ინტერვიუები
''ქართულ ოცნებაში'' კლანების დაპირისპირება დაიწყო
გიგლა ბარამიძე: "ოქტომბრისთვის ბევრი რამე მოხდება"

გადმოსცემს თუ არა პოროშენკო საქართველოს სააკაშვილს
რა პროცესებს უნდა ველოდოთ შემოდგომაზე, როგორ ებრძვიან მთავრობაში კლანები ერთმანეთს, რის ჩაწერა დაავიწყდა "ოცნებას" კონსტიტუციაში, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, რა სიურპრიზი დახვდება საქართველოში ჩამოსულ პეტრო პოროშენკოს? - ამ თემებზე "ახალ თაობას" დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- კონსტიტუციასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება. ''ოცნება'' ამბობს, რომ ასეთი სახალხო კონსტიტუცია საქართველოს არასდროს ჰქონია. ოპოზიციის მტკიცებით კი ეს ყველაზე საშინელი კონსტიტუციაა. თქვენ რას იტყვით?
- ის, რაზეც ''ქართული ოცნება'' ამდენს ლაპარაკობს, კონსტიტუცია არ არის. ეს არის მათი შიდაპარტიული დოკუმენტი. კარგი იქნებოდა, თუ ამ დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერდნენ, რომ ხელისუფლებაში 20-25 წლით აპირებს დარჩენას.
ამათი საქმიანობა მახსენებს ცნობილ ქართველ ავანტიურისტ აშორდიას. ის წარმოშობით ქუთაისიდან გახლდათ და საერთაშორისო დონეზე იყო გასული. მას ნებისმიერი დოკუმენტის, სიგელ-გუჯრის გაყალბება შეეძლო. ის მეოცე საუკუნის დასაწყისში საოცრად პოპულარული იყო. ''ოცნების'' ნაწილი კოლექტიური აშორდიაა. ისინიც ყველაფერს აყალბებენ. ვენეციის კომისია წყაროზე წაიყვანეს და წყალი არ დაალევინეს.
მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა არის კონსტიტუცია. ისინი მაგონებენ იმ რუს ოფიცრებს, ხმალამოღებულები რომ გამოვარდნენ და ყვიროდნენ, გავათავისუფლოთ ქალბატონი კონსტიტუცია სატუსაღოდანო. იმათ ქალი ეგონათ კონსტიტუცია, ''ოცნების'' დეპუტატებს კი ის შიდაპარტიული დოკუმენტი ჰგონიათ. რუსი ოფიცრებისგან მხოლოდ ის განასხვავებთ, რომ ხმლების ნაცვლად ხელში პლანშეტები უკავიათ.
- თქვით, რომ ამ დოკუმენტში პირდაპირ უნდა ჩაეწერათ, ხელისუფლებაში 20-25 წელი ვაპირებთ დარჩენასო. ამასთან დაკავშირებით მინიშნებებს სხვებიც აკეთებენ. თქვენი აზრით, შეძლებენ ამ ცვლილებების დახმარებით ხანგრძლივი დროით ხელისუფლების შენარჩუნებას?
- თავის დროზე სააკაშვილმა კონსტიტუციაში სათავისო ცვლილებები შეიტანა. ის საკუთარ თავზე მოირგო და ეგონა, კიდევ დიდი ხნით დარჩებოდა ხელისუფლებაში. ამ ცვლილებებიდან ძალიან მალე საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა.
ნაციონალების მსგავსად, ამათაც ყველაფერი ჯიბეში აქვთ ჩადებული და ძალაუფლებით ლაღობენ. როდესაც ძალაუფლებით ასე ლაღდებიან, შემთხვევითობა და რეალობა ძალიან წამოარტყამს ხოლმე თავში. ასე მოუვიდათ ნაციონალებს და ასე მოუვა ''ოცნებასაც''.
