ინტერვიუები
მოხდება თუ არა კვირიკაშვილის და მარგველაშვილის გაერთიანება
“პრეზიდენტის სასახლე პარტიულ ოფისად გადაიქცა”

გიგლა ბარამიძე: “მისტერ ვეტო ოსტატურად მუშაობს საკუთარ რეიტინგზე”
რა ხდება პრეზიდენტის გუნდში, რატომ არ უპირისპირდება სხვა მეოცნების მსგავსად მას პრემიერი, დგას თუ არა ვინმე მარგველაშვილის უკან? - ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- ერთ დროს გიორგი მარგველაშვილი “ოცნებაში” ყველაზე ურეიტინგო იყო, ბოლო კვლევების მიხედვით, ის ყველაზე რეიტინგულ ლიდერად დასახელდა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- გიორგი მარგველაშვილს გასიგრძეგანებული აქვს, რომ ის არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პოლიტიკური დაჯგუფების წევრი და ის თავის მომავალ კარიერაზე მუშაობს. მან ძალიან ჭკვიანურად და ეშმაკურად გამოიყენა “ქართული ოცნების” ბუტიაობა და დაპირისპირება. თუ ვინმეს ეს დაპირისპირება აწყობს, ეს მარგველაშვილია.
ის თამაშობს დაჩაგრულის იმიჯს, ხელს “ოცნებისკენ” იშვერს, იძახის, აი, რა დღეში მაგდებენ, სინამდვილეში კი ამას სათავისოდ იყენებს. “ოცნების” წევრების გაუთვლელი და გაუწონასწორებელი გამოსვლების წყალობით, ეს კაცი გამუდმებით დღის წესრიგში არის. კაცი არაფერს აკეთებდეს და მუდმივად მთავარი თემა იყოს, საოცარია!
- “ოცნება” ვერ აცნობიერებს, რომ მის რეიტინგზე მუშაობს?
- ესენი ხომ თავის ქცევებს არ უფიქრდებიან. მარგველაშვილი ძირითადად 2 რამით გვახსენებს თავს. ერთი, ყველაფერზე ვეტოს ადებს და ამის გამო მას “მისტერ ვეტოც” კი დავარქვი. მეორეა “ოცნებასთან” დაპირისპირება. ცოტა ხნის წინ იმაზე იყო ერთი ამბავი ატეხილი, მივიდოდნენ თუ არა უშიშროების საბჭოზე. ეს კვირა იმაზე ნერვიულობით დაიწყო, ვინ დაესწრება მის გამოსვლას პარლამენტში და იქნება თუ არა დებატები.
ამ დროს პრეზიდენტიც და მთელი ხელისუფლება ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე უნდა ფიქრობდეს. სამწუხაროდ, ქვეყნის მომავალი ერთსაც და მეორესაც ფეხებზე ჰკიდია. მათთვის მთავარია, შეინარჩუნონ დღევანდელი მდგომარეობა.
მისტერ ვეტომ კარგად მოირგო ჩაგრულის მანტია და ოსტატურად მუშაობს თავის რეიტინგზე, პრეზიდენტის სასახლე კი პოლიტიკური პარტიის ოფისად გადააქცია.
- რომელიმე პარტია გყავთ მხედველობაში?
- მარგველაშვილის პარტიული ოფისია პრეზიდენტის სასახლე. ეს პარტია ჯერ ოფიციალურად არ შექმნილა, ეს მალე მოხდება. პრეზიდენტის სასახლე უკვე პარტიული ოფისის რეჟიმში მუშაობს. მთელი მისი გარემოცვაც პოლიტიკური პარტიასავით იქცევა.
პრეზიდენტის მრჩევლებიდან ბევრს ვიცნობ და პატივსაც ვცემ, მაგრამ ისინი არასწორად იქცევიან. მრჩეველი პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლებას არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს. “ახალ თაობასთან” და სხვა მედიაშიც არაერთხელ ვთქვი, რომ მარგველაშვილი თავისი გუნდისთვის ხალხს ეძებს. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მან უკვე იპოვა თანამოაზრეები.
- მის თანამოაზრეებში ვის გულისხმობთ?
- მის გვერდით შესაძლოა ვიხილოთ დაშლილი რესპუბლიკელების რაღაც ნაწილი. არ გამოვრიცხავ, რომ მასთან აღმოჩნდნენ დაშლილი ნაციონალებიც.
- პრეზიდენტის სასახლეა თუ ელიავას ბაზრობა, ამდენი დაშლილი რომ უნდა შეიფაროს?
