ინტერვიუები
ბესო დანელიას ინტერვიუ
„ახალი თაობა“, 07 ივნისი, 2017 წელი
„ბიძინა ივანიშვილი „ოცნებაში“ დამოუკიდებელი თამაშის უფლებას არავის მისცემს”

ბესო დანელია: „იუსტიციის სამინისტრო საჯარო ინფორმაციებს მალავს“
რატომ უჩივის „დემოკრატიული მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროს, რატომ ალაპარაკდა „ოცნება“ კიდევ ერთხელ პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე, როგორ დასრულდება სახელისუფლებო გუნდში დაწყებული დაპირისპირება? ამ თემებზე „ახალ თაობას“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.
- პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლამდე არ მოხდება. ახლა ირკვევა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას უკვე 2018 წლისთვის აპირებს. თქვენი აზრით, რატომ შეიცვალა „ოცნებამ“ აზრი?
- აზრი არ შეუცვლიათ, მათ საკუთარ თავზე მორგებული საკონსტიტუციო მოდელი შეიმუშავეს. ამ მოდელის დახმარებით ყველა სახელისუფლებო შტო ერთი ადამიანის ხელში მოექცევა, რომელსაც არავითარი სახელისუფლებო პასუხისმგებლობა არ გააჩნია.
ჩრდილოვანი მმართველობის დანერგვით ქვეყანა დემოკრატიული რელსებიდან გადაჰყავთ. ამიტომაც იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი. ამიერიდან პრეზიდენტს კი არ ავირჩევთ, არამედ თავად დაგვისვამენ. სხვათა შორის, 2013 წელს მარგველაშვილიც ასე დაგვისვა ბიძინა ივანიშვილმა. პატარა ბავშვივით ხელმოკიდებულს აქეთ-იქეთ ატარებდა. ისიც კი გვითხრა, მას თუ არ მისცემთ ხმას, გაგებუტებით და აღარ დაგეხმარებითო. პრეზიდენტად დანიშვნიდან ცოტა ხანში მარგველაშვილი უკვე აღარ დაემორჩილა ბიძინა ივანიშვილს. ამის შემდეგ „ოცნებამ“ პრეზიდენტზე თავდასხმები დაიწყო. ამ ემთხვევაში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ასეთი გადაწყვეტილებების გამო დემოკრატიული ინსტიტუტები ინგრევა. ცივილიზებულ სამყაროში - ევროპაში, საითკენაც მივისწრაფვით, დემოკრატიულ ინსტიტუტებს სახელები და გვარები ვერ ცვლიან. ეს ყველაფერი წარმოშობს ეკონომიკურ სიძლიერეს და ადამიანების სოციალური მდგომარეობაც უმჯობესდება.
- ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, „ოცნების“ ქმედებების საპასუხოდ მარგველაშვილმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს და შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ამაზე რას იტყვით?
- მე არ ვიცი, გია ხუხაშვილი რის საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნას. ჩემი აზრით, პრეზიდენტს ამის გამბედაობა არ ეყოფა. არაა გიორგი მარგველაშვილი ის კაცი, თანამდებობა ვადის ამოწურვამდე დატოვოს. სამაგიეროდ, „ოცნება“ ბედავს ბევრს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისთვის და ვერ ხვდებიან, რომ ამით მარგველაშვილზე უფრო მეტად ქვეყანას აზარალებენ. „ოცნებას“ ავიწყდება, რომ პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი. ის ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს - იწყალებს პატიმრებს, იწყებს საომარ მოქმედებებს, ნიშნავს მოსამართლეებს. რაც ძალიან არ აწყობს „ქართულ ოცნებას“ და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომელსაც ხელისუფლების ყველა შტოს გაკონტროლება სურს. ეს თუ მოხდა, ჩვენ თურქმენიზაციის გზით წავალთ. ამის ნიშნები უკვე სახეზეა. სახელისუფლებო გუნდი უკვე არავის ინტერესებს არ ითვალისწინებს. მიწის გაყიდვაზე დიდი ამბებია ატეხილი. ეს საკითხი ყველას აწუხებს, მაგრამ ხელისუფლება არავის აზრის გათვალისწინებას არ აპირებს.