როდესაც ამომრჩევლის უმცირესობის მიერ არჩეული პარტია პარლამენტში ქმნის საკონსტიტუციო უმრავლესობას, მას ეს უმრავლესობა ბუმერანგივით უკან მიუბრუნდება და ცხვირ-პირში მოხვდება. ეს სახელმწიფოსთვის არის ცუდი, თორემ ესენი ძალიან მალე დამთავრდებიან. გარდა იმისა, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ, გუნდის შიგნითაც სერიოზული დაპირისპირებაა.
- რა დაპირისპირებაზე საუბრობთ?
- ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაჭამეს ერთმანეთი. აქ სერიოზული კლანური დაპირისპირებაცაა. ოთარ ფარცხალაძის კლანი რომელიღაც კლანმა მთლიანად ჩააჩოჩა. სამსახურებიდან ის ხალხიც კი გაუშვეს, რომლებსაც ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ხელი ჰქონდათ ჩამორთმეული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რომ ერთ დღეს დაწერეს განცხადებები, შემთხვევითობა იყო? ეს იყო კლანური დაპირისპირების ერთი მაგალითი, რომელზეც კომენტარი არავინ გააკეთა.
გუნდში ისეთი ამბები მიდის, საკადრო გადაწყვეტილებასაც ვერ იღებენ. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ გვყავს. ძალიან ბევრი მიმართულებით ჩაფლავდნენ და დღე ისე არ გავა, რაიმე სკანდალში არ გაეხვივნენ.
მსუქან კატასავით რომ იპარება განათლების მინისტრი სხვა ქვეყანაში და მათ პრეზიდენტს ხვდება, ამას იქაური მედიით უნდა ვიგებდეთ? ყოფილი და მოქმედი ჩინოსნები ერთმანეთს რომ თავში ურტყამენ, ამასაც ან უცხო ქვეყნიდან, ან მედიისგან ვიგებთ.
ესენი უნიჭო მეხანძრეებივით დარბიან, ხან ერთ ხანძარს გადაფარავენ, ხან მეორეს. ამ თავიანთი უმოქმედობით სახელმწიფოს აზიანებენ. გადედლებული მამლების და გამამლებული დედლების ზეობას სიკეთე არცერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 3 პუნქტი გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს რუსეთთან ურთიერთობა. ტილერსონის დოკუმენტში ბოგდა-მაგოგიდან დაწყებული, უკრაინით დამთავრებული, ყველაფერზეა საუბარი, მაგრამ საქართველო ნახსენებიც კი არ არის. არადა, იქ დნესტრისპირეთზეც არის საუბარი, ბელორუსზეც. სად არის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო? გამოვიდნენ და აგვიხსნან, რატომ არ მოხვდა საქართველო ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში.
1.700.000-ზე მეტი ემიგრანტი ჰყავს საქართველოს. მათი აქ დაბრუნებისა და დასაქმების გეგმა არც კი შეუმუშავებიათ. სამაგიეროდ, ამ 5 წლის განმავლობაში 32.000 ადამიანს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა ისე, რომ მათი ბიოგრაფიები არც კი შეუსწავლიათ.
ეკლესიის წინააღმდეგ ისეთი დარტყმები, როგორიც ახლა ხორციელდება, კომუნისტების დროსაც არ განხორციელებულა.
- ფიქრობთ, რომ რაც დღეს ეკლესიის გარშემო ხდება, ''ოცნების'' ბრალია?
- ფაქტია, ამათ დროს დაარტყეს ყველაზე მეტად ეკლესიას. ამ დღეებში საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ილია II ამბობს, რომ ეს ქმედებები არა მამა გიორგის, არამედ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული.
ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას სულიერმა ლიდერმა. ასეთ რამეებს აკეთებენ და მერე ეკლესიაში მიძვრებიან, სანთლებს ანთებენ და ფარისევლობენ.
- ხელისუფლების უნიათობა გასაგებია, მაგრამ ხალხი ამას გაგებით რატომ ეკიდება?
