ინტერვიუები
"სააკაშვილის ჩვენება 'ოცნებისთვის' შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს"
გიგლა ბარამიძე: ხელისუფლება შეეცდება, საქართველოში მიშიკოს ექსტრადიცია არ მოხდეს
რატომ მოატყუეს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი
რა განიზრახა გიორგი მარგველაშვილმა, რატომ ვერ შეუკერეს სააკაშვილს საქმე, რისი ეშინია ხელისუფლებას, რა შუაშია განათლებასთან ვაშლი? - ამ თემებზე ''ახალ თაობას'' ყოფილი პოლიტდევნილი, დემოკრატიული მოძრაობის წევრი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, შემოდგომიდან ბავშვებს სკოლაში ვაშლებს დაურიგებენ. ეს ინიციატივა საყოველთაო ქილიკის საგანი გახდა. თქვენ რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე?
- საქართველოს სირცხვილია, რომ ასეთ ადამიანს აბარია მეცნიერება და განათლება. ჩვენ იძულებულნი ვართ, მაგის მორიგ სისულელეებზე გავაკეთოთ კომენტარები. კარგი იქნება, თუ ნაცარქექიასთან და კომბლესთან მებრძოლი ჯეჯელავა აგვიხსნის, რატომ ვერ უზრუნველყო ის, რომ ელემენტარული განათლების მიღმა არ დარჩენილიყო რამდენიმე ათასი ახალგაზრდა.
კომბლებსა და ვაშლებს თავი დაანებოს და იმაზე გვიპასუხოს, რატომ ჩაიჭრა გამოცდებზე ამდენი ახალგაზრდა. ასეთი ჩავარდნა რომ აქვს, რა ნამუსით რჩება განათლების მინისტრის თანამდებობაზე?!
ასევე აგვიხსნას, რატომ არღვევს კონსტიტუციას ბატონი მინისტრი და არ უზრუნველყოფს, საქართველოს მოქალაქეებმა სახელმწიფო ენა იცოდნენ. ამ დღეებში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ადგილებში ვიყავი, მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრები. სხვებთან ერთად სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებსაც გავესაუბრე და ჰოი, საოცრებავ, ამ ბავშვებმა ერთი სიტყვა არ იციან ქართულად. ამას ფიგურალურად არ ვამბობ, მართლა არცერთი ქართული სიტყვა არ იციან.
- რა ასაკის ბავშვებზეა საუბარი?
- მეორე, მესამე და მეხუთეკლასელ ბავშვებს გავესაუბრე, თან გაითვალისწინეთ, რომ ეს დასახლება თბილისის შემადგენლობაში შედის. ბავშვებთან ერთად მათ მასწავლებლებსაც გავესაუბრე და ქართული ენა არც მათ იცოდნენ. როდესაც ვკითხე, რატომ არ იცით ქართული-მეთქი, მიპასუხეს, არ გვჭირდება, არავინ გვთხოვს ქართული ენის შესწავლასო.
სახელმწიფო ენას რომ არ ასწავლი შენს მოქალაქეებს, განათლების მინისტრმა ამაზე პასუხი არ უნდა გაგვცეს? ანდა სად წავიდა ის 140 მილიონი დოლარი, ამერიკამ რომ გამოგვიყო განათლების სისტემისთვის. იმის მაგივრად, რომ ზოგადი განმარტებები გაეკეთებინათ, სპეციალური სამსახურები შექმნეს ამ მილიონების გასახარჯად.
იმის მაგივრად, რომ ეს თანხა განათლების სფეროს გაუმჯობესებას მოხმარდეს, ის ვიღაცების კაბინეტების მოწყობაზე იხარჯება.
განათლების მინისტრმა იმაზეც გაგვცეს პასუხი, რატომ იხოცებიან ახალგაზრდები ნარკოტიკებით, რატომ მიდის ნარკომანიის პროპაგანდა და რატომ არაფერს უპირისპირებს ამას.
