ინტერვიუები
გიგლა ბარამიძე: “მთავრობას სააკაშვილის დატუსაღება არ აწყობს”
რას აპირებენ სააკაშვილის ლობისტები, ვისი ბრალია ყოფილი ხელისუფლების გაცოცხლება, რა ინფორმაციები მიდის ივანიშვილთან, ვისგან და რა გარანტიები მიიღო გიგა ბოკერიამ? _ ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ “ქართული ოცნება” გარიგებაშია შესული და სააკაშვილის ექსტრადირებას არ მოითხოვს. ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. შემდეგი ნაბიჯი მისი საქართველოში ექსტრადირება ხომ არ იქნება?


- გარიგება ისევ ძალაშია და მეეჭვება, ამ გაჭირვებულებმა სააკაშვილის ექსტრადირება გაბედონ. რაც შეეხება სააკაშვილს, წლების წინ მას საერთაშორისო მაწანწალა ვუწოდე და მას შემდეგ, რაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ოფიციალურად გახდა ამ ზედწოდების მატარებელი.
საქართველოს ხელისუფლებას ეს უპასპორტო კაცი შორს სჭირდება და არა საქართველოში ტუსაღად. ამას მიხვდა უკრაინის პრეზიდენტო პოროშენკო და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ახლა უნებურად ხდება ამ პოლიტიკური გვამის რეანიმირების მცდელობა. ეს ისე არ გამოვა, როგორც მას და მის ლობისტებს უნდათ, მაგრამ ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ექსკლუზივის სახით გეუბნებით, რომ მის ლობისტებს მილიონობით თანხა აქვთ გადახდილი იმაში, რომ როგორმე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სააკაშვილზე რაიმე დადებითი ათქმევინონ მისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით.
აშშ-ის მაღალი წრეები სააკაშვილს ცოცხალი თავით არ იკარებენ. ამიტომ მისი ლობისტები იმაზეც მუშაობენ, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებს მიშასთვის ხელი ჩამოართმევინონ. სულ ერთია, ეს სად მოხდება _ ტუალეტთან, ბენზინგასამართ სადგურთან, მაკდონალდსთან. დააფიქსირებენ ხელის ჩამორთმევის ფაქტს და მერე ამას რომელიმე გავლენიან მედიასაშუალებაში გააპიარებენ _ აი, ასე ხვდებიან პუტინთან მებრძოლ გმირს ამერიკაში.
გაკოტრებული სააკაშვილის რეანიმირების მცდელობას საქართველოშიც ექნება ადგილი. ამისთვის უკვე დაწყებულია სამუშაოები. საქართველოში მისი რეანიმირების პირველი მცდელობა საქართველოში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტისას იქნება.

- შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რას უნდა ველოდოთ?

- სააკაშვილის დაფინანსებული არასამთავრობოები და მედიის წარმომადგენლები, ასევე მისი თანაპარტიელები აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს სპეციალურად მომზადებულ კითხვებს დაუსვამენ. მიღებული აქვთ დავალება, რომ პენსს უპასპორტოზე რაიმე დადებითი ათქმევინონ.
საერთაშორისო მაწანწალის გარემოცვაში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, თუ სად უფრო იოლად მოხდება მისი რეანიმირება _ უკრაინაში თუ საქართველოში. გადაწყვიტეს, რომ ჯობია, უკრაინაში დააბრუნონ.
პირველ ეტაპზე შეეცდებიან, სასამართლოს ძალით დაუბრუნონ მას მოქალაქეობა. ეს თუ არ მოხდა, შეეცდებიან, მაიდნის მსგავსი რაიმე მოაწყონ. ამის გასაკეთებლად ჯერ ხალხი არ ჰყოფნით. ამიტომ მიდის აქტიური მოლაპარაკებები იულია ტიმოშენკოსთან. სააკაშვილის გუნდი, უკრაინაში ვინც კი დედამ დაწყევლა, ყველასთან ცდილობს საერთო ენის გამონახვას.

- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, სააკაშვილს საქართველოში არ უნდა ველოდოთ.


- ხელისუფლებას მისი დატუსაღება არ აწყობს. მისი ლობისტები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, ის უკრაინაში დაბრუნდეს. სამწუხაროა, რომ საქართველოში კიდევ არის ხალხი, ვინც მის დაბრუნებას განიხილავს. როგორ შეიძლება, იმ კაცის დაბრუნება გინდოდეს, რომელიც უმაღლესი მთავარსარდალი იყო და მიწაზე იფორთხა. მის სისხლიან საქმეებზე აღარაფერს ვამბობ. მთავარი ის არის, რომ კაცმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო, საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი მხოლოდ იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის ჩინოვნიკი გამხდარიყო.
ჩვენი მოსახლეობა ბონია მეწისქვილის სინდრომით არის დაავადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე იქნებოდა საუბარი და არც სისხლიანი რეჟიმის იდეოლოგები გაბედავდნენ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მარშის მოწყობას დევიზით “არა ფაშიზმს”.

