ინტერვიუები
"საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს დახმარება ნამდვილად სთხოვა"
გიგლა ბარამიძე: "მთელი მთავრობა რომ ბორჯომში იყო გაკრეფილი, დანარჩენ საქართველოში რამე რომ მომხდარიყო, რას აპირებდნენ?!"
რას უმალავს "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილს
რატომ იგდებს ხელისუფლება თავს უხერხულ მდგომარეობაში, სთხოვეს თუ არა მთავრობის წევრებმა რუსებს დახმარება, რა არ იცის ივანიშვილმა? - ამ თემებზე "ახალ თაობას" ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია და ახლა უფრო მშვიდად შეიძლება ამ ყველაფერზე საუბარი. თქვენი აზრით, რატომ გაჭირდა სტიქიასთან ბრძოლა? იყო თუ არა იმის საშუალება, რომ ასეთი მასშტაბის ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა? 100 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის დაწვა ნამდვილი ტრაგედიაა.
- ვიდრე ხანძარსა და ხელისუფლების ცრუქაქუნობაზე ვისაუბრებდე, მინდა ყველას მივულოცო უდიდესი დღესასწაული - მარიამობა.
ახლა რაც შეეხება გასულ კვირას დატრიალებულ ამბებს, ამას მე დავარქმევდი ქოცების ცრუქაქუნობას ანუ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
ამ ხანძარმა სულზე მიუსწრო "ქართულ ოცნებას". შს მინისტრისა და პრანკერების საუბარი გადაიფარა. ეს ის პრანკერები არიან, რომლებმაც ჩვენი გაჭირვებული შსს კი არა, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და ჩვენი ხელისუფლებისთვის სათაყვანებელი თეთრი სახლის მაღალჩინოსანი შეიყვანეს შეცდომაში.
ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობითა და უუნარობით ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბორჯომის ხეობაში 100 ჰექტარზე მეტი ტყე დამწვარიყო. პირველი 3 დღის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორი არაფრის მაქნისები იყვნენ და როგორ დაბნეულები დაბოდიალობდნენ. უმოქმედოდ ყოფნის 3 დღის შემდეგ გამოვიდნენ და გვითხრეს, გამოცდილება მივიღეთ, ახლა უფრო კარგად ვმუშაობთო. ერთმა თანამდებობის პირმა, რომელსაც კრიზისულ სიტუაციებზე ეკისრება პასუხისმგებლობა, თქვა, საქმეში მაშინ ჩავერთეთ, როცა კანონის მიხედვით უნდა ჩავრთულიყავითო.
- ეს კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ თქვა და მართლა რეგულირდება კანონით, ვინ როდის უნდა გამოჩნდეს კრიზისული ვითარების დროს?
- რა თქმა უნდა, არა. ეს იყო თავის გამართლების უსუსური მცდელობა. ამ ხანძარზე ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე უნდა ეფიქრათ. იქაურობას კარგად ვიცნობ და იქ ყოველ წელს ხდება ხანძრები. ადრიან გაზაფხულზე, სანამ ხეების სანიტარიული ჭრა დაიწყება, ხდება იქაურობის დათვალიერება.
წვიმების სეზონის დასრულებისას ბორჯომის ხეობაში ყოველ წელს ხდება თხრილების განახლება. ამ გაჭირვეულებს თხრილები ხანძრის დროს გაახსენდათ მხოლოდ. სანიტარიული ჭრის დროს დამპალ ხეებს აშორებენ იქაურობას, რათა ახალ ხეებს მისცენ განვითარების საშუალება. ამის შემდეგ ხდება თხრილების გაწმენდა და, საჭიროების შემთხვევაში, ახლების გათხრაც. ამ თხრილებით უფრო ადვილად უნდა მიადგე მიუდგომელ ადგილებს და იქ ტექნიკა მიიყვანო, გააჩნია, მთა რა გრადუსით არის დახრილი.
