ინტერვიუები
სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოსთან საზღვრები თავისკენ გადასწიეს
გიგლა ბარამიძე "ასე თუ გაგრძელდა, მარტო ვერა-ვაკე დაგვრჩება"
რატომ აღარ სცემენ პატივს საქართველოს, რისი ეშინია ხელისუფლებას, რატომ ამბობს თბილისი უარს საზღვრების დემარკაციაზე, ვთქვით თუ არა უარი აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, რატომ უქმდება მაჟორიტარული სისტემა, რა შემთხვევაში იტყვის უარს ივანიშვილი თავის გუნდზე? - ამ თემებზე ''ახალ თაობას'' ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- ''ქართული ოცნება" ამომრჩეველს ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას ჰპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ სისტემის გაუქმება ჯერ 2020 წლის არჩევნებისთვის გადაიტანეს, ამ დღეებში კი განაცხადეს, რომ პროპორციულ სისტემაზე, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის გადავალთ. მოსახლეობას იგდებს ხელისუფლება მასხრად თუ საკუთარ თავს?
- პირველ რიგში, საკუთარ თავს იგდებენ მასხრად და დიდი ხანია, უკვე გამასხარავებული არიან. უკვე დიდი ხანია, მოსახლეობა მათ განცხადებებს სერიოზულად აღარ აღიქვამს. ან როგორ უნდა აღიქვა ეს ხელისუფლება სერიოზულად, როცა ერთი ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახის შვილის ფეისბუქსტატუსის გამო 2 წუთში შეიცვალეს პოზიციები. მანამდე დაწერილი პოსტებიც კი წაშალეს. ხალხის არ გრცხვენიათ, არ გრცხვენიათ, მაგრამ საკუთარი ოჯახისა და საკუთარი თავის მაინც უნდა შეგრცხვეთ.
სიმართლე გითხრათ, მე არც ველოდი, რომ ესენი მაჟორიტარულ სისტემაზე უარს იტყოდნენ. მათთვის მაჟორიტარები ძალაუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი საშუალებაა.
- დაპირებას რომ არ ასრულებენ, ეს არაფერს ნიშნავს?
- მათ არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ. ''ქართული ოცნების'' მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. სად აღადგინეს სამართალი? დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლები მთავარ ოპოზიციად დასვეს და მათთან სიამტკბილობაში არიან. არც ის არის დამალული ვინმესთვის, რომ ისინი ივანიშვილთანაც დადიან სათათბიროდ.
შეუსრულებელი დაპირებებისა და უმოქმედობის გამო ხალხმა ამათ სამართლიანად დაარქვა უნიათოები. საქვეყნო საქმეების კეთებაში მართლა უნიათოები არიან, სამაგიეროდ, პირადი ცხოვრება მოიწყვეს კარგად. რამდენი მათგანი მოვიდა ხელისუფლებაში ცალ-ცალი ფლოსტით და ახლა მილიონერები არიან.
ისიც საინტერესოა, მას შემდეგ, რაც ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ, როგორ აღმოაჩნდათ მათ ცოლებს, ბიძებს, დეიდებსა და საყვარლებსაც კი ბიზნესის ნიჭი. ასეთი ნიჭიერი ბიზნესმენები თუ იყვნენ, აქამდე სად იყვნენ? საკუთარი კეთილდღეობის მოწყობაში უნიათოები ნამდვილად არ არიან. მშვენივრად ცხოვრობენ და საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი.
- ეს თავად ხალხის ბრალიც ხომ არ არის, რომელიც არაფერზე რეაგირებს?