- თქვენ გარდა, ამ მარშთან დაკავშირებით კიდევ ბევრმა გამოხატა უკმაყოფილება. რატომ ამახვილებთ ამ მსვლელობაზე ამხელა ყურადღებას? ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ნაციონალებმა გაცილებით მრავალრიცხოვანი აქციები გამართეს რუსთაველის გამზირზე.


- ჩვენდა სამწუხაროდ, ნაციონალებმა მართლაც გაბედეს რამდენჯერმე პარლამენტის წინ აქციის გამართვა. ეს უკანასკნელი იმით იყო აღმაშფოთებელი, რომ სისხლიანი რეჟიმის იდეოლოგების ლოზუნგი იყო “არა ფაშიზმს”. სწორედ ეს არის ერის ავადმყოფობის ნიშანი. ჩვენი საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოკერიას უფლება აქვს, ასეთი ლოზუნგები წამოსწიოს.
ამ ადამიანის მიმართ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სერიოზული პრეტენზიები იყო. მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. მისი გვარი ყველა სისხლიან საქმეში ფიგურირებდა. ხელისუფლებამ მას პასუხიც კი ვერ მოსთხოვა, ეგენი რომ უდღეურები არიან, გავიგე, მაგრამ მოსახლეობას რაღა დაემართა, რომ სისხლიანი რეჟიმის ავტორი მარშებს უწყობს.
როცა ასეთი დამოკიდებულებაა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთ დღეს სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება და კენჭს იყრის.

- ამის ალბათობა არის?


- რატომ არ არის. სადაც სისხლიანი რეჟიმის იდეოლოგები ქუჩაში თავისუფლად დაშლიგინებენ, იქ სააკაშვილმაც რომ გაიშლიგინოს, რა პრობლემაა. ისევ ფაშიზმს დავუბრუნდები და, როცა ამ ტერმინს ახსენებენ, იქნებ დააკონკრეტონ, რომელ ფაშიზმს გულისხმობენ. სიტყვა ფაშო იტალიურია და ერთობას ნიშნავს. უფრო ღრმა ფესვებში თუ ჩავალთ, ამ სიტყვას ლათინური წარმომავლობა აქვს და ფაციოს-იდან მომდინარეობს. რომელიც როზგებს ნიშნავს. ამით ლიქტორები დადიოდნენ და ქალაქის კანონმდებლობას ამტკიცებდნენ.
ყოფილი ხელისუფლება “ქართულ ოცნებასთან” არის გარიგებული. თავიდან გვიკვირდა კოაბიტაცია. ახლა მათ შორის ყოველგვარი ზღვარი წაიშალა. “ოცნებას” განსაკუთრებული სიახლოვე “ევროპულ საქართველოსთან” აქვს. ხშირად მათი გარჩევაც კი ძალიან ძნელია. ისინი ერთსა და იმავეზე საუბრობენ, ერთნაირი ქმედებები აქვთ, პარლამენტში ამა თუ იმ საკითხის კენჭისყრის დროსაც ერთნაირ პოზიციაზე დგანან.
რაც მთავარია, “ევროპულმა საქართველომ” იცის, რომ თავიდან თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოუვარდება. საამისოდ გარანტიები აქვთ აღებული. მეტსაც გეტყვით, მათ დამატებითი გარანტიები მიიღეს.

- რა დამატებით გარანტიებზეა საუბარი და ვისგან მოდის ეს გარანტიები?


- ვისგან მოდის და “ქართული ოცნებისგან”. კიდევ იმისგან, ვინც “ოცნების” უკან დგანან. მიუხედავად იმისა, რომ “ევროპულ საქართველოს” არანაირი რეიტინგი და ხალხის მხარდაჭერა არა აქვს, მათ მიეცათ გარანტია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმებს მიიღებენ და თვითმმართველობებში მოხვდებიან.

- რის სანაცვლოდ მიიღო ასეთი დაპირება “ევროპულმა საქართველომ”?