როგორც უკვე გითხარით, ამ კაცის განათლების მინისტრობა მთელი საქართველოს სირცხვილია. ჩვენდა საუბედუროდ, მას არც სხვა მინისტრები ჩამოუვარდებიან.
აი, ეს კომენტარი შეიძლება გავაკეთო ამ ბანკის ტრენერზე. ჯეჯელავა ერთ ცნობილ ბანკში ტრენინგებს ატარებდა, მერე უცბად მოჰკიდეს ხელი და მინისტრად დასვეს.
ამ ბანკზეც მინდა მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა _ აღმოჩნდა, რომ ყველა კარგი მენეჯერი, წარმატებული ბიზნესმენი, ინტელექტუალი აქ ყოფილა თავმოყრილი. სპეცსამსახურებიც კი ამ ბანკის თანამშრომლებით დააკომპლექტეს. რომელი ჰარვარდი, ოქსფორდი და იელის უნივერსიტეტი ეს ბანკია.
უნივერსიტეტი ვახსენე და ახლო მომავალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ, სარეკრეაციო ზონაში რამდენიმე თივის ძნა უნდა მივიტანო, ერთი პატარა კოცონი გავაჩაღო ტელეკამერების თანდასწრებითა და ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რომ სერიოზული ხანძარი არ გაჩნდეს.
- ამ კოცონით ვისი ყურადღების მიპყრობა გინდათ?
- ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მერობის კანდიდატების ყურადღება უნდა მივიპყრო. ეგენი ხომ ცეცხლთაყვანისმცემლები არიან და მხოლოდ ცეცხლის წინ და ცეცხლის უკან აკეთებენ კომენტარებს. იმედია, ეს ცეცხლის ალიც მიიზიდავს ცეცხლთაყვანისმცემლებს და ნახავენ, რა ხდება უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნადგურდება სარეკრეაციო ზონა და ბეტონის უზარმაზარი კონსტრუქციებით რესტორანი შენდება.
ძვირფასო მერობის კანდიდატებო, ხან მურს რომ წაისვამთ სახეზე და ხან ვედროთი ისხამთ თავზე წყალს, ქალაქისთვის ასეთი დამაშვრალი ვარო, რატომ არ ინტერესდებით ამ საკითხით? ცეცხლს მე დაგინთებთ, მოდით და მის ფონზე თქვით, რომ ქალაქის ცენტრში სარეკრეაციო ზონის განადგურება არ შეიძლება.
სამაგიეროდ, მერობის ერთი კანდიდატი დედაქალაქში ღამის ცხოვრების განვითარებას გეგმავს. შე დალოცვილო, სანამ ღამის ცხოვრებას მიხედავ, იქნებ ჯერ დღის თბილისი ამოასუნთქო. მეორემ კანდიდატურა მანამდე ვერ წარადგინა, სანამ სააკაშვილმა პირჯვარი არ გადასწერა. ახლა დარბის და ყველას მუშტებს გვიქნევს. კი მაგრამ, შენი ხელისუფლება არ იყო 9 წელი ქვეყნის სათავეში, რატომ არ მიხედეს ქალაქს?!
მერობის კანდიდატები იქით იყვნენ და პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც უსინდისოდ მოიქცნენ. მათ მთელი ქვეყანა მოატყუეს, ხალხს უთხრეს, პენსის ვიზიტი საქართველოსთვის არნახული შედეგით დასრულდაო. საინტერესოა, შედეგში რას გულისხმობენ? ალბათ იმას, ხინკალი რომ მიირთვა.
- თქვენი აზრით, ამ ვიზიტს არანაირი შედეგი არ მოუტანია?
_ საქართველოდან წასული პენსი მანილაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ, ისაუბრეს სირიაზე, უკრაინაზე, ყირიმზე, დონეცკზე, დიპლომატიურ კრიზისზე, სანქციებზე, საქართველო კი ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ. არადა, წინა დღეებში პენსმა თბილისიდან მიმართა რუსეთს, საქართველოში საქართველოში საზღვრებს არ გადმოგაწევინებთო.
