ინტერვიუები
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
2 სექტემბერს, დილით, კიევში უკრაინელმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის ძმა დავითი დააკავეს. ამაზე უკრაინიდან გაძევებულმა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დიდი ალიაქოთი ატეხა: „როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას, დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან“.
თუმცა, მალევე, დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს... ამ ყველაფერზე კომენტარი ვთხოვეთ სამცხე-ჯავახეთის ყოფილ გუბერნატორს, „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრს გიგლა ბარამიძეს:


— სააკაშვილის ძმა მიშიკოსავით ყალბისმქმნელი და ვირეშმაკაა! მას სათანადო საბუთები არა აქვს უკრაინაში ყოფნისა და იქ ბიზნესის კეთებისთვის! ამიტომაც დააკავეს და, როგორც ჩანს, გააფრთხილეს, რომ რაც შეიძლება მალე დატოვოს უკრაინა!
— სააკაშვილმა ამას მასზე ზეწოლის მცდელობა უწოდა, აქაოდა, მაინც დავბრუნდები უკრაინაშიო!
— დაბრუნდება და პოროშენკო სააკაშვილს „პარაშასთან“ გაამწესებს!
სააკაშვილი ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს უძებნის, მაგრამ ფაქტია, რომ მის ძმას საბუთები არა აქვს წესრიგში და ჯერ კიდევ ისიც საკითხავია, რამდენად „სუფთა“ ბიზნესს ეწევა უკრაინაში! ადრე თავისი ძმა მფარველობდა, როცა მიშიკო გუბერნატორი იყო, მაგრამ ახლა დროება შეიცვალა და სააკაშვილებს უკრაინაში უკვე აღარ დაედგომებათ!
სააკაშვილი არის ჩვეულებრივი გაპონი! ახლა რომ გაიძახის, უკრაინის გადარჩენაში ხელს მიშლიანო, იგივეს არ იძახდა, საქართველოში რომ იყო?! წარმოიდგინეთ, ამ საერთაშორისო მაწანწალამ, იმისთვის, რომ ჩინოვნიკი გამხდარიყო და რბილ სავარძელში ჩაედო თავისი გვამი, სამშობლოზე თქვა უარი — საქართველოს მოქალაქეობა დათმო და ეს უკრაინას შეაკლავს თავს?! კარგით რა, არ ვიცით, ვინც არის მიშა სააკაშვილი?!
— საქართველოს ხელისუფლებასაც რომ არ უნდა პატიმარი სააკაშვილის აქ ჩამოყვანა?!
— ეს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ, სააკაშვილი აქ არ გამოუგზავნონ „პასილკით“! თითქოს, სააკაშვილი ძებნილიაო, მაგრამ, ერთი არ უთქვამთ ბალტიისპირეთისთვის ან პოლონეთისთვის — კი მაგრამ, ეს ჩვენი ძებნილი თქვენს ქვეყნებში როგორ დატყლაშუნობსო?!
წარმოიდგინეთ, ლიტვის ან პოლონეთის ხელისუფლების მიერ ძებნილი პირი საქართველოში რომ ჩამოვიდეს და სააკაშვილივით ტელეკამერების წინ დაიწყოს ყელყელაობა, რა ამბავს ატეხენ ვილნიუსში თუ ვარშავაში?! არადა, „ოცნების“ ხელისუფლებას რომ ჰკითხო, მთელი ევროპა და ამერიკა, ამათი თავგადაკლული მეგობარია!
აი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები:
სააკაშვილი მონახავს რამდენიმე სულგაყიდულ ევროპარლამენტარს და ასე მიადგება უკრაინის საზღვარს, რომ იქ დევნილისა და ტანჯულის მანტია მოისხას და შოუ დადგას!
საქართველოში გაქოცებული ნაცების ხელისუფლებაა!