ქარი კი იყო, მაგრამ შეიძლებოდა იქ ერთდროულად შემხვედრი ცეცხლი გაეჩინათ - ცეცხლი ცეცხლს აქრობს. იქვე უნდა მომარაგებული ყოფილიყო ქვიშა.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გაუგებარი ვარსკვლავების ჩამოყვანაში ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მილიარდები იხარჯება ჩინოსნების პრემია-დანამატებზე. სამაგიეროდ, ამ ქვეყანას ერთ ვერტმფრენზე მეტი არ აღმოაჩნდა. ის საწყალი ძლივს დაჩლახუნობდა და 27 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში წყლის რეზერვუარის შევსების დროს ჩამოვარდა.
სახანძრო მანქანები არ გვყავდა და აზერბაიჯანიდან ველოდებოდით მათ ჩამოყვანას. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მეზობლებისთვის, მაგრამ სანამ იქიდან ტექნიკა ჩამოვიდა, გადაიწვა ყველაფერი. რად გინდა ბაქო და ერევანი, აქ არ უნდა გყავდეს საკმარისი რაოდენობა სახანძრო მანქანები? ასეთ რამეებზე ქამრების შემოჭერა ახსენდებათ, სამაგიეროდ, ძვირადღირებულ მანქანებში და რესტორნებში მილიონებს ხარჯავენ. აღარაფერს ვამბობ სამივლინებო ხარჯებზე. ცესკოს თავმჯდომარე ერთი წლის განმავლობაში 23 ქვეყანაში იყო.
ან ის რა უბედურებაა, როცა საჭიროა, ჯარი არ გვყავს და საჭირო დროს არც ტყვია-წამალი გვაქვს. 2008 წელს ემ-4-ები რომ ჩამოატანინა კეზერაშვილმა გერმანიიდან, იმის ტყვიები არ აღმოაჩნდათ და კალაშნიკოვებზე გადავიდნენ ისევ.
ხანძარმა ათეულობით ჰექტარი ტყე რომ გაანადგურა, მაშინ გადაწყვიტეს ჯარის გამოყვანა. თან ამაზე სპექტაკლი დადგეს, თურმე პრემიერმა პრეზიდენტს დაურეკა და ისიც დათანხმდა.
- პრეზიდენტი ვახსენეთ და ისიც საინტერესოა, რომ სტიქიის ზონაში ხანძრის გაჩენიდან მეხუთე დღეს ჩავიდა. მასაც კანონი ავალდებულებდა ასე მოქცევას?
- საერთოდ რომ ჩავიდა, ეგეც გასაკვირია, მაგრამ აბა ლგბტ თემის წარმომადგენელი ეცემა ვინმეს, დღეში 3 პრესკონფერენციას გამართავდა. მაგის აპარატი ცალკე განცხადებებს გაავრცელებდა. ბორჯომის ხეობა იწვოდა, ამათ კიდევ რაღაც ნორმების დაცვა მოინდომეს და პარლამენტის შეკრებას დაელოდნენ. პარლამენტი მეორე დღეს შეიკრიბა მხოლოდ. თქვე დალოცვილებო, მთელი ბორჯომი ალში იყო გახვეული და მეორე დღეს როგორ დაელოდეთ, დაშავდებოდა რამე, დეპუტატები ღამით რომ შეკრებილიყვნენ? ისიც შეიძლებოდა, ჯარი გამოეყვანათ და მერე მიეღო საკანონმდებლო ორგანოს დადგენილება. სხვა დროს არ იცავთ კანონს და რაღა სტიქიის და უბედურების დროს მოგინდათ მისი დაცვა ზედმიწევნით.
მთელი მთავრობა ბორჯომში იჯდა და თათბირს თათბირზე ატარებდნენ. ამ დროს საქართველოს სხვა რომელიმე რეგიონში რაიმე რომ მომხდარიყო, რას აპირებდნენ. სტიქიის ზონაში იმ სამსახურების პირველი პირები უნდა ყოფილიყვნენ, ვისაც საგანგებო სიტუაციებში მოქმედება ევალება. მადლობა ღმერთს, რომ სხვა გართულებები არ შეიქმნა იმ დროს ქვეყანაში.
- რა გართულება შეიძლებოდა მოჰყოლოდა?