თუ ეს კაცი ამას პირში არ ეტყოდა ლავროვს, აბა, რას ფაფხურობდით, თქვე გაჭირვებულებო, რისთვის მოიღრიცეთ კისერი და გაუმართავი ინგლისურით რისთვის მოიჩლიქეთ ენა? მეც მინდოდა, ეს ვიზიტი შედეგიანი ყოფილიყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და ხალხის მოტყუებას თავი დაანებეთ.
- ინგლისურ ენაზე საუბარი ახსენეთ და რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, რომ ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართულ ჯარს ინგლისურ ენაზე მიმართა?
- ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მარგველაშვილს ერთი წიგნით მეტი აქვს წაკითხული. ეს ადამიანი ხშირად საუბრობს ბრეჟნევის ეპოქაზე, რაც მას თურმე "ქართული ოცნების" მმართველობის სტილმა გაახსენა. კი მაგრამ, თავად პრეზიდენტად ბრეჟნევის ეპოქის სტილში არ დასვეს? თუ, ნაციონალების მსგავსად, რაც შენ გინდა, ის დემოკრატიაა და, რაც არ მოგწონს, დემოკრატიის დარღვევაა.
კომუნისტების დროს ხალხს საყველპუროდ მაინც ეკითხებოდა, ესა და ეს ადამიანი ხომ არ დავნიშნოთ ამ თანამდებობაზეო. მარგველაშვილი აიღეს და პირდაპირ დასვეს პრეზიდენტად. ბრეჟნევის დროს ამაზე უარესები კი არ ხდებოდა. 2013 წელს დედის რძესავით რომ შეირგო ეს ქმედება, ახლა რატომ უკვირს რაღაცები? "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები, მაგრამ მარგველაშვილმა კულულებიან კობახიძეს ბრეჟნევის დრო არ უნდა გაახსენო.
მარგველაშვილისაც კარგად მესმის, პრეზიდენტად დასმის დღიდან ცდილობს, საკუთარი თავისგან პოლიტიკური ფიგურა შექმნას.
ახლა რაც შეეხება მის ინგლისურ მიმართვას, მესმის, რომ გვერდით აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ედგა, მაგრამ ქართული ჯარისთვის ქართულად რომ მიემართა, პენსი სცემდა თუ მისი ცოლი აუწევდა ყურს?
ამან ერთი საინტერესო ისტორია გამახსენა: საქართველოში რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე იყო ჩამოსული. ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები იმაზე ბჭობდნენ, რა ეთხოვათ მეფისთვის. ერთი ფრთა ითხოვდა, მოდით, სამხედრო სასწავლებლის გახსნა ვთხოვოთო, მეორე ფრთას უნივერსიტეტი უნდოდა.
მაშინაც კაი სირცხვილი ვჭამეთ, სტუმარს რომ კარგი დრო გაეტარებინა, ლამაზ ქალს ურჩევდნენ. გასართობად ბოლოს ერთი ცნობილი ქალი შეარჩიეს. მერე იმაზე ატყდა ამბავი, საქართველოში თანამედროვე საწმერთულები არ იშოვებაო და სომეხი ვაჭარი თურქეთში გააქანეს მის საყიდლად. შემდეგ ამ საწმერთულში გამოაწყვეს ქალბატონი და შეუგორეს მეფეს.
მარგველაშვილს შეეძლო, ამერიკისთვის რაღაც მნიშვნელოვანი ეთხოვა, მაგრამ მან ახალი "`ნამესტნიკის" - აშშ-სთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვა, თითქოს ელჩი საკმარისი არ იყოს.
- ყოფილ პრეზიდენტზეც მინდა გკითხოთ: სააკაშვილს მოქალაქეობა წართმეული აქვს, მაგრამ თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქვეყნებში. საქართველოს ხელისუფლება ისევ მის შესაძლო ექსტრადიციაზე საუბრობს. თქვენი აზრით, დააკავებენ ნაცმოძრაობის ლიდერს?
