ინტერვიუები
"გიგა ბოკერია მითითებებს ივანიშვილისგან იღებს"
ბესო დანელია: "ოცნება" და ნაციონალური მოძრაობა ერთ მონსტრად ჩამოყალიბდა
რა შეთანხმებაა მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის, როგორ მიითვისა ''ოცნებამ'' ბიუჯეტიდან მილიონები, რა მითითებებს ღებულობს ბოკერია შუშის სასახლეში? - ამ თემებზე ''ახალ თაობას'' დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება. ბესო დანელია:
- ახალი კონსტიტუციის ფორმირების პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება ერთად არიან. ვითომ სახალხო განხილვაში მხოლოდ ''ქართული ოცნება'' და ყოფილი ხელისუფლების ლიდერშიპი არიან წარმოდგენილი.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს 2 პარტია ჩამოყალიბდა ერთ ძალად და მერაბიშვილ-უგულავას გზას აგრძელებენ.
- მერაბიშვილ-უგულავას გზის გაგრძელებაში რას გულისხმობთ?
- ვითომ სახალხო განხილვაზე დარბაზებს მერიის და თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებით - ტაშის დამკვრელებით ავსებენ, რომლებიც მოქმედ და ყოფილ ხელისუფლებებს ერთად უკრავენ ტაშს.
მათ მიერ მომზადებულ ცვლილებებს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ უჭერს მხარს. სააკაშვილი იმას მაინც ახერხებდა, რომ ხელოვნურად ქმნიდა ოპოზიციას და მათ აკვრევინებდა ტაშს. ამათ დემოკრატია და ხალხი საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს. ისინი ცდილობენ, ხელისუფლებაში ყოფნა სამუდამოდ დაიკანონონ. ამას წინ საუკუნის აფიორა უძღოდა, რომლის წყალობითაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღეს.
მათთან ერთად სამუდამოდ ხელისუფლებაში აპირებს დარჩენას ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს 2 ძალა შეკრულია, გიგა ბოკერიას განცხადებამ ეს დაადასტურა.
15 მაისს ხალხმა ნაციონალები და ''ოცნება'' ერთად გამოაბუნძურა ფილარმონიიდან. გარეთ გამობუნძურებულმა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ''ქართული ოცნების'' მიერ მომზადებულ ცვლილებებს არც ერთი პარტია არ უჭერს მხარსო.
ამ განცხადების შემდეგ ბოკერია ივანიშვილმა დაიბარა შუშის სასახლეში. იქიდან წამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი პარტია მხარს უჭერს მიწების გაყიდვას. ეს უკვე იმის ღია დადასტურებაა, რომ ეს 2 ძალა ერთად არის.
ქართველი საზოგადოება მთელი ამ წლების მანძილზე ნაციონალების მოშორებისთვის იბრძოდა. ამ ბრძოლის შედეგად მივიღეთ კოაბიტირებული 2 ძალა, რომელსაც უზარმაზარი ფინანსები გააჩნია.
- როცა ამბობთ, გიგა ბოკერია შუშის სასახლეში დაიბარესო, ეს თქვენი ვარაუდია თუ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ?
- ჩვენი პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს იმაზე, რომ გიგა ბოკერია არაერთხელ იყო შუშის სასახლეში მისული და არაერთხელ გაიმართა მასთან კონსულტაციები. ამ შეხვედრებს შედეგად ციხიდან უგულავას გამოშვება მოჰყვა, შემდეგ ნაციონალების ლიდერების ნაწილმა ევროპული საქართველო შექმნა.
საუბარია იმ ხალხზე, რომლებმაც სისხლიანი 9 წელი შექმნეს. `ოცნება~ ხელისუფლებაში მოსვლამდე მათი გასამართლების პირობას დებდა და ამიტომ დაუჭირა ხალხმა მათ მხარი 2012 წელს. ამის ნაცვლად მივიღეთ კოაბიტაცია. მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება ერთ ურჩხულად მოგვევლინა, რომელიც უარყოფს დემოკრატიას. ამ უზარმაზარი ფინანსების მქონე მონსტრთან ბრძოლა ძნელი იქნება, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ.
არაფრით არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. ამას თუ დავუშვებთ, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ეს მონსტრი აიღებს ხელში. ხალხის პროტესტის შემთხვევაში ყველაფერი გამოვა. ამ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ხალხის და ეს 15 მაისსაც გამოჩნდა.
15 მაისს ირაკლი კობახიძემ დაამტკიცა, რომ ყველაზე სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარეა. მან სტუდენტებს, ძალიან განათლებულ ბავშვებს ახალგაზრდა კომუნისტები ეძახა. სხვა ქვეყანა რომ ყოფილიყო, ამ განცხადების გამო კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა უკვე დაწყებული იქნებოდა.
- იმპიჩმენტს არავინ მოუწყობს, მაგრამ ის თვალშისაცემი იყო, რომ მის მხარდასაჭერად ''ოცნების'' არც ერთ დეპუტატს არ ამოუღია ხმა.
- როგორ უნდა დაეცვათ? ადამიანს თუ ოდნავი კულტურა მაინც გააჩნია, ის მიხვდებოდა, რომ კობახიძის განცხადებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილის ენას შეიცავდა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტის სპიკერი სიძულვილის ენით ახალგაზრდებს - ქვეყნის მომავალს ესაუბრებოდა.
