ინტერვიუები
ნინო ბურჯანაძე - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას არაფერი მოჰყვება, ეს არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები
ინტერვიუ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან.

- ძალიან ხშირად თქვენ მოგიხსენიებენ, როგორც პრორუსულ ძალას, როგორც რუსეთის პრეზიდენტის ინტერესების გამტარებელს საქართველოში, ამიტომ ძალიან საინტერესოა, როგორ შეაფასებთ, საქართველოში ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის სამუშაო ვიზიტს, რამდენად რეალურად გამოჩანდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი?
- მე არ მგონია, ვინმეს რეალურად სჯეროდეს, რომ მე ჩავდივარ მოსკოვში და რაღაცებს ვათანხმებ, მერე კი აქ ვახმოვანებ. ეს ხომ არასერიოზულია? - ეს არის კლიშე, რომელიც ძალიან კარგად გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ უბრალოდ ამ კლიშეს მეტ-ნაკლებად იყენებდა „ქართული ოცნება“. დამისახელეთ ჩემი ერთი ინიციატივა, რომელიც იყო მარტო რუსეთისთვის სასარგებლო და არ იყო პირველ რიგში, საქართველოსთვის სასარგებლო. შემიძლია, მე დაგისახელოთ ინიციატივა, რომელიც იყო საქართველოსთვის სასარგებლო და ძალიან ნაკლებად რუსეთისთვის სასარგებლო. მაგალითად, საქართველოს უბლოკო სტატუსი. ამიხსენით, რატომ უნდა მოეწონოთ რუსეთში ინიციატივა რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ იმ ტერიტორიებიდან, სადაც კარგად არიან მოკალათებულები, სადაც ასობით მილიონი დახარჯეს ინფრასტრუქტურის შემუშავებაში, საიდანაც მთელ საქართველოს აკონტროლებენ. ვინ უფრო პრორუსულია, ვინ უფრო აკეთებს რუსეთისთვის სასარგებლო საქმეს, ამაზე ძალიან ადვილია აქცენტის გაკეთება და დასკვნის გამოტანა. ვერც ერთი პრორუსული ხელისუფალი ვერ გააკეთებდა ისეთ სასარგებლო საქმეს რუსეთისთვის, როგორიც ე.წ. პროდასავლურმა სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა და დღეს ამას აგრძელებს „ქართული ოცნება“.
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მან ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება, მან ეს ერთმნიშნელოვნად დააფიქსირა ჩემთან შეხვედრის დროსაც ჯერ კიდევ 2010 წელს, როცა ძალიან ნათლად მითხრა, რომ რუსეთს მეტი შანსი აქვს გაწევრიანდეს ნატოში, ვიდრე საქართველოს. ასე რომ, რუსეთმა ძალიან კარგად იცის, საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება, ამაზე მეტყველებდა ობამას გამოსვლები, მერკელის გამოსვლები, ოლანდის გამოსვლები...
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დაკომპლექტებულია იმდენად გამოუცდელი და იმდენად არაკომპეტენტური ადამიანებით, რომ მე არ გამოვრიცხავ, მათ მართლა სჯეროდეთ, რომ საქართველო ხვალ გაწევრიანდება ნატოში. ის ფაქტი, რომ საქართველოში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ანსამბლეა, ნამდვილად მნიშვნელოვანი მომენტია. მნიშნელოვანი მომენტი გახლავთ თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამით გარკვეული მესიჯი იგზავნება ნატოს მხრიდან, მაგრამ ჩვენ ამას ყველაფერს უნდა შევხედოთ იმ კუთხით, რა შეუძლია ამ მოვლენას მოუტანოს საქართველოს. მოდით, შევხედოთ, რა პოზიტივი მოაქვს საქართველოსთვის ამას და რა ნეგატივი შეიძლება მოუტანოს. პოზიტივი არის ის, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტარები ჩამოვიდნენ საქართველოში, გაიცნეს საქართველო, უდაოდ წავლენ აქედან პოზიტიური განწყობით და ასევე პოზიტიურია, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მოწოდება, რომ გათავისუფლდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ა. შ. მაგრამ ეს არის სიტყვები, ეს არის ლამაზი სიტყვები, რომელიც უკვე აღარ არის საკმარისი საქართველოსათვის. თუ ეს შეიძლება მეტ-ნაკლებად საკმარისი ყოფილიყო 10 ან 15 წლის წინ, დღეს უკვე ეს სიტყვები არათუ საკმარისი არ არის, არამედ უბრალოდ გამაღიზიანებელიც კი არის. არაფერი ამ დეკლარაციებს არ მოჰყვება, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გაღიზიანდება რუსული მხარე, კიდევ უფრო აგრესიული გახდება რუსული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში, კიდევ უფრო მეტად ჩიხში შევა პროცესი აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში, ჩვენ კი დავრჩებით როგორც ყოველთვის ლამაზი სიტყვების ამარა.

