ინტერვიუები
გიგლა ბარამიძე: “კუმურდოელებთან ჩემი გუბერნატორობის დროსაც იყო პრობლემები, მაგრამ მათთან საერთო ენის გამონახვა შევძელით”
“ჯავახეთში ვითარებას ნაციონალები ურევდნენ”
“ახალქალაქში იარაღით მოვაჭრეს დილის 7 საათზე დავადექით თავზე. თან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მახლდა”
ბრუნდება თუ არა ჯავახეთში 90-იანი წლები, როგორ მუშაობდნენ იქ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურები, რა ინფორმაციები ჟონავდა უშიშროების საბჭოდან, ვის ინტერესშია საზღვრისპირა რეგიონებში არეულობის მოწყობა, რა ხდება კუმურდოში, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ?  ამის შესახებ “ახალ თაობას” სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი, ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- რამდენიმე დღის წინ ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში სერიოზული ინციდენტი მოხდა და ჯავახეთის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. საუბარია იმ ძალების გააქტიურებაზე, რომლებიც ჯავახეთის ავტონომიას ითხოვენ. გასული საუკუნის 90-იან წლებში ამ რეგიონში უმძიმესი მდგომარეობა იყო, საქართველოს ხელისუფლება ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ვერ შედიოდა. იმ დროში ხომ არ ვბრუნდებით?

- იმ დროში არ ვბრუნდებით, მაშინ მართლა წარმოუდგენელი რამე ხდებოდა ჯავახეთის რეგიონში. ჯავახეთი ტერიტორიულად საქართველოს ნაწილი კი იყო, მაგრამ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც ძალიან სუსტი იყო, პოლიტიკურად არ ექვემდებარებოდა.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის გამგეობების შენობებზე გამოფენილი იყო სხვადასხვა ქვეყნების და სხვადასხვა სიმბოლიკიანი დროშები. სამაგიეროდ, იქ არ იყო საქართველოს სახელმწიფო დროშა. არსად არ იყო ქართული წარწერები.
ეს უცხო დროშები ჩემი ხელით ჩამოვხსენი და ქართული აღვმართე. დროშის ჩამოსახსნელად რომ ავდიოდი, თან იმას ვფიქრობდი, ვიღაცამ ზურგში ტყვია არ მესროლოს-მეთქი.
პრეზიდენტის რწმუნებულს ჯავახეთში არ უშვებდნენ. ახალქალაქში რომ შესულიყავი, შლაგბაუმები უნდა გაგევლო. მეც მომიწია ამ შლაგბაუმის გავლა და პირველი რწმუნებული ვიყავი, რომელიც ჯავახეთის ტერიტორიაზე შევიდა.
სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშვნამდე სომხეთში საქართველოს ელჩი ვიყავი. ერევანში ბევრი ნაცნობი მყავდა და ისინი ძალიან დამეხმარნენ ჯავახეთის რეგიონში სიტუაციის დალაგებაში.

- არადა, ითვლება და ითვლებოდა, რომ ჯავახეთის რეგიონში არეულობა ყველაზე მეტად ერევანს აწყობს.

- როდესაც რწმუნებულად დავინიშნე, სომხეთის პრეზიდენტი იყო ლევონ ტერ პეტროსიანი. ის ანტიქართულ ქმედებებს არასდროს უჭერდა მხარს. ჯავახეთში არეულობა არც სომხეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას აწყობს.
ჯავახეთი არის სასაზღვრო რეგიონი და, როგორც ყველა სასაზღვრო რეგიონში, აქაც ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესები იკვეთება. სპეცსამსახურები ადრეც აქტიურად მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ.
ამ რეგიონში ვითარებას ისიც ართულებდა, რომ ახალქალაქში იყო რუსული სამხედრო ბაზა. ისინი ადგილობრივ სეპარატისტებსა და კონტრაბანდისტებს ღიად მფარველობდნენ. როცა ჯავახეთზე ვსაუბრობთ, ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ იქ მხოლოდ სომხები იქცეოდნენ ანტისახელმწიფოებრივად. ამ რეგიონში 95% პროცენტი ეთნიკური სომეხია, მაგრამ უკანონობაში იქ მცხოვრები სხვა ეროვნებებიც იყვნენ ჩართული.
ამას ხელშეწყობა ქართველი პოლიტიკოსებისგანაც ჰქონდა. ერევანში მითხრეს, რომ ერთ-ერთი პარტიის ლიდერები ჯავახეთს განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ჰპირდებოდნენ.

- მაშინ ხელისუფლებაში მოქალაქეთა კავშირი იყო. ამ პარტიის ლიდერებზეა საუბარი?

