ინტერვიუები
“ოცნება” არჩევნების მოგებას სააკაშვილის დახმარებით აპირებს
გიგლა ბარამიძე: ''შს მინისტრი პირველ მეხანძრედ არ უნდა ვაქციოთ''
გარისკავს თუ არა სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ვინ დგას მის უკან, როგორ დაიბრუნეს ნაციონალებმა ძალაუფლება, რა პროცესები მიმდინარეობს საპატრიარქოში, რაზე უნდა იზრუნოს ეკლესიამ? - ამ თემებზე ""ახალ თაობას"" ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდან გააფრთხილა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები, ვბრუნდები და მოემზადეთო. თქვენი აზრით, ის მართლა დაბრუნდება?
- რისი დამბრუნებელია ან საქართველოში, ან უკრაინაში. ეს ყველაფერი, რაც ხდება, გახლავთ პოლიტიკურად მკვდარი სააკაშვილის რეანიმირების მცდელობა. ამას აკეთებენ მისი იმიჯმეიკერები და რამდენიმე ჭკუასუსტი ამერიკელი პოლიტიკოსი, რომლებსაც ამ საერთაშორისო მაწანწალასთან ბევრი საერთო აქვთ. საქმეში რამდენიმე ევროპელი ჩინოსანიც არის ჩართული. სააკაშვილთან მათაც ბევრი ტკბილ-მწარე მოგონება აკავშირებთ.
ეს კაცი ერთ დროს საქართველოს პრეზიდენტი იყო და სამწუხაროა, რომ ის მრავალჯერადი გამოყენების ნომრიან აგენტად იქცა, ხან ვინ იყენებს, ხან - ვინ. როდესაც მას მოქალაქეობა ჩამოართვა უკრაინამ, ვთქვი, რომ დაივლიდა ევროპის ქვეყნებს და პიარისთვის მიადგებოდა უკრაინის საზღვარს. ასეც მოხდა, ის რამდენიმე დღეში ალბათ მივა უკრაინის საზღვართან და გვერდით ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ეყოლება. ისეთი სურათის დახატვა სურთ, თითქოს ვიღაცა ებრძვის.
სინამდვილეში არავინ ებრძვის და არც ის არავის ებრძვის. კორუფციასთან ბრძოლა თუ უნდოდათ, უკრაინაში არ იყო მთელი თავისი გუნდით? საქმე ვერ გააკეთეს, თავი შეირცხვინეს და იქიდან მელიებივით გაიპარნენ. მე იმ უკრაინელების რა ვთქვი, ვინც მიიჩნევს, რომ მათი ლიდერი სააკაშვილი უნდა იყოს და მან უნდა გაატაროს რეფორმები.
- მისი მხარდამჭერები საქართველოში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინიდან ის თბილისში ჩამოვა. მან პოროშენკოსთან ერთად ივანიშვილიც გააფრთხილა. ჩვენებური ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს წინასაარჩევნო ფანდია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს.
- სააკაშვილის განცხადებები პოროშენკოსა და ივანიშვილზე არაფერს ნიშნავს. ამით უნდა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ მას რუსი ოლიგარქები ებრძვიან. კი მაგრამ, ახლა გახდნენ ეგენი რუსი ოლიგარქები, წლების განმავლობაში მაგათთან არ თანამშრომლობდა? პეტრო პოროშენკოსთან მაგას აქვს სურათები გადაღებული და ეგენი ეძახდნენ ერთმანეთს დიდ რეფორმატორებს.
შევარდნაძის ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ იგორ გიორგაძის თემას ააქტიურებდა. ზურაბ ჟვანია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წინ სულ გიორგაძის მოსალოდნელ დაბრუნებაზე საუბრობდნენ. შემდეგ ასლან აბაშიძის სახელსაც იყენებდნენ, ხალხს ეუბნებოდნენ, მოქალაქეთა კავშირს თუ არ აირჩევთ, ეგენი დაბრუნდებიანო.
ახლაც დაახლოებით ეგეთივე სიტუაციაა, ოღონდ "ქართული ოცნება" ნაციონალებისა და სააკაშვილის დაბრუნებაზე საუბრობს. აქამდე ეს ხერხი ამართლებდა.
- ამ არჩევნებზე თუ გაამართლებს?
- ისეთ ეფექტს არ გამოიღებს, როგორსაც წინა წლებში, მაგრამ ეს ხერხი თვითმმართველობის არჩევნებშიც იმუშავებს. ხალხს მწარედ ახსოვს სისხლიანი რეჟიმი და ნაციონალების დაბრუნების შიშით მზად არიან, ხმა ისევ უუნარო "ქართულ ოცნებას" მისცენ. "ოცნება" ამ არჩევნების მოგებასაც მისი დახმარებით აპირებს.
მომდევნო არჩევნებზე ეს მეთოდი აღარ გაამართლებს. საზოგადოება უკვე ამჩნევს, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში ისედაც დაბრუნდნენ.
- დაბრუნებაში რას გულისხმობთ?
