუბარაქს და არც კადაფს არ შერჩენია სიმდიდრე, თუკი ამერიკელი სპეცსამსახურები მოინდომებენ ამ ადამიანის გაგდებას, მაშინ რა ხდება, ოხრად რჩება ნადავლი?
- ასე გამოდის, რომ მთელი ეს ქონება ჩვენვე ჩავუგდეთ ამ ადამიანს ხელში ხვეწნა-ხვეწნით და იმის ძახილით, რომ რა ბედნიერებაა, ამ ადამიანმა გადაგვარჩინაო.... ერთი სკოლის დირექტორი ქალი გამოდიოდა და ამბობდა _ ბატონ ბიძინის იმისთვის უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ ქალებს აღარ აუპატიურებენო... ასეთი განწყობა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გრძელდება. მთავარი არის ის, რომ, თუკი ბაგრატიონს ვინმე აუჯანყდებოდა შიგნით, ან ერთი ძმა, ან მეორე ძმა, ან მოწინააღმდეგე შტოს წარმომადგენელი საქართველოს მასშტაბით, პრინციპში, ბიძინას არავინ უჯანყდება, მაგრამ ის რასაც ფლობს, ის პოლიტიკური ძალა არის უკვე სიდამპლეში გადასული. ამიტომ რეალურად მას დასაყრდენი, თავისი სიმდიდრის გარდა, აღარაფერი აქვს და ვაითუ, ესეც ოხრად დარჩეს, თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი. რეალურ პოლიტიკურ სიმბოლოებსა და ისტორიულ პარალელებს თავი დავანებოთ და მოდით, ასე ვთქვათ, ''ქართულმა ოცნებამ'' ჩაილურის წყალი დალია, ''ქართული ოცნება'' არ არსებობს, დარჩენილია ცალკეულ ჯგუფებად არსებული ჩარჩებისა და ვაჭრების გაერთიანებები, რომლებიც თავის გადარჩენის მიზნით კადრულობენ ყველაფერს. ჩვენ ვუყურებთ არა იმაზე ზრუნვას, როგორ უნდა გადაიჭრას ქვეყნისა და მოსახლეობის _ სოციალური, ეკონომიკური პრობლემები, არამედ ჩვენ ვუყურებთ ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლებს, როგორ ვერ იყოფენ მოხვეჭილ სიმდიდრეს და რაც მთავარია, სირცხვილია, ჯერ ხომ გადაგვაყოლეს ერთ რაღაც გაუგებარ ვიდეოჩანაწერს, შეიძლება თავმოყვარე ქვეყანა ამ ვიდეოჩანაწერზე (რა პასაჟებიც არ უნდა იყოს იქ) საუბრობდეს 24 საათი? ეს არის აბსოლუტური მარაზმი და მე მაგათ შევარქვი _ გამამლებული დედლებისა და გადედლებული მამლების კოჰორტა, რადაც იქცა ''ქართული ოცნება'', ეს პოლიტიკური პარაზიტები!.. აი, ასეთი მეტაფორებითა და ეპითეტებით შეიძლება შევამკოთ.
- ჰოდა, ამ ''საქათმეში'', როგორც გავიგე, დიდი ამბებია...
- ახლა იქ მიდის დიდი გადანაწილებ-გადმონაწილება, მაგრამ გადანაწილების თავიც არ აქვთ. ხომ იყო დაყოფები, რასაც მე ვამბობდი, ახლა კიდევ უფრო მეტი ტემპით მიდის პროცესი. კახი კალაძეს სურვილი აქვს, რომ გვერდით გადგეს და ამისთვის მიზეზს ეძებს. კალაძეს უნდა გამოეყოს ''ქართულ ოცნებას'', პასუხისმგებლობას განერიდოს და თქვას: მე რა შუაში ვარ, რაც ხდება ეს ჩემი პრობლემები არ არისო... მას უნდა, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს თავისი რესურსებით, რაც გააჩნია, უყურებს დროს, დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი, რა თქმა უნდა, კობახიძე, ეს ხუჭუჭებიანი ორფეოსი მას მიჰყვება, კიდევ ''ოხანაშვილის სინდრომით'' დაავადებული _ ოხანაშვილი, მათიკაშვილი, ზარდიაშვილი, ჭავჭავაძის ''აცია-ადამიანის?!'' პერსონაჟს, ლამაზისეულს, ოღონდ სათვალიანს რომ გვაგონებს, იცით, ეს ქალბატონი, ''მატრონას'' ვგულისხმობ ამ გუნდიდან, ესენი გადგებიან გვერდზე. არ არის გამორიცხული, ივანიშვილის შესაძლებლობებისა და გავლენების შესუსტების ფონზე უცბად, საქართველოს მოევლინოს ახალი ე.წ. ოპოზიციონერი _ საქართველოს პრეზიდენტის სახით, ''სალომე მეორეს'' წოდებით. ეს კონცერტები აქეთ მიდის. ალბათ, მოითხოვს კოალიციური მთავრობაში მისი მოსაზრებების გათვალისწინებას, აპირებს დიპკორპუსის მთლიანად შეცვლას და საპარლამენტო არჩევნების წინ მოითხოვს, სულ მცირე, ერთ ან ორ ფრაქციას, სულ მცირე, თავის ხალხი რომ იყოს პარლამენტში, რადგან მოკლევადიან პერიოდში ეს ქალბატონი უმიზნებს პრემიერმინისტრობას, ოღონდ სხვა უფლებებით, ჯერჯერობით ლიდერობა უნდა და თუ დასჭირდება, ფიქრობს, გაიმეოროს ''იპოდრომი-2'', არ მგონია, ასე იყოს, მაგრამ ის დაიწყებს ღია პოლიტიკურ დემარშებს, გამოსვლებსა და დაპირისპირებებს, ცოტა ხანი და აგერ ნახავთ თუ არა...