- მაგათზეა საუბარი. ვითომ რეფორმატორების ფრთაზე მაქვს საუბარი. ისინი შემდეგ ნაციონალები გახდნენ და მაღალი თანამდებობები ეკავათ. ეს ხალხი ჯავახეთის რეგიონში წესრიგის დამყარებაში ხელს ძალიან გვიშლიდა.
რეგიონში შექმნილ ვითარებაზე მე შევარდნაძესა და უშიშროების საბჭოს დეტალურ ინფორმაციებს ვაწვდიდი. ეს ინფორმაციები საიდუმლო იყო, მაგრამ უშიშროების საბჭოდან ამ ინფორმაციებმა გამოჟონვა დაიწყო. როცა ამის შესახებ შევიტყვე, შევარდნაძეს ვუთხარი, რის შემდეგაც ტაქტიკა შევცვალეთ. შევარდნაძე ამ წერილებს კითხულობდა და ჩემ თვალწინ ხევდა.

- რა ეწერა იქ იმისთანა, რომ შევარდნაძე მათ ხევდა?

- ამას ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ დადგება დრო და მოხდება მათი გასაჯაროება. საზოგადოება ბევრ საინტერესო და სკანდალურ დეტალს გაიგებს. ნახავენ, როგორ მუშაობდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ერთ-ერთი პარტიის ლიდერები.

- შემთხვევით ამის ბრალი ხომ არ არის, 2004 წელს საქართველოდან გაქცევა რომ მოგიხდათ?

- ალბათ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი ამომიქექეს და რაღაც ერთი ინციდენტის გამო აღძრეს ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

- ამბობთ, რომ ამ დოკუმენტების გასაჯაროება მოხდება და, დარწმუნებული ხართ, რომ ის დოკუმენტები არ გაანადგურეს?

- შეიძლება გაანადგურეს კიდევაც, მაგრამ მათი ასლების მოძიება შეიძლება. ამ დოკუმენტებს "ახალ თაობასაც" მივაწვდი. ყველა ნახავთ, რა ხდებოდა მაშინ ჯავახეთში.
სანამ რწმუნებულად დავინიშნებოდი, ჯავახეთში საქართველოს მთავრობის წევრები ჩავიდნენ. სამთავრობო გუნდში მინისტრი, მინისტრის მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე შედიოდნენ. უკანონო ფორმირებების წარმომადგენლებმა ისინი დააკავეს და რამდენიმე საათი საბძელში ჰყავდათ გამოკეტილი.
ჯავახეთში იმდენად ძლიერი იყო ეს ფორმირება, რომ იქ თავის დროზე ვერც მხედრიონმა და ვერც გვარდიამ ცხვირიც კი ვერ შეყვეს.

- ამ ფორმირებებს ვინ აფინანსებდა?

- ეს ფორმირებები სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდნენ. მათ ჰქონდათ კარგი შეიარაღება. ისინი დაბანაკებული იყვნენ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მდებარე ყოფილ პიონერთა ბანაკებში. ისინი რეგულარულად გადიოდნენ სამხედრო წვრთნებს.
ამ ფორმირების წარმომადგენლებს ახალქალაქთან შლაგბაუმი ჰქონდათ აღმართული. ისინი გჩხრეკდნენ და გეკითხებოდნენ, რომელი სახელმწიფოდან იყავი ჩამოსული. ამ ფორმირებებში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც შემდეგ აქტიურად ჩაებნენ პოლიტიკაში და ხშირად ჩანდნენ ეკრანებზე.
იმ დროისთვის ჯავახეთი კორუფციასა და კონტრაბანდას მიჰქონდა. იქ უპრობლემოდ იყიდებოდა იარაღი. იარაღით მოვაჭრეების შესახებ ინფორმაცია ყველას ჰქონდა, მაგრამ მათ დაკავებას ვერავინ ბედავდა, ან შეიძლება არც აწყობდათ.
როცა მეტ-ნაკლებად დავალაგეთ ვითარება, ახალქალაქში იარაღით მოვაჭრეს დილის 7 საათზე დავადექით თავზე. თან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მახლდა. სად გვყავდა მაშინ ჯიპები, მოფახფახებული გაზ-31-ით ავედით. იარაღით მოვაჭრემ კარი რომ გაგვიღო, მაშინვე ვკითხე, მიცნობდა თუ არა მე. მითხრა, რომ მიცნობდა. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ ამოეტანა "სტრელას" ტიპის რაკეტები, რომლებსაც სარდაფში ინახავდა. მან საკუთარი ხელით ამოგვიტანა 7 ერთეული რაკეტა.
ერთი გავლენიანი ავტორიტეტი ცხოვრობდა ნინოწმინდაში. მასაც დავადექით თავზე. ის კაცი დიდი გავლენით სარგებლობდა, ვერავინ ეხებოდა. ვისაუბრეთ და რაღაც დროის შემდეგ მითხრა, რომ გავყოლოდი. გავყევი. რაღაც უზარმაზარ საბძელში შევედით, თან გულში ვფიქრობდი, ახლა ამან აქ არ მიმაკლას-მეთქი.
საბძელში თივის ზვინები იდგა. თავის თანმხლებ პირებს უთხრა, რომ თივა გადაეყარათ. მათ გადაყარეს თივა და რას ვხედავ, ახალთახალი ჯავშანმანქანა დგას.