- ცნობილი გახდა, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეთ. რატომ უჩივით თეა წულუკიანის უწყებას?
- საჯარო ინფორმაციის დამალვისთვის. ჩვენ ცოტა ხნის წინ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს და მოვითხოვეთ ის ინფორმაცია, რომელიც ქართული კანონმდებლობით არის საჯარო. საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება ყველა საჯარო დაწესებულებას აქვს. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე გვითხრა უარი. ამიტომაც შეიტანა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სარჩელი.
- რა ინფორმაციას ითხოვდით?
- ჩვენ გვაინტერესებდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რა რაოდენობით გაიყიდა მიწა. ასევე გვაინტერესებდა, სად გაიყიდა ეს მიწები და რამდენ უცხოელზე გაიცა ბინადრობის ნებართვა. ხელისუფლება ამ ინფორმაციას ოფიციალურად მალავს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი წყაროებით მოვიძიეთ, თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაასაჯაროვა კიდევაც. ირკვევა, რომ კუმისის გარშემო ათეულობით ათასი ჰექტარი გაყიდულია არაბებზე, სადაც არაბული დასახლების გაკეთება იგეგმება. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ჩინელებს 6 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა მიჰყიდეს. იქ ჩინური დასახლებები გაჩნდება.
ასეთი ანტიეროვნული ხელისუფლება, როგორიც დღეს არის, იშვიათად მინახავს. ისინი არაფერს არ აკეთებენ, რომ ჩვენს შთამომავლობას დარჩეს მიწა. ის მიწა, რომლის დასაცავადაც ჩვენმა წინაპრებმა ტონობით სისხლი დაღვარეს.
- თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ცდილობს, რომ მთელი ძალაუფლება თავის ხელში მოაქციოს. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ კალაძე თბილისის მერი გახდება, ის დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს და ივანიშვილს პრობლემებს შეუქმნის. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- გამორიცხულია, რომ კალაძემ დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყოს. ის ძალიან მაგარი და ავტორიტეტული ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, არანაირ პატივისცემას არ იმსახურებს. ის არ აწარმოებს თანმიმდევრულ პოლიტიკას. არჩევნების წინ გაცემული დაპირებების 10%-საც არ ასრულებენ. მე არ ვიცი, ექსპერტებს რა ინფორმაცია აქვთ, ჩემი აზრით, „ოცნებაში“ ვერც ერთი ადამიანი ვერ გაბედავს ივანიშვილისგან დამოუკიდებელი თამაშის დაწყებას. ეს დღეს ყოვლად წარმოუდგენელია. „ოცნება“ ყველაფერს მასთან ათანხმებს.
- „ოცნებაში“ ღიად ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ეს დაპირისპირებაც ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული?
- ამას ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმება არ დასჭირდება. იმიტომ, რომ საბოლოოდ მაინც ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც არაფორმალურ მმართველს სურს. მისი ნების წინააღმდეგ არავინ არ წავა.
- ამბობენ, რომ მაჟორიტარები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არჩევნების მარტო პროპორციული სისტემით ჩატარებას. შეძლებენ ისინი, რომ თავისი გაიტანონ. თუ აქაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს?
- საბოლოო გადაწყვეტილებას აქაც ივანიშვილი მიიღებს. მაჟორიტარები თუ მის დარწმუნებას შეძლებენ, მაშინ არჩევნები პროპორციული წესით აღარ ჩატარდება. მაჟორიტარების ასეთი თავგამოდება არ მიკვირს. ამ ადამიანმა მაჟორიტარობა საკუთარი ბიზნესის საუკეთესო დაცვის საშუალებად გადააქციეს. ამ ადამიანებს ლავირების საოცარი უნარი აღმოაჩნდათ. წლების წინ ისინი ნაციონალებს წარმოადგენდნენ. ახლა კი `ოცნების~ ავანგარდში არიან.




FaceBook Twitter Google