- რის სანაცვლოდ და ისინი დღევანდელ ხელისუფლებას ჰაერივით სჭირდება. ახლავე შემიძლია გითხრათ, როგორ გადანაწილდება ადგილები თვითმმართველობის არჩევნებზე _ პირველ ადგილზე “ოცნება” გავა, მეორეზე “ევროპულ საქართველოს” გაიყვანენ, მესამე ადგილს კი ნაციონალებს დაუთმობენ. ეს ფრთა ვითომ შეურიგებელი ოპოზიციის როლს თამაშობს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ისინიც ხელისუფლების თამაშს ითამაშებენ. მეოთხე-მეხუთე ადგილებზე ამ პარტიებთან გაიგივებულ ძალებს გაიყვანენ.
ეს მონახაზი საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდა და თვითმმართველობის არჩევნები ამის გაგრძელება იქნება. ამას ხელს ენდიაის ვითომ კვლევებიც უწყობს.
ენდიაი არის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის საქართველოს ფილიალი სპეცსამსახურად გადაიქცა. ის გამეცადინებულია არა საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე, არამედ არჩევნების წინ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. გამოჩნდებიან ხოლმე საარჩევნოდ, რათა ამომრჩეველი წინასწარ შეაგუონ იმას, თუ როგორ გადანაწილდება ხმები. ჩვენ რომ თავმოყვარე ქვეყანა ვიყოთ, ეგენი სულ კინწისკვრით უნდა გავყაროთ აქედან.
დამოუკიდებელი ქვეყანა როცა გქვია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არ უნდა მიანდო უცხო ქვეყნის, თუნდაც მეგობარი ქვეყნის, ორგანიზაციას. საერთოდ დეგრადირებული თუ არა ხარ, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეროვნული სააგენტო უნდა გყავდეს, რომელსაც ყველა პარტია გამოუცხადებს ნდობას.

- საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეროვნული სააგენტოს შექმნა მართლაც კარგი იქნებოდა. ხელისუფლებაში ასეთი რამე რატომ არავის მოუვიდა თავში?


- რატომ მოუვათ ასეთი რამე თავში? რაში სჭირდებათ იმის გასაჯაროება, თუ რას ფიქრობს სინამდვილეში ხალხი. თავიანთი მდგომარეობა დედის რძესავით შეირგეს და არც საზოგადოების აზრი აინტერესებთ და არც _ მცოცავი ანექსია. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა საერთოდ დაივიწყეს, ისევე, როგორც ხალხის სიდუხჭირე.
არც ის აინტერესებთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა განათლების გარეშეა დარჩენილი. იმდენად დაბალი შედეგი აჩვენეს, რომ ეს ოფიციალურადაც კი ვერ დამალეს. ამაზე განგაშის ზარებია შემოსაკრავი, მაგრამ ვინ უნდა შემოჰკრას, განათლების მინისტრი კომბლესა და ნაცარქექიას დასდევს.
ვის რაში აინტერესებს მომავალი თაობის განათლების დაბალი დონე, როცა მინისტრების, მათი მოადგილეებისა თუ დეპარტამენტების უფროსების 90%-ს თავიანთი კერძო ბიზნესი აქვთ. მათ არც საქართველოს პრეზიდენტი ჩამორჩა.
მათ კერძო ბიზნესში ყოფნა ეკრძალებათ და თავიანთი წილები მშობლებზე, სიდედრებზე, ცოლებზე, საყვარლებზე აქვთ გადაფორმებული. მათ არ ჰყოფნით არნახულად მაღალი ხელფასები საჯარო სამსახურში. ასეთი დიდი ხელფასები საჯარო მოხელეებს ევროპაშიც კი არა აქვთ. პრემია-დანამატებსა და საწვავის ხარჯებზე აღარ ვსაუბრობ. ამას დაამატეთ საზღვარგარეთ მივლინების ხარჯები. ყოველდღე რომ უცხოეთში დადიან, რას აკეთებენ, იქნება გაგვაგებინონ. ინტერვიუებსაც რომ დამძიმებული სახეებით იძლევიან ეგ კრეტინები. მეტყველება მაგათ არ იციან, წერა-კითხვა და ჩაცმაც კი.
ვეკითხები სპორტის მინისტრს, მანქანებს რომ ყიდი მთელი შენი დღე და მოსწრება, მინისტრად რა გინდა? ბიზნესით რომ ხარ დაკავებული, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ჯერ მერაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას იყავი მიკედლებული, ახლა კი `ოცნების~ მინისტრი გახდი. გგონია, ეს ხალხს დაავიწყდა? გამინისტრების შემდეგაც შენი მანქანები უნდა მიასაღო სახელმწიფოს? ხომ შეიძლებოდა, გაგეჩერებინა. მორალი ხომ მაინც არსებობს და ზნეობა.
ჯეჯელავაც კარგად სარგებლობს თავისი მდგომარეობით და კულტურის მინისტრიც. მათ არც მარგველაშვილი ჩამორჩა და ამ გაჭირვების ჟამს პრეზიდენტის ფონდიდან თავის კერძო უმაღლეს სასწავლებელს 280.000 ლარი გადაურიცხა.