- პარლამენტში ეგენი არიან, მთავრობაშიც მაგათ ნიშნავენ, ბიზნესსაც ისევ ეგენი აკონტროლებენ და ტელევიზიების დიდ ნაწილსაც. ხელისუფლებაში არიან, აბა, რა არიან. სააკაშვილის გარდა, ფაქტობრივად, ყველა თავის ადგილზეა. თუ ნაციონალების სისხლიან რეჟიმთან ბრძოლის მთავარი მიზანი მისი საქართველოდან განდევნა იყო, თავიდანვე ეთქვათ.
მთელი უბედურება ის არის, რომ "ოცნებას" მხოლოდ მისი განდევნა სურდა და არა გასამართლება. მის გასასამართლებლად უამრავი მიზეზი არსებობდა, ამ ადამიანს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ესენი 5 პიჯაკსა და 2 პალტოზე არ ჩამოვიდნენ.
მისი ექსტრადირება რომ არ სურთ, ეს უკვე ნათელია. ხელისუფლებისგან ძალიან ბევრი ტყუილი ისმის. ახლაც თქვეს, რომ უკრაინის პროკურატურას მიმართეს, რომ თუ სააკაშვილი იქ დაბრუნდება, მოხდეს საქართველოში მისი ექსტრადირება. რადიო "თავისუფლების" ცნობით კი, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ განცხადებას ეყრდნობა, საქართველოდან უკრაინაში 2017 წელს არ შესულა არანაირი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ. ამ საკითხზე "ქართული ოცნება" არც ევროპასთან მუშაობს.
- ევროპიდან უფრო ძნელი არ იქნება მისი ექსტრადირება? იქ მას ბევრი გავლენიანი ნაცნობი ჰყავს.
- მას ევროპაში ის პოლიტიკოსები უჭერენ მხარს, ვისთანაც კუდი აქვს გადაბმული და ბევრი ტკბილ-მწარე მოგონება აკავშირებს. ევროპაში ნაცნობებით თავს მოქმედი ხელისუფლებაც მატრაკვეცობს. პრემიერი ლამის ყველა თავის გამოსვლას ასე იწყებს, ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა.... თქვე დალოცვილებო, თუ ამდენი მეგობარი გყავთ დასავლეთში, როგორ მოხდა, რომ ძებნილმა ადამიანმა მთელი ევროპა და ამერიკა მოიარა, თან ჩუმად, ბიბლიოთეკებში კი არ დადის, რესტორნებსა და დისკოთეკებს არის მოდებული.
ერთხელ მაინც რატომ არ იკითხეს, რომ ძებნილ კაცს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება და ცნობადი სახეა, მეგობარი ქვეყანა რატომ არ აკავებს? იცით, რატომ არ აკავებენ? საქართველოს ხელისუფლება არ ითხოვს. მისი დაკავება არ სჭირდებათ.
- მოთხოვნის შემთხვევაში მოახდენდა რომელიმე მეგობარი ქვეყანა მის ექსტრადირებას?
- ვერ გეტყვით. საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, მაგრამ ვინ თქვა, რომ იქ არ არიან გამყიდველი და ტკბილი ცხოვრების მოყვარული ჩინოვნიკები. ასეთები მრავლად არიან. ხუთმაგი სტანდარტები ევროპელი პოლიტიკოსების დამახასიათებელი თვისებაა და ბევრ ჩინოვნიკს გამოუვლენია ის საქართველოს მიმართ.
მათთვის რომ გეკითხათ, დიდად აინტერესებდათ, საქართველოში რამდენად დემოკრატიულად ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების დღეს ეუთოს დამკვირვებელი ქალი ფეხქვეშ გაიგდეს და, რაც სიგრძე ჰქონდა, ის სიგანე მისცეს. ის მაშინვე წავიდა საქართველოდან და ამას დიდი სკანდალი უნდა მოჰყოლოდა. 2 დღეში ეს ქალი საქართველოში დაბრუნდა და იმ ინციდენტზე ხმაც კი არ ამოუღია. ისე იყო ხელისუფლებისგან მოთაფლულ-მოფერებული, სულ იმას გაიძახოდა, ეს რა დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნებიო.
იმ დამოუკიდებელი ქვეყნის რა ვთქვი, რომელსაც მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ტანკების ხრიგინი უხარია. ასევე რა ვთქვი იმ ქვეყნის, რომელსაც კონსტიტუციას რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე უწუნებს და უწონებს. ამ შემთხვევაში ჯანი ბუკიკიო მყავს მხედველობაში.
ეგ ის ბუკიკიო არ არის, სააკაშვილის მიერ მიღებულ არჩევნებსა და კონსტიტუციას რომ იწონებდა? არაფერი შეცვლილა. რაც მაშინ იყო, იგივე ბუკიკიოა ახლაც. მოეფერნენ და გაიტრუნა. ისევ სააკაშვილსა და იმ განცხადებებს ვუბრუნდები, რომ თურმე მის გვერდით ევროპელი პოლიტიკოსები დადგებიან. მის გვერდით დადგებიან გაყიდული ჩინოსნები. ასეთები ევროპაში მრავლად არიან.