- სწორედ ამ საფრთხეებზე და კრემლის აგრესიაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ლიტვის დელეგაციის წარმომადგენელმა, რასა იუკნევიციენემ და მოგვიწოდა, რომ ნუ შეგვეშინდება...
- მე ლიტვას ძალიან დიდი პატივს ვცემ. ჩვენდამი ნამდვილად კეთილგანწყობილი სახელმწიფოა, როგორც ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოები, მაგრამ არ დავეთანხმები ლიტვის დელეგაციის წარმომადგენელს. თუ მათ არ ეშინიათ კრემლის აგრესიის, მაშინ ყოველ მეორე სიტყვაში რუსეთს რატომ ახსენებენ და რატომ სთხოვენ ნატოს მეტ თავდაცვას და მეტ მხარდაჭერას და ა.შ.? ძალიან მაინტერესებს ლიტვის პრეზიდენტი იგივე განცხადებას თუ გააკეთებდა, ნახევარი ლიტვა ან თუნდაც ლიტვის მეხუთედი რუსეთის სამხედრო ჯარების მიერ რომ იყოს დაკავებული? ეს არის უფრო უპასუხისმგებლო განცხადება, ვიდრე პოლიტიკურად გაწონასწორებული. ნატოს საპარლამენტო ანსაბლეის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ საქართველო ხვალ და ზეგ გახდება ნატოს წევრი, არც ერთი ადამიანი ჩვენ არ გვეუბნება, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი აქვს, მაგრამ დააკვირდით, რა თქვეს უმაღლესმა წარმომადგენლებმა - მათ თქვეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობით საქართველოს ნატოსთან დაახლოებით ჩვენ უპირველესად ვიცავთ ჩვენი სახელმწფოების ინტერესებსო. ამ სახელმწიფოების ინტერესებში კი ნამდვილად შედის რუსეთს რაც შეიძლება მეტი თავის ტკივილი ჰქონდეს, რომ ნაკლები გავლენა იქონიოს ევროპაზე და დანარჩენ საქართველოზე, ანუ რაც მეტი თავის ტკივილი ექნება რუსეთის, მით უკეთესია დასავლური სახელმწიფოებისათვის, რაც მეტი თავის ტკივილი ექნება, მით უფრო მარტივად შეძლებენ ისინი რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას. რაც უფრო სუსტი იქნება რუსეთი, მით უკეთესია ეს დასავლეთისათვის, მაგრამ ჩვენს ხარჯზე უნდა მოხდეს ეს? შეიძლება ჩვენც გვაწყობდეს, რომ რუსეთი არ იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც არის და ჩვენ მეტად შეგვეძლოს ჩვენი ინტერესების დაცვა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, ვერც მოვახერხებთ. დღეს არის მოცემულობა, რომ რუსეთი არის მთავარი მოთამაშე თანამედროვე მსოფლიოში, რომ რუსეთის პრეზიდენტი არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი მსოფლიოში ანუ მათი დასუსტება საქართველოს ხარჯზე უნდა მოხდეს? მაშინ საქართველომ რაიმე უნდა მიიღოს აქედან ხომ? ჩვენ რომ გვქონდეს იმის გარანტია, ამის სანაცვლოდ მივიღებდით აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მაშინ შეიძლებოდა ამ ავანტურაზე წასვლა, მაგრამ დღეს ხომ ფაქტია, ასეთი ავანტურით უფრო და უფრო ვშორდებით აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარებას, დღეს ხომ ფაქტია, რომ ვერანაირი დეკლარაცია, ვერანაირი განცხადება, ვერანაირი კომუნიკე ვერ აიძულებს რუსეთს ერთი ნაბიჯიც კი უკან გადადგას იმ პოზიციიდან, რომელი პოზიციებიც მას უკავია?

