ინტერვიუები
აპირებს თუ არა ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას?
ინტერვიუ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან.

- აშშ-ს კონგრესი რუსეთისთვის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტს აქვეყნებს. კონგრესი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. როგორია თქვენი შეფასება?

- სანქციების დაწესება ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ჟესტი. თუმცა სანქციების გამო ირანის მაგალითი გვაქვს, რომ მას თავისი პოლიტიკა არ შეუცვლია. არც რუსეთი შეიცვლის თავის პოლიტიკას. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ სანქციები არ შეეხება ამერიკა-რუსეთს შორის თანამშრომლობის იმ ნაწილს, რომელსაც კოსმოსური სივრცე წარმოადგენს, რადგან ეს შედის ამერიკის ინტერესებში. თუ ასეთი პრინციპულები არიან ყველა საკითხში დაუწესონ სანქციები რუსეთს, მაგრამ ასე არ მოხდება.

ახლა დიდი ინტერესით ვკითხულობ აშშ-ში საბჭოთა კავშირის ყოფილი ელჩის მემუარებს. მე არ ვიცი საქართველოში რამდენ პოლიტიკოსს აქვს ეს მემუარები წაკითხული ან რამდნი ჩათვლის საჭიროდ, რომ ეს წაიკითხოს. ეს ადამიანი მსოფლიოში ორი დაპირისპირებული სახელმწიფოს შორის იდგა 6 პრეზიდენტის დროს. ბირთვული სახელმწიფოს ელჩი იყო მეორე ბირთვულ სახელმწიფოში. ყველაზე სერიოზული დაპირისპირების დროსაც კი, როდესაც ოფიციალურად ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს ნოტას ნოტაზე უგზავნიდნენ და ცივი ომის ზენიტი იყო, ლიდერები ოფიციალურად არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და არ ხვდებოდნენ, აი ამ დროსაც კი არსებობდა დახურული არხები საბჭოთა კავშირის ლიდერებსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის, რითაც ცვლიდნენ ინფორმაციას, რითაც არ მიჰყავდათ საქმე დაპირისპირების ბოლო წერტილამდე, რითაც აგვარებდნენ ერთმანეთთან ურთიერთობებს იმ თემებში, სადაც მათი ინტერესები ემთხვეოდა. ნიქსონის პრეზიდენტობის დროს, პირდაპირ ჩამოყალიბდა ფორმულა, რომ კონტაქტი ყველა შემთხვევაში უნდა შედგეს იმ პირდაპირ ინტერესებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამერიკის და საბჭოთა კავშირის პირდაპირ ინტერესებს და არ უნდა მოხდეს დაპირისპირების წერტილამდე მისვლა გარდა პერიფერიული საკითხებისა. პერიფერიული საკითხები არის მეორადი. თქვენი შეკითხვის პასუხია, დღეს საქართველო ამერიკისთვისაც და რუსეთისთვისაც, პერიფერიული საკითხია, რაც არ უნდა კანონპროექტი განიხილონ, რაც არ უნდა დოკუმენტში ჩვენთვის საინტერესო ჩანაწერი გააკეთონ, ეს არაფერს ცვლის მათ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში. ასეთი გონებასუსტები თუ ვიქნებით კიდევ და არ დაველაპარაკებით რუსეთის ხელისუფლებას, რასაც მოვიმკით ამასაც კარგად დავინახავთ. მეტი რაღა უნდა დავინახოთ, მაგრამ, რადგან ბრმები ვართ და ვერ ვხედავთ, იქნება ვიგძნოთ მაინც.

-ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან. რას გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია?

- ხელისუფლება ელემენტარულად ანალიზს ვერ აკეთებს რას ნიშნავს ესა თუ ის გზავნილი, რომელიც საერთაშორისო არენაზე გახმოვანდება ხოლმე. ის რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, ეს არის პირდაპირი მესიჯი, რომელსაც აგზავნიან საქართველოს ხელისუფლებისათვის. ეს არის რუსეთის ხელისუფლების პასუხი იმ გაუთავებელ განცხადებებზე, რომელიც საქართველოდან ისმის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუნდაც იმ სწავლებებზე, რომელიც ახლა რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საქართველოში, როდესაც ნატო-ს 3000 ჯარისკაცი ჩამოვიდა საქართველოში, როდესაც ჩამოიყვანეს მძიმე ტექნიკა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ამაზე თვალს დახუჭავს და მას შესაბამისი რეაგირება არ ექნება, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ამ განცხადებების და ამ სწავლების შემდეგ, მე ველოდი რომ რუსეთის მხრიდან რაღაცა კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგმებოდა. ამას პოლიტიკის და დიპლომატიის ელემენტარული ცოდნა სჭირდება. რუსეთი ჩვენ დიპლომატიურ და სამხედრო ენაზე გვეუბნება, რომ რაც უფრო მეტად გავაგრძელებთ ჩვენ ამ ჩვენს პოლიტიკას, მით უფრო ძვირი ფასი დაგვიჯდება ეს ყველაფერი.