ეს ხალხი მართლა დადგება სააკაშვილის გვერდით, მაგრამ ამან ჩვენი ამომრჩეველი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. მას მხარს ევროპა კი არა, ის პოლიტიკოსები უჭერენ, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ძალიან ტკბილად ცხოვრობდა. ევროპის მხარდაჭერაზე მან საკუთარი ბებია და თურქული კოლეჯის ლობისტი დედა მოატყუოს. და კიდევ თავის ორად გახლეჩილ პარტიას მიხედოს, რომლებიც ერთმანეთის გინებაში არიან.
- ამბობენ, რომ პარტიის ორად გახლეჩაც დადგმული სპექტაკლია.
- არაფერს აღარ გამოვრიცხავ, მაგრამ ახლა დილიდან დაღამებამდე ერთმანეთის გინებაში არიან. ნაციონალური მოძრაობისა და "ევროპული საქართველოს" წევრი ქალები ქალებს აგინებენ, კაცები _ კაცებს.
ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ კაცს საქართველოში კიდევ ვინმე უჭერს მხარს. კაცი 2 ვადით იყო ქვეყნის პრეზიდენტი და იმისთვის, რომ თანამდებობა მიეღო, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, 2008 წელს გორში როგორ ხოხავდა. მოვა დრო და მთელი მსოფლიო დაგვცინებს იმის გამო, რომ ასეთი კაცი ორჯერ ავირჩიეთ პრეზიდენტად.
დაცინვაზე მეტი იყო, როცა საზეიმო ვითარებაში დაარიგა ერთ-ერთი ქვეყნის საელჩომ ცეცხლგამძლე ჩექმები. იმის მაგივრად, რომ ცეცხლთან ბრძოლაში დაგვხმარებოდნენ, ჩექმები გვაჩუქეს. ჩვენს ხელისუფლებას ცოტა ღირსეულად რომ დაეჭირა თავი, ამდენს არ გვაკადრებდნენ. მესამეხარისხოვან ქვეყანად რომ გვთვლიან და კოლონიასავით გვექცევიან, ყველამ იცის, მაგრამ ჩვენ როდემდე უნდა დავისვათ ყველა თავზე და როდემდე უნდა გავითახსიროთ თავი.
რადგან ხანძრების თემა ვახსენე, აუცილებლად უნდა შევეხო შინაგან საქმეთა მინისტრსაც. მისი პირველ მეხანძრედ გადაქცევა დაუშვებელია.
- ხანძრების ჩაქრობას ვიღაცამ ხომ უნდა უხელმძღვანელოს?
- მოქმედი შს მინისტრი, თავის სისხლიან წინამორბედებთან შედარებით, სიმპათიურად გამოიყურება და დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, ხანძრების გარდა, საქართველოში სხვა რაღაცებიც ხდება. მივმართავ მღებრიშვილს, ამას მიხედე და მთლად მთავარი მეხანძრე ნუ გახდები.
ამით მას ღვაწლსა და თავდადებას კი არ ვუწუნებ, მაგრამ არ შეიძლება, შს მინისტრი ხანძრების ჩასაქრობად დარბოდეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სტრუქტურების ფუნქციები არეულია. ორი სამსახურია შექმნილი იმისთვის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში იმოქმედოს.
ხვალ სეტყვის საშიშროების წინაშე რომ დავდგეთ, სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებთან უნდა დავაყენოთ მღებრიშვილი? ყველაფერზე თუ შს მინისტრმა ირბინა, ყაჩაღებსა და ნარკომოვაჭრეებს ვინ მიხედავს? ქაოსი მეტი კი არაფერია.
არსებულ მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ციანიდის სკანდალი. ამ
საქმემ ბევრი ცუდი ფაქტი გამოავლინა და, რაც ყველაზე ცუდია, მოხდა ეკლესიის ავტორიტეტის შერყევა. ამაზე ათწლეულები მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, ეკლესია თავის ავტორიტეტს ინარჩუნებდა, კომუნისტების დროსაც კი არ შერყეულა მისი სიძლიერე ისე, როგორც ეს ციანიდის სკანდალმა გააკეთა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა.
- ბევრი მიიჩნევს, რომ ციანიდის სკანდალი დროებითია და ის ეკლესიის ავტორიტეტს ვერაფერს დააკლებს.
- რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს ქართული ეკლესიის ავტორიტეტს ვერ დააზიანებს, ციანიდის საქმემ ლახვარი ჩასცა ზურგში ქართულ ეკლესიას. სინოდმა, მთელმა სამღვდელოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული მკვეთრად უარყოფითი განწყობა შეიცვალოს.
როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა, ზოგიერთ სასულიერო პირს მინდა შევახსენო, რომ მართლმადიდებლობის პრივატიზების უფლება არავის აქვს.
- ამით რის თქმა გინდათ, ვიღაც ცდილობს მართლმადიდებლობის პრივატიზებას?
- ახლა ფრჩხილების გახსნას არ ვაპირებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მართლმადიდებლობა არავისი საკუთრება არაა, მათ შორის არც საპატრიარქოსი. ის მის უდიდებულესობა ქართველ ერს ეკუთვნის. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესიას ჩირქი არ მოეცხოს.


FaceBook Twitter Google