ინტერვიუები
ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის საკითხი არის ის წყალგამყოფი, რომელიც საქართველოში მტერსა და მოყვარეს საზღვრავს!
დარწმუნებულია ყოფილი პოლიტდევნილი, მეცნიერებათა დოქტორი და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე:

— უკანასკნელი 40 დღის მანძილზე ამ სამარცხვინო ხელისუფლებამ ბევრი ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც მე „არასამთავრობო ორგანიზაციად გადაქცეული სახელმწიფო ინსტიტუტების სირცხვილისა და თავის მოჭრის ქრონიკა“ დავარქვი!
ყველაფერი დაიწყო თურქეთის ელჩის თავხედური გამოსვლით — დიდგორის ომი ჩვენი დამარცხების სიმბოლოა და დიდგორობას ოფიციალურად ნუ იზეიმებთო! ამას მოჰყვა ციანიდის ზღაპრები, ფარცხალაძის მიერ კონტროლის პალატის მოქმედი შეფის ცემის ამბავი, მურუსიძის მოსამართლეების მიერ ხალხისათვის ცენზურის დაწესების ოცნება...
ნახეთ, ეს ჩვენი „პატრიოტი“ ხელისუფლება რუს მოტოციკლისტებს დასდევს — აქაოდა, ოკუპანტები არიანო, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები კი ჩინეთში ვიზიტისას აფხაზურ „სახელმწიფო დელეგაციასთან“ ფოტოებს იღებენ!
— უფრო მეტიც, ევროპელი მაღალჩინოსანი ცხინვალში ჩადის და უკანონო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლამის „ალანიის დამოუკიდებლობას“ აღიარებს!
— და ამ ყველაფერს გვირგვინად დაედგა თავზე ხელისუფლების უარი, კონსტიტუციით აიკრძალოს ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა!
მივმართავ „მეოცნებეებს“: არ შეცდეთ! არ შეგრჩებათ! ქართველი ხალხი პოლიტიკურ მოუსავლეთში გაგისტუმრებთ!
ამას ვამბობ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ქართველი, მეცნიერი, ჩემი გვარისა და წინაპრების წარმომადგენელი! წყალსაც წაუღია პოლიტიკაც და პირადი ურთიერთობებიც! ეს ისეთი წყალგამყოფი და მიჯნაა, რომელიც მტერსა და მოყვარეს თავ-თავიანთ სახელებს არქმევს!
— ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, მიწის გაყიდვის გარეშე ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები არ შემოვაო!
— ქართული მიწის გაყიდვით შემოსული თანხა იუდას 30 ვერცხლია! ღირს კი 30 ვერცხლით მუცლის ამოყორვა საქართველოს დაქცევად?!
უვიცებო, სკოლაში ნიკო ლორთქიფანიძის „იყიდება საქართველო“ მაინც არ გისწავლიათ?!
— ნიკო ლორთქიფანიძე კი არა, ამათ ილიაც არ წაუკითხავთ. აგერ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს თან ქართული მიწა დახლზე უდევს, თანაც გვიმტკიცებს, ილიას გზით მივდივართო!
— ილიამ ქართული მიწა კი არ გაყიდა, მომავალი თაობებისთვის გადაარჩინა! ილიამ საადგილმამულო ბანკი შექმნა ქართული მიწების შესასყიდად, ესენი კი უცხოურ ბანკებში მიწის დასაგირავებლად მიერეკებიან ქართველებს, რომ შემდეგ ეს მიწა მათ ჩაუვარდეთ ხელში!
ნახეთ, აფხაზები კბილებით იცავენ თავიანთ მიწას და კანონმდებლობით აქვთ აკრძალული აფხაზეთის არამოქალაქეზე მიწის გაყიდვა!
— ამის გამო რუსებთან დიდი უთანხმოება აქვთ...
— დიახ! აფხაზები რუსებზეც კი არ ყიდიან მიწას! ანუ რა გამოდის?! თუ საქართველოში მიწას ასე არიგებენ უცხოელებზე, აფხაზს რატომ მოუნდება ჩვენს საერთო სახელმწიფოში ცხოვრება, კბილებით დაჭერილი მიწები რომ გაუყიდონ?! ამათ აფხაზეთზე უარი თქვეს!
როდესაც გყავს 400 ათასამდე დევნილი, როდესაც მილიონ მოქალაქეზე მეტი გყავს გაქცეული უცხოეთში, როდესაც გაეროც კი გაფრთხილებს, 2050 წლისთვის ეროვნულ უმცირესობად იქცევი საკუთარ სამშობლოშიო და შენ მაინც უცხოელებზე ყიდი მიწებს, მტერი და დუშმანი ხარ, აბა, ვინ ჯანდაბა ხარ?!
— ევროპელებმა რომ „ვერ გაგვიგონ“, თუ მიწის გაყიდვას ავკრძალავთ უცხოელებზე?!
— ევროპელები თავის მიწებს ასე ჰაი-ჰარად ყიდიან უცხოელებზე?! ევროპა თავის თავზე ფიქრობს და ჩვენ, სულ ფეხებზე ვკიდივართ! აბა, არგონავტები ის პირველი ევროპელები არ იყვნენ, საქართველოში ჩამოსულებმა სიბრძნისა და კეთილდღეობის სიმბოლო — ოქროს საწმისი რომ მოგვპარეს?!
მინდა, ჩვენს დეპუტატებს მივმართო:
ჯერ ის სამარცხვინო ლაქა არ ჩამოგირეცხავთ, „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“ რომ აუწიეთ ხელი და ახლა საშვილიშვილო ცოდვასაც ამატებთ და ქართული მიწა გამოგაქვთ დახლზე?!
დეპუტატებო, კუპრში მოხარშვა არ აგცდებათ! თქვენი ცოდვები და სამშობლოს ღალატი შვიდ თაობაზე გადავა!
არ მაინტერესებს არც კოლეგიალობა, არც ნაცნობ-მეგობრობა — როდესაც საქმე საქართველოს ყოფნა-არყოფნას ეხება, როდესაც საქმე ქართული მიწის გაყიდვას ეხება, მე შეურიგებელი და დაუნდობელი ვიქნები!
თქვე კაი დედმამიშვილებო, ოთხი მეზობლიდან — თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან — მხოლოდ ერთთან — თურქეთთან გაქვთ სახელმწიფო საზღვარი დადგენილი და რა მიწების გაყიდვა აგიტყდათ?!
ესენი იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ საქართველოდან გაქცეული მილიონი ქართველი დააბრუნონ უკან და მათ მიწა შეუნარჩუნონ, ესენი არაბებისა და ინდუსების, თურქებისა და ირანელების საქართველოში მოშენება-მომრავლებაზე ზრუნავენ!
— ქართველი პატრიოტების მიერ დაფუძნებულმა „ქართული მიწის დაცვის ჯგუფმა“ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: თუ „ოცნება“ 27 მაისამდე არ განაცხადებს, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მაშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ათობით პატრიოტი დაიწყებს უვადო შიმშილობის აქციას, რაც ეროვნულ დაუმორჩილებლობაში გადაიზრდება!
— ასეც მოხდება! საქმე ეროვნულ დაუმორჩილებლობამდე მივა, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება!
აღშფოთებული, ხალხი ვოლსკისა და თმახუჭუჭა კობახიძეს კი არა, ბიძინა ივანიშვილს მიადგება! აკი, ესენი ხელისუფლებაში სწორედ მან მოავლინა „ცალ-ცალი კალოშით“!
ესაუბრა
გიორგი გიგაური

FaceBook Twitter Google