მედია
ქართული ოპოზიცია "ნინო" - "მიშას" წინააღმდეგ

მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებიან, რომ კვირას საქართველომ აღნიშნა "ვარდების რევოლუციის" მეხუთე წლისთავი, რომელსაც თან ახლავს მიხეილ სააკაშვილის პოპულარობის დაცემა რუსეთთან აგვისტოს ომისა და პირველი ოპოზიციური პარტიის გამოჩენის შემდეგ ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით. პარლამენტის ექს-სპიკერი ძლიერი პრეტენდენტია სახელმწიფოში უმაღლეს პოსტზე მომავალი არჩევნების დროს, მიაჩნიათ მეთვალყურეებს.


საქართველო აღნიშნავს "ვარდების რევოლუციის" ხუთი წლისთავს, იტყობინება "ვაშინგტონ პოსტი". სტატიის ავტორი მიშა ჯინჯიხაშვილი წერს, რომ ამჯერად ხმაურიანი ოფიციალური ზეიმი არ ყოფილა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის პოპულარობა ძლიერ დაეცა ეკონომიკური დაცემისა და იმ გაუგებრობის ატმოსფეროში, რაც წარმოიშვა რუსეთთან დამანგრეველი ომის შემდეგ. ქართულმა ოპოზიციამ, თავის მხრივ, შაბათს გამართა მიტინგი, სადაც მოითხოვდა სააკაშვილის გადადგომას.

"პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც მიეკუთვნება "ვარდების რევოლუციის" სულისჩამდგმელთა რიცხვს, გამოიყენა ეს თარიღი თავისი ახალი ოპოზიციური პარტიის პრეზენტაციისთვის. გაზეთი აკეთებს პროგნოზს, რომ ბურჯანაძე უსათუოდ იყრის კენჭს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში".

"უოლ სტრიტ ჯორნელი", თავის მხრივ, განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე ამჯერად არის ყველაზე სერიოზული კონკურენტი უმაღლესი პოსტისათვის ბრძოლაში, მით უმეტეს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად მას უკვე აღარ შეეძლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა.

ბურჯანაძის რამდენიმე ათასი მომხრე კვირას შეიკრიბა თბილისის ცენტრში სტადიონზე ახალი პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" დამფუძნებელ ყრილობაზე. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი გამოვიდა სააკაშვილის მკაცრი კრიტიკით: "ხუთი წლის წინათ ქართველმა ხალხმა ანდო ხელისუფლება დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაცვლად დღეს ჩვენ მივიღეთ პირდაპირ საპირისპირო".

რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ, რამაც წარმოშვა ასი ათასი ქართველი ლტოლვილი და დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას (ელოდებიან, რომ ზრდა 12,4-დან შემცირდება 3,4 პროცენტამდე მომდევნო წელს), ქართული ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს.

ამჯერად რევოლუციის წლისთავის დღესასწაული არ ყოფილა ისეთივე საზეიმო, როგორიც წინა წლებში: რევოლუციამ მალე დაკარგა თავისი ბრწყინვალება, ხოლო ლიბერალიზაცია და ეკონომიკური ზრდა დაფარა ავტორიტარიზმის ბრალდებამ, წერს ფრანგული "ლ. ექსპრესი". თავის ტელემიმართვაში რევოლუციის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით სააკაშვილმა აღიარა, რომ საქართველო გადააწყდა დიდ სიძნელეებს და ძლიერ აგრესორს, მოუწოდა თანამოქალაქეებს ერთიანობა პრობლემების დასაძლევად და რეფორმების გასაგრძელებლად.

ყოფილი მოკავშირეების - სააკაშვილისა და ბურჯანაძის - კავშირს ბზარი გაუჩნდა გასული წლის ნოემბერში მომხდარი უწესრიგობის გამო. მაგრამ საბოლოო დაშლა მოხდა მაისის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს. კანდიდატების სიაში სააკაშვილმა შეიყვანა აბსოლუტურად ყველა თავისი მომხრე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ რუსეთთან ომის შემდეგ მან განაცხადა, რომ განზრახული აქვს შეუერთდეს ოპოზიციას.

როგორც პრესა იტყობინება, ბურჯანაძე მიზნად ისახავს გათიშული ოპოზიციის გაერთიანებას. ამჟამად შემადუღაბებელ მომენტად შეიძლება იქცეს მხოლოდ დღევანდელ პრეზიდენტთან დაპირისპირება. ქართველთა უმეტესობა უკმაყოფილოა სააკაშვილის "პოლიტიკური მოუქნელობით".

სააგენტოები იტყობინებიან უსიამოვნო ინციდენტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტთან. "ინდეპენდენტმა" როიტერის სააგენტოზე მითითებით აღნიშნა: "სამხრეთ ოსეთის მახლობლად ესროდნენ პრეზიდენტებს". შეხვედრა სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ საზღვართან აღინიშნა სროლებით, როდესაც ამ ადგილს უახლოვდებოდა ქართველი და პოლონელი პრეზიდენტების კორტეჟი. ინციდენტის შემდეგ საქართველომ და რუსეთმა გაცვალეს ბრალდებები ერთიმეორის მისამართით პროვოკაციაში. ამასთან დაკავშირებით სააკაშვილმა ინტერვიუში აღნიშნა: "მე ჭეშმარიტად არ ველოდი, რომ რუსები გახსნიდნენ ცეცხლს. განზრახ არ მოვინდომებდი საფრთხეში ჩამეგდო პოლონეთის პრეზიდენტის სიცოცხლე. მაგრამ ჭეშმარიტება ის არის, რომ საქმე გვაქვს წინასწარ განუჭვრეტელ ადამიანებთან".

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ქართული მხარე პირველად არ აწყობს პროვოკაციას. "მოიწვიო პოლონეთის პრეზიდენტი თბილისში და წაიყვანო იგი საავტომობილო სეირნობაში სხვა ქვეყანაში - განა ეს პროვოკაცია არ არის." - სვამს შეკითხვას ლავროვი. მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ არც რუსეთის, არც ოსეთის მხრიდან სროლები არ ყოფილა.


პრესის მიმოხილვა


"საქართველოს რესპუბლიკა "
# 222
ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2008 წელი

FaceBook Twitter Google