ინტერვიუები
“პატრიარქმა ხელისუფლებას სილა გააწნა”
"ვიღაცას ილია II-ის მაღალი რეიტინგი ძალიან აწუხებს"
გიგლა ბარამიძე: `ბიძინა ივანიშვილი “ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებულია'
რატომ არ დაესწრო ხელისუფლების მიერ გამართულ საზეიმო მიღებას ივანიშვილი, ვინ შეუვსო ‘ევროპულ საქართველოს’ სპორტის სასახლე, რატომ გააუქმა პატრიარქმა საზეიმო ღონისძიებები და რას ნიშნავდა ემიგრანტების მისამართით გაკეთებული განცხადება? - ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
- ჩვენმა სულიერმა ლიდერმა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, მათ ურჩია, რომ დარჩნენ იქ, სადაც ახლა ცხოვრობენ. ამით ილია II-მ ხელისუფლებას უთხრა, რომ ისინი არარაობები არიან. ამით მან ‘’ქართული ოცნებას’’ სილა გააწნა, ემიგრანტებს კი უთხრა, არ დაბრუნდეთ, რადგანაც აქ გელოდებათ ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბის ამოვსებაზეა გამეცადინებული. იმის ნაცვლად, რომ დაკარგული ტერიტორიებისა და 1,5 მილიონი ქართველის სამშობლოში დაბრუნებაზე იმუშაონ, კონსტიტუციაში ისეთ რამეებს წერენ, რომლის ძალითაც უცხოტომელებს მიჰყიდიან ოკუპაციას გადარჩენილ ქართულ მიწებს.
ერთია, როცა ამას ოპოზიცია და ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განწყობილი საზოგადოება ამბობს და მეორეა, როცა ამ განცხადებას ერის სულიერი მამა აკეთებს. თუ ხელისუფლება ვერ მიხვდა ან თავს ‘’იდურაკებს’’, რომ ვერ მიხვდნენ, ეს მათი ჩვეული ვირეშმაკობის გამოვლინებაა. აშკარაა, რომ ‘’ქართული ოცნება’’ არ არის ის გუნდი, რომელსაც სიტუაციის გამოსწორება შეუძლია, არაფერს ვამბობ ქვეყნის გადარჩენის უნარებზე. ბღუჯა-ბღუჯა ხელისუფლების შეცვლის დრო დადგა.
ქვეყანაში კატასტროფულად მძიმე სოციალური ვითარება რომ არ ყოფილიყო, უწმინდესი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიტყვა და ლამის რევოლუციის ტოლფასი განცხადებაა.
- ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები უქმდება. ამ გადაწყვეტილებაზე რას ფიქრობთ?
- ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საპატრიარქოს განცხადებით, პატრიარქმა აღსაყდრების 40 წლისთავის აღნიშვნაზე უარი მსოფლიოში უმძიმესი ვითარების გამო თქვა და, რაც მთავარია, ხაზი გაესვა, რომ საქართველოშიც მძიმე სოციალური გარემოა. ამიტომ მართლმადიდებელი სამყაროს დელეგაციებს არ ეპატიჟებიან თბილისში.
ხელისუფლებამ ვერც ამ განცხადების მნიშვნელობა გაიგო. ესენი ხომ ნატოს, თაკოს და გივიკოს ძახილში არიან გართული და ჰგონიათ, ქვეყანას აშენებენ. რაც კარგად იციან, ეს არის მოპარვა.
ნაცვლად იმისა, რომ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე მუშაობდნენ, რაღაც გაუგებარ ღონისძიებებს ატარებენ.. ვის რად უნდა ეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეები და ასეთი სამარცხვინო ფეხქვეშ გაგებები.
- სამარცხვინო ფეხქვეშ გაგებაში რას გულისხმობთ?
- ეს დღეები შეგვჭამეს იმის ძახილით, რომ თურმე ჩვენ ნატოს არაწევრი მეხუთე ქვეყანა ვართ, სადაც რაღაც გეგმური ასამბლეა იმართება. ეს ღონისძიება არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ლაქლაქის გარდა არაფერს სხვას არ ითვალისწინებს.
აი, ამით ამაყობს ჩვენი ხელისუფლება. ამ გაჭირვებულებს ერთხელაც არ უხსენებიათ, რომ საქართველო არის ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ავღანეთსა და ერაყში გაგზავნილი სამშვიდობო კონტინგენტის რაოდენობით.
ჩვენი ბიჭები იქ რომ იხოცებიან, ეს ვითომ არაფერი. სამაგიეროდ, დიდ მადლობას უხდიან ალიანსის წარმომადგენლებს იმისთვის, რომ აქ გეგმურ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. ამათი არასერიოზულობის შედეგია ის სამარცხვინო ციანიდის სკანდალიც.