- ჩათვალეთ, ელიავას დაშლილებია ავლაბრის რეზიდენცია. ჩემი აზრით, პარტიის დასახელებაში აუცილებლად იქნება სიტყვა ევროპული. ახლა ხომ მოდაშია ასეთი სახელების დარქმევა და ეს ინდულგენცია ჰგონიათ. გააჩენენ სახელწოდებაში ევროპას და ეს ცალტვინები ისეთი გაჯგიმულები დადიან, თითქოს მართლა ევროპელი პოლიტიკოსები იყვნენ.
მარგველაშვილი ასეთ ხალხს მიიზიდავს, მათთან ერთად, მისი ჭკუით, დიდ გაერთიანებას შექმნის. თუ მოატყუეს ამომრჩეველი, ხომ კარგი, თუ არადა, არაფერი, რამეს კიდევ მოიფიქრებენ.
მოდით, ახლა ის ვთქვათ, ან “ოცნების” ანდა პრეზიდენტის ქმედებებიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რა არის? არაფერი.
- მნიშვნელოვანი შეიძლება არაფერია, მაგრამ მათი დაპირისპირება ერთგვარი სანახაობაა ერისთვის.
- სანახაობაა, მაგრამ ძალიან უღიმღამო, რომლის ყურება და კომენტირებაც კი აღარ გინდა. 2013 წლის ბოლოდან მოყოლებული, რაც ეს კაცი პრეზიდენტად დასვეს, ყოველთვე ერთი და იგივე აბრაკადაბრა იწყება. თქვე დალოცვილებო, ტერიტორიული მთლიანობა თავზე დაგვემხო, ჩვენი ტერიტორიიდან ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, ხან სად ავლებენ მავთულხლართებს და ერთმანეთის ჭამას ამაზე ილაპარაკეთ.
- მავთულხლართებზე ერთხელ თქვა პრეზიდენტმა, მოვა დრო და ამ მავთულხლართებს ჯართში ჩავაბარებთო.
- ჩააბარებს, როგორ არა. იმისთვის, რომ ეს მავთულხლართები ჯართშო ჩააბარო, ჯერ იმ ქვეყანას უნდა დაელაპარაკო, ვინც ეს გაავლო. ესენი რუსებს კი არა, ჩვენს დასავლელ მეგობრებსაც აღარ ელაპარაკებიან და არ სთხოვენ, რომ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონ განცხადებები.
- “ოცნების” და პრეზიდენტის დაპირისპირებაში მართლა კარგად გამოიყურება პრემიერი. კვირიკაშვილს არც ერთი მკვეთრი განცხადება არ გაუკეთებია მარგველაშვილის მიმართ. ამან გააჩინა ეჭვები, რომ ის მომავალში შესაძლოა მარგველაშვილის გუნდში ვიხილოთ. ამაზე რას ფიქრობთ?
- კვირიკაშვილი ყველანაირად დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. ამას მეც კი ვაღიარებ, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებ. ახლაც ვიტყვი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბევრი რამე არ მომწონს და ბევრი რამეა შესაცვლელი.
- თუ ასეა, მაშინ რატომ ტოვებს კვირიკაშვილი დადებით შთაბეჭდილებას?
- მგონია, რომ რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხდება, იმას კვირიკაშვილს ვერ დავაბრალებთ. მას მეტის გაკეთების საშუალება და უფლება არ ეძლევა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავრობაში არის სხვადასხვა დაჯგუფებები და ისინი პრემიერს ხელს უშლიან.
კვირიკაშვილი ცდილობს საქმის გაკეთებას და მისნაირი პრემიერი ნამდვილად დადებითი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში. პრეზიდენტთან დაძაბულობას იმიტომ არ ქმნის, რომ, სხვებისგან განსხვავებით, ყველაფერს სახელმწიფოებრივი თვალით უყურებს.
შესაძლოა, მას მარგველაშვილთან სხვა ურთიერთობა აქვს და მათ შორის რაღაც კულუარული შეთანხმებაც არსებობს.
- ეს შეთანხმება შეიძლება მათ გაერთიანებას გულისხმობდეს?
- ქართულ პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც არა მგონია, რომ ასეთი ერთობა შედგება. კვირიკაშვილი ალბათ არ მოისურვებს იმ ადამიანთან წასვლას, რომელმაც თავი იმის ძახილით გაგვაცნო, პლასტელინი ვარო. მოქმედი პრეზიდენტი ვერასდროს გახდება დამოუკიდებელი ფიგურა. ის გახლავთ შემგუებლური, გონიერი და ეშმაკი, ახალ სიტუაციას კარგად მორგებული კაცი. ის თავის თანამდებობას ძალიან კარგად იყენებს.
აბა მოდით, ჩამოვაცილოთ მას ავლაბრის სასახლე, წოდება პრეზიდენტი და დატოვე, როგორც პარტიის წევრი ქუჩაში. მაშინ მასთან გაერთიანების სურვილი არავის აღარ გაუჩნდება.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ის ძალები, ვინც მის გარშემო აპირებენ შემოკრებას, გროვდებიან პრეზიდენტის და არა კონკრეტულად მარგველაშვილის გარშემო?
