ინტერვიუები
მეგობრებს - ყველაფერი, ხალხს - კანონი... აი, ასე მოქმედებენ ესენიც..."

"ოცნების" კლანების ბრძოლა და დიდი დაპირისპირება უდიდესი ფულის საშოვნელად!

"და ამ დროს იცით, რა უნდა ქნას ხალხმა?!"

"მე მახსენდება სამხრეთ ამერიკელი დიქტატორის ფრაზა: მეგობრებს - ყველაფერი, ხალხს - კანონი... აი, ასე მოქმედებენ ესენიც..."

ყველა ველოდით, რომ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვლებოდა სახელმწიფო მართვის სისტემა, მაგრამ ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში ყოფნის ხუთი წლისთავზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმისგან მემკვიდრეობით მიიღო მახინჯი სისტემა, მეტიც, "ქართული ოცნება'' `ნაციონალური მოძრაობის მძევალი გახდა



"რა უნდა იფიქროს ხალხმა? რა თქმა უნდა, კარგი არაფერი, რადგან პატრიარქს მაშინაც კი არ გაუკეთებია მსგავსი განცხადება, როცა საქართველოში ცოდვის კალო ტრიალებდა"

ხელისუფლება არის დამნაშავე, კინწისკვრით არის გასაგდები, მაგრამ ესენი ისეთი უნამუსოები არიან, უკანა, რბილ ადგილას რომც ურტყა და აფურთხო, ჩამოიწმენდენ და იგივეს გააგრძელებენ, ცალ-ცალი კალოშით რომ მოვიდნენ და მილიონერები რომ გახდნენ

ხალხი მოტყუებული დარჩა და სარგებელი მიიღო ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებამ, რომლებიც მოკალათდნენ რბილ ადგილებზე, მაღალი ხელფასებით, დანამატებით, ფუფუნებით განცხრომაში არიან და ხალხისთვის არ სცალიათ. ჩვენ დღეს გვყავს გამოფარცხალავებულ-გამოთორდიავებული ხელისუფლება

ამ უდღეური და სახედაკარგული ხელისუფლების ერთადერთი პასუხი არის ის, რომ რა გინდათ, "ჩვენ ხომ ხალხს არ ვხოცავთო?!"

რომის იმპერიაში გაჩნდა ტერმინი - პური და სანახაობა, მაშინაც კი, რომის იმპერია უფასო სანახაობას აწყობდა ხალხისთვის. დღევანდელი ხელისუფლება კი ისე დაეცა, უცხოელი მომღერლის ჩამოსაყვანად 5 მილიონს იხდის მაშინ, როცა საკუთარი მოსახლეობა მშიერ-მწყურვალი ჰყავს და ბილეთის ფულსაც ახდევინებს.