- ნებისმიერი სახის გართულება შეიძლება მომხდარიყო. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ არც ჯარი გვყავს და ვერც საზღვარს ვიცავთ. ცოტა ხნის წინ ამერიკულ ტანკებს რომ დაახრიგინებდით, ერთი ტანკის თუ არა, ერთი სახანძრო მანქანის ჩუქება მაინც გეთხოვათ მათთვის. ძლივს ჩავაქრეთ ცეცხლი და ამის შემდეგ აშშ-ის საელჩომ ჩვენს მეხანძრეებს 500 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი გადასცა. ეს, ჩემი აზრით, იყო დაცინვა.
- მარტო ფეხსაცმელები არ გადაუცია, ხანძარი რომ გიზგიზებდა, იან კელი ლოცულობდა. თავად ასე თქვა, ვლოცულობ თქვენთვისო.
- ლოცულობდა, როგორ არა. ეს ისეთივე ლოცვა იყო, 2008 წელს ომის დასრულების შემდეგ სტრატეგიულმა პარტნიორმა პამპერსი და წყალი რომ გამოგვიგზავნა. ისიც დაამატა, მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ თქვენი უბედურების შესახებო.
ბორჯომის რაიონის გამგებელმა საერთოდ საოცრება თქვა. ტელეკამერების წინ ამაყად განაცხადა, თუ საჭირო გახდა, ხალხის ლიკვიდაციას მოვახდენთო. მესმის, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო, მაგრამ ტელევიზიით გამოსვლისას ხომ შეიძლება მოემზადო და უფრო მობილიზებული იყო. ამ მხარეში ბევრი ნაცნობი მყავს და ისინი მიყვებოდნენ, რომ ასეთი დაბნეული მთავრობის წევრები არასდროს უნახავთ.
ეს გაჭირვებულები წაშლილი სახეებით დაბოდიალობდნენ და გაიძახოდნენ, თათბირი ჩავატაროთო. თათბირი კი არა, კარვების ქალაქი უნდა მოეწყოთ. რამე გართულება რომ მომხდარიყო, სად უნდა წაეყვანათ უცბად ამდენი ხალხი. კარვების ქალაქის მოწყობასაც თავისი წესები აქვს, მაგრამ ამათ ესენი არ იციან. ხელისუფლება მხოლოდ ფულის შოვნაზეა გამეცადინებული.
- სტიქიის დღეებში საუბარი იყო რუსულ დახმარებაზე. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ მოსკოვმა დახმარება შემოგვთავაზა, მაგრამ უარი ვთქვითო. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ თბილისმა მოსკოვს დახმარება სთხოვა. ითხოვდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტისგან დახმარებას?
- ეჭვიც არ მეპარება, რომ სთხოვეს. ამაზე მეტყველებს ამათ მიერ გაკეთებული განცხადებები. ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს. ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამბობს, გაეროს ვთხოვეთ დახმარება და ისინი დაუკავშირდნენ სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსო.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირდაპირ თქვა, რომ ამ საკითხზე ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინს, რომელიც მას დახმარებას დაჰპირდა.
- თუ დახმარება სთხოვეს, მერე რატომ თქვეს, რუსეთის დახმარებას არ მივიღებთო?
- დაბნეულები იყვნენ და ამიტომ სთხოვეს. მერე უარი იმიტომ თქვეს, შეეშინდათ, პრორუსულობას დაგვაბრალებენო. ასეთი მიდგომით მაშინ დენის და გაზის მიღებაზეც უარი უნდა ვთქვათ. 580 სტრატეგიული ობიექტი ეკუთვნის რუსებს საქართველოში. ჰესებისა და ელექტროგადამცემ ხაზებს რუსები აკონტროლებენ. ასეთი მაგრები თუ ვართ, ვთქვათ უარი ამ ყველაფერზე. სამწუხაროდ, არაფრის თავი არა გვაქვს. ხანძრის ჩაქრობას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ვეხვეწებოდით. სად არის ნატოს სტანდარტი? ნატოს სტანდარტით თუ მივუდგებით საქმეს, ასეთ სიტუაციებში ქვეყანა მობილიზებული უნდა იყოს.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მატყუარა სახე გამოჩნდა, ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უსუსურები არიან. რაიმე სერიოზულისგან ღმერთმა დაგვიფაროს, ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან.
- ამდენი ხანძარი იმიტომ ხომ არ არის, რომ რაღაც სერიოზულისგან უნდათ საზოგადოების ყურადღების გადატანა?