- საიდან ჰქონდა ჯავშანმანქანა?

- ეტყობა, ან რუსებმა მისცეს, ან იყიდა. თავად ეს კაცი იარაღით არ ვაჭრობდა. მითხრა, რომ ამ ჯავშანმანქანას მჩუქნიდა. მე მივიღე ეს საჩუქარი და თბილისში გამოვაგზავნე. მის წასაყვანად ხალხი გამომიგზავნეს. ჩვენ ხომ არაფრის მართვა არ ვიცით და, სანამ თბილისში ჩავიდოდნენ, 3-ჯერ მაინც მოხვდნენ ავარიაში.
ძალიან რთული იყო კონტრაბანდისტებთან ბრძოლა. როცა რწმუნებულად დავინიშნე, 250 შემოვლითი გზა ფუნქციონირებდა.

- საუბარი მხოლოდ ჯავახეთზეა თუ სამცხესაც გულისხმობთ?

- მხოლოდ ჯავახეთში იყო 250 შემოვლითი გზა. ეს გზები მოასფალტებული არ იყო, მაგრამ კონტრაბანდის გადასატანად გამოდგებოდა.
სამცხე-ჯავახეთში იყო ხე-ტყის, ქვის, ჯართისა და გაზის მაფია. ხე-ტყის გადამამუშავებელი ასზე მეტი საწარმო დავხურეთ. კონტრაბანდისტულ კლანებთან მოქალაქეთა კავშირის ლიდერები ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ეს კლანები მათ საარჩევნო კამპანიას უფინანსებდნენ.
მოქკავშირის ე.წ. რეფორმატორების გუნდს ჯავახეთი საჯილდაო ქვად ჰქონდა ქცეული. ისინი ყველასთან ვაჭრობდნენ: თუ ჩვენ თანამდებობებზე არ დაგვნიშნავთ, გრანტებსა და კრედიტებს არ გამოგიყოფთ, ჯავახეთში პრობლემებს აგიგორებთო. ამით აშანტაჟებდნენ შევარდნაძესაც. ჩემი ჩასვლის შემდეგ ჯავახეთში მათ შუამავლის ფუნქცია დაკარგეს.

- შეგიძლიათ ამ შუამავლების ვინაობა დაასახელოთ?

- ამ ფუნქციას მოქალაქეთა კავშირის თითქმის ყველა ლიდერი ასრულებდა. საუბარია იმ ხალხზე, რომლებმაც შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში გადაინაცვლეს. ეს ხალხი ჯავახეთის მოსახლეობასთან ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც ვაჭრობდა. დევნილობაში ყოფნის დროს ჩემმა სომეხმა მეგობარმა მითხრა, რომ ნაციონალები ჯავახელებს არჩევნებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ რეგიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას სთავაზობდნენ.
ჯავახეთი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საშლიგინო იყო, მაგრამ ისინი არ გვიქმნიდნენ ისეთ პრობლემებს, როგორსაც ე.წ. რეფორმატორები ქმნიდნენ. მათ განეიტრალებაზე ძალიან ბევრი დრო გვეხარჯებოდა.
ჯავახეთში არცერთმა თანამდებობის პირმა არ იცოდა ქართული ენა. მე ისინი დავიბარე და ვუთხარი, რომ თუ 3 თვეში არ ისწავლიდნენ სახელმწიფო ენას, სამსახურებს დატოვებდნენ. ადგილზე ამის გაპროტესტება არავინ გაბედა. საპროტესტო განცხადებები ერევანში გააკეთეს. ამ შემთხვევაშიც ე.წ. რეფორმატორები აქტიურობდნენ.
სააკაშვილის წყალობით არაერთხელ დაიძაბა ჯავახეთში სიტუაცია. ამ მაოხრებელმა გზირმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო თურქი-მესხების მისაღებად. გადასახლებამდე ისინი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.
ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს ძალიან მწარედ ახსოვთ 1915 წელს თურქეთში დატრიალებული ტრაგედია. ისინი გენეტიკურად უფრთხიან თურქებს. ამავე მიზეზით იყვნენ ისინი ნატოში საქართველოს შესვლის წინააღმდეგი. მათთან აგიტაცია არავინ ჩაატარა და ეს ხალხი ფიქრობდა, რომ თუ საქართველო ნატოში შევიდოდა, საქართველოში თურქული ჯარი შემოვიდოდა. ეს იყო მიზეზი მათი მღელვარებისა. ბევრი მათგანი ხსნას რუსულ არმიაში ხედავდა. ისინი ამიტომაც ეწინააღმდეგებოდნენ ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას. ეს ბაზა ახალქალაქიდან მშვიდობიანად გავიდა.