ძალიან სამარცხვინო იყო ის მომენტი, როცა მიწების გაყიდვის ინიციატორი ილიას გზაზე სიარულისკენ მოგვიწოდებდა. ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკი იმიტომ შექმნა თავის დროზე, რომ თავად-აზნაურების მიერ სხვადასხვა უცხოურ ბანკებში ჩადებული ქართული მიწები გამოესყიდა და ქვეყნისთვის შეენარჩუნებინა. კარგი იქნება თუ სპიკერი ილიას გზაზე აღარ დაგველაპარაკება, უბრალოდ, უხერხულია.
ირაკლი კობახიძეზე საუბარი ძალიან მეუხერხულება. ის ჩვენი მეგობრის გია კობახიძის შვილია. გია კობახიძე ჩვენი თანამებრძოლია და მე დღემდე ვამაყობ იმით, რომ მასთან ერთად ვიბრძოდი სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ ირაკლის მამისგან პოლიტიკური კულტურა არ გამოჰყვა.
გული მტკივა, რომ ირაკლი ასე იქცევა. ის კარიერის დასაწყისშივე ასამარებს თავის პოლიტიკურ მომავალს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ის ქვეყნის მომავალსაც უქმნის პრობლემებს.
- გია კობახიძე წლების მანძილზე იყო დემოკრატიული მოძრაობის წევრი. მისმა შვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ერთკაციანი პარტიები, მათ შორის დემოკრატიული მოძრაობაც, ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ უნდა იღებდესო. ამაზე რას იტყვით?
- ეს იყო სამარცხვინო და წარმოუდგენელი განცხადება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თითქოს ფიქტიურად შექმნილი ბლოკით ჩვენ უსამართლოდ ვიღებთ ბიუჯეტიდან დაფინანსებას. 2013 წელს ''ქართულმა ოცნებამ'' პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც ბლოკში შემავალ ყველა საპარლამენტო ფრაქციაზე დაიმატა 300.000 300.000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება შეტანილი იქნა უკვე არჩევნების შემდგომ ანუ მათ პოსტფაქტუმ შეცვალეს დაფინანსების წესი და თავის ბლოკში შემავალი პარტიების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1.800.000 აიღეს.
ეს არ იკმარეს და ''ქართულმა ოცნებამ'' დამატებით დაიკანონა 4 ადგილი ცესკოში, რომელიც ოპოზიციით უნდა დაკომპლექტებულიყო. მათ მოიპოვეს ცესკოში უმრავლესობა და საარჩევნო პროცესებზე სრული კონტროლი დაამყარეს.
ცესკოში ადგილების დათრევის შემდეგ მათ მიეცათ იმის საშუალება, რომ 4 წევრი ყველა დონის კომისიებში დაენიშნათ. ამაზე ბიუჯეტიდან კიდევ დამატებით მიიღეს თანხები. ფრაქციების დაფინანსებასთან ერთად 3.000.000 გამოდიოდა ეს თანხა.
ახლა ისე აკეთებენ ყველაფერს, რომ მხოლოდ მათ და ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდეს დაფინანსება. არადა ხელისუფლებაში მათი გასამართლების პირობით მოვიდნენ. სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ერთი რეჟიმი ჩაანაცვლა მეორემ.
მსგავსი თაღლითობა არ ახსოვს საქართველოს და სამარცხვინოა, როცა ირაკლი კობახიძე ჩვენზე ასეთ რამეს ამბობს.
მინდა შევახსენო ამ ახალგაზრდა კაცს, რომ ჩვენ პარტიას ჰყავს 49 პოლიტპატიმარი. სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მოგვიკლა 10 ადამიანი. ჩვენ მარტონი დავრჩით სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და 2011 წლის 26 მაისს სისხლის გუბეში ჩაგვახრჩო ნაცმოძრაობამ.
ჩვენ ისევ სიმართლისთვის ვიბრძვით, ირაკლი კობახიძე კი პარლამენტში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად ზის და ეს მას დისკომფორტს არ უქმნის. არადა ''ოცნების'' მაჟორიტარების დიდი ნაწილი ახლო წარსულში სააკაშვილს უჭერდა მხარს.
იმის მაგივრად, რომ მათთვის პასუხი მოეთხოვათ, სიხარულით მიიღეს თავის რიგებში. ბოკერია საერთოდ გვერდზე დაისვეს და ერთად გვიკითხავენ მორალს.
- 26 მაისის დარბევა ახსენეთ და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა სწორედ ამ ფაქტმა გადააწყვეტინა. კობახიძემ წესით ეს უნდა იცოდეს.
- ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში პირდაპირ დაწერა, რომ 26 მაისის დარბევა იყო ბოლო წვეთი და მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს სისხლიანი ოპერაცია დღემდე გამოუძიებელია. დღემდე არ დასჯილან სულიკო ასათიანის და ნიკუშა კვინტრაძის მკვლელები.
არ დასჯილან არც დამრბევები და არც ის პროკურორები, რომლებიც ციხეებში გვიშვებდნენ. იმის ნაცვლად, რომ კობახიძე ამ საქმეების გამოძიებას ითხოვდეს, იმაზე წუხს, რატომ ვიღებთ ბიუჯეტიდან დაფინანსებას.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ''ოცნება'' ნაციონალებს შეეზარდა და ერთად დაუპირისპირდნენ საზოგადოებას და ოპოზიციას. მათთან ბრძოლა ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ არ გვეშინია სიძნელეების. ყველას ახსოვდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ხერხემალში ჩვენ გადავტეხეთ, რაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა. არც ჩვენ და არც საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ ქვეყანა ამ მონსტრმა მართოს.

FaceBook Twitter Google