- საინტერესოა, როგორია ბიძინა ივანიშვილის რეაქცია, როცა ამ უსახური გუნდის სიგიჟეებს უყურებს, ზოგი რომ აშანტაჟებს და ზოგიც რომ აფრენს...
- მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან უკმაყოფილოა ''ბიძინა პირველი'', ჩვენი დე ფაქტო მეფე, პრემიერ-მინისტრით, რომელიც აბსოლუტურად უსახოა, ძალიან უკმაყოფილოა მთელი რიგი კადრებით, მაგრამ ელოდება დროს, როდის მოხდება ამ ყველას ჩანაცვლება. მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებულია 2020 წლის გამარჯვებით. ''ქართული ოცნების'' გარკვეულმა წარმომადგენლებმა, როდესაც დაიწყეს ულტიმატუმების წაყენება,
- ბატონო ბიძინა, თუ ასე არ გაკეთდება, ჩვენ წავალთ პოლიტსაბჭოდან და გავალთ ''ქართული ოცნებიდანო'', ივანიშვილს ყველა ლიდერის გასაგონად უთქვამს, _ სადაც გინდათ იქ წადით, არცერთი არ მჭირდებით, უთქვენოდაც გავაკეთებ იმ საქმეს, რაც გასაკეთებელი მაქვს, თუ გინდათ, სუყველანი წადითო, _ აი, ეს იყო მაგის პასუხი. ეს რეალურად ჩანს, რომ მას ''ქართული ოცნება'' აღარ სჭირდება.
- პრეზიდენტის სასახლის კულუარებში დიდი ალიაქოთი ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციიდან რამდენიმე ადამიანი დაუფრენია სალომეს, თავად მას კი ბიძინა ივანიშვილი აღარ სწყალობს, რა ხდება?
- როდესაც ინაუგურაციისთვის მზადება იყო და აქეთ-იქით დარბოდნენ ''ქართული ოცნების''  პროტოკოლის წევრები, რადგან თავისი პროტოკოლი არ ჰყავდა, მას შინაურებში ასეთი ფრაზა წამოსცდა და დაიმუქრა, _ ცოტა მაცადეთ და თქვენ ყველას გიჩვენებთ სეირსო. ეს ნათქვამი იყო ''ქართული ოცნების'' მიმართ და იგულისხმებოდა მისი განაწყენება ქართველი ამომრჩევლის მიმართაც. მან იცის, რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი, ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. ეს წყენა, გულისტკივილი და ბოღმა მას გულში აქვს ჩადებული და ძალიან მალე გამოჩნდება. ერთადერთი ელოდება დროს, ივანიშვილის ფინანსური შესაძლებლობები და არსებული გავლენა ჯერ კიდევ აფერხებს, მის კიდევ უფრო დასუსტებას ელის. შემდეგ ის ფიქრობს, რომ ჩაუდგეს სათავეში სახალხო მოძრაობას, რომელიც შემდეგ პარტიად გადაკეთდება და მას უნდა, რომ წარმმართველი ძალა იყოს.
- მას ხომ აქვს პარტია, ''საქართველოს გზა''?
- არა, ეს პარტია მიძინებულია, იმ პარტიას უფრო ტრანსფორმაციას გაუკეთებს და ცოტა ხანში უნდა სახალხო ლიდერის მანტიით მოგვევლინოს. ეს ასე იქნება, ეს ჩემი ხედვაა.
- ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს პარტიის გაკეთება კახი კალაძესთან ერთად უნდოდა...
- მათ ერთმანეთის მიმართ გარკვეული სიმპათიები ყოველთვის ჰქონდათ. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ახლად დაფუძნებული სახალხო მოძრაობები მის ცისქვეშ გაერთიანდნენ, ამაზე შიდა კონსულტაციები და საუბრები მიდის.
