ინტერვიუები
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივანიშვილს მოუწევს კომპენსაციის სახით ხალხისათვის თავისი ქონების დარიგება. „სააკაშვილი ივანიშვილს ექსპროპრიაციით ემუქრება?“

— ამ კითხვით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ ყოფილ პოლიტდევნილთან, მეცნიერებათა დოქტორთან და „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან გიგლა ბარამიძესთან:

— მე ივანიშვილის ვექილად ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ სააკაშვილსა და მის ბანდას სხვის ფულზე და კორუფციაზე ლაპარაკის უფლება არა აქვთ. ივანიშვილი ბიზნესმენია და ეს უდღეური სააკაშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება „კეტებით“ დადიოდა, საიდან გახდა მილიარდერი?!
— თქვენ ამას სრულიად სერიოზულად აცხადებთ?
— სააკაშვილი ივანიშვილზე მდიდარია! იგი 9 წელი ძარცვავდა საქართველოს, 4 მილიარდი დოლარი დახმარების სახით მხოლოდ აგვისტოს ომის შემდეგ შემოუვიდა ქვეყანაში და აქედან ნახევარზე მეტი ჯიბეში ჩაიდო.
ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დანაშაულია, რომ სააკაშვილი და მისი სექტის წევრები, იმის ნაცვლად, რომ ისინი „ციხის ბალანდას“ მიირთმევდნენ, დღეს კიდევ დიდგულზე არიან.
როდესაც „სააკაშვილის კასირი“ დავით კეზერაშვილი თვით ნიკანორ მელიამ ამხილა ყაჩაღობაში, ვის ფულებზე და ვის კორუფციაზე ლაპარაკობენ სააკაშვილი და მისი ნაცები?
ამ ყაჩაღებმა და სისხლისმსმელმა „იზუვერებმა“ ელიტარული კორუფცია რომ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს, ეს თავად მაგათმა მამა-მარჩენალმა ჯორჯ სოროსმა არ განაცხადა მთელი მსოფლიოს გასაგონად?
— დიახ, სოროსმა ნამდვილად განაცხადა — სააკაშვილმა კორუფცია კი არ დაამარცხა, „ელიტარული“ გახადაო.
— ჩვენ, რიგითი მოკვდავები, გლდანში გასასვლელად ბენზინის ფულს ვითვლით, ეს საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილი კი მსოფლიოს გარშემო დატყლაშუნობს და ფეშენებელურ სასტუმროებში, ბარებში, რესტორნებსა თუ ბორდელებში ასობით ათას დოლარს ხარჯავს.
ვინაა ისეთი მიამიტი, ვისაც ჰგონია, თითქოს სააკაშვილს ის კონგრესმენები და სენატორები, ევროპარლამენტარები თუ მსოფლიო მედიის ლიდერები ლამაზი თვალების გამო უჭერენ მხარს? ეს ყველაფერი, ხალხო, მიშიკოს მილიონობით დოლარი უჯდება — სწორედ იმ ფულიდან, რომელიც მან ქართველ ხალხს მოჰპარა!
სააკაშვილის მინისტრები და დეპუტატები მილიონერები რომ გახდნენ, ესეც არავინ იცის?
მერაბიშვილსა და ადეიშვილს ბიზნესწილები რომ ისევ აქვთ საქართველოში, ესეც დიდი საიდუმლოა?
როგორ უნდა დაძრას კრინტი კორუფციაზე გიგა ბოკერიამ, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოველწლიურად, 20-მილიონლარიან საბიუჯეტო დაფინანსებას ანიავებდა და რომლის საოჯახო სამშენებლო ბიზნესი მრავალმილიონიან პროექტებს ანხორციელებდა?
ან დავით ბაქრაძის სიმამრის სამშენებლო კომპანია რომ იგებდა მრავალმილიონიან ტენდერებს, იქნებ ესეც დაგვავიწყდა?
რაღა მაინცდამაინც ამ ნაცებს გამოუჩნდათ უცებ ბიზნესის წარმოების ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ნათესავები? თანამდებობებზე მეც ვიყავი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ისევ პედაგოგებად დარჩნენ და მეც ისევ იმ 50 წლის წინათ აშენებულ სახლში ვცხოვრობ. ამათ კი, სრა-სახლები წამოჭიმეს.
ამიტომ, ამათ კორუფციაზე და სხვის ფულზე კრინტი არ უნდა დაძრან. და თუ უნდათ კორუფციაზე ლაპარაკი, აგერ მე მკითხონ!
კორუფციაზე იმან უნდა ილაპარაკოს, ვისაც თანამდებობა პირადი სიკეთისთვის არ გამოუყენებია.
კორუფციასთან ბრძოლა ის კი არ არის, მდიდარს წაართვა და ჯიბეში გააქანო, კორუფციასთან ბრძოლა ის არის, უკანონო შემოსავალი ხალხის სამსახურში ჩააყენო!
სააკაშვილს კი, ამ „პოლიტიკურ კიკუს“ — ფულზე კბილები უკაწკაწებს. უკრაინაშიც კი, სადაც ვითომ კორუფციასთან ბრძოლისთვის ჩავიდა, ოდესის პორტში თავისი ხალხი ჩასვა „წილებში“.
— საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ოცნება“ ისევ „ღრმად კოჰაბიტაციურად“ გააგრძელებს ნაცებთან „ბრძოლას“...
— რა თქმა უნდა, ესენი ალხანა და ჩალხანასავით არიან. ამ არჩევნებზეც იგეგმება, რომ პირველ ადგილზე გავა „ოცნება“, მეორეზე — „ნაცმოძრაობა“, მესამეზე — ბოკერიას „ევროპული საქართველო“, მეოთხე-მეხუთეზეც — ამათი თახსირი სატელიტები. რეალურ ოპოზიციას კი ისევ მიჯირყვნას უპირებენ.
— მერე, ხალხი შეეგუება ამ ფარსს?
— ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია! ხალხი 2020 წლამდე აღარ მოითმენს!
კონსტი-ტუციური პროსტიტუცია უნდა დასრულდეს!

დიდ თომას მანს აქვს დაწერილი გენიალური „სიკვდილი ვენეციაში“,
ამათმა კი ვენეციის კომისიაში
სირბილით ჩანასახშივე დაასამარეს საქართველოს კონსტიტუცია.
ესაუბრა გიორგი გიგაური





FaceBook Twitter Google