ინტერვიუები
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას გმობს დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დემოკრატიული მოძრაობა პრორუსულ პარტიად ითვლება, რასაც ბარამიძე უარყოფს და “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მისი პარტია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ოკუპაცია ოკუპაციის ადგილზე გააპროტესტა.
- საოკუპაციო ზოლის გადმოწევა 2009 წლიდან დაიწყო. ჩვენი პარტია რამდენჯერმე ჩავიდა შიდა ქართლში და ეს ქმედება ადგილზე გააპროტესტა, - ამბობს ბარამიძე.
ყოფილი პოლიტდევნილი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ზოლის გადმოწევა გასაპროტესტებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ ყურადღება ამაზე უფრო სერიოზულ საკითხზე უნდა გავამახვილოთ.
- საქართველოს მთავარი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ჩვენმა უდღეურმა ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ რუსეთის მიერ წახალისებულმა სამხრეთ ოსეთმა ე.წ. საზღვრის გადმოწევა შეაჩეროს. გამუდმებით გაიძახიან, აი, საზღვარმა გადმოიწია, მაგრამ იმას არავინ ამბობს, რომ შუაგულ ქართლში საზღვარი არ უნდა იყოს.

სასწრაფოდ უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, სადაც ე.წ. საზღვრის გაუქმებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უნდა იყოს საუბარი. ესენი მთავარს არ ახსენებენ და მეტრობით ითვლიან საზღვარს, - აღნიშნავს დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი.
ის ეჭვობს, რომ ბოლო დროს გააქტიურებული თემები ერთ მიზანს ემსახურება - გადაიფაროს მთავარი პრობლემა:

- ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია, ციანიდის საქმე, საკონსტიტუციო ვნებები მხოლოდ იმიტომ არის, რომ გადაიფაროს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოსაგვარებლად არავინ არაფერს აკეთებს.
ბარამიძე დიდი შვიდეულის ლიდერების ფარგლებში ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ელოდება. შეხვედრა დღეს, 7 ივლისს, უნდა შედგეს.
- ამ შეხვედრაზე საუბარი იქნება ყველაფერზე - სირიაზე, ყირიმზე, დონბასზე, დნესტრისპირეთზე. საქართველოს არავინ ახსენებს იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აქტიურობს. საქართველოში აშშ-ის ელჩი მთავრობის სხდომებს ესწრება და მასთან კომუნიკაცია პრობლემა არ არის. უთხრან ბატონ ელჩს, რომ მან თავის ხელისუფლებას სთხოვოს, უთხრას რუსეთს, შეაჩეროს საზღვრის გადმოწევა, - ამბობს ბარამიძე.

მისი თქმით, საზოგადოებაც დამნაშავეა იმაში, რომ ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვერდზე გადადო. საზოგადოების დანაშაულს ის შემდეგში ხედავს:

- ხელისუფლება რომ უდღეურია და არაფერს აკეთებს, ეს ვიცით, მაგრამ საზოგადოებაც გაზარმაცებულია, არაფერზე არ რეაგირებს და ამიტომაც ბედავს ხელისუფლება, ასეთი რამეები აკადროს. ჩვენი საზოგადოების აქტიურობა იწყება და მთავრდება ფეისბუქით.
ყოფილ პოლიტდევნილს გაცილებით მეტი პრეტენზიები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მას აინტერესებს, რატომ არ სურს არასამთავრობო სექტორს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რატომ არ საუბრობენ ამ პრობლემაზე სხვადასხვა შეხვედრის დროს.
- ვეკითხები გრანტიჭამია, სახედაკარგულ არასამთავრობოებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ლამის უცხო ქვეყნების რეზიდენტურებად იქცნენ, ამდენ ფულს რომ იღებთ და მაღალი დონის კონფერენციებზე დაფრინავთ, ერთხელ მაინც გისაუბრიათ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე? ერთხელ მაინც რატომ არ იკითხეთ, რატომ არ აყენებენ ამ საკითხს უმაღლეს დონეზე ჩვენი მეგობარი ამერიკელები და ევროპელები?!
ბონია მეწისქვილის ფსიქიკით რომ არ ცხოვრობდეს ქართველი ობივატელი, ამდენს ვერც მთავრობა შემოგვბედავდა და ვერც არასამთავრობოები, - აღნიშნავს დემოკრატიული მოძრაობის წევრი.


მარშისტები თუ ფაშისტები

14 ივლისს საქართველოში 2 მარში გაიმართება. საზოგადოების ერთი ნაწილი რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებს, მეორე ნაწილი კი თბილისში აღმაშენებლის გამზირზე გამართავს ქართველთა მარშს.
ქართული მარში უკვე შეფასდა რუსულ პროექტად,
- ბერლინში, მიუნხენში, პარიზში, ვარშავაში მილიონიანი მარშები იმართება. გერმანიაში შეიქმნა უძლიერესი ორგანიზაცია პეგიდა _ ევროპის პატრიოტები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციაში 100.000-მდე ადამიანია გაერთიანებული. ისინი ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ მათთვის არავის დაუბრალებია, რომ რუსულ საქმეს აკეთებენ. ან რატომ არის რუსული საქმე, როცა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ილაშქრებ? ტრამპმა უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად მექსიკასთან კედლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ისიც პუტინის დავალებას ასრულებს? _ კითხულობს ბარამიძე.
დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიგლა ბარამიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნაწილს ამ მარშისკენ თავად ხელისუფლებამ უბიძგა.
- რამდენიმე თვის წინ თავად პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა არსებობდა. ამ საკითხის მოწესრიგებაზე არავის უფიქრია. არადა, სარფიდან მოყოლებული თბილისამდე 500 ბორდელია. როდესაც პრემიერის დავალება არ სრულდება და ამ დავალების შეუსრულებლობისთვის არავის სჯიან, მაშინ ხალხი იძულებულია, თავად მოითხოვოს წესრიგის დამყარება და კანონის აღსრულება. სხვათა შორის, დემოკრატია კანონის უზენაესობაა და არა ქუჩაში ტიტველი სირბილი თუ გეიაღლუმის მოწყობა, _ აცხადებს ბარამიძე.


FaceBook Twitter Google