- იმიტომ ვეკიდებით, რომ თეიმურაზ ხევისთავიზმი გვჭირს. ქვეყანას არა აქვს ეკონომიკა. ჩვენი ჯარი რეგიონში ყველაზე სუსტად დასახელდა. უცხოურ სამხედრო ჟურნალებში გამოქვეყნებულია ამა თუ იმ ქვეყნების სამხედრო პოტენციალის მონაცემები, სომხეთი და აზერბაიჯანი როგორც შემადგენლობით, ასევე შეიარაღებით. არადა, ტერიტორიების 20% პროცენტი დაკარგული გვაქვს.
ჩვენი საზღვრები ნელ-ნელა აქეთ იწევს, სახეზე გვაქვს მცოცავი ანექსია და ესენი ევროპა, ევროპაო გაიძახიან. აი, ეგაა ხევისთავიზმი. ამ კაცს მამული წაართვეს, ცოლი გაუუპატიურეს და ლოიდ ჯორჯს ევროპულ ცივილიზაციასა და ზანზიბარის ირიგაციაზე წერილებს წერდა.
- დიდი ხნის განმავლობაში პრემიერი კვირიკაშვილი პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდა. ექსპერტები მას პირდაპირ მოუწოდებდნენ პოზიციის დაფიქსირებისკენ. კვირიკაშვილმა თავისი პოზიცია გამოხატა და ახლა პოზიციის გამო დაიწყეს მისი კრიტიკა. თქვენ რას ფიქრობთ პრემიერის განცხადებაზე?
- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის კონსტიტუციის საკითხებში ჩართული არ იყო. ეს პროცესი თავის თავზე ფრაქციამ, პარლამენტის სპიკერმა და გაუცინარმა ჩუგოშვილის ქალმა აიღეს. პრემიერი ამ პროცესს ან განარიდეს, ან თავად განერიდა.
ჩემი აზრით, ის უფრო თავად განერიდა ამ პროცესს, რადგანაც იცოდა, რა შედეგით დასრულდებოდა იგი. ''ოცნების'' მომზადებული ცვლილებები არავის მოსწონს და ხელისუფლება თავის მართლება-განმარტებებს ვეღარ აუდის. დავალებამიცემულივით გამოვიდა პრემიერი. შინაგანად მჯერა, რომ არ იზიარებდა, რასაც ამბობდა.
- თუ არ იზიარებდა, რატომ გამოვიდა?
- იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო. პრემიერია და რაღაც უნდა ეთქვა. კიდევ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ ის ''ოცნების'' მიღებულ ცვლილებებს არ იზიარებს. თავის გამოსვლაში პრემიერმა `ოცნების დამსახურებად გაასაღა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციისა და მიწის გაყიდვის აკრძალვის ჩაწერა. არადა, ეს მეორე საკითხი ჩვენმა პარტიამ წამოსწია, მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ. ''ოცნების'' დეპუტატები მანამდე ირონიულად გაიძახოდნენ, მიწა რატომ არ უნდა გაიყიდოს, ვინმე ზურგზე მოიკიდებსო?!
ამ შიდაპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც კონსტიტუციას უწოდებენ, ოქტომბერში დაამტკიცებენ, მაგრამ იქამდე ცხრა წყალი ჩაივლის. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ოქტომბრამდე ბევრი რამე შეიცვლება.
- უფრო კონკრეტულად შეიძლება გვითხრათ, რა შეიცვლება?
- დიდი საკადრო ცვლილებები იქნება. ''ოცნებაში'' დიდი გადანაწილება მოხდება.
- საპარლამენტო უმრავლესობა თუ დაიშლება?
- სად გვყავს უმრავლესობა. ეს უმრავლესობა არაფერზე დგას. მათი მიზანი მხოლოდ პირადი სარგებლობის მიღებაა. თუ ხალხის პროტესტი დაინახეს, დაშლას ვინ ჩივის, ქვეყნიდან გაიქცევიან. ამ ეტაპზე პირადი სარგებლობის მიღების ხათრით ახერხებენ ერთად დგომას. ოქტომბრამდე შეიძლება ესეც შეიცვალოს.