- ამდენი ხანძარი შემთხვევით არ არის, მაგრამ, არა მგონია, ეს რაღაცისთვის კეთდებოდეს. ამათ ნამდვილად არა აქვთ იმის თავი, რომ რაღაც სერიოზული მოაწყონ. ახლა მთელი "ქართული ოცნება" დაბოდიალობს და უპირველესი საფიქრალი კონსტიტუცია აქვთ. საკონსტიტუციო ცვლილებებში სრულად ჩაფლავდნენ და ახლა იქედან გამოძრომის გზებს ეძებენ. ჩაფლავებიდან ყველანი ხელს კულულებიანი ბიჭისკენ, ირაკლი კობახიძისკენ, იშვერენ. ის ამათკენ იშვერს ხელს.
ამათი მეორე მთავარი საზრუნავი თვითმმართველობის არჩევნებია. ყველაფერს აკეთებენ, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში დანიშნონ თბილისის მერად.
ამ ეტაპზე "ქართულ ოცნებას" მეტი არაფერი აინტერესებს. კიდევ კარგი, ჩვენს მეზობლებს რაღაც ინტერესები აღარ აქვთ საქართველოს მიმართ. რუსებმა ნაციონალების დროს ყველაფერი წაიღეს, რისი წაღებაც სურდათ.
ხელისუფლების უუნარობა იქიდანაც ჩანს, რომ დღემდე ვერ მიაკვლიეს ვერანაირ ფაქტს. ამდენი ხანძარი გაჩნდა და სპეცსამსახურები ტყეში ბიდონებს დასდევენ. ტყეში ბიდონი იშვიათობა არ არის. ვიღაც, შესაძლოა, ხეებს ჭრიდა ელექტროხერხით და ბიდონით საწვავი ჰქონდა ატანილი.
ბიდონების ამბავი ძალიან მაგონებს 2 წლის წინ ატეხილ ამბავს, ნაცები სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენო, რომ კიოდნენ. თუ ამზადებდნენ, რატომ არ გადავტრიალდით და სად არიან ეს გადამტრიალებლები, ხომ უნდა გამოიძიონ ეს საქმე? საქმის გამოძიება არავის სჭირდება. ნაცების მიერ გადატრიალების მოწყობაზე საუბარიც ამათ წისქვილზე ასხამს წყალს.
ომი არ შეგიძლია, არ შეგიძლია, ხანძარს ვერ აქრობ, ვერ აქრობ. საზღვარს ვერ აკონტროლებ, მაგრამ, ის მაინც ქენი, რომ აღმაშენებლის გამზირზე კონსტიტუციური წესრიგი დაიცვა.
- რას გულისხმობთ კონსტიტუციური წესრიგის დაცვაში?
- ნებისმიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოში წარწერები გაკეთებულია იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე და შემდეგ, თუ საჭიროება მოითხოვს, საერთაშორისო ენაზე - ინგლისურზე. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, აღმაშენებელზე, წარწერები არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებზეა გაკეთებული. ქვევით სადღაც საწყლად აქვს ქართულ ენაზე მიწერილი. ზოგან ქართული წარწერა საერთოდ არ არის. ამას სომხური და აზერბაიჯანული წარწერებიც დაემატა. თბილისში რომ გაივლი, შეიძლება ვეღარ მიხვდე, სად ხარ. კანონი და კონსტიტუცია პირდაპირ გავალდებულებს სახელმწიფო ენის დაცვას.
ამ ჩაჩნებმა ეს ვერ გააკეთეს და რატომ გიკვირთ, ხანძარი რომ ვერ ჩააქრეს. კიდევ კარგი, მსოფლიოს მოდებული რადიკალური დაჯგუფებების ინტერესის სფეროში არ ვართ, თორემ არავინ იცის, რა გვეშველებოდა. ამათ არც უსაფრთხოება აინტერესებთ და არც სხვა რამე. მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გამეცადინებული. საით მიექანება ქვეყანა, არავინ იცის. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს რაღაცებს უმალავენ და ბევრ რამეს არ ეუბნებიან, თორემ მთლად აქამდე არ მივიდოდა საქმე.

FaceBook Twitter Google