- რა თქმა უნდა, მათთვის არაპრეზიდენტი მარგველაშვილი საინტერესო არ იქნება. ამ განცხადებით მას სულაც არ ვამცირებ, სულ იმას გავიძახი, რომ, სხვებისგან განსხვავებით, ის განათლებულია და აზროვნებს.
ჩემთვის მიუღებელი ის ფაქტია, რომ ის თანამდებობის მიღების შემდეგ სულ სხვა ადამიანად გადაიქცა. ამას სხვა სახელი ჰქვია და არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტუაციიდან გამომდინარე ის კიდევ არ შეიცვლის პოლიტიკურ ფერს.
- არის იმის ალბათობა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, ის კვლავ “ოცნებას” დაუბრუნდეს?
- არაფერი გამორიცხული არ არის. ის ივანიშვილის მიმართ მადლიერი უნდა იყოს. ყოფილი პრემიერი რომ არა, მარგველაშვილი ისტორიაში ვერასდროს შევიდოდა. მარგველაშვილი ისეთი ტიპაჟია, რომ ის სხვასაც იოლად მისცემს იმის უფლებას, რომ ის მართოს.
- შეიძლება რომ მის უკან ახლაც ვინმე იდგეს, მაგალითად, ქვეყნის გარეთ? ქართული პოლიტიკა ძირითადად ქვეყნის გარედან იმართება.
- გამორიცხული არაფერია. მან თავისი ვითომ პრინციპულობაც ბიზნესად აქცია. სადაც მართლა საჭიროა, იქ სულაც არ ამჟღავნებს პრინციპულობას. მის გარშემოც ასეთი ხალხი იყრის თავს. ეს იმ კატეგორიის ხალხია, რომლებიც არასდროს წავლენ ქვეყნისთვის თავის გასაწირად. მათთვის კომფორტია მთავარი. ამიტომაც არის, რომ ჩვენს ქვეყანას აღარც ახსენებენ. ევროპაში ქართველ ჩინოსნებს სახელმწიფოებრივად მოაზროვნეებად არავინ მიიჩნევს.
იმ დღეს ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას მისცა ინტერვიუ, სადაც მან საქართველოს ნატოსთან მიმართებაში ხუთოსანი მოწაფე უწოდა. ამას ეუბნებიან 30 საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ქვეყანას და ისიც ბედნიერია ამ შეფასებით.
როცა მოწაფედ მოხსენიება გეამაყება, როცა რომელიღაც ქვეყნის ელჩი, რომელიც დიპლომატია და მეტი არაფერი, ყოველდღე ჭკუას გასწავლის, ნიშნავს, რომ შენ ხელისუფლება არა გყავს ან თუ გყავს, ძალიან სუსტი და მშიშარა.
ამ დროს ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ამბავი სულ უკან-უკან იწევს. ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლები აღარც კი საუბრობენ. ერთ-ერთ შეხვედრაზე ისიც კი მითხრეს, დღეს ვინმეს ახსოვს ტაო-კლარჯეთი, სოჭის მხარე და აღმოსავლეთ საქართველოსგან წაღებული რამდენიმე რაიონიო, 10 წელიწადში აღარც აფხაზეთი და სამაჩაბლო ემახსოვრებათო.
- თქვენი აზრით, მართლა არ ემახსოვრებათ 10 წლის შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო?
- ასე თუ გაგრძელდა, არ ემახსოვრებათ. ხელისუფლების დიდ ნაწილს არც ახლა ახსოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს დასავლელ მეგობრებს სთხოვდნენ, რომ ამ საკითხზე მწვავე განცხადებები გაეკეთებინათ. არც იმას სთხოვენ, პუტინთან რომ წახვალთ დიალოგზე, ჩვენი საკითხიც დააყენეთო. ამას ჯერ ერთი იმიტომ არ აკეთებენ, რომ ეს ამბავი არ ანაღვლებთ და მეორე იმიტომ, რომ ევროპელების შეწუხება არ უნდათ. ისინიც ამით კმაყოფილები არიან და აქებენ ჩვენს ხელისუფლებას.
ამ ყველაფერზე გული ძალიან მტკივა, მაგრამ საზოგადოების რეაქცია კიდევ უფრო საწყენია. ისინი აყვნენ ცუდად დაწერილ 1001 ღამეს და ბედნიერები არიან ამით. ფეისბუქზე რომ შევდივარ, საოცრებებს ვკითხულობ _ ესენი სხვაგან არიან, საქართველო _ სხვაგან. ხელისუფლებამ ასეთი საოცარი აზროვნების სტილი ჩამოაყალიბა.

FaceBook Twitter Google