- ხალხის ბრალი როგორ არ არის. ჩვენი საზოგადოება ყველაფერზე სათანადო რეაგირებას რომ ახდენდეს, ესენი ამდენს ვერ გაბედავდნენ. ''ქართული ოცნება'' ამდენს სწორედ ხალხის ნიჰილისტური განწყობის გამო ბედავს. ''ახალ თაობასთან'' საუბარში ადრეც მოვყევი, თუ რაზე მქონდა საუბარი ''ოცნების'' ერთ-ერთ გავლენიან წევრთან. მე მას ვუთხარი, ასეთ რამეებს რომ აკეთებთ, ხალხის პროტესტის არ გეშინიათ-მეთქი? მან მიპასუხა, რაც არ უნდა მოხდეს, ხალხი მაინც არ გამოვა ქუჩაშიო. ხალხი ჯერ არ გამოდის ქუჩაში, მაგრამ ასე დაუსრულებლად არ გაგრძელდება.
- რა შემთხვევაში გამოვა ხალხი ქუჩაში?
- ხალხს ისე ამოუვიდა ამათი ვირეშმაკობა ყელში, რომ შესაძლოა ქუჩაში გამოსასვლელად პატარა მიზეზიც კი საკმარისი გახდეს. ''ქართულ ოცნებას'', ამ უმაქნის ხელისუფლებას, ხალხის პროტესტის ძალიან ეშინია.
რამდენიმე დღის წინ დააკავეს ახალგაზრდა რეპერები. ამის გასაპროტესტებლად ქუჩაში რამდენიმე ათასი ახალგაზრდა გამოვიდა. ხელისუფლება ამ მცირე პროტესტმაც კი ისე შეაშინა, რომ პროკურატურა და სასამართლო ერთმანეთს ასწრებდნენ გადაწყვეტილების შეცვლას. აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების წევრების განცხადებებზე.
ადრე თუ გვიან ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვა და მერე ამათ აღარც ცრუ დაპირებები უშველის, აღარც იმის ძახილი, ჩვენ თუ წავალთ, ნაციონალები დაბრუნდებიანო და აღარც ერთი კაცის მილიარდები.
- ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ როცა ხალხის მოთმინების ფიალა აივსება, მოვლენები რევოლუციური სცენარით განვითარდება. იქნება რევოლუცია?
- იმედი მაქვს, რომ რევოლუციამდე საქმე არ მივა. საქართველოსთვის ყველა რევოლუცია ცუდად დამთავრდა და მომავალშიც ასე იქნება. ამიტომ არ მინდა, კიდევ ერთი რევოლუცია ვიხილო. ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი ნაკლებად მაქვს, ისევ საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა მშვიდობიანად.
ხშირად ადანაშაულებენ ყველაფერში პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსების დიდ ნაწილს მეც ვადანაშაულებ, მაგრამ რატომ ავიწყდება საზოგადოებას, რომ ეს ხალხი მათ აირჩიეს? როგორი საზოგადოებაც გვყავს, ისეთია დღევანდელი ქართული პოლიტიკაც.
კარგად მესმის, რომ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ არჩევნებზე რამდენიმე ათეულ ლარად არ უნდა გაყიდოს თავისი ხმა. ამით ისინი საკუთარ მომავალსაც ყიდიან. მოსახლეობა არჩევნებზე მისვლასა და საკუთარი არჩევანის დაცვასაც უნდა მიეჩვიოს. ქართველები ძალიან მივეჩვიეთ წუწუნს და ყველაფერს სხვას ვაბრალებთ, მაგრამ საკუთარ ქმედებებზე არავის უნდა პასუხისგება.
- საქართველოში მორიგი არჩევნები რამდენიმე თვეში ტარდება. ''ოცნება'' თვითმმართველობის არჩევნებშიც ისეთივე შედეგს დადებს, როგორიც საპარლამენტო არჩევნებზე აჩვენა?
- საზოგადოება თუ არ იაქტიურებს, "ოცნება" ისევ მოიგებს არჩევნებს. საარჩევნო კანონის გასაუმჯობესებლად ამ უნიათოებმა არაფერი გააკეთეს. ცვლილებები, რომლების შეტანასაც კონსტიტუციაში აპირებენ, ვენეციის კომისიამაც დაიწუნა. ვენეციის კომისია საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს და ბონუსების განაწილების პრინციპს იწუნებს. კომისიას არც საარჩევნო ბლოკების გაუქმების იდეა მოსწონს.
იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ მათი შენიშვნები გაითვალისწინოს, მორიგი სპექტაკლი დადგეს.
- რა სპექტაკლზე საუბრობთ?
- პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ამ კომისიის სხდომაზე დასასწრებად წაპრაკუნდნენ. ისეთი შთაბეჭდილების შექმნა უნდათ, თითქოს საქმიან შეხვედრაზე წავიდნენ. იქ წაპრაკუნებას სჯობია, საარჩევნო სისტემა გააკეთილშობილონ. რამდენიმე წელია უკვე ხელისუფლებაში არიან და იმას ვერ მივაღწიეთ, რომ არჩევნები ბიომეტრიული სიებით ჩატარდეს. არადა, ხელისუფლებაში მოსვლამდე თავად აყენებდნენ ასეთ პირობას. არც საარჩევნო სიების გადახედვა მოხდა და ათასობით მკვდარი სული მონაწილეობს არჩევნებში.
თავიანთი უნიათობის ფონზე საკმაოდ ვირეშმაკებიც არიან და რაღაც საკითხების შემოპარება კარგად ეხერხებათ. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებმა სამართლიანად გააპროტესტეს ნარკოტიკების ჩადება. ამ პროტესტით დამფრთხალმა ხელისუფლებამ ერთი ინიციატივა შემოგვაპარა. მხედველობაში მაქვს ნარკოპოლიტიკის გადახედვა.
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას არანაირი საერთო არა აქვს ნარკოტიკების ჩადებასთან. ჩადება არის დანაშაული. ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია კი ამ ქვეყნისთვის იქნება დამღუპველი. ჩვენ ისედაც მომაკვდავი ერების სიაში ვართ შეტანილი და ნარკოტიკები აღარ გვჭირდება.
ამ დიდი კამპანიის უკან, სოროსის ფონდის გარდა, ის ორგანიზაციები დგანან, რომლებიც ნარკოტიკებით მილიარდებს შოულობენ. მათი მესმის, იციან, რომ ამით დამატებით შემოსავალს მიიღებენ, მაგრამ იმას ვერ ვხვდები, რატომ არის მთელი ერი ასე მიდრეკილი თვითმკვლელობისკენ. კარგა ხანია ვამბობ, რომ ჩვენი ერი ავად არის, მაგრამ ასეთი ისტერიკა, რაც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას უკავშირდება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მსგავსი რამე არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა.
ამ თემაზე ძალიან აქტიურია ჩვენი საზოგადოება, სამაგიეროდ, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პასიურობს. ხელისუფლება ამით სარგებლობს. ჩვენს პარტიას რომ არ აეტეხა განგაში და სხვებიც არ აგვყოლოდნენ, მიწის გაყიდვას უპრობლემოდ დააკანონებდნენ.
ეს ვერ დააკანონეს, სამაგიეროდ, ვირეშმაკულად აუარეს გვერდი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ სურკოვის ძალიან სკანდალურ განცხადებას.
- ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის საზღვრის გაუქმებაზე გაკეთებული განცხადება გაქვთ მხედველობაში?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო. სურკოვმა ცხინვალის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაწყებულია სამხრეთ ოსეთის რუსეთში ინტეგრაცია და მალე სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის საზღვარი აღარ იქნება.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ისტორიული სამაჩაბლოს შეერთებას აპირებენ. ამაზე ჩვენს ბედოვლათებს განგაში უნდა აეტეხათ, მაგრამ სად ეცალათ. ერთი ახალგაზრდის ფეისბუქსტატუსით იყვნენ დამფრთხალები და იმ სკანდალის გადაფარვას ცდილობდნენ.