2011 წლის 26 მაისი წყალგამყოფი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისთვის, გაეკეთებინა განცხადება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. 7 ოქტომბერს, მაშინ, როცა საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი სტუმრობდა, ყველასთვის მოულოდნელად ბიძინა ივანიშვილის ცნობილი წერილი გამოქვეყნდა. სწორედ მაშინ ივანიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ წითელი ხაზები გადალახა, უპატიებელი შეცდომა ჩაიდინა, დაარბია უდანაშაულო მომიტინგეები, 26 მაისს რუსთაველზე სისხლის გუბეები დააყენა და დროა, დამთავრდეს მომაკვდინებელი რეჟიმი. ყველა ფიქრობდა, რომ ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს გვერდით დაიყენებდა, მაგრამ მის გარდა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია თანამებრძოლად გაიხადა, მათ შორის ისეთებიც, ვისაც უკვე პოლიტიკური ჩემოდნები გამზადებული ჰქონდათ და ავანსცენიდან გასვლას აპირებდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ''რესპუბლიკური პარტია'' რომელიც დაუნდობლად აკრიტიკებდა ბიძინა ივანიშვილს და მოიაზრებდა როგორც გაუნათლებელ, პროვინციელ ადამიანად და ფულის ტომრად. ჩვენ გვახსოვს ლევან ბერძენიშვილის ცინიკური შეფასებები, თუმცა ერთ-ერთი სწორედ ''რესპუბლიკური პარტია'' იყო, ვისთანაც პოლიტიკური მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გამართა. ყველა ველოდით, რომ ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვლებოდა სახელმწიფო მართვის სისტემა, მაგრამ `ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ხუთი წლისთავზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის რეჟიმისგან მემკვიდრეობით მიიღო მახინჯი სისტემა, მეტიც, ''ქართული ოცნება''`ნაციონალური მოძრაობის მძევალი გახდა. ჩვენ გავხდით გაუგონარი მოვლენების მომსწრენი, დაწყებული კოჰაბიტაციიდან, დასრულებული ხელისუფლების უნიათობით და უვიცობით. რაც მთავარია, იმისაც მოვესწარით, რომ ბიძინა ივანიშვილმა სისტემის მსხვერპლად გაასაღა ლევან მურუსიძე, რომელიც იყო სააკაშვილის ჯიბის სასამართლოს სახე, მონა მოსამართლე, რომელმაც ყველა ხმაურიანი გადაწყვეტილება სააკაშვილის რეჟიმის სასარგებლოდ გამოიტანა. ამით ყველაფერი ნათქვამია, ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი განვითარების გზას სააკაშვილის ნარჩენებთან კოჰაბიტაცია და მონობა არჩია.
რა შეიცვალა 2011 წლიდან დღემდე? არც არაფერი, გარდა ერთისა, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა ამ ხელისუფლების ტრენდი აღარ არის. ჩვენ ვდგავართ სამწუხარო რეალობის წინაშე, ამ შემთხვევაში აღარ არის საჭირო, ჩამოვთვალოთ კონკრეტული ფაქტები, რადგანაც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 27 მაისს დიასპორის ფორუმზე ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ამით ყველაფერი ნათქვამია. პატრიარქმა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ურჩია, იყვნენ იქ, სადაც არიან: `რამდენიმე წლის წინათ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში, ახლა მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ იმავე დროს იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა, ეკლესია-მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში, გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი ქართული კულტურისა. მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ... საქართველოს პატრიარქმა ხელისუფლებას ამ განცხადებით სილა გააწნა, თუმცა ეჭვი მაქვს, მიხვდეს ხელისუფლება, რა იგულისხმება პატრიარქის ამ გამოსვლაში? რა უნდა იფიქროს ხალხმა? რა თქმა უნდა, კარგი არაფერი, რადგან პატრიარქს მაშინაც კი არ გაუკეთებია მსგავსი განცხადება, როცა საქართველოში ცოდვის კალო ტრიალებდა. ფაქტობრივად, პატრიარქმა მოსახლეობას ურჩია, - ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და ხელისუფლების იმედად ნუ იქნებითო. თითოეული ჩვენგანი ჩვენი თავის პატრონი თუ არ ვიქნებით, შიმშილში, სიღატაკესა და განუკითხაობაში აღმოგვხვდება სული. ამ ხელისუფლებას არ გააჩნია იდეოლოგია, პასუხისმგებლობა, კვალიფიკაცია, პატრიოტიზმი... მათ ხალხი მხოლოდ საარჩევნო ხმებისთვის სჭირდებათ.
''დემოკრატიული მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ''ალიასთან'' ინტერვიუში აფასებს პატრიარქის სენსაციურ განცხადებას:

- პატრიარქის სილა "ქართულ ოცნებას!.." 27 მაისს პატრიარქმა უმნიშვნელოვანესი ფრაზა თქვა: "რამდენიმე წლის წინათ მოგიწოდებდით, სამშობლოში დაბრუნებულიყავით, ახლა მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით..." ფაქტობრივად, პატრიარქმა შეაჯამა ხელისუფლების უუნარობა, უმოქმედობა, არაპროფესიონალიზმი, ფეხებზე რომ ჰკიდიათ ჩვენი დიასპორა, საქართველოდან ლუკმაპურის საშოვნელად წასული ჩვენი თანამოქალაქეები, ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას და პატრიარქს გვერდით ეჯდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. პატრიარქის განცხადება, ეს იყო მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. პატრიარქმა შეაჯამა ''ქართული ოცნების'' მუქთახორობა და მლიქვნელობა, ვითომ ძალიან ადარდებთ დიასპორა. ხელისუფლება, რომელიც 24 საათი ფიქრობს, როგორ გაყიდოს ქართული მიწები და არ ფიქრობს, როგორ დააბრუნოს საქართველოდან გადახვეწილი მოქალაქეები, ერის სულიერმა მამამ პირდაპირ უთხრა, რომ უუნაროები არიან. როგორ არ გაუსკდათ ცარგვალი ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც გვერდით ესხდნენ, ეს არის ამათი სახე. პატრიარქმა ითმინა, ითმინა და პირდაპირ თქვა, რომ მას სტკივა თითოეული მოქალაქის გასაჭირი. ის პასუხისმგებელია, როცა დიასპორას მოუწოდებდა დაბრუნებისკენ, რომელ საქართველოში უნდა დაბრუნდნენ, რომელიც არაბებს, თურქებს, ჩინელებს მიჰყიდეს?!. ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, ისინი გადასულები არიან ქურდობაზე, ხალხის ძარცვაზე. ჩვენ ვხედავთ, ვინმე ფარცხალაძე და თორდია როგორ გახდნენ მილიონერები. როცა უწმინდესი ასეთ ფრაზებს ამბობს, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არ არსებობს. ხელისუფლება არის დამნაშავე, კინწისკვრით არის გასაგდები, მაგრამ ესენი ისეთი უნამუსოები არიან, უკანა, რბილ ადგილას რომც ურტყა და აფურთხო, ჩამოიწმენდენ და იგივეს გააგრძელებენ, ცალ-ცალი კალოშით რომ მოვიდნენ და მილიონერები რომ გახდნენ. სირცხვილი მათ, ჩვენ არ უნდა მოვითმინოთ ეს. მოდის ჟამი, რომ მათ პასუხი მოვთხოვოთ.
- 2011 წლის 26 მაისი ქვეყნის ახალი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისის სტარტი აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი სისხლიანი დარბევების შემდეგ გამოჩნდა, თქვენი აზრით, რა შეიცვალა "ოცნების"  მოსვლიდან დღემდე?
- 2011 წლის 26 მაისს ჩვენი აქტიურობით, თავდადებითა და თავგანწირვით, საბოლოოდ ლახვარი ჩაესო მთელი მსოფლიოს წინაშე და გამოაშკარავდა სისხლიანი რეჟიმი. მისი რღვევა და გაბითურება სწორედ 26 მაისით დაიწყო. ჩვენს თავგანწირვაზე და ჩვენი თანამებრძოლების დაღვრილ სისხლზე მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება ლოზუნგებით, დაპირებებით, იმედებით, მაგრამ ჩვენ ვერანაირი წინსვლა ვერ მივიღეთ, ხალხი მოტყუებული დარჩა და სარგებელი მიიღო ''ქართული ოცნების'' ხელისუფლებამ, რომლებიც მოკალათდნენ რბილ ადგილებზე, მაღალი ხელფასებით, დანამატებით, ფუფუნებით განცხრომაში არიან და ხალხისთვის არ სცალიათ. ჩვენ დღეს გვყავს გამოფარცხალავებულ-გამოთორდიავებული ხელისუფლება. ამათ ხელში ტერიტორიულ მთლიანობაზე ოცნებაც კი გამორიცხულია. ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე ოფიციალურ დონეზე საუბრის დაწყებასაც კი ვერ ვეღირსეთ, ჩვენ ვერ მივიღეთ გამართული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, დემოგრაფიულად გამართული ხელისუფლება და ყველა მიმართულებით ნაბიჯები უკანაა გადადგმული და რაც მთავარია, ჩვენ არ გვაქვს რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო. ხელისუფლება მიფჩენილია, რომელი ქვეყნის ელჩი ან ლიდერი დაუქნევს თითს, მისცემს დავალებას და ესენიც მათ დავალებას კარგად ვერ ასრულებენ. ეს არ არის როგორც ოპოზიციონერის ჯიბრში ჩადგომა, მე ვლაპარაკობ იმ რეალობას, რაც არის.
- როცა ქვეყნის მთავარ აუდიტორს ყოფილი მთავარი პროკურორი წიხლქვეშ იფენს და სცემს იმის გამო, რომ გაბედა, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ანგარიში გაეკეთებინა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია კი არ ყვავის, არამედ ზენიტშია და ჩინოვნიკებს დოლარების თვლაში თითები აქვთ გაშავებული და მაზუთის სუნად ყარან. არანაკლები პათოლოგია მთავარი აუდიტორი თორდია, რომელიც იარაღის ტრიალით ოფიციანტებს ემუქრება და იმის უნარიც არ ეყო ხელისუფლებას, რომ თორდია თავიდანვე ჩამოეცილებინა. რა ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე?
- მართლა არ გამიკვირდება, ხვალ რომ გიორგი კვირიკაშვილი საკუთარ კაბინეტში სცემონ, მერე მიადგნენ მარგველაშვილს და ჭიტლაყი ამოჰკრან, მერე ეცნენ კულულებიან ბიჭს კობახიძეს და დააწიწკნონ თმა და რაღა დარჩა, ბიძინასაც მისწვდებიან... ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად უმოქმედო, არაოპერატიული, უპრინციპო, გაზულუქებული, საკუთარ ჩრდილს შეშინებული ლაჩარი ხელისუფლება, გამეცადინებული მხოლოდ საკუთარი ჯიბისა და ოჯახის კეთილმოწყობაში, რაც ჩვენ ვნახეთ ორი მაღალი თანამდებობის პირის ცემა-ტყეპასა და დაპირისპირებაში, ეს არის სახელმწიფოს სინდიკატი და არა სახელმწიფო, რომელიც მფარველობს დამნაშავეს. თუ ოფიციალურად დამტკიცდება ფარცხალაძის დანაშაული, ეს არის სახელმწიფოებრივი კორუფციის უმაღლესი ფორმა და მე მახსენდება სამხრეთ ამერიკელი დიქტატორის ფრაზა: მეგობრებს _ ყველაფერი, ხალხს - კანონი... აი, ასე მოქმედებენ ესენიც... როცა ჩვენ ვამბობდით, აღდგეს სამართლიანობა და გასამართლდეს დამნაშავე სისტემა, არც ერთი არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ. მეტიც, დამნაშავე სისტემის წარმმართველი და სადამსჯელო ბერკეტი იყო მაშინდელი კონტროლის პალატა და დღევანდელი აუდიტის სამსახური და მისი პირსისხლიანი, უპრინციპო, უსახო თანამდებობის პირი მოიყვანეს და გააგრძელებინეს მუშაობა, ამსახურებინეს თორდიას დღემდე, რაც შეეხება ფარცხალაძეს, ეს ხომ საერთოდ ანეკდოტია, როცა გახმაურებული ცემის ფაქტის შემდეგ, მის სახლში მაღალი თანამდებობის პირები პროკურატურიდან და უშიშროებიდან მოწიწებით მიდიოდნენ. არ ვიცი, იქ რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ამას ახსნა არ აქვს. ფაქტია, რომ ორივე დაუსჯელია. რატომღაც, ამათ ჰგონიათ, რომ ხალხი ყველაფერს გადაყლაპავს და საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ ამჩნევს ამ უკანონობას. ამიხსენით, რა ჰქვია ამას, როცა მთავარ პროკურორად ინიშნება არაფრისმქონე ადამიანი და წელიწად-ნახევარში ხდება ოფიციალური მილიონერი? კაციშვილი პასუხს არ სთხოვს, არ არის ეს კორუფცია, რაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ხელისუფლებაში? ამ უდღეური და სახედაკარგული ხელისუფლების ერთადერთი პასუხი არის ის, რომ რა გინდათ, ჩვენ ხომ ხალხს არ ვხოცავთო?!. აი, ეს განაპირობა ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, შუა უნდა გაიკრიფოსო. მან ოპოზიცია მოსპო და დატოვა მხოლოდ ''ნაციონალური მოძრაობა'' მუდმივად იმის სათქმელად, რომ კაი, ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ ''ნაციონალური მოძრაობა'' უარესიაო!.. საპირწონედ სჭირდებოდათ მათ ''ნაციონალური მოძრაობა'' და ამან უფრო დიდ უბედურებასა და განუკითხაობაში რომ გახვია ქვეყანა, ფაქტებით დასტურდება, იგივე, ციანიდის საქმე ავიღოთ. ნახეთ, როგორ შელახეს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის სახელი, საერთაშორისო დონეზე აღარავინ ახსენებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ესენი კი ტაშ-ფანდურზე არიან გადასული. რომის იმპერიაში გაჩნდა ტერმინი _ პური და სანახაობა, მაშინაც კი, რომის იმპერია უფასო სანახაობას აწყობდა ხალხისთვის. დღევანდელი ხელისუფლება კი ისე დაეცა, უცხოელი მომღერლის ჩამოსაყვანად 5 მილიონს იხდის მაშინ, როცა საკუთარი მოსახლეობა მშიერ-მწყურვალი ჰყავს და ბილეთის ფულსაც ახდევინებს. "ჩეკინ ჯორჯია", რომელსაც უცხოეთიდან მომღერლები ჩამოჰყავს, კულტურის მინისტრის კომპანიაა, გაგიგიათ ასეთი რამე? კულტურის მინისტრის ჯიბეში ჩადიოდეს ბიუჯეტის ამხელა ფული და პასუხს არ სთხოვდნენ?!. მდაბიოების, პლებეების დოღია საქართველოს ხელისუფლებაში, ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გაყიდულია. ამომრჩევლები 20 ლარად იყიდეს და რა სანახაობაც უნდათ, იმას სთავაზობენ...
- "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი, ფაქტობრივად, პატრულმა მოკლა. როგორც წინა ხელისუფლების დროს გაურბოდნენ პოლიციას გირგვლიანი და სხვები და დევნაში ჩახოცეს, ანალოგიურად მოკლეს 21 წლის ახალგაზრდა, როცა მას გვირაბთან ტრაილერით კედელი აღუმართეს, თუმცა ყველა დუმს, შინაგან საქმეთა მინისტრი საპატრულო პოლიციის დანაშაულზე განცხადებას არ აკეთებს, რატომ?
- ჩვენ საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან, უპასუხისმგებლობასთან, უბნებში იარაღით დადიან, ერთმანეთს ესვრიან, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ვთქვი, რომ ქვეყანაში განუკითხაობა დაიწყებოდა და ისე აგიცხადდათ ყველაფერი კარგი, დღევანდელი ხელისუფლებისთვის რომ გეკითხათ, გმობდნენ ფარულ კადრებს, მაგრამ როცა დასჭირდათ, კარგად ააფრიალეს. თორდიაზეც ვნახეთ, რომ კადრები ჰქონდათ, არ შეეძლოთ, თავის დროზე მოეხდინათ რეაგირება, ახლა რომ ააფრიალეს. რამდენი ასეთი უკანონობა გააკეთეს. ესენი ქართველი ხალხის სინდის-ნამუსს ყოველთვის ვერ იყიდიან, ამასაც ნახავთ. რამდენი მიმართულებით არის უწესრიგობა, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ოთხოზორიას მკვლელი რესტორნიდან რესტორანში დადის და პასუხს ვერ სთხოვენ, "ციანიდის საქმეზე" გახსოვთ, რა სამარცხვინო რამ ჩაიდინეს, გაჰყვიროდნენ, გადავარჩინეთ საქართველოო. მოსთხოვა ვინმემ პასუხი?! 