- დათო მაღრაძე გყავთ მხედველობაში?
- არც ეს არის გამორიცხული, მოსახლეობას მინდა ვუთხრა, ჩემი ხედვით არანაირი დადგმული სპექტაკლი არ არის მაღრაძის ბიძინასადმი დაპირისპირება, ეს რეალურად არსებობს და თამაში არ არის.
- პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრობლემების ინსპირატორად იქცა და ამბობენ, რომ ივანიშვილს მისი იქ არსებობა აღიზიანებს, რეალურია ხმები მის გადაყვანასთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, რბილად და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მას შესთავაზებდა და გადაიყვანდა სხვა თანამდებობაზე, ერთ-ერთი ვარიანტი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, მაგრამ ახლა ისეთი ცაიტნოტი აქვთ, ისეთი დილემის წინაშე დგანან ესენი სამეგრელოში, რომ ასე ვიტყოდი _ იწყებენ და ამთავრებენ სამეგრელოზე ფიქრით. კარგია, რომ ასე ფიქრობდნენ საქართველოს ყველა რეგიონზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით, მაგრამ ახლა მათ ადარდებთ ერთადერთი რამ, როგორმე სანდრა რულოვსი არ გახდეს ზუგდიდის მერი. ყველა შიდა გამოკითხვა, რაც ჟონავს მათგან, ხმების 40-50 პროცენტით, სანდრა უსწრებს ''ოცნების'' კანდიდატს.
- სანდრა რულოვსის გამარჯვება ტრაგედია იქნება ''ქართული ოცნებისთვის''?
- მათი სიტყვებია - ''ჩვენ დავკარგავთ საქართველოს'', რას გულისხმობენ ამაში, ვერ გამიგია, რატომ ანიჭებენ ამ არჩევნებს ასეთ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ ფაქტია, ასეთი განწყობა აქვთ. ბევრი რომ არ ვილაპარაკო და შევადარო, როგორც თავი ჩააკლეს სალომეს გაპრეზიდენტებას, ასეთი რესურსებით, ასეთი შესაძლებლობით აპირებენ განავარდებას სამეგრელოში, დანარჩენი კომენტარი ზედმეტია.
- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ხალხი კვლავ მოტყუებულია, რასაც შეჰპირდა ივანიშვილი ამომრჩეველს, არაფერი შეუსრულებია. პირიქით, თავისი სიტყვების წინააღმდეგი წავიდა. საინტერესოა, რით დასრულდება ეს არჩევნები?
- რა თქმა უნდა, ის შედეგი არ იქნება, ბევრად უფრო მძიმე გარემოა, როგორც თქვენ თქვით, მან არაფერი შეასრულა, კიდევ უფრო გაღრმავდა ''ქართული ოცნების'' გაჯეჯილება, მოსწრებაზე არიან. რაც მთავარია, რაც მოიპარეს სხვადასხვა მიმართულებით, ტენდერებია თუ სხვა რამ, ამის გადარჩენა უნდათ და ოღონდ შერჩეთ, მზად არიან, დღესვე წავიდნენ ''ქართული ოცნებიდან'', ყოველი მეორე კი არა, სახელისუფლებო პარტიიდან ყოველი პირველი ეძებს მიზეზს, რომ წამოვიდეს იქიდან. ''ქართული ოცნების'' წევრების პატრონყმული დამოკიდებულება რასაც ეფუძნებოდა, პირველი - ეს იყო შიში ბიძინას ძალაუფლების და მეორე _ მოხიბვლა მისი სიმდიდრით. პირველი შიში გამქრალია, პრაქტიკულად მას ბერკეტებიც კი არ აქვს, რომ ვინმე დატუქსოს და სამართლებრივად დასაჯოს, თუნდაც კორუმპირებული და მეორე _ სიმდიდრით მოხიბვლა, ძალიან ბევრმა უკვე გაისუქა ჯიბეები და სტომაქი, ერთი სული აქვს ისე გაიპაროს, უკვე არც ეგ აინტერესებს. ასე რომ, ეგ სისტემა მოიშალა და კიდევ ის სისტემა, რომ ვინმემ თავი აჩვენოს, იქნებ დააწინაუროს, ეგეც აღარ უნდათ, ისეთ დღეში არიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს რესურსები არა აქვს, აქვს, მაგრამ შემსრულებლები არ ჰყავს არცერთი მიმართულებით, რაზეც ერთხელ დაიჩივლა კიდეც, არავინ თავის თავზე არაფერს არ იღებს, ყველა იმალება, ყველა გატრუნულია და ელის რაღაც სასწაულს. აი, ასეთი რეალობაა დღეს!
ნინო სამხარაძე
FaceBook Twitter Google