ასეთი რამე თავის დროზე კომუნისტებსაც არ უკადრიათ. მათი მმართველობის ძალიან გახმაურებული იყო კერატაშვილის საქმე. მიზეზი სხვა იყო მისი გადაყენების, მაგრამ კომუნისტებიც კი მოერიდნენ ქართული ეკლესიისთვის რაიმე ჩრდილის მიყენებას. მართალი იყო თუ არა ეს ბრალდებები, სხვა საკითხია, მაგრამ მაშინ ბევრი რამე არ გამოიტანეს საჯაროდ. მარტო ამ ხელისუფლებამ ჩასცა ეკლესიას ზურგში ლახვარი. ეს შემთხვევით არ მომხდარა.
- ციანიდის სკანდალი მოგონილია და მხოლოდ ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად?
- იმას არ ვამბობ, რომ მოგონილია, მაგრამ, რაც ამ საქმის გარშემო ხდება, სამარცხვინო პროცესია.
ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც საპატრიარქოსა და პატრიარქის თხოვნა არ გაითვალისწინა და სასწრაფო წესით მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი იმ პირების ვინაობა, რომლებიც კანონის მიღების შემდეგ ქურდებივით ღამღამობით მიდიოდნენ საპატრიარქოში და ილია II-ს რაღაც ზღაპრებს უყვებოდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მათ არ სურდათ ამ კანონისთვის ხმის მიცემა და ამის გაკეთება აიძულეს.
ეს ის ხელისუფლება გახლავთ, რომელმაც არც უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვის თხოვნა გაითვალისწინა. ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება და ამიტომაც უწმინდესმა მათ უთხრა ის, რასაც წარმოადგენენ. სათქმელი ქადაგებაზე კი არ თქვა, პირში უთხრა. სხვა ამ მთავრობის ადგილზე ბოდიშებს მოიხდიდა, მაგრამ ამათ გაატარეს.
- ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ღია დაპირისპირება დაიწყო?
- ეს ღია დაპირისპირება არ არის. ეკლესია და პატრიარქი არავის დაპირისპირებიან. ნაციონალების მსგავსად, `ქართულ ოცნებაშიც~ არიან ჯგუფები, რომლებიც ვერ იტანენ პატრიარქის მუდმივად მაღალ რეიტინგს. ამიტომაც უჩხიკინებენ ეკლესიას, ჰგონიათ, რომ საპატრიარქოს ავტორიტეტის დასუსტებით ამათ მოემატებათ რამე.
- ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას არ დასწრებია. წინა წლებში ყოველთვის ესწრებოდა საზეიმო მიღებას. მის მიუსვლელობას უკვე მოჰყვა პოლიტიკური მითქმა-მოთქმა. თქვენ რას იტყვით ამაზე?
- ეს მითქმა-მოთქმა უსაფუძვლო არ არის. მე ‘’ახალ თაობასთან’’ არაერთხელ ვთქვი, რომ გუნდში დაპირისპირებაა და ლამისაა, დაჭამეს ერთმანეთი. ახლა თბილისის მერის კანდიდატურაზე ჩხუბობენ - გუნდის ნაწილი ნარმანიას უჭერს მხარს, მეორეს კალაძე უნდა, მესამე გუნდი სულ სხვას ქომაგობს. ცალკეა პრემიერის გუნდი. თავისი გუნდი ჰყავს დიმიტრი ქუმსიშვილს.
საქმის კეთების ნაცვლად მთავრობა ბღუჯა-ბღუჯა ინტრიგებიხ ხლართვით არის დაკავებული. სამაგიეროდ, ძალა, რომელმაც 9 წლის განმავლობაში საქართველო სისხლში აბანავა, სპორტის სასახლეში ყრილობას მართავს, მუშტებს იქნევს და ხელისუფლებაში დაბრუნებით იმუქრება.
‘’ევროპულ საქართველოდ’’ გადაქცეული ნაციონალები უკვე დაბრუნებული არიან ხელისუფლებაში. შესანიშნავი თანამდებობებიც მიიღეს. ამ პარტიის ლიდერებს, გიგა ბოკერიას თამადობით, შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ ბიძინა ივანიშვილთან.
მოქმედი ხელისუფლებიდან ვერცერთმა თანამდებობის პირმა ვერ გაამართლა. ქვეყნის გარეთ არავინ არაფერს გვეკითხება. შიგნით საშინელი ვითარებაა. ქუჩაში 10 ადამიანი რომ გააჩერო, იქედან 9,5 ‘’ქართულ ოცნებას’’ მკვდარსა და ცოცხალს დედას აგინებს.
რამდენიმე თვეში თვითმმართველობის არჩევნების ტარდება. ‘’ოცნების’’ ამოსაქაჩად ივანიშვილს დიდი ძალისხმევა დასჭირდება. მას ფინანსური საკითხების მოგვარებაც მოუწევს. მაინტერესებს, რისი იმედი აქვთ, როცა არჩევნების წინ სოფლის მეურნეობის ვინმე უტრუხუნე მინისტრი აცხადებს, რომ სეტყვით დაზარალებულებს მთავრობა არ დაეხმარება. სამაგიეროდ, პენსიონერ ტაილერს აეროსმიტიდან ხომ აუნაზღაურეს 5 მილიონი ჩვენი ჯიბიდან.
ეს ყველაფერი ივანიშვილის გამოსასწორებელია და ალბათ ამიტომაც არ მივიდა საზეიმო მიღებაზე. მართალია, ეს ხელისუფლება მან დაგვიტოვა, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ამომრჩეველშია.
- ამომრჩეველში რატომ?
- იმიტომ, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მზადაა, თავისი ხმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყიდოს. ხალხს უჭირს, მაგრამ ქვეყნის მომავლის გაყიდვა არ შეიძლება.
- მოდით, ისევ ივანიშვილს დავუბრუნდეთ. თქვენი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ის თავის გუნდზე გაბრაზებულია.
- გულაცრუებული და ნაწყენია ‘’ოცნებაზე’’. ამ ყველაფერზე იმიტომ ვერ რეაგირებს სათანადოდ, რომ ზუსტი ინფორმაციები არ აქვს.
- მას ინფორმაციებს უმალავენ?
- და ვინ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია? იმ ხალხმა, საკუთარი ჩრდილისაც რომ ეშინია? მას გვერდით სულ რამდენიმე ადამიანი ჰყავს, ისინი კი ზუსტ ინფორმაციებს არ აწვდიან. მან არ იცის, როგორია ხალხის განწყობა და რა ხდება ქვეყანაში.
2012 წელს მან ძალიან დიდი საქმე გააკეთა და ის სისხლიანი რეჟიმი შეცვალა, რომელიც ქვეყანასა და ხალხს აუბედურებდა. დღევანდელი ხელისუფლება ივანიშვილს ყველაფერს წყალში უყრის. შეუსრულებელი დაპირებების გამო ხალხი პასუხს ბესელიასა და კობახიძეს არ მოსთხოვს. ყველა მას მიადგება. ამ ადამიანს მოქნილი ტვინი კი აქვს, მაგრამ კადრებს ვერ არჩევს. დროა, სხვებისთვისაც ისწავლოს მოსმენა. ეს მისთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც.
- პატრიარქის ეს განცხადება და ივანიშვილის გაბრაზება თუ იმოქმედებს შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შედეგებზე?
- აუცილებლად იმოქმედებს. ხალხს არც ის დარჩება შეუმჩნეველი, როგორ დაუახლოვდა `ოცნება~ ყოფილ ხელისუფლებას. სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს ყრილობისთვის სპორტის სასახლე გაუვსეს. გიგა ბოკერია და მილიონების მიმთვისებელი გიგი უგულავა ნიშნის მოგებით ელაპარაკებოდნენ ხალხს. იმავეს აკეთებდა დავით ბაქრაძე, დასაქოქ დათვს რომ ჰგავს.
ხალხი არც იმას დაივიწყებს, როგორ იქცეოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები 26 მაისის აღლუმზე. რომელი პოპვარსკვლავები ეგენი იყვნენ, ფერადი სათვალეებით რომ გამომეცხადნენ სცენაზე. როგორი მზეც არ უნდა იყოს, ოფიციალური პირები ასეთ ღონისძიებებზე ფერადი სათვალეების გარეშე დგანან.
ამ ფერადსათვალიანებმა თავიანთ გამოსვლებში 70-ჯერ მაინც ახსენეს ნატო და საყველპუროდ ღარიბი ნათესავივით თითოჯერ ახსენეს შოთა რუსთაველი, რომლის მსგავსი მოაზროვნეც ამ ქვეყანას არ ჰყოლია.
საქართველო აღარც საერთაშორისო ასპარეზზე ჩანს, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე კი პატრიარქის მიმართვაც ნათლად მეტყველებს. ახლა ბევრი რამე ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული.


FaceBook Twitter Google