- დიდი ხანია ნატოში საქართველოს გაწევრიანების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი გაგრძელდება და რა მომზადებაზეა საუბარი?
- არანაირი მომზადება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისათვის არ სჭირდება, იმიტომ რომ ნატოს წევრები არიან სახელმწიფოები, მაგალითად ალბანეთი, რომელიც არაფრით წინ არ არის საქართველოზე და ძალიან ბევრი კომპონენტით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ნამდვილად უფრო წინ არის ალბანეთზე, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როცა ალბანეთი მიიღეს ნატოს წევრად და საქართველოს უარი უთხრეს. საქართველოს უარი უთხრეს მაპ-ზეც და ნატოს წევრობაზეც სწორედ იმიტომ, რომ ეს არის რუსული პოზიციის გაზიარება დასავლური სახელმწიფოების მხრიდან. ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, ხვალ რომ დასავლეთმა გადაწყვიტოს საქართველო ნატოში მიიღოს, ეს ნიშნავს საქართველოს გაყოფაზე თანხმობას იმიტომ, რომ საქართველო ნატოში ვერ შევა ვერც ერთ შემთხვევაში იმ საზღვრებით, რა საზღვრებითაც არის აღიარებული გაეროს მიერ. ე.ი. ჩვენ უნდა ვთქვათ უარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე. ეს არის ერთმნიშნელოვანი. აქ საერთოდ სადაოც კი არაფერი არ არის. ეს ძალიან კარგად იციან ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, თუმცა შეიძლება ამისთვის დიდად ანგარიში არც გაეწიათ. ჩვენ თუ არ გვენაღვლება აფხაზეთი და სამაჩაბლო, ნატოს წევრი სახელმწიფოები რატომ იდარდებენ, მაგრამ ისინი ანგარიშს უწევენ მეორე ფაქტორს, საქართელოს ნატოში გაწევრიანებას რუსეთი არ დაუშვებს, მეორე ომის დაწყება რომ დასჭირდეს.
არანაირი მომზადება არ არის საჭირო, აქ არის აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილება და კიდევ კარგი, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები უფრო ჭკვიანები არიან და პოლიტიკურად სწორ ნაბიჯებს დგამენ, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსები. მათ ესმით, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს შეიძლება საქართველოსათვის დამღუპველი აღმოჩნდეს და ამან გამოიწვიოს ძალიან მძიმე კრიზისი რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი რატომ არ წევრიანდება საქართველო და რატომ არ იღებენ საქართელოს ნატოში. დავანებოთ ხალხის მოტყუებას თავი.

- ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ისაუბრა საქართველოში არსებულ იმ პარტიებზე, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ახორციელებენ, მათ შორის ამბობენ იმას, რასაც თქვენ ამბობთ - საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება...
- კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას, რატომ არის რუსული პროპაგანდა და რუსეთის პოლიტიკა ის, რომ მე ჩემი ქვეყნის გამთლიანება მინდა? ვინ უფრო აკეთებს რუსეთის საქმეს?! ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი უცოდინარობით ან თავიანთი სკამების შენარჩუნების მიზნით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთს ყველანაირი საფუძველი მისცენ ერთი ნაბიჯი არ გადმოდგას წინ, ეს ადამიანები უფრო აკეთებენ რუსეთის საქმეს თუ მე, რომელიც მუდმივად იმაზე ვლაპარაკობ, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, რუსული სამხედრო ჯარები საქართველოდან გავიყვანოთ და აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ? აქ გონიერი ადამიანისთვის კითხვის ნიშანიც კი არ ისმის, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდას თუ განწყობას არის აყოლილი და ამბობს, რომ ნატო არის ჩვენთვის გარანტი იმისა, რომ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. როგორ? მოდით, დავუშვათ, რომ ხვალ ჩვენ შევედით ნატოში, მიგვიღეს ნატოში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე, რა ხდება მერე? რუსეთი გაიყვანს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ჯარებს? თუ მოუმატებს კონტიგენტს? და რას იზამს ნატო ამ შემთხვევაში, დაუწყებს რუსეთს ომს და ძალით გაყრის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან?! ამიტომ წერია ნატოს წესდებაში, რომ ასეთი მოცემულობა მიუღებელია, პირდაპირ წერია, რომ ნატოს წევრი ვერ გახდება ქვეყანა, რომელსაც აქვს კონფლიქტები თავის ტერიტორიაზე ან რომელსაც არ აქვს მოწესრიგებული საზღვრები და აქვს სასაზღვრო პრეტენზიები სხვა სახელმწიფოებთან - პირდაპირ წერია ეს ყველაფერი. მოდით, დავუშვათ თუნდაც თეორიულად, რომ ამის შანსი გვაქვს, დავივიწყოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, დანარჩენი საქართველო შევიდეს ნატოში და ევროკავშირში და ვიცხოვროთ კარგად და ტკბილად, ჩემთვის ეს არის სამშობლოს ღალატი. დღეს და ხვალ აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავივიწყებთ, ხვალ კიდევ ერთ ტერიტორიას დავივიწყებთ, სადაც ასევე რუსული გავლენა ძალიან დიდია, ზეგ კიდევ ერთ ტერიტორიას და საქართველოდან საუკეთესო შემთხვევაში თბილისი და ქუთაისი შეიძლება დარჩეს. ამიტომ ეს არის აბსოლუტური სიბეცე.

- როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები? რას გვთავაზობთ?
- არ მინდა ტერიტორიები დავარქვა იმიტომ, რომ იქ ადამიანები ცხოვრობენ, ჩვენთვის ის ადამიანები ფასეულნი არიან, მე მათ ჩვენს თანამოქალაქეებად აღვიქვავდი ყოველთვის და ახლაც. აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების გზა არის მხოლოდ შემდეგი, პირველი, პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, ნდობის აღდგენა, ჩატეხილი ხიდის აღდგენა გარანტიების მიცემით, რომ არასდროს განმეორდება არც 1991 წელი და არც 2008 წელი და ამ დიალოგში და ამ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის დაინტერესება და რუსეთის ჩართვა. მხოლოდ ასე შეიძლება ამ ტერიტორიების დაბრუნება, სხვა გზა არ არსებობს, ან ჩვენ უნდა ვთქვათ სამუდამოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარი, ან მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა ავირჩიოთ.
ეს უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების პირდაპირი საუბარი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დღევანელ დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ძალიან მძიმეა და ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ იმ არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც ტარდება იქიდან გამოდევნილი ადამიანების გარეშე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ არსებული რეალური სიტუაცია. არსებული რეალური სიტუაცია კი არის ის, რომ ის ადამიანები, ვისაც დღეს აფხაზეთის და ცხინვალის პრეზიდენტი და ხელისუფალი ჰქვია, არჩეულია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე და ამ რეალობის იგნორირება უბრალოდ ჩვენ არაფერს მოგვიტანს. ჩვენ წინ ვერ წავალთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ უნდა იყოს ჩვენი მხრიდან მათი აღიარება და ვერც იქნება, მაგრამ ეს უნდა იყოს დე ფაქტო ანუ არსებული რელაობიდან გამომდინარე მოლაპარაკებების დაწყება.

წყარო: Interpressnews.ge
FaceBook Twitter Google