- ბაზის გაყვანას არანაირი ინციდენტი არ მოჰყოლია?

- ბაზის გაყვანაზე შეთანხმებას სტამბოლის სამიტზე მოეწერა ხელი. ამის შემდეგ ახალქალაქის მე-15 სამხედრო ბრიგადამ ჯავახეთი დატოვა. ტექნიკა და ცოცხალი ძალა ჩვენ მიერ შედგენილი გრაფიკით ტოვებდა საქართველოს.
თავდაცვის მინისტრი მაშინ დავით თევზაძე იყო. მან 2 ოფიცერი მომამაგრა. ყოველ დილით მუხლებამდე ტალახში ვიდექით და ახალქალაქის 62-ე დივიზიიდან გიუმრიში ვაცილებდით რუსის ჯარს. ჩვენ გვერდით ეთნიკური სომხებიც იდგნენ.
რუსული სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ კონტრაბანდასთან ბრძოლა გაგვიიოლდა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა კონტრაბანდისტს გავეკიდებოდით, ისინი მიცვივდებოდნენ ამ ბაზის კართან, რუსები კარს გაუღებდნენ და შენ იქ ცხვირს არავინ შეგაყოფინებდა.
ჩვენ ეს ყველაფერი მოვაგვარეთ, ამოვიღეთ იარაღი, დავშალეთ უკანონო ფორმირებები, გავხსენით ქართული სკოლები. ჩამოყალიბდა კუმურდო-ახალქალაქის ეპარქია.

- მოდით, ახლა კუმურდოზე გადავიდეთ. ამ სოფელში ტაძართან დაკავშირებით ადრეც იყო პრობლემები და რაშია საქმე?

- ეს ტაძარი გახლავთ ქართული საკათედრო ტაძარი. მისი მშენებლობა დაიწყო ლეონ მესამის დროს და ბაგრატ მეოთხის დროს დასრულდა. მის ქართულ წარმომავლობაზე არავინ დავობს და აქ უფრო სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ კუმურდო არის ძალიან მძიმე სოფელი და მათთან ცოტა სხვანაირი მიდგომაა საჭირო. აქ მთის ხალხი ცხოვრობს და, როგორც ყველა მთიელს, რთული ხასიათი აქვთ.
მათთან ჩემი გუბერნატორობის დროსაც იყო პრობლემები, მაგრამ მათთან საერთო ენის გამონახვა შევძელით. კუმურდოს სასმელი წყალი არ ჰქონდა. 22_ კილომეტრიანი წყალსადენი ჩვენ გავაკეთეთ. ახლა იქ სასმელი წყალიც აქვთ და პრეზიდენტის სახელობის წყაროც.
აუცილებელია ამ ხალხთან დალაპარაკება და რაღაცების ახსნა. ნამდვილად არ ვიცი, ახლა რატომ მოხდა ეს დაპირისპირება. ამიტომ კომენტარის გაკეთება მიჭირს. ის, რაც ჩვენ დროს ხდებოდა, ალბათ აღარ განმეორდება, მაგრამ ხელისუფლებამ რაღაც ზომები უნდა მიიღოს.
კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სამცხე-ჯავახეთისთვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით მუშაობას. ეს არის სოციალ-ეკონომიკური მიმართულებები, ოპერატიული და პოლიტიკური საკითხები.
აუცილებელია სადემილიტაციო, სადემარკაციო ხაზის დადგენა და საზღვრის აღდგენა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. თურქეთის გარდა, არცერთ სახელმწიფოსთან სახელმწიფო საზღვარი დადგენილი არ გვაქვს. საინტერესოა, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაუდგენელმა საზღვრებმა ყველა სასაზღვრო რეგიონში შეიძლება პრობლემა შექმნას.
ჯავახეთის მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ მათ ნატოში გაწევრიანების შედეგად არანაირი პრობლემა არ ემუქრება. ყურადღება უნდა მიექცეს ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნას. ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ ახალგაზრდები რუსეთში დროებით სამუშაოზე აღარ წავიდნენ. ახალგაზრდები იქიდან ტვინგადაბრუნებულები ბრუნდებიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანები დასაქმდნენ საქართველოში, ევროპაში და შედარებით ნაკლებად - რუსეთში. რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის რაოდენობა, რაც იქ მიდის, ერთი პატარა რეგიონისთვის მაინც ბევრია.


FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31