- პროკურატურა, სპეცსამსახურები და იუსტიციის სამინისტრო რომ უსუსურების გაერთიანებაა, ამაზე სააკაშვილის ამბავიც კარგად მეტყველებს. რამდენ ქვეყანაშიც ჩავა სააკაშვილი, იმდენჯერ დაკნინდება საქართველოს ხელისუფლება.
ვეკითხები ხელისუფლებას: თქვენ თუ მართლა ეძებთ სააკაშვილს და მართლა გინდათ მისი დასჯა, თუ ორი კოსტიუმის მიღმა მართლა გაქვთ მის წინააღმდეგ მასალები, როგორ ახერხებს ეს ადამიანი აქეთ-იქით სიარულს? ის ხომ ჩვენს მეგობარ ქვეყნებში დადის და რატომ არ მიმართავენ იმათ ხელისუფლებებს, ხომ ამბობენ, რომ არნახული მხარდაჭერა აქვთ ევროპაში.
გამუდმებით იმაზე საუბრობთ, რომ მან შექმნა სისტემური რეჟიმი. რატომ არ გინდათ მისი პასუხისგებაში მიცემა? იქნებ არ გინდათ, რომ მან რაღაც ისეთი თქვას? ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობს.
- რა ეჭვები, ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას მისი დაჭერა არ უნდა?
- სააკაშვილი იყო ის კაცი, რომლის წყალობითაც საქართველო ტუსაღების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე იყო. მან მიჰყიდა რუსებს ქართული მიწები და თანამედროვე შეიარაღება, ათასი უბედურება მოუტანა ქვეყანას და ამ კაცს მარტო ორი კოსტიუმი ამოუქექეს.
'ქართული ოცნება' შეეცდება, საქართველოში მიშიკოს ექსტრადირება არ მოხდეს. მათ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი არ აწყობთ. მისი ფსიქოტიპი რომ ვიცი, ხელი არ ექნებათ მოკიდებული, რომ ყველაფერს დაფქვავს და ყველას ჩაუშვებს. სააკაშვილის ჩვენება "ოცნებისთვის" შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ხელისუფლების დიდი ნაწილი ნაციონალებთან ურთიერთობაშია გასვრილი და, არ გამოვრიცხავ, საერთო ბიზნესიც ჰქონდეთ.
ხელისუფლება სააკაშვილის დაპატიმრებით რომ ყოფილიყო დაინტერესებული, ამ თემაზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან ისაუბრებდნენ და მის წინააღმდეგ არსებულ მასალებს გადასცემდნენ.
- თქვენ რამდენიმე თვის წინ განაცხადეთ, რომ საკრებულოში ხელისუფლება მხოლოდ ნაციონალებს გაიყვანდა.
- ახლაც იმავეს გავიმეორებ, საკრებულოში მოხვდებიან ''ოცნება'', ნაციონალები, 'ევროპული საქართველო' და მათთან დაახლოებული პირები. საქართველოში მყოფი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტიც მხოლოდ მათ შეხვდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ არჩევნები ასეთი შედეგით დასრულდება.
პარტიები, რომლებიც ვიცეპრეზიდენტს უნდა შეხვედროდნენ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ შეარჩია. მე თავად დიპლომატი ვარ და ასე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ბატონმა ელჩმა თავისი ხელისუფლება მოატყუა. მან ვიცეპრეზიდენტს საქართველოში არსებულ ვითარებაზე სწორი ინფორმაცია არ მიაწოდა და იმ პარტიების წარმომადგენლებს შეახვედრა, რომლებიც ხალხის ნდობით არ სარგებლობენ. ამის შესახებ ამერიკულმა ტაიმსმაც დაწერა და გერმანულმა ბილდმაც.
კელის გადაწყვეტილება 'ოცნებისთვისაც' მისაღები აღმოჩნდა. მათ ოპოზიციად მხოლოდ ნაციონალები და მათი განშტოებები აწყობთ. ამათ შორის თითქმის ყველა ზღვარი წაშლილია.



FaceBook Twitter Google