26 მაისის საქმეზე მერაბიშვილს რომ მიუსაჯეს მსუბუქი მუხლი და სხვა დამნაშავეები რომ დღეს თანამდებობებზე ჰყავთ, სწორედ მათ ეყრდნობიან, ეს არის მათი სამართალი. თურმე, რაკი სააკაშვილის მსგავსად, ტანკებით არ გვივლიან და დუბინკებით არ გვირტყამენ, ყველაფერი უნდა ვითმინოთ! არ იქნება ასე... მოლა ნასრედინის მსგავსი მატყუარა ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ხალხის პრობლემებისთვის საერთოდ არ სცალია, შიგნით სამკვდრო-სასიცოცხლო ომია გაჩაღებული, ახლა მერობისთვის მიდის ბრძოლა, ვინ ჩაიგდებს იმ სიკეთეებს ხელში, რაც ქალაქის მერს და მერიას აქვს. ხელისუფლებაში არის რამდენიმე დაჯგუფება, კვირიკაშვილის გუნდი, კალაძის გუნდი, რომელიც ყველაზე ეშმაკურად მოქმედებს, მას სურს, რომ პარლამენტში თავისი დეპუტატების რაოდენობა გაზარდოს. ცალკე ქუმსიშვილი თავისი გუნდის ჩამოყალიბებისთვის იღვწის, მას ჰგონია, რომ ადენაუერია და ის გახდება პრემიერ-მინისტრი, ცალკე თამაშს თამაშობს, ცალკე ჯგუფია ბიძინა ივანიშვილის სანათესავო გუნდი, მიდის ერთმანეთის დასმენა, ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს ივანიშვილის კარზე და ეს პროცესი გრძელდება, რაც ამაზრზენი ხდება.
- კახი კალაძის მერობის შემთხვევაში, რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ?
- კახი კალაძე ამ მკვდრების ფონზე, საკმაოდ ეშმაკი და წინდახედული აღმოჩნდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კალაძე ისეთი პოლიტიკური ფიგურა გახდება, რომელიც შეძლებს მმართველობაში მოსვლას. კალაძეს სხვებთან შედარებით მეტი ფინანსური რესურსი აქვს, მას შეუძლია თქვას, რომ კანონიერი გზით მოიპოვა ეს ფინანსები, ყოველ შემთხვევაში, სანამ ფეხბურთელი იყო, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას გარკვეულ დროს სწყალობდა სააკაშვილი. თუ ბევრს ილაპარაკებს კალაძე, ყველა დეტალს გავუხსენებ, მან მთელი რიგი ობიექტები ერთ დოლარად მიიღო, გავიხედოთ თუნდაც ქობულეთისკენ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი საბოლოოდ არ არის მისი მერად დასახელება, პოლიტსაბჭო უნდა შეიკრიბოს უახლოეს ხანებში, სადაც ამ საკითხზე იქნება მსჯელობა. რამდენიმე მაღალანაზღაურებადი სოციოლოგი ჰყავთ დაქირავებული და თავის უფროსს დაუდებენ, ვის რა რეიტინგი აქვს შესაძლო არჩევნებისთვის და აქედან გამომდინარე, ალბათ, გადაწყდება, ვის დააყენებენ მერობის კანდიდატად საბოლოოდ. "ოცნებაში" არის ერთი ფრთა, რომელიც კბილებით იცავს ნარმანიას და ისევ მის გაყვანას ცდილობენ. ამბობენ, ახალი რომ მოვიდეს, სიტუაცია აირევა და ახალმა ჯგუფმა ხელმეორედ უნდა გადაალაგოს სიტუაციაო...

ნინო სამხარაძე

 

FaceBook Twitter Google