- მაშინ რა უნდა ვქნათ, რა არჩევანს უტოვებთ ხელისუფლებას?

- არჩევანი არის ძალიან მარტივი. ან ჩვენ ვცდილობთ, რომ მინიმალური ზიანი მივიღოთ ამ სიტუაციაში და ვიწყებთ ბრძოლას დავალაგოთ ურთიერთობები. შევძლოთ, ჩვენი ინტერესების განხორციელება, კერძოდ, არანაირი ტიპის სამხედრო სწავლებები არც აფხაზეთში არც ცხინვალის რეგიონში არ განხორციელდეს, არავინ დაგვემუქროს ომით და დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები. ან ამ ხელისუფლებას რჩება სხვა არჩევანი, გავაგრძელოთ ჩუმად ყოფნა, ვიოცნებოთ ნატო-ზე და საბოლოოდ დავკარგოთ ორი რეგიონი.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო ნატო-ში ვერ გაწევრიანდება. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ რეაგირებს ჩვენი ხელისუფლების იმ განცხადებებზე, რომელიც ნატო-ს უკავშირდება?

- ჯერ ერთი იცის, მაგრამ შენს არასწორ ქმედებაზე და არასწორ განცხადებების გამო გახდევინებს ფასს და მეორეც, გაფრთხილებს კიდევაც. მე ძალიან კარგად მახსოვს, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებები, იმის თაობაზე, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა ვართ თუ არა რომ ნატო-ს წევრები, ნატო-ს წევრ ქვეყნებზე უფრო აქტიურად უნდა მოვიქცეთ და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ნატო-ს წევრები აკეთებენო. ანუ საუბარი იყო ფოთის პორტის ნატო-ს სამხედრო ფლოტილიისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით, საუბარი იყო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებასთან დაკავშირებით, საუბარია, პრაქტიკულად, საქართველოში ნატო-ს ბაზის შექმნაზე. თქვენ გახსოვთ, პარლამენტის წინა თავმჯდომარის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ნატო-ს კი არა საერთოდ ამერიკული ჯარი უნდა შემოვიყვანოთ საქართველოშიო. ამიტომ, ბუნებრივია არც ერთი მეზობელი და მითუმეტეს, დიდი სახელმწიფო ამას უყურადღებოდ არ დატოვებს. უბრალოდ, ამის ანალიზს ვერ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთის მიმართ შიშით გამოწვეულ სიფრთხილეს იჩენს, რათა არ მივიღოთ უარესი ვითარება.

-ამ სიტუაციაში შიშით გამოწვეული სიფრთხილე არ არის გამამართლებელი. სიფრთხილე გონივრული უნდა იყოს. მაშინ, როდესაც შენი სიფრთხილით თავიდან აიცილებ რაღაც უბედურებას, ეს ლოგიკურია. მაგრამ მეტი რა უბედურება უნდა დაგვემართოს, ყოველდღე იწევა საზღვარი. თუ შენ ისე ხარ შეშინებული, რომ შენი უმოქმედობით უფრო მეტს უშავებს ქვეყანას, ხალხს, ვიდრე გონივრული მოქმედებით, ეს სიფრთხილე კი არა ეს უკვე მოღალატეობრივი პოზიციაა. სიფრთხილე გამართლებულია, მაშინ, როდესაც შენ ფრთხილად ექცევი ქვეყნის ინტერესებს და ფრთხილობ, რომ ქვეყანა არ დააზარალო. მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება სხვა რამეს უფრო უფრთხილდება. კერძოდ, თავისი საქმე არ გაიფუჭოს, არ შეიქმნას პრობლემები დასავლეთთან, რომელთანაც ფინანსური ინტერესები აქვს, პრობლემები არ შეიქმნას გრანტებთან, რომელიც დასავლეთიდან მოდის, ცდილობს რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში. ამიტომ ეს სიფრთხილე აღარ არის, ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი.

-რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს რუსეთში, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თქვენი გამორჩეულად კარგი ურთიერთობები რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან. ალბათ, მათთან გქონდათ თუნდაც სატელეფონო საუბარი. საინტერესოა, თვითონ ისინი არაოფიციალურ საუბრებში რა შეფასებას აძლევენ ქართველი დეპუტატების რუსეთში ჩასვლას?

- არა მე ახლა ჭორაობას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა ეს არც იქნებოდა ჭორაობა, რადგან მე ზუსტად მაქვს ინფორმაცია და ზუსტად ვიცი, ვის რა ხედვა და შეხედულება დარჩა ამ ვიზიტის შემდეგ, მაგრამ არ მიმაჩნია კორექტულად ვისაუბრო ამ თემაზე. თავისთავად, ის ისტერიკა რაც ატყდა „ალიანსის“ წასვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი არა ჯანსაღი ვითარებაა ქვეყანაში. თუმცა, ვთვლი, რომ ალიანსმა დაუშვა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომა, როდესაც პირველივე ჩასვლაზე რუსეთს შესთავაზა რუსეთი-საქართველო-ნატოს ფორმატში საუბარი. ეს იყო ძალიან სერიოზული შეცდომა მოლაპარაკების პროცესში. მაგრამ, ის რაც მოხდა პარლამენტში, როდესაც „ალიანსის“ წარმომადგენელს უბრალოდ სიტყვის თქმის უფლებაც კი არ მისცეს, ეს კიდევე ერთი მარაზმია, რაც ხელისუფლებას სჭირს. მოსმენა თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ შენ რამეს უნდა დაეთანხმო. იქნებ რას ამბობდა?! ხომ შეიძლება რაღაც რაციონალური ან საინტერესო იყოს. არმოსმენა, სირაქლემის პოზიციაში ყოფნაა, ეს არის იმის შიში, რომ ვინმემ დღევანდელი ხელისუფლების ახალწამოჩიტულ ლიდერებს პრორუსულობა არ დააბრალოს. ოღონდ თავისი იმიჯი შეინარჩუნონ, როგორც ვითომ დასავლელების და რომის პაპზე მეტი კათოლიკეების ანუ დასავლელებზე მეტი დემოკრატების და ყველაფერზე მიდიან. სიბრიყვის ზენიტია რა განცხადებებსაც ესენი აკეთებენ.

- თქვენ როდის გეგმავთ რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდეთ?

-მე არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანებში წავიდე რუსეთში, თუმცა პირდაპირ გეტყვით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნამდვილად არ მაქვს ამის სურვილი. ის რაც მოხდა საპარლამენტო არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის შეგნებული მოქმედება და ამიტომ არ შეგვიყვანა პარლამენტში. მას არ სჭირდებოდა ბურჯანაძე პარლამენტში, რადგან ბურჯანაძეს ვერავინ ვერ გაუბედავდა იმას, რომ მოსკოვიდან ჩამოსულისთვის სიტყვა არ მიეცათ და ბიუროზე კი არა პარლამენტის პლენარულ სხომაზე არ მოესმინათ, ეს არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ არ ვარ მე დღეს პარლამენტში. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ აზრი არ აქვს საერთოდ მოლაპარაკებას და ის ნეგატიურად უყურებს პროცესს. მაშინ მოუგოს ომი რუსებს, დაიწყოს მაშინ ომი თუ ასეთი მარჯვეა და ომით დაიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. თავდაცვის მინისტრს და პოლიტიკოს ტერიტორიების დაბრუნების ორი ალტერნატივა აქვს, ან ომით ან მოლაპარალკებით. მოლაპარაკების წინააღმდეგია და ომით დაბრუნების თავი აქვს? პასუხი უნდა აგებინო ასეთ თავდაცვის მინისტრს, პასუხი უნდა აგებინო უმრავლესობის ლიდერებს, რომლებიც ამბობენ, რომ თუ ჩამოვლენ რუსები უკვე მოგვარებული პრობლემებით და სინით ჩამოუტანენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მაშინ მიიღებენ და დაელაპარაკებიან. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნაკლებად მაქვს სურვილი ვესაუბრო რუსეთის ხელისუფლებას, რადგან ზურგს ადეკვატურად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება არ მიმაგრებს.
FaceBook Twitter Google