გაიხსენეთ, როგორ ჩაიხუტეს ქოცებმა სასამართლო სისტემის „ცერბერი“ კოტე კუბლაშვილი, აუდიტის სამსახურის შეფი ლაშა თორდია... აუდიტის სამსახურში 90 პროცენტი მგზნებარე ნაცი მუშაობს, ღიად რომ ელოდებიან „მიშას დაბრუნებას“!
ჰოდა, ცალკე „ოცნების“ ხელისუფლება სავსეა ნაცებით, ცალკე ნაცების ორი ფრთა (ბოკერიასი და მელიასი‘ ოპოზიციად ჰყავთ გაფორმებული!
— საქართველოში დღემდე არ წყდება ხანძრების სერია! არსებობს ვერსია, რომ ეს ნაცების დივერსიაა ხელისუფლების უუნარობის დემონსტრირებისთვის!
— ტაძრის გადამწველი ჰეროსტრატე გამიგია, საკუთარი დედაქალაქის ცეცხლის ალში გამხვევი ნერონიც გამიგია, მაგრამ ეს ტყეების გადამწვავი ჭინკები ვინ არიან?! მე შეიძლება ეჭვი მქონდეს, რომ ამას ნაცების დივერსიული ჯგუფები აკეთებენ, მაგრამ ეს გამოძიების სფეროა და ხელისუფლებამ ფაქტები უნდა წარმოადგინოს!
თუმცა, ეს ხელისუფლება რისი გამკეთებელია! საზღვრებს ვერ აკონტროლებ, რუსების მცოცავ ანექსიას ვერ აჩერებ, მოსახლეობა დამშეულ-გაღატაკებული გყავს და ხანძარი მაინც ჩააქრე, შე ოჯახაშენებულო!
— თქვენ წლების მანძილზე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი იყავით და თქვენს დროს არ იყო ხანძრები?!
— როგორ არ იყო! ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში არაერთი ხანძარი ჩაგვიქრია, მაგრამ მთელი ქვეყანა არ შეგვიძრავს! მთავარი იცით, რა არის?! ესენი, ხანძარი რომ გაჩნდება, მერე იწყებენ მის ჩაქრობაზე ფიქრს, ჩვენ კი, სანამ ხანძრის კერები გაჩნდებოდა, მანამდე ვგეგმავდით ყველაფერს: წინასწარ გაგვყავდა თხრილები, ვანაწილებდით ტყისმცველებს სექტორების მიხედვით და ისინი მთელი კვირები კარვებში მორიგეობდნენ ხანძარსაშიშ ტყის მასივებში!
ამ ხელისუფლებამ კი, სანამ მთელი ბორჯომის ტყე არ გადაიწვა, მანამდე არ შეიბერტყა ყურები! ხანძარი ლიკვიდირებულიაო, რომ გაიძახიან, დაიწვა ყველაფერი და ჩაქრებოდა ის ხანძარი, აბა, რას იზამდა! 200 ჰექტარი კი არა, ხუთჯერ მეტია დამწვარი!
— ამას არ ჯობდა, რუსეთის სახანძრო თვითმფრინავები შემოეყვანათ?!
— ეს ხანძრის პირველ თუ არა, მეორე დღესვე უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ამას ხომ გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ხელისუფლება სჭირდება?!
ამ ხელისუფლებას იმის პანიკური შიში აქვს, ვინმემ პრორუსულობა არ დამაბრალოსო! მაშინ იმას რა ვუყოთ, რომ გაზი, დენი თუ წყალი რუსული კომპანიებისგან მოგვეწოდება?! მაშინ რატომ ვლოცულობთ რუს ტურისტებზე?!
ეს მკვდრები ხანძარს ვერ აქრობენ და ქვეყანას ააშენებენ?!
ეს ხელისუფლება შუაგულ დედაქალაქში კონსტიტუციით დაცულ ქართულ ენას ვერ იცავს და რაზე უნდა ელაპარაკო?! მთელი თბილისი თურქულ, სპარსულ, არაბულ თუ ჰინდის ენაზე აჭრელებული ბანერებით რომ არის სავსე, ეს უკვე ცნობილია! გაიარეთ აბანოთუბანში, ძველ თბილისში და ნახეთ კაფე-ბარებსა და მაღაზიებში რუსულენოვანი გამყიდველები ჰყავთ ჩამოყვანილი, ერთი კაკალი ქართული რომ არ იციან! საკუთარ დედაქალაქში ნაყინის ყიდვა რომ გინდოდეს და ქართულად ვერ გააგებინებ გამყიდველს, ეს ქვეყანაა?!
ესაუბრა

გიორგი გიგაური



FaceBook Twitter Google