ხელისუფლებას ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს თავისი ტერიტორიების მიმართ, ამიტომაც არის, რომ არავინ აღარ აღიქვამს სერიოზულად. არც დასავლეთს და არც ჩრდილოეთს არ აინტერესებს საქართველოს აზრი. სამაგიეროდ აინტერესებთ, რას ფიქრობს სომხეთი და აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანი ვახსენეთ და ჟურნალისტის გატაცებაც უნდა გავიხსენო. ეს სამარცხვინო და აღმაშფოთებელი ფაქტია. ამის გამო საერთაშორისო სკანდალში გავეხვიეთ და ხელისუფლებას დღემდე არ აქვს პასუხი, რა მოხდა. ერთი მინისტრი ერთს ამბობს, მეორე _ მეორეს, მესამე საერთოდ სხვაგან არის.
ამ ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი კიდევ უფრო შელახა. იმის ძახილი, რომ საზღვარზე არის მონაკვეთები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ, სიტუაციას ვერ გამოასწორებს.
საზღვრის თემა საერთოდ ცალკე საკითხია და ამ მიმართულებითაც საგანგაშო მდგომარეობაა. ასე თუ გავაგრძელეთ, ცოტა ხანში მარტო ვერა-ვაკე შეგვრჩება ხელში.
- შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გვითხრათ, რა ხდება საზღვრებზე?
- კარგი არაფერი ხდება და ესეც ნათლად აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ერი ავად არის. ამ მნიშვნელოვან პრობლემაზე ხმა არავის ამოუღია. რატომ ერთხელ მაინც არ დაინტერესდა ჩვენი საზოგადოება იმით, თუ რატომ არ ხდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დადგენა? თურქეთთან საბჭოთა კავშირის დროს დადგენილი საზღვრები გვაქვს. რუსეთთან ამ თემაზე ვერ ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც გვყავს. ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებად ითვლებიან და მათთან საზღვრების დემარკაციაზე საუბარი არ უნდა გაგვიჭირდეს.
საზღვრების დადგენაზე საუბარი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. მე ვიყავი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი სომხეთში და ჯერ კიდევ 25 წლის წინ ვმუშაობდი ამაზე. ჩემ გარდა, საზღვრების დადგენაზე ბევრი მუშაობდა. საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ხელისუფლება ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობს. საზღვრების დემარკაცია მათ ინტერესში არ შედის.
საზღვრების დემარკაციის შემთხვევაში გამოჩნდება, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ჩვენი ტერიტორიები აქვთ მითვისებული. ესენი ვერავის ეტყვიან, საზღვრები უკან გადასწიეთო. ამიტომაც არ სურთ საზღვრების დემარკაცია.
- საზღვრების დემარკაციაზე არც წინა ხელისუფლებები მუშაობდნენ და ამის გამო მარტო ამათ უნდა მოეთხოვოთ პასუხი?
- წინა ხელისუფლებები იმიტომ შევცვალეთ, რომ არ ვარგოდნენ. ესენი უკვე მეხუთე წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და ერთხელ მაინც წამოეწიათ ეს საკითხი. არც ამ თემაზე იმუშავებენ და იმასაც შეეცდებიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაავიწყდეს ხალხს. თავად დიდი ხანია, აღარ ახსოვთ დაკარგული ტერიტორიები.
- თქვენ ამ ხელისუფლების უნიათობის ბევრი მაგალითი მოიყვანეთ. ამ ყველაფერს ივანიშვილიც კარგად ხედავს. ხომ არ მოისურვებს ის გუნდის შეცვლას? რამდენიმე ექსპერტი ამაზე დიდი ხანია მიუთითებს.
- ბიძინა ივანიშვილს კარგად არ ვიცნობ, რომ მისი ხასიათი ვიცოდე. ამ ადამიანს 30 წლის წინ შევხვდი ლერმონტოვის ქუჩაზე. მაშინ ის ასეთი ბიძინა არ იყო. ადრე თუ გვიან ივანიშვილი შეცვლის ამ გუნდს, მაგრამ ახლა ამის აუცილებლობა არ არის. ის ასეთ მორჩილ ხალხს ვეღარ იპოვის. ამათ ხალხი შეცვლის. საკმარისია, 30.000-იანი აქცია გაიმართოს, რომ ერთმანეთს გაასწრებენ.



FaceBook Twitter Google