ინტერვიუები
“ერთი დადის უკრაინული ნაწნავით, მეორემ თავის ღიპზე ჩამოიცვა 5 იქსელი ზომის უკრაინული ჯუბა.”
ვინ იხდის ფულს ეკლესიის ლანძღვაში
გიგლა ბარამიძე: “ეს აღვირახსნილი კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია”
“მარგველაშვილი ოპოზიციას ვერ გააერთიანებს”
ვინ დგას საპატრიარქოს დისკრედიტაციის უკან, მოხდა თუ არა რაიმე გარიგება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის, როგორ გადაიქცა კონსტიტუცია “ოცნების” პარტიულ დოკუმენტად? - ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე: როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ეს არის პოლიტიკური ონანიზმის ქრესტომათიული მაგალითი. ეს სიტყვა ნურავის ნუ დააფრთხობს, ეს ყველაფერი ძველი აღთქმიდან მოდის.
კონსტიტუცია თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ამათ ეს უმთავრესი კანონი პარტიულ დოკუმენტად გადააქციეს. სადაც პირდაპირ აქვთ ჩაწერილი, როგორ უნდა დარჩნენ 20 წელი ხელისუფლებაში.
ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადება მწუხარებას იწვევს და კონსენსუსის მიღწევაში დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ასეთი განცხადება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. დიპლომატი ამაზე მეტს არაფერს გეტყვის.
კონიუნქტურას აყოლილი ჩინოსნები არ ძაბავენ ურთიერთობას, თორემ იმას პირდაპირ გეუბნებიან, რაც ხდება. გამგებმა უნდა გაიგოს. ხელისუფლების მხრიდან ამაზე გაუგებარი ლუღლუღი გვესმის მხოლოდ.
განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადება. ის ამ განცხადებას რამდენიმე დღის მანძილზე იმეორებდა. ის ამბობს: “ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად იყო დესტრუქციულ პოზაში და ამ პოზაში დგომას გააგრძელებს”.
ვინმე ამიხსენით, რა ქართულია ეს? ვინ ასწავლა ასე ლაპარაკი. გავიგე, რომ ქართულთან მწყრალად არის, მაგრამ რა უბედურებაა პოზებზე ამდენი ლაპარაკი.
- მოდით, ვენეციის კომისიის დასკვნას დავუბრუნდეთ, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების გადავადებამ მათში მწუხარება რომ გამოიწვია, ეს აისახება რამეზე თუ ჩანაწერად დარჩება?
- ისინი მიესალმებიან ყველაფერს, თუკი “ქართული ოცნებაც” ისევე მოეფერება, როგორც წინა ხელისუფლება ეფერებოდა. მათთვის მთავარია არა რეალობა, არამედ კერძო, ვიწრო ინტერესები.
არ გამოვრიცხავ, რომ მათ გადაყლაპონ ის დარღვევები, რაც “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციის პარტიულ დოკუმენტად ქცევას უკავშირდება. მათ დარღვევები გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზეც არ შეიმჩნიეს.
ევროპელებთან დაკავშირებით დიდმა ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ ერთ-ერთ ლექციაზე ასეთი რამ თქვა: “ევროპას არა აქვს უფლება, სამყაროს წინაშე დაიკვეხნოს თავის კულტუროსნება, ვიდრე მის პასპორტში ბართლომეს ღამე წერიაო”. ამას დავამატებდი, რომ კულტუროსნებას მანამდე ვერ დაიკვეხნიან, სანამ პასპორტში ბუხენვალდი, ოსვენციმი, ფაშიზმი უწერიათ.
ევროპელი ჩინოსნები დღემდე ხუთმაგი სტანდარტებით მოქმედებენ. მათი ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით ჩვენნაირ სუსტ ქვეყნებში იჩენს თავს. “ქართული ოცნება”, ნაციონალების მსგავსად, პოლიტიკური გასაჭირის დროს კარგად იყენებს ევროპელების დასკვნებს, რაც დამღუპველი და არასწორია.
- თამარ ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად იყო დესტრუქციულ პოზაში და ამ პოზაში დგომას გააგრძელებს. რაში გამოიხატება დესტრუქციულ პოზაში დგომა და აქვს თუ არა პრეზიდენტსა და ოპოზიციას საერთო გეგმები?
- მე ისიც ვერ გავიგე, რაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. რაკი ასეთ თემებზე ჩამოაგდო საუბარი, ცუდი არ იქნება, თუ პრეზიდენტს დაელაპარაკება. მარგველაშვილმა ხომ გვითხრა, ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება მაქვსო. დასხდნენ და ისაუბრონ ამ თემებზე, რამდენიც უნდათ. ცნობილი ინდური ტრაქტატი აღარ გვინდა, ჩვენი ხელისუფლება შექმნის ახალს.
ყველას ახსოვს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი ინიციატივა, რაც “ოცნების” პარლამენტში შევიდა, ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა იყო. კონსტიტუცია და ქართული პოლიტიკა ხომ ისე გააუპატიურეს, რომ ინდური ტრაქტატი არაფერში საჭირო აღარ არის.