- ხელისუფლება გასაგები მიზეზების გამო ამას არ გააპროტესტებს, მაგრამ საზოგადოება რატომ დუმს?


- იმიტომ, რომ ავად ვართ, იმიტომ, რომ ბონია მეწისქვილის რეფლექსებით ვცხოვრობთ და ყველაფერს ვეგუებით. სხვა შემთხვევაში ამდენს არ გაგვიბედავდნენ. მე აღარ მიკვირს ხელისუფლების თავგასულობის, მე ის მიკვირს, რატომ დუმს ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილი.
მას რატომღაც ჰგონია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. არადა, ყველაფერი არის ძალიან ცუდად. ის ვერ ხვდება იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს თვალის დახუჭვის გამო. ამას მას სექტემბერში შევახსენებ.

- სექტემბერში რა ხდება?

- ამაზე სექტემბერში ვილაპარაკებ. ივლისის ბოლოს ვეტყოდი, რომ ცუდი არ იქნება, თუ არსებულ ვითარებას თავად გააანალიზებს. მან ისიც უნდა იცოდეს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მას ახლო გარემოცვა უყვება. მხედველობაში ის ადამიანები მყავს, მასთან ერთად გადაღებული ფოტოებით სოციალურ ქსელში რომ სვეცკაობენ.

- ზემოთ თქვენ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ახსენეთ. საქართველოში პენსის ჩამოსვლას ექსპერტთა ნაწილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თქვენ რას ელოდებით ამ ვიზიტისგან?

- არაფერს. ჩამოვა, გაისეირნებს, ვიღაცებს შეხვდება და წავა. მასთან შეხვედრაზე იქნება კოხტაპრუწობა, არასამთავრობოების ჭინკური კრიახი და ა.შ. ველოდები, რომ ის ჩავა საოკუპაციო ხაზთან და დაგმობს მცოცავ ანექსიას, იტყვის, რომ რუსეთმა ეს ქმედება უნდა შეწყვიტოს და მოსკოვთან ამ პრობლემის მოგვარებაზე საუბარი უნდა დაიწყოს. პენსი ამას თუ გააკეთებს, მაშინ ვიწამებ, რომ აშშ ამ პრობლემის მოგვარებით არის დაინტერესებული.

- თქვით, რომ მასთან შეხვედრაზე კოხტაპრუწობა იქნება და ამ კოხტაპრუწობას ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე არაფერს ეტყვის?

- როგორ არ ეტყვის. ჩაიწერეთ ტექსტი და ნახეთ, იგივე თუ არ გაიმეოროს. გვეტყვის, რომ მედია და სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. იტყვის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ უნდა იყოს.

- თქვენ, თქვენი პარტიიდან გამომდინარე, პრორუსულობა გბრალდებათ და რაღაც კარგად ერკვევით ამერიკულ ამბებში. შემთხვევით შეფუთული პროამერიკელი ხომ არ ხართ?

- არავითარი პრორუსი და პროამერიკული. პირადად მე და ჩვენი პარტიაც მრავალვექტორული ურთიერთობის მომხრეები ვართ. რაც შეეხება ამერიკულ ამბებს, იქაურ ლობისტურ წრეებში უამრავი მეგობარი მყავს და ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება თეთრ სახლში. ასევე კარგად ვიცი, რა ხდება რუსეთში, ჩინეთსა და ზანზიბარშიც კი.
სამაგიეროდ, ვერაფრით გავიგე, რას დარბიან აქეთ-იქით თბილისის მერობის კანდიდატები. სადაც კი კამერას ნახავენ ჩართულს, პატი და პატაშონივით იქ არიან და მუშტებს იქნევენ. ყველა მათგანი გაბრაზებულია, მაგრამ არცერთ მათგანს არ გახსენებია, რა ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში.

- რა ხდება?

- უნივერსიტეტის ეზოს სარეკრეაციო ზონის გაჩეხა ამ წუთებშიც მიმდინარეობს, როცა ინტერვიუს გაძლევთ. აქ მორიგი მუცლის ამოსაყორი ადგილი ანუ რესტორანი კეთდება. მანამდე იქვე ვისკის სახლი გააკეთეს. მივმართავ მერობის კანდიდატებს, ერთმა მაინც რატომ არ გააპროტესტეთ ეს ამბავი.

- თქვენს პარტიას მერობის კანდიდატი ჯერ არ ჰყავს, მაგრამ კანდიდატის დასახელებამდეც ხომ შეგიძლიათ ამის გაპროტესტება?

- ჩვენ ვაპროტესტებთ, მაგრამ ჩვენს პროტესტს არავინ აშუქებს. მერობის კანდიდატებს კი სულ თან დასდევენ კამერები და იქნებ ამ ამბისთვისაც მოიცალონ.

FaceBook Twitter Google