- პრეზიდენტთან მათი გაუთავებელი კინკლაობა როდემდე უნდა გაგრძელდეს?
- მანამდე, სანამ ის პრეზიდენტი იქნება. კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ერთი ძალიან კარგი ტერმინი - მდაბიორი. დღეს ქვეყანაში არის მდაბიორების შლიგინი.
ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს ქვეყანას მართავს ივანიშვილი და მიკვირს, რატომ ვეძებთ მონარქს. ამ ადამიანმა ვერ შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფობრივად მოაზროვნე, პროფესიონალ კადრებს შეარჩევს. დღეს პოლიტიკა ასე ესმით - ოღონდ იყავი მონა, ოღონდ ყველაფერზე თავი დააქნიე და რაც გინდა, ის გააკეთე.
დღეს თანამდებობებზე საგანგებოდ არჩევენ გასვრილ ადამიანებს. ვინც გასვრილი არ არის, მაქსიმალურად ცდილობენ მის გასვრას. გასვრილი ადამიანის დამონება და მართვა უფრო იოლია.
ნაციონალური მოძრაობა თავისი დანაყოფებიანად იმიტომ დასვეს პარლამენტში, რომ გასვრილი ძალაა. ''ოცნება'' მათი წყალობით ინარჩუნებს ძალაუფლებას და დღე და ღამე მათზე უნდა ლოცულობდეს. ყოფილი ხელისუფლების მიმართ ხალხის ზიზღი იმდენად დიდია, რომ მზად არიან, ისევ ამ მკვდრებსა და უუნაროებს დაუჭირონ მხარი.
''ოცნების'' შემქმნელმა კარგად იცის ხალხის განწყობა და ამ ფორმულას წარმატებით ამუშავებს.
- ეს ფორმულა მუდმივად ხომ ვერ იმუშავებს?
- ჯერ ისევ მუშაობს. თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ფორმულის წყალობით კიდევ ერთხელ გაიშლიგინებენ.
- არის ვერსიები, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ან პარლამენტი დაითხოვოს, ან თავად გადადგეს. თქვენი აზრით, წავა მარგველაშვილი ამაზე?
- მარგველაშვილი არც გადადგება და არც პარლამენტს დაითხოვს. ის დღეს მხოლოდ საკუთარ პიარზე მუშაობს. ის მომავალი პოლიტიკური აქტივობებისთვის ემზადება. მისი ყოველი ნაბიჯი მიმართულია იქითკენ რომ საერთაშორისო მეგობრობას თავი შეახსენოს. ყურადღების მიპყრობის მიზნით ის ხშირად ხვდება ოპოზიციას. განსაკუთრებით ევროპულ საქართველოს სწყალობს. არადა, ეს ის ხალხია, რომლებმაც სისხლიანი 9 წელი შექმნეს.
პარლამენტი რომც დაითხოვოს, ისეა მისი უფლებები შემცირებული, რაღაც გამოსავალს იპოვიან და ეს იქნება დღის ნიუსი. რაც შეეხება გადადგომას, მეეჭვება, რომ გადადგეს, მაგრამ, ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ეს იქნება კვირის სკანდალი. ყველაფერი ამით დასრულდება. ეს თავადაც კარგად იცის და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე მეტად საქართველოში მისი უკრაინელი კოლეგის ვიზიტი მაინტერესებს. ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პოროშენკომ სააკაშვილი საქართველოს გადმოსცეს.
ამის ძალიან ეშინიათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და, როგორც გავიგე, ისინი პოროშენკოს დასახვედრად ემზადებიან. არ არის გამორიცხული, პატარა პროვოკაციაც მოუწყონ. ის პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მას თავიანთი კონტროლირებადი მედიის დახმარებით უხერხულ კითხვებს დაუსვამენ, მიუსევენ არასამთავრობოებს და ისეთ სურათს დაუხატავენ, რომ სააკაშვილის გადმოცემაზე უარი თქვას. კარგი იქნება, თუ ''ოცნება'' ამას მომზადებული დახვდება.



FaceBook Twitter Google