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ახლა რაც შეეხება პრეზიდენტის და ოპოზიციის ურთიერთობებს. მარგველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისგან განსხვავებით, სხარტი აზროვნებით გამოირჩევა. ის უცბად ხვდება, სიო საიდან უბერავს.
თავისი საპრეზიდენტო ვადის მიმწუხრს სურს, რომ უფრო რეფორმატორად და თანამედროვედ გამოჩნდეს, უფრო მეტად სვეცკაობს. ამიტომ იწუნებს კონსტიტუციას და ცდილობს, ოპოზიცია გააერთიანოს.
- შეძლებს მარგველაშვილი ამის გაკეთებას?
- მეტი არაა ჩემი მტერი, ამან ოპოზიცია გააერთიანოს. მისი მთავარი საზრუნავია, რომ დასავლეთის თვალში დემოკრატ ლიდერად გამოჩნდეს. მისთვის, ისევე, როგორც სხვა ჩინოსნებისთვის, მთავარი ჯერ დასავლეთია, მერე არასამთავრობოები, მერე საკუთარი ჯიბე და სულ ბოლო ადგილზეა ჩვენი საზოგადოება.
მარგველაშვილს თავისი უკმაყოფილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავიდანვე უნდა გამოეხატა, მაგრამ მაშინ მისთვის სხვა რამე იყო მთავარი, უნდოდა შენარჩუნებულიყო უშიშროების საბჭო და მისთვის ფუნქციები არ ჩამოერთმიათ, ამიტომაც იყო ჩუმად.
მე მისი არ მჯერა, მაგრამ ვაღიარებ, რომ სხვებზე უფრო განათლებულია, სიოს ქროლვის მიმართულებას ადრე გრძნობს და კარგად უწყობს მას ფეხს. კარგად ვიცი, როგორ გადაყლაპა მან გაყალბებები და საარჩევნო სიებში მყოფი მკვდარი სულები თავის სასარგებლოდ.
პრეზიდენტად როცა ნიშნავდნენ, დემოკრატია, პლურალიზმი და კონსენსუსი სულ არ ახსოვდა. ვცდილობ, მართალი კაცი ვიყო და მის რევერანსებს ვერ დავიჯერებ. თუმცა რასაც ახლა ამბობს, თუ მართლა ასე ფიქრობს, კარგია.
- მარგველაშვილს სააკაშვილის მომხრეებთან ბოლოს რაღაც თბილი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა და იქიდან რაიმე სიომ ხომ არ დაუბერა?
- სააკაშვილი არის მრავალჯერადი გამოყენების გაპონი აგენტი, რომელიც სიტუაციის მიხედვით მზადაა, თავისი ნიჭი და ენერგია მოახმაროს შემკვეთებს. მთავარია, ვინ რას უკვეთავს.
საცოდავო უკრაინავ, 43-მილიონიანი ქვეყანა იყო და სხვები გატრიალებდნენ თავის ჭკუაზე. მეორე ასეთი ქვეყანა არ მახსენდება, დაშლის პირას იყოს და ხმას არ იღებდეს. დღეს იქ ცრუპატრიოტიზმის გამოყენებით ფარისევლობაში მიდის შეჯიბრი. უცხოტომელი ლიდერების აღლუმია დანაწევრებულ უკრაინაში _ სომეხი ტიმოშენკო, ებრაელი კოლომოისკი, ქართველი სააკაშვილი თურმე უფრო მეტად ზრუნავენ მრავალტანჯულ უკრაინაზე, ვიდრე უკრაინელი ხალხი.
ერთი დადის უკრაინული ნაწნავით, მეორემ თავის ღიპზე ჩამოიცვა 5 იქსელი ზომის უკრაინული ჯუბა. პატი და პატაშონივით დატუნტულობენ და გაიძახიან, გინდა თუ არა, უკრაინა უნდა გადავარჩინოთო.
სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში ვერ მივა, მაგრამ სიტუაციას კარგად აურევს. ყველაფერი კეთდება მის გასაცოცხლებლად. პოროშენკო ისეთ სულელურ ნაბიჯებს დგამს, სატოპკეებს სატოპკეებზე უწევს ამ მრავალჯერადი გამოყენების აგენტს.
იქ მან თუ ფეხი რამენაირად მოიკიდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში ფეხი შემოყოს. მას უკვე დაწერილი აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ამ გეგმის შესახებ 4 თუ 5 კაცმა იცის. ამ გეგმაში ორგანიზაციული და ფინანსური საკითხებია გაწერილი. ტექნიკურ და იდეოლოგიურ საკითხებზეც არის საუბარი. საუბარია პიარზეც.
მას გეგმა #2 მზად აქვს, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებამ ის არ იცის, ცეცხლმოკიდებული ბუჩქი როგორ ჩააქროს. დღევანდელი საქართველო თვითდინებაზე მიშვებულ ნავს ჰგავს. `ქართული ოცნება~ მას საქართველოში დაბრუნებაში ხელს ვერ შეუშლის.
მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ხალხს შეუძლია, რომელსაც კარგად ახსოვს ის საშინელი წლები. ხელისუფლება თუ სააკაშვილს აქ შემოუშვებს, პირდაპირ ვამბობ, სისხლი დაიღვრება. ის საქართველოში ცხვირის შემოყოფას სწორედ ხალხის ასეთი განწყობის გამო ვერ ბედავს.
ხალხი ისეთი გამწარებულია ხელისუფლებაზე, რომ ერთი სული აქვს, აქ პროცესები აირიოს, რომ დამნაშავეებს თავად გაუსწოროს ანგარიში. ასეთი განწყობა ქვეყნისთვის დამღუპველია, მაგრამ ხელისუფლება ამის გასანეიტრალებლად არაფერს აკეთებს.
სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, კოაბიტაციაში შევიდნენ დამნაშავეებთან. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ნაცვლად, თანახმაა მიწების გაყიდვაზე, დედაქალაქში ქართული წარწერები აღარ არის და ჩილიმ-ბარების გახსნა ითვლება ბიზნესის განვითარებად. ზოგიერთ რეგიონში ქართული წირვა-ლოცვა იზღუდება, ეკლესიის მიმართ რაც ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთი აღვირახსნილი კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა.
ახლა ასეთი სექტანტური გეგმა მოიფიქრეს, ამბობენ, ეკლესიაში ნაკლოვანებები არ მოგვწონს და მხოლოდ ამიტომ ვაკრიტიკებთ საპატრიარქოსო. სინამდვილეში ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის ლაფში ამოსვრა.
ამ აღვირახსნილ კამპანიას მე სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად მივიჩნევ. ამ კამპანიის დამკვეთების მიზანს ქართული სახელმწიფოს დაშლა და მართლმადიდებლობის მოსპობა წარმოადგენს.
- თქვენ ამას სახელმწიფოს ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევთ, მაგრამ ზოგიერთი სასულიერო პირი ისე იქცევა, შეუძლებელია, ის არ გააკრიტიკო.
- ზოგიერთი სასულიერო პირის ქმედება მართლა იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა სხვაა და აღვირახსნილი კამპანია სხვა.
ერთი პოლიტიკური ძალა საარჩევნო კლიპში პირდაპირ ლანძღავს ეკლესიას. დარწმუნებული ვარ, მათ ეს შეუკვეთეს. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, 2 ქალბატონი ასეთი ტკბობით თხრიდეს ეკლესიას. რომელი თეოლოგები ეგენი არიან, ეკლესიისკენ რომ ხელებს იშვერენ. რასაც ეგენი ამბობენ, მართალიც რომ იყოს, სარეკლამო რგოლში როგორ შეიძლება ეკლესიის, გნებავთ, კონკურენტი პარტიის ლანძღვა.
ამას სჯობია, პირდაპირ თქვან, რომ ეზიზღებათ მართლმადიდებლობა. ამ პარტიის წევრებს აკაწკაწებთ და გული უწუხთ, ქართული ეკლესიის ზარები რომ რეკავს. ამ დროს მათში სექტანტური ეშმა ირყევა.
რაც არ უნდა თქვან, საქართველოში ეკლესიაა ის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ჯერ კიდევ ადუღაბებს დაკარგულ ტერიტორიებს და ქართველ ერს.
ციანიდის საქმე არის ქართული მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა და აქ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები არაფერ შუაშია. დაჩმორებული ხელისუფლება, რომელსაც ყველაფრის ეშინია და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნებაზე ზრუნავს, ამ აღვირახსნილობას ვერაფერს უპირისპირებს.
მოფამფალებულ ხელისუფლებას, შესაძლოა, აწყობს კიდევაც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი ბრძოლა მიდის.
- წესით, უნდა აწყობდეთ, ციანიდის სკანდალის შემდეგ არავის აღარ ახსოვს მთავრობა და პარლამენტი.
- რა თქმა უნდა, აწყობთ, რომ მათგან ყურადღება გადატანილია. “ოცნებას” უწმინდესის ავტორიტეტიც აღიზიანებს. ასეთ დროს უფრო იოლად გაყიდიან ქართულ მიწებს. ან ის რა უბედურებაა, ქართულ მარშს რომ მიახტნენ. რასაც ეგენი ითხოვენ, ეგეთი მოთხოვნები ევროპაშიც აქვთ, მაგრამ იქ მათ მარგინალებს არავინ უწოდებს. დემოკრატია თუ არის, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ან იქნებ მხოლოდ ისაა დემოკრატია, კაცი კაცთან რომ გორაობს და ქალი ქალთან?! მე არავის განსჯას არ ვაპირებ, მაგრამ ეს სულგაყიდული არასამთავრობოები ყველას თავზე არ უნდა დააჯდნენ.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31